Home ახალი ამბები საქართველო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება და აქციების დასრულება არ ნიშნავს, რომ დასავლეთმა საქართველოს...

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება და აქციების დასრულება არ ნიშნავს, რომ დასავლეთმა საქართველოს დამონებაზე ხელი აიღო

ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი გზა რევოლუციაა და დასავლეთმა ამ მიმართულებით მწვანე შუქი უკვე აანთო. ახლა მთავარია, ეს მწვანე შუქი ქართველმა ერმა გააწითლოს და... ეგებ ერთხელ და სამუდამოდ მართლა დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა

პარლამენტის მიერ ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონის’’ მიღების შემდეგ არაერთხელ დავწერეთ, რომ დასავლეთი ამას არ გვაპატიებდა და ყველაფერს გააკეთებდა საქართველოში დაძაბულობის გამოსაწვევად. რევოლუციის სცენარი  ჩავარდა, რადგან  უზარმაზარი ფინანსების მობილიზებისა და ქუჩაში მოტყუებით ხალხის გამოყვანის შემდეგ ვერავინ გაბედა, კონსტიტუციის  დარღვევა  და პარლამენტზე შტურმის მიტანა. ჰო, პოლიციელებისთვის ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ქართულმა ოპოზიციამ და დასავლეთმა კი „გააპრავეს“, აქაოდა, ლაზარე გრიგორიადისი მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო და ხელისუფლებას არ უნდა დაეკავებინაო, მერე პრეზიდენტმაც შეიწყალა სასწრაფოდ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა…

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რევოლუციების მწარე გამოცდილება აქვს და მარტივად აღარ ტყუვდება. ეს რევოლუციები რომ არა, ეგებ ახლა გაცილებით წინ ვყოფილიყავით და საკუთარი ერის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც არ ვნახავდით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასავლეთის წაქეზებით ერს გენოციდი მოუწყო და, რომ არა 2012 წელი, საქართველო ახლა არ იარსებებდა, საუკეთესო შემთხვევაში, ომის ქარ-ცეცხლში იქნებოდა გახვეული.

სამწუხაროდ, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება და აქციების დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა საქართველოს დამონებაზე ხელი აიღო, პირიქით,  ის ახლა შტურმისთვის ემზადება  და ყველაფერს გააკეთებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში  სხვა ხელისუფლება და სხვა რეალობა იყოს.  ვაი, რომ ამ ყველაფერს უკვე ოპოზიციური პარტიებიც ხვდებიან, მაგრამ ისინი  ნაკისრი ვალდებულებების ტყვეები არიან. მათ თავად მოიჭრეს უკანდასახევი გზა და ახლა მზად არიან, დასავლეთს საქართველო ისე მიართვან, როგორც ლანგარზე დადებული პირში ბოლოკგაჩრილი შემწვარი გოჭი.  დასავლეთიც მზად არის, ეს ძღვენი მიიღოს; თავი, როგორც თამადას, აშშ-ს გადაუგდოს, ტანი კი ევროპამ დაინაწილოს…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე – უზრა ზეია იმყოფებოდა და მოდი, ვაღიაროთ, რომ ამ ქალის ქცევას საერთო არაფერი ჰქონდა დიპლომატიასთან. ის ქართველ პოლიტიკოსებს ხვდებოდა როგორც ქვეშევრდომებს, აკეთებდა ქედმაღლურ განცხადებებს, წარბაწეული ესაუბრებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს კომენტარებს მოწყალებასავით ურიგებდა. მას არ აინტერესებდა აბსოლუტურად  არაფერი, გარდა საკუთარი ქვეყნის ინტერესისა. მისი  თავხედური ქცევა მას შემდეგაც გააგრძელა, რაც ქვეყნის პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა და მის არგუმენტირებულ კითხვებს პასუხი ვერ (და არა არ) გასცა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა. განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები „გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც“. აქაც კიდევ ერთხელ იყო ზოგადი შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოეგდინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, ზოგად კომენტარზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის გამოვხატეთ. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც, მომავალი წლის დასაწყისიდან, თვისობრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ და მწარედაც შეცდა.  როგორც ბატონი ირაკლი ამბობს, მას „ჰქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა…“ რეალურად კი, ზეიასთვის ეს იყო შეხვედრა იმისთვის, რათა საქართველოს პრემიერს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დამუქრებოდა. თუ გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინათ კობახიძემ განაცხადა, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ტელეფონით დამემუქრაო და ეს იყო მინიშნება მის ლიკვიდაციაზე. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ სხვა ევროპული ქვეყნის ლიდერისთვის რომ გაეკეთებინათ ან ამერიკის პრეზიდენტისთვის, რა მოხდებოდა. კობახიძის განცხადებაზე კი გამოძიებაც არ დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, – მზად ვარ, ჩვენება მივცეო. არავის უნდოდა ქართველი პრემიერის ჩვენება და იმის გამომზეურება, რომ მუქარა ნამდვილად იყო, რომ დასავლეთი არც ამ მიმართულებით აპირებს უკან დახევას.

არანაკლებ საინტერესო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქართული ჯარისთვის  30 მლნ ევროს გადაცემის შეჩერების  თაობაზე. მეტიც, ეს 30 მლნ თურმე სამოქალაქო სექტორზე გადანაწილდება, ანუ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ, ის არასამთავრობოები, რომლებიც ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონს’’ ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ და არ სურდათ (არც ახლა სურთ) იმის გამხელა,  ვისგან და რისთვის იღებდნენ ამ თანხებს. ახლა კი ევროკავშირმა ერთი გასროლით ორი კურდღელი „მოკლა“ – საქართველოს მოსახლეობას თითი დაუქნია: აგერ, თქვენი ჯარი დახმარების გარეშე დავტოვეთო, და არასამთავრობოებს ფული „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გვერდის ავლით მისცა, აქაოდა, საქართველოს ხელისუფლება დავსაჯეთ, თორემ ამ 30 მილიონის გაღებას არასამთავრობოებისთვის საერთოდ არ ვაპირებდითო. რეალურად ეს იყო წინასაარჩევნო საჩუქარი არასამთავრობოებისთვის, ზაფხულში ტრენინგები რომ ჩაატარონ და გვერწმუნეთ, წინასააჩევნოდ  გაცილებით მეტს მიიღებენ. ხუმრობა ხომ არ არის, ხელისუფლებაა შესაცვლელი და თან ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს მთავარი – ამომრჩევლის რესურსი. ისე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპელებს შეახსენა:  2016 წელს ცენტრალურ აფრიკაში მისია რომ დაგეგმეთ, ჯარი გაკლდებოდათ და საქართველოს დახმარება და თანხმობა რომ არა, ეს მისია ჩაიშლებოდაო. თანაც, საქართველო კონტინგენტის რაოდენობით ამ მისიაში მესამე იყო (ამერიკისა და საფრანგეთის არმიების შემდეგ) და პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. პაპუაშვილის განცხადებაზე კრინტი არავის დაუძრავს ან რა უნდა ეთქვათ, 2016 წელს თქვენი ჯარისკაცები სასაკლაოზე გვჭირდებოდა და ახლა მათ თავს არასამთავრობოები გვირჩევნიაო?! ისე, რა საინტერესო მიდგომაა, ევროკავშირი ქართულ ჯარს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთ დონეზე რომ აყენებს… პრინციპში, ახლა, წინასაარჩევნოდ, დასავლეთისთვის ჯარისკაცები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან და სწორედ მათზე აკეთებენ ფსონს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასეულობით საჩივარი უნდა დაწერონ  საარჩევნო უბნებზე, რათა, თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ, თუ დამარცხდება – ეს საჩივრები  ნაგავში გადაიყრება.ვერ ვიხსენებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელშიც წინასაარჩევნოდ  ასე მკაფიოდ მოითხოვდეს ევროპა და ამერიკა ხელისუფლების შეცვლას. ჰო, მათი ლიდერები გამოდიან და ყოველგვარი მობოდიშების გარეშე ამბობენ, თუ ჩვენთან  ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. არავინ სვამს კითხვას: ვინ ეკითხება დასავლეთს ქართველი ხალხის არჩევანს და რატომ აძლევს ის მითითებას მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ? ანუ დასავლეთმა ჩვენზე უკეთესად იცის, რა სჯობს ქვეყნისთვის და ჩვენზე კარგად ხვდება, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი? უკვე ყურიც მიეჩვია  პირდაპირ მოწოდებას რევოლუციისკენ და ესეც ერთგვარი სტრატეგიული სვლაა – აჩვევენ ადამიანებს იმას, რომ, თუ არჩევნებში „ოცნება“ გაიმარჯვებს, შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს. არადა, დღევანდელი გადმოსახედიდან მმართველი ძალა არჩევნებს უპირობოდ იგებს და ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებული გაერთიანებები ცოტა სასაცილოდაც გამოიყურება. რატომ? მარტივ კითხვას დაგისვამთ: გაერთიანდა სამი პარტია – „ახალი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. ჰოდა, ამ სამი პარტიიდან ლიდერების:  ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარდა, კიდევ ათი წევრი ჩამოთვალეთ, ჰო, ათი ადამიანი, რომლებიც ამ სამ პარტიაშია გაწევრებული. კეთილი, უფრო გაგიმარტივებთ კითხვას – გვითხარით ხოშტარიას პარტიის კიდევ ორი წევრი. ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ რეალურად, ეს ერთკაციანი პარტიის გაერთიანებებია და ეს ყველაზე კარგად სწორედ ოპოზიციაში იციან. ამიტომაცაა, წარმატებაზე რეალური ფიქრი რომ აბსურდია და ამიტომაცაა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად რომ ისმის რევოლუცია, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა…

არჩევნებამდე სამ თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა, ანუ პოლიტიკური კალენდრით ძალიან ცოტა დრო და საეჭვოა, ამ პერიოდში  მოსახლეობის არჩევანი  რადიკალურად შეიცვალოს. ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი გზა  რევოლუციაა და დასავლეთმა ამ მიმართულებით მწვანე შუქი უკვე აანთო. ახლა მთავარია, ეს მწვანე შუქი ქართველმა ერმა გააწითლოს და…  ეგებ ერთხელ და სამუდამოდ  მართლა დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                        

1 COMMENT

  1. რეალურად ეს იყო წინასაარჩევნო საჩუქარი არასამთავრობოებისთვის, ზაფხულში ტრენინგები რომ ჩაატარონ და გვერწმუნეთ, წინასააჩევნოდ გაცილებით მეტს მიიღებენ. ხუმრობა ხომ არ არის, ხელისუფლებაა შესაცვლელი და თან ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს მთავარი – ამომრჩევლის რესურსი. ისე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპელებს შეახსენა:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here