საბჭოთა კავშირში, რომელსაც დღეს ბევრი ავადსახსენებელს უწოდებს, ერთი საინტერესო პრაქტიკა არსებობდა – სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები კოლმეურნეობებსა და მეურნეობებს მიყავდათ ვენახსა თუ ხეხილის ბაღებში სამუშაოდ და იყო ერთი ხორხოცი, გართობა, ერთმანეთის გაცნობა-დაახლოება და, რაც მთავარია, ბავშვები თუ მოზარდები თავიდანვე ეჩვეოდნენ შრომას, მიწაზე მუშაობას, მცენარეებთან ურთიერთობას და საბაზისო ცოდნა იმისა, როგორ უნდა მოეკრიფა ყურძნის მტევანი, როგორ უნდა ამოეღო მიწიდან ხახვის ბოლქვი, ყველას ჰქონდა. ახლა რომელიმე მოსწავლე რომ წაიყვანო სამუშაოდ, მშობლები სასამართლოში გაიქცევიან, ბავშვთა უფლებებს არღვევსო; სასამართლოც მათ დაუჭერს მხარს, ბავშვს მუშაობა როგორ აკადრეთო. სამწუხაროდ, პატარებსაც ტელეფონი და კომპიუტერული თამაშები ურჩევნიათ.
საბჭოთა პერიოდში, როცა კოლმეურნეობის მინდვრებზე მოსავლის აღება მორჩებოდა და გეგმა გადაჭარბებით შესრულდებოდა, მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რაც დარჩა, თქვენ აიღეთო. ეს ორმხრივი თანამშრომლობა იყო – ადამიანები უფასოდ იღებდნენ ხახვს, ბადრიჯანს, ჭარხალს, ბოლოკს, ნიორს, წიწაკას და ეს კოლმეურნეობასაც აძლევდა ხელს, რადგან ნაყოფი არ ლპებოდა და მიწაში არ ტრიალდებოდა. ბევრს ახსოვს, ქალები რომ ეწუწუნებოდნენ ხოლმე აგრონომს, წელს წიწაკა ცოტა მწარე მოგივიდათ, ამის მწნილს ბევრს ვერ გავაკეთებთ, ვერ შევჭამთო. ეს ყველაფერი იყო უფასო და არავის ერიდებოდა მინდორში გასვლა და მუშაობა.
წიწაკა მაშინ გაგვახსენდა, როცა შევიტყვეთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ივნისში წიწაკა ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა. კერძოდ, გასულ თვეში წიწაკის საფასურმა 31%-ით მოიმატა. არადა, წიწაკის სეზონი სწორედ ახლაა, ახლა იკრიფება, მაგრამ… საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 686,5 ათასი დოლარის ღირებულების 239 ტონა პროდუქცია შემოვიდა. არ გეგონოთ, წიწაკა იაფად ვიყიდეთ – საშუალო ფასი კილოგრამზე 2,87 დოლარი იყო. როგორ გგონიათ, სად ვყიდულობთ წიწაკას? პირველი მომწოდებელი ჩინეთია. ამ ქვეყნისგან 276,9 ათასი დოლარის 167 ტონა წიწაკა შევიძინეთ. შემდეგ მოდის უკრაინა – 241,3 ათასი დოლარის 22 ტონა, მესამე ადგილზეა ინდოეთი, რომლისგანაც 25 ტონა ვიყიდეთ და 55 ათასი დოლარი გადავიხადეთ.
როგორ არ უნდა გაბრაზდე, როცა ომში მყოფი უკრაინა იმდენს ახერხებს, რომ ექსპორტზე გააქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ჩვენ, საქართველოში, ხელისუფლების მიერ მთავარ მონაპოვრად გამოცხადებულ მშვიდობის პერიოდში, სოფლის მეურნეობის ვერც ერთი პროდუქტი ვერ მოგვყავს საკმარისი რაოდენობით. ვიღაც შემედავება, აბა, ვაშლი და ატამიო, მაგრამ, ბატონებო, ვაი, რომ არც ვაშლი და ატამი მოგვყავს ჩვენთვის საკმარისი რაოდენობით. უფრო ზუსტად, იმდენი კი მოგვყავს, საკმარისი რომ იყოს წლიდან წლამდე, მაგრამ შენახვას ვერ ვახერხებთ და იძულებულნი ვართ, ზამთარში ვიყიდოთ. მხოლოდ ზამთარში კი არა, აგერ, საადრეო ატამი რომ იყიდება, შემოტანილია. ვერც ამას დავადგით თავი, რადგან ფერმერები არ რისკავენ, ავდარი რომ დაემთხვეს, მთელ მოსავალს დავკარგავთო. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამინდი არც ჩვენს მეზობელ თურქეთშია გამოწერილი იქაური ფერმერების განწყობის მიხედვით, მაგრამ არაერთი საშუალება არსებობს, ფერმერმა სეტყვისგან დაიცვას მოსავალი. ხომ ყველას (უმრავლესობას მაინც) გვგონია, რომ კახური ატმით იოლად გავდივართ?! მონაცემები სხვა რამეს გვეუბნება.
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ატმის იმპორტი 62,8%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში 152,9 ათასი დოლარის ღირებულების (269 ტონა) ატამი შემოვიტანეთ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტირებული იყო 93.9 ათასი დოლარის ღირებულების 214 ტონა, ანუ მოხმარება და შესაბამისად შემოტანა გავზარდეთ; ადგილზე წარმოება კი არა, შემოტანა გავზარდეთ. თანაც შარშანდელთან შედარებით წელს საქართველოს ატმის იმპორტი 29,5%-ით გაუძვირდა. კერძოდ, შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 44 ცენტი იყო, წელს საანგარიშო პერიოდში კი ფასი 57 ცენტამდეა გაზრდილი. რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ატამი შემოვიდა მხოლოდ ორი ქვეყნიდან – თურქეთიდან (90.3%) და ნიდერლანდებიდან (9.7%). სად არის ამ დროს ჩვენი ნაქები და გემოთი აშკარად გამორჩეული ქართული ატამი? არსად, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საადრეო ხილს საქართველოში დარისა თუ ავდრის გამო არ სწყალობენ.
ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში მოხდა. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ახორციელებდა პროგრამას „დანერგე მომავალი“ და აფინანსებდა როგორც მრავალწლოვან ბაღებს, ისე კენკროვნებს. ბევრმა მოკიდა ხელი ამ საქმეს, სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო და ხეხილი თუ კენკრაც გააშენა. ერთ-ერთმა ოჯახმა 10 ჰექტარზე ჟოლოს ბაღი გააშენა და ისე კარგად წაუვიდა საქმე, მხოლოდ ნაყოფზე კი არა, ნერგებზეც რიგი ედგათ. ნაყოფს მაშინვე იტაცებდნენ, ნერგებზე კი რიგში ერთი წლით ადრე ეწერებოდნენ და… პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანებით გაშენებული ბაღი 3-დან 5 წლამდე უნდა გქონდეს, სახელმწიფო გაკონტროლებს, მერე კი შენი გადასაწყცეტია, რას იზამ. ჰოდა, 5 წლის გასვლის შემდეგ ცოლ-ქმარმა ბაღი გაჩეხა და ახალი განაცხადი შეიტანა დაფინანსებაზე იმავე მიწაზე, იმავე პირობებით. საბედნიეროდ, სოფლის მეურნეობის მონიტორინგის სამსახურმა საკითხი სამართლიანად შეისწავლა და ცოლ-ქმარს ახალი გრანტის გაცემაზე უარი უთხრა. დარჩა ოჯახი ბიზნესისა და გრანტის გარეშე, გაჩეხილი ბაღის აღდგენას ერთი და ორი ათეული ათასი არ ჰყოფნის და, როცა მეზობლებმა ჰკითხეს, ასე რატომ მოიქეცითო, ახალი ბაღის გაშენება იმიტომ გვინდოდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებიდან 25-30 ათასი დამატებით დაგვრჩებოდაო. ანუ, ამ თანხის გამო აწყობილი ბიზნესი გააუბედურეს და სახელმწიფოს, როგორც მეწველ ძროხას, ისე მიადგნენ. კიდევ გავიმეორებთ: საბედნიეროდ, შესაბამისმა სამსახურმა საკითხის შესწავლის შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ეს ოჯახი წარმატებული პროექტის ავტორად ითვლებოდა, ახალი დაფინასება არ გასცა. ნუ გგონიათ, რომ ეს ისტორია ერთადერთია და სხვას არ მოსვლია თავში აზრად და არ გაუკეთებია იგივე. გნებავთ, ქართულ ხასიათს დააბრალეთ, გნებავთ – სიხარბეს, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათეულობით ასეთი საქმე უდევს და ძალიან კარგსაც აკეთებს, ერთხელ გაღებულ ფულს მეორედ რომ არ „ისვრის“. არანაკლები ზარალი ნახეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქმე არ იცოდნენ და პირობებს დახარბდნენ. ვიღაცამ მეცხოველეობას მიჰყო ხელი; ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ფუტკარი ჰყოლოდა; ვიღაცამ ინდაურები მოაშენა, მაგრამ დილეტანტებს არაფერი გამოუვიდათ. ინდაურის ჭუკი არ არის მარტივი გასაზრდელი, ფუტკარს ტიტანური შრომა სჭირდება, მესაქონლეობა კი ზოგს მაღაზიაში ნაყიდი რძის ჭიქაში ჩასხმა და მისთვის ორცხობილის მიყოლება ჰგონია…
წელს დაწყებული პროექტები ბოლომდე თუ მიიყვანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხელშესახები შედეგი უკვე გაისად უნდა გვექნეს, მაგრამ, თუ არც ამ საქმიდან გამოვა რამე, მაშინ სახელმწიფომ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს არა მხოლოდ ყველა პროექტი, არამედ დაითვალოს თითოეული თეთრი, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებზე გაიცემა, და მათ ამ ფულის სანაცვლოდ აღებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს. „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირებებიდან ყველაზე კარგად სწორედ ეს შეასრულა – სოფლის მეურნეობის განვითარებაში მილიარდებს ჩავდებო; მართლაც ჩადო, მაგრამ ჯერჯერობით შესაბამისი შედეგი არ გვაქვს და ეს უნდა დასრულდეს. ამ მილიარდებს, მხოლოდ ჩადება კი არა, კონტროლიც სჭირდება და იმედია, ახლა სწორედ ეს დაიწყება.
ლევან გაბაშვილი







