„გავანადგუროთ ევროპა უკრაინის ხელით“, _ ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა სტატია შვედურ მედიასაშუალებაში, რომელშიც აღწერილია პენტაგონის საიდუმლო გეგმა. ამ გეგმის შესახებ წერს რუსი სამხედრო ექსპერტი ანდრეი ზახარჩენკო და ასეთ ფრაზას უმძღვარებს სტატიას “ევროპელები მოჯადოებული კურდღლებივით შეგნებულად „უცვივდებიან ყბაში ამერიკულ ბოას (მახრჩობელა გველს)“.
გამოცემა svpressa.ru-ს სამხედრო ექსპერტები ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე მსჯელობისას მუდმივად იმეორებდნენ, რომ აშშ ნატოს საშუალებით ცდილობს, მიაღწიოს ორ მთავარ მიზანს _ გააძევოს ევროპიდან სსრკ/რუსეთი, როგორც უცხო ცივილიზაცია, და კონტროლი დაამყაროს კონტინენტურ ევროპაზე, რათა იქ არ გამოჩნდეს ვინმე ახალი „ფიურერი“.
თუმცა, ცოტა ხნის წინათ შვედური გამოცემა Nya Dagbladet-ის კორესპონდენტებმა გამოაქვეყნეს საიდუმლო მემორანდუმი, დათარიღებული 2022 წლის იანვრით, რომელიც დაკავშირებულია პენტაგონის ანალიტიკურ ცენტრ RAND Corporation-თან. ამ დოკუმენტში გადმოცემულია ამერიკელების გეგმა უკრაინის დახმარებით ევროპის ეკონომიკის სრული ნგრევისა „რუსეთის თავდასხმის გამო“, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გერმანიასა და ოლაფ შოლცის მთავრობას.
ამ გეგმის თანახმად, ბერლინის დასუსტების მიზეზად უნდა იქცეს რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტა, შემდგომ კი ნავთობქიმიური და მეტალურგიული კატასტროფა გერმანიაში მილიარდობით ევროს ზარალით. ამის შედეგად ევროპაში მოიმატებს უმუშევრობის დონე და ემიგრაცია, ევროპის საუკეთესო თავები გადაბარგდებიან აშშ-ში და ვაშინგტონი, საბოლოო ჯამში, მიიღებს ცხრა ტრილიონი დოლარის მოგებას.
მაგრამ შესაძლებელია თუ არა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სტატიის შემდეგ ევროპა, ბოლოს და ბოლოს, გაერკვევა ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში; მიხვდება, ვინ არის ყველაზე მეტად დაინტერესებული ენერგოკრიზისით და დაიწყებს რუსეთის მიმართ თავისი უკიდურესად მიზანთროპული რიტორიკის შეცვლას მეტ-ნაკლებად გონივრულით?
“შვედებმა სწორად აღნიშნეს: უკრაინის ამჟამინდელი კონფლიქტი და მისგან გამომდინარე შედეგები ამერიკის მოწყობილია. მაშასადამე, როგორც კი ამერიკა მოისურვებს, ყველაფერი შეწყდება.
რატომ გაჩნდა ასეთი სტატია, ესეც საკითხავია, რადგან ყველა ევროპულ მედიასაშუალებას ამერიკა აკონტროლებს. შესაძლებელია, ეს არის აქა-იქ შემორჩენილი გონიერების ანარეკლის უკანასკნელი გამობრწყინება. ჩვენ კი, კარგი თვალსაზრისით, მხარს დავუჭერთ მათ და შევახსენებთ ევროპელ ამომრჩევლებს: მეგობრებო, ნახეთ, რა გიქნეს, ვისთვის ცდილობთ სინამდვილეში… მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ სტატიის ფონზე ევროპა გონს მოეგება”, _ თავისი მოსაზრება გაუზიარა გამოცემა svpressa.ru-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სპეციალისტმა ცენტრალური ევროპისა და რუსეთის ქვეყნებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისა და კრიზისული სიტუაციების დარგში, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა სერგეი ობუხოვმა: “ევროპის ეკონომიკური სიძლიერე, რომელიც არ ჩამოუვარდება ჩინეთისას და ამერიკისას, ევროპული ელიტის პოლიტიკური სუბიექტურობის არაადეკვატურია. სწორედ ეს არის მიმდინარე კონფლიტის საფუძველი, უფრო ზუსტად კი სასაქონლო ბაზარი, რომელიც გულისხმობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზრების ვირტუალიზაციას, მათ დაბრუნებას სხვადასხვა ვადიან გარიგებებთან და ფასიან ქაღალდებთან. ეს საშუალებას აძლევს ამერიკულ ფინანსურ კორპორაციებს, აკონტროლონ ყველა ენერგონაკადი.
კაპიტალიზმის ეპოქაში მოგების ნორმის ცნება არავის გაუუქმებია, ფინანსურ „მსოფლიო გომბეშოს“ სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ ევროპა, ასე ვთქვათ, მოხვდა განაწილების ქვეშ. ასე რომ, ევროპა გონს მოეგება მხოლოდ რაიმე კატაკლიზმის შედეგად, როგორც 1945 წელს, როდესაც ჩვენი ჯარი ბერლინში შევიდა”.
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი:
_ დიახ, შვედებმა გამოამზეურეს ამერიკის გეგმა, რომლითაც ევროპა უნდა დაეღუპათ, მაგრამ ამას მხოლოდ შვედები არ წერენ, ამაზე თავად ამერიკელებიც საუბრობენ.
უკრაინა ამერიკელების სამიზნე რომ იყო, ჯერ კიდევ იუშჩენკოს მმართველობის პერიოდში გამოჩნდა. ის მათ მოიყვანეს. მისი მეუღლე ემიგრანტი იყო, ბანდერელთა შთამომავალი… იუშჩენკოს სურდა, ამერიკის გეგმის შესრულება. სწორედ მაშინ განაცხადა უკრაინამ, რომ ნატოში გაწევრება სურს და რუსეთის ბაზებზე უარი თქვეს. უკრაინა მე-3 ბირთვული სახელმწიფო იყო, რუსეთისა და ამერიკის შემდეგ. მან მთელი შეიარაღება ჩააბარა, როგორც კი საგარეო კურსის შეცვლა გადაწყვიტა. ჩააბარა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ჩააბარებინეს, რადგან რუსეთის გარეშე ის ვერ მართავდა შეიარაღებას, მართვის პუნქტები რუსეთში იყო.
უკრაინის გამოყენებაზე მართლაც ბევრს წერენ უცხოური გამოცემები. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ომი მიმდინარეობს რუსეთსა და ამერიკას შორის, რათა დასუსტდეს ევროპა და, ბუნებრივია, რუსეთიც. ამერიკამ მოშალა გერმანიისთვის ენერგომატარებლების მიწოდების სქემები, ახლა 72% მის ხელშია, ასევე ამერიკის ხელშია გერმანიის გამდიდრებული ურანიც.
მსოფლიოში 450-მდე ატომური რეაქტორია, მათგან 95 ამერიკაშია, ამერიკას ურანს დღემდე რუსეთი აწვდის, მათ ეს კავშირი არ გაუწყვეტიათ, არ გაუწყვეტიათ არც ნავთობის გადაზიდვა. დღემდე გააქვთ ნავთობიც და ურანიც რუსეთიდან, შეუზღუდავად გადის ყველაფერი, სამაგიეროდ, სანქციები დააწესა, რომ ევროპაში არ შევიდეს ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ელექტროენერგია და… ევროპა ამ ზამთარს ვერ გადაიტანს. ამისთვის კი გამოყენებულია უკრაინა.
უკრაინაში არის შეიარაღება, რომელიც საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ეს მძიმე ტექნიკა ყველა ამერიკულია, მაგრამ ამერიკას თვითონ არც ერთი არ გაუგზავნია, საბრძოლო ტექნიკა ევროპიდან არის ჩასული. თუნდაც ეს ფაქტი ნიშნავს, რომ ამერიკა მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპას, მას რუსეთის სრულად განადგურება ისე არ აძლევს ხელს, როგორც ევროპის.
ამერიკა ებრძვის ჩინეთსა და ევროპას. ჩინეთმა ეკონომიკურად ძალიან გაუსწრო ამერიკას. არადა, ამერიკა მთელი მსოფლიოდან იღებს ყველა სიკეთეს, მათ შორის რუსეთიდან…
ამერიკა ანადგურებს ევროპას და მისი მზაკვრული ჩანაფიქრიც სწორედ ის არის, რომ ევროპა ძვირად იყიდის ენერგომატარებლებს რუსეთისგან, ვეღარ შეძლებს, ცნობილი ბრენდების მანქანების გამოშვებას და სხვ. თუკი გამოუშვებენ, ძალიან ძვირი იქნება და ამიტომ ამერიკულს შეიძენს ყველა. თითქოს ელემენტარულ რამეს ვამბობ და წვრილმანებზე ვსაუბრობ, მაგრამ ერთიანობაში ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმაა ევროპისთვის. ასე რომ, ამერიკამ ევროპა გაწირა.
როდესაც 1990-იან წლებში საუბრობდნენ ამერიკის ჰეგემონობაზე, მსჯელობდნენ, ვინ უნდა გაეწირათ, რათა ჰეგემონია მართლაც ამერიკას ჰქონოდა _ ეს უნდა ყოფილიყო ან საბჭოთა კავშირი, ან ევროპა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, ევროპა კი ვერ დაშალეს…
ამერიკას ძალიან ეშინია რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობის. მარტო ჩინეთს, შესაძლოა, მოერიოს, მაგრამ რუსეთთან ერთად ვერაფერს უზამს, რუსეთს მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება აქვს…
_ ძალიან დიდი გადაჯგუფება მიდის, ყველა ქვეყანა ცდილობს, ვიღაც ძლიერს თავი შეაფაროს. საით მიდის საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ ამერიკის ელჩის გავლენის ქვეშაა?
_ საქართველო არაფერს წარმოდგენს თავისი ძალითა და შესაძლებლობებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ჩართვა სურთ ომში, რათა რუსეთს შეუქმნან საზღვრებთან ფრონტის ხაზები. უკრაინაში გამოუვიდათ, ცდილობენ იმავეს საქართველოშიც და ამას არც მალავენ. ასევე, სურთ ფინეთის ჩართვა, უკვე შეძლეს არეულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
კელი დეგნანის ყოველი სიტყვა და ქმედება მიმართულია საქართველოს ომში ჩართვისკენ. ბუნებრივია, ჩვენ ომში თუ ჩავერთვებით, ამერიკა არ დაგვეხმარება, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ვეღარც ევროპა დაგვეხმარება, რადგან ამერიკის “დიდი ძალისხმევით” ევროპას საბრძოლო ტექნიკა აღარ აქვს…
ალბათ, ყველას სმენია ტერმინი “ცივილიზაციათა ომი”. დასავლეთის ცივილიზაცია არის ომი და შემდეგ დიპლომატიის მუშაობა. აღმოსავლეთის ცივილიზაცია არის ჰარმონიის ცივილიზაცია _ ინი და იანი, შავი და თეთრი… ევროპის ცენტრი გადადის აღმოსავლეთისკენ. ევროპა და ამერიკა კარგავენ ჰეგემონიას. აღმოსავლეთი ომით არ იპყრობს, ის შედის და ცივილიზაცია შეაქვს, ეხმარება, ჰუმანიტარული მისია აქვს. ჩინეთი არავისთან ომობს…
ყველა ქვეყანა განვითარდა, ყველა ქვეყანა გაძლიერდა. ამერიკა ფულს ბეჭდავს, მაგრამ მისი ფული გამყარებული არ არის, ბაიდენმა რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაბეჭდა, რათა ხელფასები გადაეხადა, მაგრამ ეს ფული ქაღალდია. დოლარმა დაკარგა ფუნქცია, მსოფლიოს აღარ სჯერა, რომ დოლარი ფულია… ამერიკას, მართალია, ვალუტის კურსი ჯერჯერობით უჭირავს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
ძალიან ვაჟკაცობს ჩვენი მთავრობის მეთაური, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული წნეხის ქვეშაა, ომში ვერ ჩაგვრთეს, რაც მომწონს.
საქართველოს არ ჰყავს ჯარი, რომელიც თუნდაც 3-4 საათით მაინც შეაჩერებს მტერს…
საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს 23-ე მუხლი, რომლის მიხედვით ისჯება ის პარტია ან პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის ომში ჩართვას შეეცდება. დასასჯელია ყველა, ვინც საქართველოს ომისკენ უბიძგებს.
_ თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გასაძლიერებელია. რატომ ამბობთ ამას, რაიმე საფრთხეს ელოდებით?
_ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან სუსტია. ჯარი, რომელიც გვყავს, გასაძლიერებელია. საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ბერკეტი და ბევრი მტერია… ძალიან არ მომწონს ნენსი პელოსის სომხეთში ჩასვლა, ამერიკელების გამოჩენა არ მომწონს, მშვიდობას არ მოიტანს. ბევრი ქვეყანა ჰყავს სამიზნეში ამოღებული ამერიკას და შესაძლოა, მართალც მოხდეს რამე ჩვენს რეგიონში, იქ, სადაც რუსეთის გავლენებია.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობას ჯერ კიდევ მართავს ამერიკის საელჩო, ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც ვერ ბედავენ იმ პარტიების დასჯას, რომლებიც ომისკენ გვიბიძგებენ.
ერთი კოზირი გვაქვს, უფრო ზუსტად, არგუმენტი, რომ ომში ვერ და არ ჩაგვრთონ _ საქართველოს არაფერი აქვს იმისათვის, რომ რუსეთს ომი გამოუცხადოს და აფხაზეთში შევიდეს, შესაძლოა, ჯარსაც ამიტომ არ აძლიერებენ.
როდესაც ვლაპარაკობ ჯარის გაძლიერებაზე, არსებულ ჯარზე ვამბობ, სულ ათი ათასი ჯარისკაცი გვყავს… საქართველო ფულს მაინც ხარჯავს და, თუ ფული მაინც იხარჯება, ისე მომზადებული მაინც ვიყოთ, რომ მტრის შეკავება ცოტა ხნით შევძლოთ. სამხედრო აკადემია მენეჯერებს უშვებს, ჩვენ კი მებრძოლები გვჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება საბრძოლო ტექნიკა, ჯაველინები ვიყიდეთ, მაგრამ მისი მსროლელი არავინაა… ჩვენ გვყავს მებრძოლი სულის ადამიანები, მაგრამ არ გვაქვს ძლიერება, არ გვყავს მებრძოლი ჯარი…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი