ამიერკავკასია შეტორტმანების მოლოდინში

    დღევანდელ სტატიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთ განცხადებას შემოგთავაზებთ, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა. ჩემი აზრით, ეს ტექსტი სამი თვალსაზრისითაა საინტერესო – ისტორიის, დღევანდელობისა და ზნეობის. აი, ეს ტექსტიც:

    „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი აზერბაიჯანისთვის კოლონიური მმართველობის ხანა იყო. მისი თქმით: „მე-19 საუკუნეში ჩვენი ქვეყანა კოლონიზებული იქნა. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოვჩნდით, სადაც დამოუკიდებლობა არ გაგვაჩნდა. მართალია, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა ვიყავით, მაგრამ რეალურად უფლებამოსილება არ გვქონდა. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში მყარად არის შემორჩენილი განცდა იმისა, რას ნიშნავს იყო კოლონია და შემდეგ იქცე თავისუფალ სახელმწიფოდ”. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანიდან მილიარდობით ტონა ნავთობი გაჰქონდათ, რის გამოც ქვეყანა დღემდე ებრძვის მძიმე ეკოლოგიურ შედეგებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ მსგავსი პრაქტიკა დღესაც გრძელდება თათრეთის რესპუბლიკაში. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვში ხშირად აცხადებდნენ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის გარეშე არსებობას ვერ შეძლებდნენ — დაიშლებოდნენ, გაღატაკდებოდნენ და საკუთარი ძალებით ვერ იარსებებდნენ. თუმცა, როგორც ტექსტშია აღნიშნული, „არც აზერბაიჯანი, არც ყაზახეთი, არც უზბეკეთი არ გამქრალა, ხოლო ბალტიისპირეთის სახელმწიფოები წარმატებით განაგრძობენ დამოუკიდებელ განვითარებას. შემდგომ ტექსტში რიტორიკული შეკითხვაა დასმული: „მაშ, რატომ უნდა ემსახურებოდეს დღესაც ჩვენი ნავთობი, ბუნებრივი აირი, ალმასები, ტყეები, ოქრო და ადამიანური რესურსი მოსკოვს?” ეს შეკითხვა ეკუთვნით ბაშკირებს, თათრებს, ბურიატებს, სახას, ინგუშებს, ყალმუხებსა და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სხვა ხალხებს. დასასრულს ნათქვამია: „აზერბაიჯანმა უკვე გამოსცადა, რას ნიშნავს იყო კოლონია და შემდეგ იქცე თავისუფალ სახელმწიფოდ. ოდესღაც იმავე გამოცდილებას მიიღებენ ის ხალხებიც, რომლებიც დღესაც რუსეთის ფედერაციის საზღვრებში არიან მოქცეულნი “.

    ჯერ განვიხილოთ საკითხი, რამდენად შეესაბამება ისტორიულ სიმართლეს ის, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასე შეუწუხებია.

     საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები, კოლონიები კი არა, ერთ დიდ სოციალისტურ სახელმწიფოდ გაერთიანებული რესპუბლიკები იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მაღალ ისტორიულ ღირებულებად თანასწორობა აღიარეს, რომლის პირობებშიც შრომა განთავისუფლდა, არ არსებობდა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაციის პირობები და მიღწეული იყო სოციალური სამართლიანობა. მილიარდერი პრეზიდენტისთვის ის ღირებულებები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, ალბათ, ღიმილისმომგვრელია, მაგრამ აზერბაიჯანის მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც საბჭოთა წარსულს დღევანდელ აზერბაიჯანთან სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით ადარებენ, დარწმუნებული ვარ, განსხვავებული აზრი ექნება.

    რაც შეეხება დღევანდელობას, ბატონ ალიევის ამ ნათქვამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. როგორც ჩანს, დასავლეთს, რომლის რუპორსაც ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ალიევი წარმოადგენს, მართლა საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი რუსეთის დაშლის მიმართულებით აზროვნება და მოქმედება. სხვას რას უნდა ნიშნავდეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისთვის ასეთი ღია მოწოდება: „რატომ უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ნავთობი, ბუნებრივი აირი, ალმასები, ტყეები, ოქრო და ადამიანური რესურსი მოსკოვს? ეს შეკითხვა ეკუთვნით ბაშკირებს, თათრებს, ბურიატებს, სახას, ინგუშებს, ყალმუხებსა და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სხვა ხალხებს”. ეს ნათქვამი, რა კუთხითაც უნდა მიუდგე – ელემენტარული ზრდილობის, დიპლომატიის თუ  სამართლებრივი –  ნებისმიერი პოზიციიდან მიუღებელი და არაკორექტულია. ამ დონეზე ასეთი განცხადებები არ კეთდება, თუკი იგი რაღაც ჩანაფიქრის შემადგენელი ნაწილი არ არის. როგორც ჩანს, ალიევმა გაახმოვანა (გაახმოვანებინეს) ის ინფორმაცია, რომელიც თანდათან საზოგადოებრივ აზრში უნდა გადავიდეს და აისახოს, მაგრამ საბოლოო ჯამში რას მოასწავებს ეს: რუსეთის დაშლას თუ გლობალურ დაპირისპირებას, რომელიც მთელი პლანეტისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება?! არ სჭირდება დიდი ინფორმირებულობა და განსწავლულობა იმის მიხვედრას, რომ დასავლეთის ეს დანაშაულებრივი მიდგომა მსოფლიო ომს უფრო გამოიწვევს, ვიდრე რუსეთის დაშლას. როგორ წარმოუდგენია აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბირთვული ზესახელმწიფოს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ დაშლა? როდესაც პრეზიდენტის პოსტის სიმაღლიდან კაცი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ვინც უნდა იყოს და რომელ ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს, არასწორად იქცევა. პრეზიდენტ ალიევის ეს განცხადება ქართველ ჟურნალისტთა იმ ნაწილის ლაპარაკს ჰგავს, დასავლეთის „მეხუთე კოლონას” რომ მიეყიდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და სახელმწიფოთა მართვაშიც ერთნაირად უპასუხისმგებლო ხალხი მომრავლდა.დროა ასეთი.

    პრეზიდენტ ალიევის ამ განცხადებას ზნეობის პოზიციიდანაც უნდა შევხედოთ. ეს კაცი მაღალი პარტიული ჩინის მქონე კაცის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ჰეიდარ ალიევიაზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, შემდგომში კი სკკპ პოლიტბიუროს წევრი და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ის უბედურება, რომლის გამოც პრეზიდენტი ალიევი წუხს და რომელიც თურმე ცენტრის მიერ რესპუბლიკებისთვის უფლებათა წართმევაში გამოიხატებოდა, მამამისის ხელით ხორციელდებოდა. პრეზიდენტი ალიევი საჯაროდ თუ დაგმობს მამამისის მოღვაწეობას, შეიძლება ვინმემ მართლა დაიჯეროს მისი გულწრფელობა, მაგრამ აქეთ მამის ხსოვნას ადიდებდე, თბილისში მის ძეგლს საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიურად ყვავილებით ამკობინებდე, იქით კი საბჭოთა კავშირს ლანძღავდე, რომლის უმაღლესი მმართველი ორგანოს წევრი მამაშენი იყო, ერთმანეთთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ბატონ ალიევს საბჭოთა კავშირისგან არამხოლოდ ბავშვობაში აქვს მიღებული ყველა სიკეთე, არამედ დღევანდელი მისი თანამდებობრივი მდგომარეობაც და განუსაზღვრელი სიმდიდრეც იმ ქვეყანაში მოპოვებული პრივილეგიის გაგრძელებაა. ბატონ ალიევისგან ცოტა უხერხული ხომ არ არის ამგვარი განცხადებების კეთება?! ჩემი ეს ნათქვამი ისე არ გამიგოთ, რომ ბატონი ალიევი სიმართლეს კი ლაპარაკობს, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე მივიჩნევ ამ ნათქვამს უხერხულად. არავითარ შემთხვევაში! საქმე ისაა, რომ ბატონი ალიევი დასავლეთის სპეცსამსახურების შაბლონებით გველაპარაკება და საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ფილოსოფიაში მიუტევებელ უცოდინარობას ავლენს. ისე, ნაკლი მართლაც ჰქონდა სისტემას, რომლის სათავეებში მყოფი პიროვნებების ოჯახებში პრეზიდენტ ალიევის მსგავსად მოაზროვნეები იზრდებოდნენ. ამ კაცმა გადაგვარებულ სააკაშვილზე დაყრდნობით დავითგარეჯას ისტორიული ტერიტორიები მიისაკუთრა, მაგრამ უბატონოდ ხმას ვერ ვცემთ, ვინაიდან უზარმაზარი გავლენა აქვს ყველა მიმართულებით. ჩვენ კი სუსტი და უპატრონო ქვეყანა ვართ, რომელიც, ოცდათხუთმეტი წელიწადია, გაუგებარ პოლიტიკას მიჰყვება და მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდის. საქართველოში ხელისუფლების ყველა თაობა პრაგმატულ პოლიტიკოსობას იჩემებს, მაგრამ ასეთი მხოლოდ ის პოლიტიკაა, რომელიც ხალხსა და ქვეყანას პირში ჩალაგამოვლებულს კი არ დატოვებს, წარმატებებს მოუტანს. ჩვენ კი, რამდენიც უნდა გვატყუონ მიღწეული წარმატებებითა და გამარჯვებებით, ჯერჯერობით მაინც პირში ჩალაგამოვლებული ხალხი ვართ, ჩვენდა სამწუხაროდ.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S.15 ივლისს რუსულმა დრონებმა უკრაინაში იერიში მიიტანეს თურქულ გემზე. გავრცელებული ცნობით, გემს აზერბაიჯანელი კაპიტანი მართავდა, რომელიც დაიღუპა.

    წყაროების მიხედვით, ინციდენტი ოდესის შავი ზღვის სანაპიროსთან მოხდა. „ბოროტი” ენები იმასაც ამბობენ, რომ გემს უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი ორმაგი დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა – ჰუმანიტარული და სამხედრო.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მოსკოვში ჩაფრინდა.

    ამიერკავკასია დიდი პოლიტიკური და სამხედრო შეტორტმანების მოლოდინშია.

    . .

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here