Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე: „ისფედთან“ დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება, როგორც თავადვე უყვართ თქმა, ჩვენთვის...

ირაკლი კობახიძე: „ისფედთან“ დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება, როგორც თავადვე უყვართ თქმა, ჩვენთვის შოკისმომგვრელია

„ისფედთან“ დაკავშირებით, საელჩოს განცხადება, როგორც თავადვე უყვართ თქმა, ჩვენთვის შოკისმომგვრელია. „ისფედი“ აქტიურად იყო ჩართული „პივიტის“ გაყალბებაში, რაც უმძიმესი ფაქტი იყო“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას „სამართლიან არჩევნებთან“ (ISFED) დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ისფედის“ ყალბი მონაცემები რადიკალური ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა.

„თქვენ გახსოვთ, რა როლი შეასრულა „პივიტის“ გაყალბებამ იმ პროცესებში, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარიმართა. რადიკალური ოპოზიციისთვის, „პივიტის“ გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ. პრაქტიკულად, „ისფედი“ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია მართავდა. ამის შემდეგ, ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც, „ისფედი“ რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ მოგვევლინა. როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ, საელჩო „ისფედს“ უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და გამოთქვამს სურვილს, რომ ის ჩაერთოს სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, გასაკვირია. მთელი რიგი ფაქტების გამო, საზოგადოება ისედაც გაურკვევლობაშია – ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პროცესებში, რადიკალურ პროცესებში ჩართული იყოს ამერიკული დაფინანსებით მოქმედი „ენჯეო“. როდესაც ამას ემატება აშშ-ის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საელჩო „ისფედს“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოიხსენიებს. საელჩოს პოზიციის თანახმად, ამ ორგანიზაციის „საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here