საქართველოს ხორბლის 95% და ენერგომატარებლების დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოაქვს და თავად განსაჯეთ, რა დღეში ჩავცვივდებით, თუ იქ კრიზისი დაიწყება

    დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს წერილი მოსწერა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონის მინისტერიალზე მიიწვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამოყენებას შეეცდებიან. ჰო, გამოყენებას, რადგან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, იფიქროს, რომ აშშ-მა საქართველოზე ზრუნვა დაიწყო

    საქართველოს ხორბლის 95% და ენერგომატარებლების დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოაქვს და თავად განსაჯეთ, რა დღეში ჩავცვივდებით, თუ იქ კრიზისი დაიწყება

    უკრაინასა და რუსეთს შორის ომმა ბოლო პერიოდში სხვა ხასიათი მიიღო. შეტაკებებში ცოცხალი ძალა ნაკლებად მონაწილეობს და მხარეები ერთმანეთს უპილოტო საფრენი აპარატებით – დრონებით ებრძვიან. შედეგად, როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ნადგურდება. რუსეთში საწვავის კრიზისიც კი წარმოიქმნა. ისე როგორ იქნებოდა, ეს კრიზისი ქართულ ოპოზიციასა და ე.წ. არასამთავრობოებს არ გახარებოდათ – აჟიოტაჟი ატეხეს სოციალურ ქსელებში და უხარიათ ის, რაც მეზობელ ქვეყანაში ხდება. არადა, რუსეთში განვითარებული ნებისმიერი კრიზისი ჩვენც შეგვეხება და პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის დასუსტებით დაზარალდება, საქართველო იქნება.

    დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში, პრაქტიკულად, აღარ დარჩა თვითკმარი ქვეყანა, ანუ სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს თვითონ აწარმოებს და სხვა ქვეყნიდან არაფრის შეტანა არ სჭირდება. ჩვენ საკმარისად მხოლოდ წყალს ვაწარმოებთ, ჩვენთვის საკმარის რაოდენობასთან ახლოს არის კვერცხი და, ალბათ, კარტოფილიც. „ალბათ“ იმიტომ, რომ აქ მოყვანილი კარტოფილი, ძირითადად, ექსპორტზე გადის და შემდეგ გაცილებით ცუდი შემოგვაქვს, თუმცა ამ საკითხზე სხვა დროს.

     საწვავის კრიზისი რუსეთში იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ექმნება მარცვლეულის აღებას. არადა, რუსეთი მარცვლეულის ერთ-ერთი დიდი (თუ ყველაზე დიდი არა) მწარმოებელია მსოფლიოში და ეს საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე, სიმინდსა და ქერზე ფასების აწევას გამოიწვევს. ამასთანავე, საქართველოს ხორბლის 95 და სიმინდის 92% რუსეთიდან შემოაქვს. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავცვივდებით, თუ იქ კრიზისი დაიწყება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს გაგაცნობთ და მერე თავად განსაჯეთ, კარგია ის, რაც რუსეთში ხდება, თუ პირიქით:

    ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 219,9 მლნ დოლარის; ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან – 161,4 მლნ დოლარის; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 153,2 მლნ დოლარის; ხორბალი და მესლინი – 33,3 მლნ დოლარის; მზესუმზირის, ალისარჩულის ან ბამბის ზეთი და მათი ფრაქციები – 20,2 მლნ დოლარის, ნახშირწყალბადების სულფირებული, ნიტრირებული ან ნიტროზირებული წარმოებულები – 20,2 მლნ დოლარის; ღორები ცოცხალი – 16,7 მლნ დოლარის; ბოცები, ბოთლები და მინის სხვა ჭურჭელი – 16,7 მლნ დოლარის, ნახშირბადიანი ფოლადისაგან ნახევარფაბრიკატები- 15,1 მლნ დოლარის; ელექტროენერგია – 12.9 მლნ დოლარის. აქვეა პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული.

    წლებია, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტ-იმპორტში უარყოფითი ბალანსი გვაქვს. ეს იცის ყველამ და ისიც ყველას მოეხსენება, რომ მთავარი საკვები პროდუქტი რუსეთიდან შემოგვაქვს. რუსული ეკონომიკა ნავთობსა და მარცვლეულზე დგას, შესაბამისად, ამ ორი სფეროს რყევით ირყევა რუსეთის ეკონომიკა. წამით დაფიქრდით, რა მოხდება, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ წელს ქვეყნიდან არც ნავთობი აღარ უნდა გავიდეს და არც მარცვლეული? ჩვენ სხვა ბაზრის მოძებნა მოგვიწევს და გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთში შექმნილი კრიზისის გამო მსოფლიოში მარცვლეულის ფასი, სულ ცოტა, 30-35%-ით მოიმატებს, გაგვეზრდება ტრანსპორტირების ხარჯიც, რადგან გაცილებით შორიდან მოგვიწევს მარცვლეულის ჩამოტანა, ეს ისედაც გაძვირებულ პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს. გაძვირდება არა მხოლოდ პურპროდუქტები, არამედ ხორციც, რადგან საფურაჟე მარცვლეული (რომელიც ასევე რუსეთიდან შემოგვაქვს) პირდაპირ არის მიბმული ხორცის ღირებულებასთან. აღარაფერს ვამბობთ ღორის ხორცზე, რომლის წარმოებაც საქართველოში გარკვეულ მიზეზთა გამო შეჩერებულია. ჰო, რაღაც ისე ჩანს, რომ ღორის მოშენებისა და ინვესტიციის ჩადების შემთხვევაშიც კი ამის გაკეთება თითქოს უპერსპექტივოა. რატომ და როგორ, სხვა დროს მოგიყვებით (აუცილებლად მოგიყვებით) და იმასაც ვიტყვით, როგორ განადგურდა თუნდაც თიანეთის ტყეებში ათასობით ქართული ჯიშის ღორის კოლტები რამდენიმე დღეში და ვინ იდგა ამის უკან.

    არაერთმა მსხვილმა ბიზნესმენმა თუ ამ სფეროს ექსპერტმა, საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ რუსეთის ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ცუდად საქართველოსა და აქაურ ფასებზე აისახება. ალბათ, არ გიკვირთ, რომ ასეთი პერსპექტივა ოპოზიციასა და დასავლეთს ძალიან ახარებს, რადგან ქვეყანა იძულებული იქნება, პროდუქცია სხვა ბაზარზე ეძებოს. ბოლო პერიოდში აზიური ქვეყნების ლიდერთა ვიზიტი საქართველოში და პირიქით, ჩვენი პრემიერის ვიზიტები აზიაში, სწორედ ამითაა გამოწვეული. თავს ვიზღვევთ, ახალ ბაზარს ვეძებთ და ვცდილობთ, დასავლეთზე დამოკიდებულნი არ ვიყოთ, რადგან დასავლელები საკვები პროდუქტების სანაცვლოდ სხვა რამეს მოგვთხოვენ და ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჭრობა.

    გარდა იმისა, რომ რუსეთიდან ბევრი რამ შემოგვაქვს, საქართველოში წარმოებული ჭარბი პროდუქციის ლამის 100% სწორედ რუსეთში გადის და, თუ რუსეთი გადახდისუუნარო იქნება, ამ პროდუქციის გასაღებასაც კითხვის ნიშნები გაუჩნდება. ბოლო მონაცემები ავიღოთ – 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ვაშლის ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-ით არის მომატებული. უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის იანვარი-ივნისში ექსპორტირებულია 11,2 მლნ დოლარის ღირებულების 14,7 ათასი ტონა ვაშლი. წინა წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 67%-ით (4,5 მლნ აშშ დოლარით), რაოდენობა გაზრდილია 37%-ით (4,0 ათასი ტონით). ჰოდა, ეს ზრდა 100%-ით რუსულ ბაზართან არის დაკავშირებული, ანუ ყველაფერი რუსეთში გავიტანეთ.

    სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ უკვე დააანონსა, რომ წიწიბურას დეფიციტი გარდაუვალია, რაც საქართველოში, ბავშვებისთვის ( არა მხოლოდ) ესოდენ საჭირო პროდუქტის ფასის ზრდას გამოიწვევს. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ საქართველოში დახლებზე არსებული წიწიბურას 99% რუსულია და ქართული შეფუთვა ნუ მოგატყუებთ. თუ კარგად დააკვირდებით შეფუთვას, წაიკითხავთ, რომ მწარმებელი რუსეთია, ხოლო შემფუთავი – ქართული მხარე. ასე ხდება მანანის ბურღულის, ვერმიშელისა და სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც. აღარაფერს ვამბობთ ფქვილსა და ხორბლის დამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებზე.

    ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენცია გაჩნდა – როგორც ამერიკის პრეზიდენტი, ისე ევროპელი ლიდერები, ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ვოლოდიმერ ზელენსკის კი – არა. არადა, უკრაინელები რუსეთის დიდ ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ანუ, ის, რაც შეიძლება უკრაინისთვის, თურმე აკრძალულია რუსეთისთვის, თანაც ყოველკვირეულად იზრდება უკრაინის დაფინანსება. ეს, იმის მიუხედავად, რომ ზელენსკიმ უკვე რამდენიმე მინისტრი და პრემიერი მოხსნა კორუფციული სკანდალის გამო და რამდენიმეჯერ დამტკიცდა, რომ უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთისგან მიღებული დაფინანსებებიდან ასეულობით მილიონი დოლარი მიითვისეს. რამდენიმე დღეა, უკრაინაში გამოსვლები დაიწყო და საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზულად საუბრობენ, იმ არჩევნებზე, რომელშიც ზელენსკის გამარჯვების შანსი თითქმის ნულია, მაგრამ დასავლეთისთვის, ალბათ, არც ეს იქნება პრობლემა, რადგან აგერ მოლდოვის მაგალითი გვაქვს. ამ ქვეყანაში ხალხმა ნდობა სხვა კანდიდატს გამოუცხადა, მაგრამ დასავლეთმა, ევროპიდან და ამერიკიდან გაგზავნილი ემიგრანტთა ხმების ხარჯზე, პრეზიდენტად მისთვის სასურველი მაია სანდუ დასვა. იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანია უკრაინიდან წასული, ხმებით მანიპულირება არც ახლა იქნება პრობლემა.

    2026 წელი ბევრი მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს და აგერ, დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის მოიცალა, ირაკლი კობახიძეს წერილი მოსწერა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონის მინისტერიალზე მიიწვიეს. ესიმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამოყენებას შეეცდებიან. ჰო, გამოყენებას, რადგან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, იფიქროს, რომ აშშ-მა საქართველოზე ზრუნვა დაიწყო. ისე, ამერიკა ადრე შეეცადა, ჩვენთვის ხორბალი მოეწოდებინა, ერთი ხომალდი გამოუშვა კიდეც, რომელსაც პორტში სააკაშვილი ამალით დახვდა და გამოგვიცხადა, რუსული ხორბალი ამერიკულით ჩანაცვლდებაო, მაგრამ მერე გაირკვა, რომ გზის გამო ხორბლის ფასი ორჯერ ძვირი იქნებოდა და მთავარი საკვები პროდუქტის ფასის გაორმაგება იმხანად ვერც მიშამ გარისკა. ახლა კი მართლა არსებობს საფრთხე, რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა გაძვირდეს (საუკეთესო შემთხვევაში) ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს (უარეს შემთხვევაში), ამიტომ ხელისუფლებამ გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here