უწესობა… წესების გარეშე

    უწესობა... წესების გარეშე

    უწესობა სწორედ ესაა – წესების გარეშე საქციელი, მაგრამ საქმე ის არის, რომ უწესობის ჩამდენსაც მოეთხოვება გარკვეულ წესების დაცვა: ქუჩის ჩხუბსაც თავისი წესები აქვს; მთვრალებიც კი იცავენ (ყოველ შემთხვევაში, მათი ჭკუით) რაღაც წესებს, მაგრამ კახეთში რაც ვნახეთ, სრული უწესობა ანუ ყოველგვარი ადამიანურის ფეხქვეშ გათელვა იყო.

    თითქოს ყველაფერი ითქვა, მაგრამ მთავარი არ თქმულა კახეთში მომხდარ უწესობაზე, როცა ქართველი მექორწილეები სასტუმროში მცხოვრებ სამ ქალბატონთან კონფლიქტში შევიდნენ. სლავური წარმოშობის (რუსი, უკრაინელი ან ბელარუსი) სამ ახალგაზრდა ქალს როგორ უნდა მოეხერხებინა კახური ქორწილის ჩაშლა?

    ვერსიები ნახეთ:
    *ქართველების ბედნიერება არ გაუხარდათ;
    *ქართულმა სიმღერებმა გააღიზიანათ;
    *აივნიდან წყალი გადმოგვასხეს;
    *გვაფურთხეს;
    *დაგვაშარდეს.

    საქართველო თუ სძულთ, ქართულ ქორწილს თუ ვერ იტანენ, ქართველებს თუ სულში აფურთხებენ და სხეულზე აშარდავენ, რისთვის ჩამოვიდნენ აქ, ამაში ხარჯავენ ფულს, დროს, ნერვებს?! დასაჯერებელია ეს ვერსიები? ვისაც ეს ბითურობა გჯერათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ხომ უნდა იფიქროთ, რას იჯერებთ?! გამოცვივდნენ თავიანთი ნომრებიდან ქართველთმოძულე ქალები და დაუშინეს სტუმართმოყვარე ქართველებს წყალი, ფურთხი და შარდი? წყლის გადმოსხმა და ფურთხება კიდევ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, მაგრამ შარდი როგორ გადმოგასხეს, ჩაიხადეს, მოგიშვირეს და პირდაპირ შადრევანივით გამოუშვეს? აგრესორი რუსეთისა და ბოროტი რუსების დახატვის ცდუნებას რომ ვერ უძლებთ, მესმის, მაგრამ აქამდე გაიძახოდით, რუსებს მთელი მსოფლიოსთვის ბირთვულქობინებიანი, კონტინენტთაშორისი, ბალისტიკური რაკეტები აქვთ მიშვერილიო და ახლა ამ სამმა ქალმა რა მოგიშვირათ ან რა მოგაშარდათ ისეთი, რომ ასი, ორასი, სამასი ქართველი ასე აგაწიოკათ?!

    თქვენ რაც ჩაიდინეთ, ის პატრიოტიზმად გინდათ გაასაღოთ? რას ითხოვთ – საქციელი მოგიწონოთ?! ის საცოდავი ქალი, თითქმის სასიკვდილოდ რომ გაიმეტეთ, ბოლომდე უნდა ჩაგექოლათო, ვიფიქროთ?! თქვენი „პატრიოტიზმი” იხსნის საქართველოსო, გითხრათ?!

    სამწუხაროდ, ასეთებიც გამოჩნდნენ. ქალისთვის გამეტებით მუშტის დამრტყმელ მამაკაცს მარჯვენასა და ვაჟკაცობას რომ უქებენ და ამაში პატრიოტობას ხედავენ.

    თქვენნაირი „პატრიოტების” გაკეთებული „ეროვნული” საქმეები ნანახი და ნაწვნევი გვაქვს უკვე. იქით ის ქალი ხომ ცემეთ, აქეთ ჩვენ შეურაცხგვყოფთ, ისეთი სულელები გგონივართ, რომ თქვენს წარმოუდგენლად სამარცხვინო საქციელს გმირობად გვასაღებთ? ვინ ხართ? რა ჯიშის სარეველა ხართ? რა დამპალი თესლისგან აღმოცენდით, რომ ასე მოედეთ აღმოსავლეთსა თუ დასავლეთს, მთასა თუ ბარს, უხნავსა თუ უთოხნარს?! რა გგონიათ, იმ ქალის შეურაცხყოფით, ვინ დააზიანეთ, ვინ დააყენეთ დარტყმის ქვეშ – რუსეთი თუ საქართველო? გგონიათ, ვერ ვხვდებით, საიდან მოდის ის „პოლიტიკური” დომხალი, თქვენს დამპალ ტვინებში რომ ტრიალებს? საქართველოს ხელისუფლებას რომ ვერ აურიეს ტვინი და ვერ გაახსნევინეს მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, ახლა ნაძირალების ხელით აწყობენ პროვოკაციებს, იქნებ რუსეთი თვითონ გამოიწვიონ ამ არაკაცებისგან თავიანთი მოქალაქეების დასაცავად. თქვენნაირ რეგვნებს ხან აქ, ხან იქ მოაწყობინებენ პროვოკაციებს და სადმე იქნებ მართლა მოახერხონ ბოროტების იმ დონეზე გაღვივება, რომელიც ქვეყნებს შორის დაპირისპირებაში გადაიზრდება. ასე გაგვხვიეს ცეცხლის ალში აფხაზებთან და ოსებთან, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის გზები (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) საბოლოოდ ჩაეხერგათ. მიაღწიეს ამას და როგორ ფიქრობთ, ვინ დაზიანდა ამით – რუსეთი თუ საქართველო? ახლაც იმავე მეთოდით მუშაობენ – პროვოკაციისა და ვირეშმაკობის.

    1989 წელს რკინიგზა რომ ჩააკეტინეს გამსახურდიას სამტრედიაში, ამერიკული სპეცსამსახურების დავალება იყო ის. დაარწმუნეს, ამით საბჭოთა ეკონომიკა დაზარალდებაო, მაგრამ, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკა დაინგრა;

    1992 წელს შევარდნაძეც დასავლეთის რჩევით შეიჭრა აფხაზეთში კიტოვანის „გვარდიისა” და იოსელიანის „მხედრიონის” ამარა, ტვირთების მომოსვლა უნდა გავაკონტროლოო, მაგრამ, ტვირთს ვინ ჩივის, აფხაზეთზე კონტროლი დაიკარგა;

    2008 წელს სააკაშვილსაც დასავლეთმა ჩაადენინა ქვეყნის დამანგრეველი შეცდომა, რომ ცხინვალში შეჭრილიყო. მოატყუეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ. შლეგი გმირობას დახარბდა და გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენა;

    ახლა კახეთის ინციდენტის „გმირების” მსგავს რეგვნებს სანთლით დაეძებენ, რათა პროვოკაციების გზით მიაღწიონ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალ დაპირისპირებას. ეს იდიოტები შეიძლება ამდენს ვერც ხვდებიან, მაგრამ, ტრაგედია როცა დატრიალდება, ესენი არავის გაახსენდება, ხალხი და ქვეყანა დაზიანდება ისევ.

    ერთი ამბავიცაა საყურადღებო – ეს ჯოგი რომ შეესია სოციალურ ქსელებს და „პატრიოტიზმში” რომ მართავს მარულას, რაზე მეტყველებს? პროვოკატორები, სულგაყიდულები და მამაძაღლები რომ გვყავს ოხრად, ამას გავუძლებთ როგორმე, მაგრამ ამდენ სულელს, ფეისბუქსა და ტიკ-ტოკზე რომ ყრია, ქვეყანა ვერ გადახარშავს და ვერ მოინელებს. წერა არ იციან, აზრის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ატარებენ ცხოვრებას და სხვას ატყუებენ თუ თავს იტყუებენ, პატრიოტები ვართო. პატრიოტიზმი საკუთარი საქმის კარგად კეთებაა, ფეისბუქისა და ტიკ-ტოკის ვირთხად ქცევა კი – არა. ვერ ხედავთ, რომ ცხოვრებას მოწყდით, კლავიატურაზე ფუჭი კაკუნის მეტი საქმე არაფერი გაქვთ და ერთმანეთის ნერვების მღრღნელებად ჩამოყალიბდით?! კახეთის ტრაგიკომედიის გამო ვთქვი, უწესობის ჩადენასაც რაღაც წესების დაცვა სჭირდება-მეთქი. როგორ ფიქრობთ, სოციალურ ქსელებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში გდებას წესი საერთოდ არ აქვს? სრული იდიოტობისა და სიბინძურის ნთხევას რამე სახის ცენზურა (შინაგანი, გარეგანი) არ უნდა აკონტროლებდეს?! ასე როგორ აურიეთ თავისუფლება თავხედობაში, გონიერება უგუნურებაში, ადამიანობა არაადამიანობაში, სიყვარული სიძულვილში, შენება ნგრევაში, პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლობაში, ადამიანები ხართ თუ ეპოქის ფეკალური მასა, ჩირქი და უწმინდურება?! დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი: ეპოქები იცვლება, ზოგს უწმინდურება მოაქვს, ზოგს – დიდი წმენდა. მოვა ვიღაც თუ რაღაც, რომელიც ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებითა და წყლის მძლავრი ნაკადით გადაგრეცხავთ, რათა ეპოქის სანიაღვრე სისტემაში ჩაგრეცხოთ მაგ თქვენი სიბინძურით, მაგ თქვენი ამორალურობით, მაგ თქვენი გარყვნილი ცნობიერებით, მაგ თქვენი რუსოფობიით, მაგ თქვენი მავნებლობით, მაგ თქვენი უწესობით… წესების გარეშე.

    ახლოვდება ეს დღე!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here