გიორგი გახოკიძე: ივანიშვილს სჭირდება ვითომ პატრიოტი ლიდერი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყვანს ავანსცენაზე

    “ღირს კი, ქართველები ვიყოფოდეთ დაქცეულებად, ჩაქცეულებად, წაქცეულებად, გაქცეულებად და უღმერთოებად?”

    334

    პრემიერის შეცვლის შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ეგონა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნით არ შემოიფარგლებოდაქართული ოცნებისდამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ცვლილებით აპირებს ქვეყანაში შექმნილი  სავალალო მდგომარეობის გამოსწორებას

    რა ხდება საქართველოში, რას უნდა ველოდოთ მომავალში და რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი) გვესაუბრება:

    _ 2024 წელი განსხვავებული არ იქნება წინა წლებისგან. დადებითად განეწყობა ის, ვისი მატერიალური ბალანსი მკვეთრად აღემატება მის სულიერ დისბალანსს და წამითაც არ წუხს ამის გამო. 2024 წელი სხვა წლებთან შედარებით არ იქნება მშვიდი…  რატომ გადადგა მესამედ ეს ნაბიჯი ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა, პოლიტიკაში არასოდეს დავბრუნდებიო? მრავალი ექსპერტის მოსაზრება ვნახე, წავიკითხე და, მიუხედავად მათი ანალიზისა, არის რაღაც, რაც განსაკუთრებულ ახსნას საჭიროებს. თუ დააკვირდნენ ე.წ. ექსპერტები ივანიშვილის შემობრუნების შემდეგ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას? ვგონებ კი, მაგრამ პირში წყალჩაგუბებულის პოზიციიდან უცქერენ. ყველა წამყვანმა ტელევიზიამ -სახელისუფლებომ და ოპოზიციურმა _ შეწყვიტა მსჯელობა კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს თავისი შემობრუნებით ყველას ჩაუგუბა წყალი პირში და შეწყდა მასზე საუბარი, როგორც ოლიგარქზე. მან თავისი შემობრუნებით ოპოზიციას ხელ-ფეხი შეუკრა და “გაუთანაბრდა” ნამდვილ ოლიგარქებს _ კეზერაშვილს, ჩხარტიშვილს, ხაზარაძესა და ა.შ. დღეს არავინ საუბრობს ევროკავშირის რეკომენდაციაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ…

    _ რისთვის დასჭირდა სამთავრობო როტაცია ივანიშვილს?

    _ ამ ჩვენმა გასამებულმა “ახალმა ღმერთმა”, ანუ ჩვენმა “ჰელიოსმა”, არც აცივა, არც აცხელა და უთმო ჩაანაცვლა თმიანით. ე.ი., პიროვნება, რომელმაც იუვენალური იუსტიცია დააკანონა და დეკრიმინალიზაციის კანონი აამოქმედა, შეცვალა პიროვნებით, რომელმაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ არ ცნობს ცნება “ეროვნულ იდენტობას”, და რომ მისთვის “პატრიოტიზმი ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი”. რადგან ეს ორი ადამიანი _ თმიანი და უთმო, პოლიტიკური მრწამსით არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშ,რა  გახდა მიზეზი მათი ჩანაცვლებისა? მოახლოებული არჩევნები და პარლამენტის მიერ ღარიბაშვილის პრეზიდენტად არჩევა ხომ არა?!

    კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი შესაკრებთა გადანაცვლებისა, როცა ჯამი არ იცვლება? აქვთ მავანთ ვერსიები და წერენ, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი განარიდა მოსალოდნელ მძიმე შედეგებსა და პასუხისმგებლობას. არ არის გამორიცხული, რადგან დღეს ისედაც რეიტინგდაცემულ პარტიას ღარიბაშვილი მთავრობაში ყოფნით ვერაფრით წაადგებოდა. ამასთანავე, პრობლემები აქვთ საპრეზიდენტო ინსტიტუციაში. ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რა რეფორმები იგეგმება ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღების შემდეგ, ამიტომ მისი მცდელობა ამ მხრივ სწორ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ივანიშვილს სჭირდება ვითომ პატრიოტი ლიდერი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყვანს ავანსცენაზე. ყველა პოლიტიკურმა მიმომხილველმა იცის, რომ ღარიბაშვილის ახალი თანამდებობა ჩამოქვეითებაა და არა დაწინაურება, მაგრამ არც ამაზე მომხდარა ხაზგასმა.

    კიდევ აღსანიშნავია ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც  “ჰელიოსს” არ გამოჰპარვია. ესეც შეიძლება იყოს ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი. კლანურ მმართველობას დასასრული არ უჩანს, ამიტომ საჭიროა ამ კინკლაობის კიდევ უფრო გამძაფრება და ახალ-ახალი დანაყოფების წამოჩიტვა. “დაყავი და იბატონეს” პრინციპით მოქმედებს. ვნახოთ, ამ მონოსპექტაკლებით რა შედეგებამდე მივა სახელმწიფო. კარგს არაფერს რომ არ მოასწავებს, ფაქტია. ირაკლი კობახიძე  ე.წ. ლიბერალური ფრთის დამონებული არსებაა, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება ახალი გადაწყვეტილებები, რომლებსაც 2024 წლის განმავლობაში მოაწერს ხელს.

    _ იმაზე უარესს შეიძლება მოაწერონ ხელი, რასაც აქამდე მოაწერეს?

    _ 2024 წელს ეროვნული ბანკის მიერ იგეგმება ელექტრონული ვალუტის შემოღება, რომელიც 2020 წელს დააანონსეს და დღემდე ამაზე ინტენსიურად მუშაობენ. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც 2024-სა და მომდევნო წლებში იგეგმება. ნუ დაგვავიწყდება ნატოს  მიერ დაანონსებული მესამე მსოფლიო ომი და ამ მიმართულებით მასშტაბური სახმელეთო და საჰაერო სწავლება 90 ათასი სამხედროს მონაწილეობით. ნიშანდობლივია ისიც, რატომ შეიქნა აუცილებელი საზოგადოებისთვის ინტერნეტსივრციდან იმის განმარტება, როგორ უნდა იმოქმედონ ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში. არ დაგვავიწყდეს, რომ დღემდე ატომური ბომბი  მხოლოდ აშშ-მა გამოიყენა. საზოგადოებამ იცის ახალი თანამედროვე მიწისქვეშა კიდობნების  შესახებ, რომლებსაც მულტიმილიარდერები აშენებენ. იქ მოსახვედრი ე.წ. ბილეთების ფასი მილიონი დოლარიდან იწყება, მარაგები გათვლილია 5-დან 15 წლამდე. მილიარდერმა ილონ მასკმა უკვე იპოვა პირველი მსურველი და  წარმატებით განახორციელა ე.წ. ჩიპის იმპლანტაცია ადამიანის ორგანიზმში. საოცარია, არა?! ელვის სისწრაფით მივიწევთ წინ და მალე, სამწუხაროდ, ე.წ. ტექნოლოგიურად განვითარებულ  სამყაროში ადამიანისთვის ადგილი არ დარჩება.

    ამ მასშტაბური მოვლენების კვალდაკვალ პატარ-პატარა შემოპარებებით მივიწევთ წინ და მივყვებით გლობალურ ტენდენციებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვირჩევით. თუ სხვებს არ დავემსგავსებით, რა ფასი ექნება ე.წ. სვეტობას, ბომონდობასა თუ “პეროიანობას”? რომ არა ეს, შეძლებენ კი ისინი სხვების დაცინვასა და პროვინციელის, ხეპრესა და უვიცის, თუნდაც მკვლელის დაძახებას? ამ მხრივ, გავიხსენოთ ვაქსერთა გამორჩეულობა… არადა, პირიქითაა. მათ სჭირდებათ “ცნობადობა” და “გამორჩეულობა”. ასეთ პროპაგანდას “ემსხვერპლა” ე.წ. დიდი პედაგოგი მურღულია, რომელმაც საკუთარ სახელს, არც მეტი, არც ნაკლები, იმ ადამიანთა გუნდის წევრობა ანაცვალა, რომელთა რეიტინგი ნულს ქვემოთაა და არაფერი აქვთ საერთო სამშობლოს სიყვარულთან. სწორებ მან თქვა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები უნდა ჩავანაცვლოთ ე.წ. თანამედროვე მწერლებითო. ვინ იგულისხმება თანამედროვე მწერლებში, რთული გამოსაცნობი არ არის. დღეს ქვეყანაში იმ მწერალთა ჰეგემონიაა, რომელთა ფსიქო-მოტორული მდგომარეობა კარგი არ არის და რომლებსაც ნაწარმოებები მძიმე  სტრესულ პირობებში “ეწერებათ”. ესეც არ იკმარეს და დაკვეთით შესრულებულ გაუკუღმართებულ ლიტერატურას სთავაზობენ მკითხველს. კატასტროფული მდგომარეობაა ნათარგმნ ლიტერატურაში. არადა, ეს მიმართულება დახვეწილობითა და მაღალი, საშემსრულებლო დონით გამოირჩეოდა.

    არავის ახსოვს, რომ ჰაგიოგრაფია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ ამ ფაქტს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია ან ვინ გაბედავდა? სკოლებში ჰაგიოგრაფია და გოგებაშვილის “დედა ენა” დააბრუნეს  “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, სარეიტინგოდ, მაგრამ, რადგან ე.წ. ევროპულ კურს ვერ გადაუხვევდნენ, არჩევნების შემდეგ ჰაგიოგრაფიას შეუცვალეს განმარტებით-სამსჯელო კურსი და, მაგალითად, შუშანიკი გაამწესეს ქალთა უფლებების დამცველად. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის “დედაენას”, ის გააბახეს. აიღეთ “დედა ენა”, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: მოგწონთ მეთოდი, რომლითაც ასწავლიან ანბანს?

    სტალინს ჰქონდა ასეთი ფორმულა:

    “არ მოგწონს _ გააკრიტიკე,

    აკრიტიკებ _ შესთავაზე,

    სთავაზობ _ განახორციელე,

    განახორციელე _ პასუხი აგე!”

    საგანმანათლებლო სისტემის 30 წლის განმავლობაში რღვევის გამო აგო ვინმემ პასუხი?

    მოკლედ, შედეგები აშკარაა. ახლა თქვენ იფიქრეთ, ღირს კი, ქართველები ვიყოფოდეთ დაქცეულებად, ჩაქცეულებად, წაქცეულებად, გაქცეულებად და უღმერთოებად?

     უფალს ვებარებოდეთ!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here