Home ახალი ამბები მსოფლიო ფაშინიანის ბუნტი

ფაშინიანის ბუნტი

279

სულ უფრო შესამჩნევი ხდება სომხეთის პრემიერმინისტრის მისწრაფება, შეამციროს რუსეთის როლი თავისი ქვეყნისა და მთელი რეგიონის ბედის გადაწყვეტაში და ჩაანაცვლოს ის დასავლეთით

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის უარმა, 2022 წლის 23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს (კუს) დეკლარაციისა და მისი ქვეყნის დასახმარებლად ერთობლივი ღონისძიებების შესახებ პროექტებზეავტომატურად შექმნა ახალი ვითარება ამიერკავკასიაში, რადგან მყისვე შეიძინა აქტუალურობა სამმა მთავარმა ურთიერთდაკავშირებულმა საკითხმა:

* როგორ მოგვარდეს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ისე, რომ არა მხოლოდ მხარდაჭერილი იყოს კუხო-ს წევრი სომხეთი, რომლის უკან დგას რუსეთი, არამედ არ მივიდეს ვითარება დაპირისპირების ესკალაციამდე აზერბაიჯანთან, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი და მზად არის მხარდასაჭერად აშშ და ევროკავშირი?

* რისთვის არის საჭირო კუხო, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში ხელი შეუწყო თავისი წევრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მაგრამ ვერ მოაგვარა კონფლიქტები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის (ორივე ქვეყანა ორგანიზაციის წევრი და უკრაინაში რუსეთის სამხედრო  სპეცოპერაციის ნაწილია)?

* როგორ შეძლებს რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ამიერკავკასიაში, როცა თურქეთი, აშშ და ევროკავშირი აქტიურად ცდილობენ იქიდან მის გაძევებას და ყოფილ საბჭოთა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების მთავარი გარანტის როლის შესრულებას რუსეთის ნაცვლად?

ფაშინიანის საქციელი მიუთითებს, რომ ამ კითხვებზე დღეს არ არსებობს მკაფიო და საბოლოო დადებითი პასუხები. ფაშინიანმა უარი თქვა, ხელი მოეწერა შეთანხმებულ დოკუმენტზე, ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაულა თვით კუხო  სომხეთისთვის  დახმარების გაწევის უუნარობაში, მაგრამ ის, რა თქმა უნდაგულისხმობდა რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მან ორგანიზაციის იმავე სამიტზე გამოაცხადა უკრაინაში შექმნილი ვითარების განხილვა და არ არის გამორიცხული კუხო-ს მონაწილეობა რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციაში.  ბევრი ექსპერტის აზრით, რუსეთმა „სისუსტე გამოავლინა“, როცა ვერ შეძლო სპეცოპერაციის ამოცანების უმოკლეს დროში გადაწყვეტა. ფაშინიანმა ისარგებლა ამით და როგორც მოსკოვის, ისე მთელი კუხო-ს როლის შესაძლო შესუსტების (დაშლით) შანტაჟით დაიწყო გეოპოლიტიკური საბნის გადაფარება საკუთარ თავზე.

 „ძვირფასო კოლეგებო, მიმაჩნია, რომ ხელმოსაწერად წარმოდგენილი კუხო კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაცისა და სომხეთის რესპუბლიკის დახმარების ერთობლივი ღონისძიებების პროექტები არ არის საკმარისად დამუშავებული და ამ სახით, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე არ ვარ მზად, ამ დოკუმენტებზე ხელმოსაწერად”, _ განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭო, თავისი გადაწყვეტილებით, ვალდებულია, დააჩქაროს ბაქოსთან პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა, რომლის მიზანიც იქნება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ჯარების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანა მათ თავდაპირველ პოზიციებზე 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით“; აგრეთვე, ბაქოს ქმედებების პოლიტიკური შეფასება, რადგან, ფაშინიანის თქმით, “მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობა ნიშნავს არა მხოლოდ კუხო-ს უარს მოკავშირეთა ვალდებულებებზე”, არამედ ეს აზერბაიჯანის მიერ შეიძლება ინტერპრირებული იყოს, როგორც კუხო-ს მიერ “მწვანე” შუქის ანთება შემდგომი აგრესიისთვის“. „პოლიტიკური შეფასება საჭიროა, პირველ რიგში, მორალური თვალსაზრისით. ეს ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისითაც“, _ განაცხადა ფაშინიანმა. საქმე ის არის, რომ 2021 წლის მაისში აზერბაიჯანმა დაიწყო საომარი მოქმედებები სომხეთის რამდენიმე რაიონის ტერიტორიაზე შეჭრით, რომლებსაც ის თავის საკუთრებად მიიჩნევს. მიუხედავად ევროპარლამენტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის _ ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარიდან ორის _ მოწოდებისა, გაიყვანოს ჯარები სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, აზერბაიჯანს ეს ჯერ არ გაუკეთებია. ასევე იგნორირებული იყო 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსეთის დახმარებით მიღწეული შეთანხმებები ცალმხრივი სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავების შესახებ. 2022 წელს ერევანმა ორჯერ შეკრიბა კუხო-ს ლიდერები საგანგებო რიგგარეშე სამიტებზე თხოვნით, დახმარებობნენ მას ბაქოს ალაგმვაში და ორჯერვე უარი მიიღო. უფრო მეტიც, ბოლო ასეთ შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირდაპირ განაცხადა, რომ კუხო არ უნდა დაუპირისპირონ აზერბაიჯანს და ორგანიზაციის წევრებს არ უნდა მოსთხოვონ აზერბაიჯანთან კონფლიქტი სომხეთის გამო. დღეს აზერბაიჯანს ხელმძღვანელობს  აბსოლუტურად ჩვენი კაციილჰამ ალიევი “, – განაცხადა ლუკაშენკომ.  ალიევმა კი კუხო-ს სამიტის დღეს საჯაროდ დაიკვეხნა: თუნდაც იმ ორგანიზაციებში, რომელთა წევრიც არ ვართ, ბევრი მეგობარი გვყავს და ბოლო წლებისა და თვეების მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამას. ასეთია, მაგალითად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. და ეს ყველაფერი  ჩვენი პოლიტიკის წყალობითაა, რადგან ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი“.

კუხო-მ ვერაფერი გააკეთა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სისხლიანი სასაზღვრო კონფლიქტის მოსაგვარებლადაც. მან ბიშკეკსა და დუშანბეს მხოლოდ მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და, როგორც ყოველთვის, ყველაფერი დროებით გადაწყდა მოსკოვის ჩარევით. ამან ფაშინიანი აშკარად გაანაწყენა იმიტომ, რომ კუხო ჯერ კიდევ არის სამხედრო ბლოკი, რომელიც უნდა დაეხმაროს თავის წევრებს; იმიტომ, რომ წელს სომხეთი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას და მას, ფაქტობრივად, თავს დაესხა ქვეყანა, რომელიც არ არის კუხოს წევრი; და კიდევ იმიტომ, რომ  იმავე წლის იანვარში კუხო-მ ხელი შეუწყო ყაზახეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების პრობლემის მოგვარებას მისი ხელისუფლების მოთხოვნით. როგორც ფაშინიანმა გაიხსენა, „საკითხი ერთ ღამეში მოგვარდა“.

ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა

და ეს იმის მიუხედავად, რომ ლაპარაკია, არა მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე, რომელშიც კუხო სომხეთის სასარგებლოდ არ ერეოდა, რადგან თვითონ ერევანი არ აღიარებდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას და არ შეიყვანა ის თავის შემადგენლობაში.  როდესაც 2020 წელს დაიწყო ყარაბაღის მეორე ომი და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს წაართვა რამდენიმე რეგიონი, რომლებსაც თავის საკუთრებად მიიჩნევდა, ფორმალური კანონების მიხედვით, გამოდის, რომ ის იბრძოდა არა სომხეთთან, არამედ თავის ტერიტორიაზე სეპარატისტებთან. შესაბამისად, სომხეთი ვერ სთხოვდა კუხო დახმარებას, რადგან ფორმალურად მას არავინ უტევდა. კიდევ ერთხელ ყველაფერი გადაწყდა რუსეთისა და პუტინის ჩარევით, რომელმაც რამდენიმე საათში მოაგვარა პრობლემა, უზრუნველყო მშვიდობა და მთიანი ყარაბაღის არსებობა, მართალია, ძალიან შემცირებული სახით, მაგრამ რუსი სამშვიდობოების ზედამხედველობითა და გარანტიით. კუხო-ს გაუბედაობამ გამოიწვია სომეხი საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება, წარმოქმნა პროტესტი, რუსოფობიის ესკალაცია და აშკარად იმოქმედა ფაშინიანის ქცევაზე 23 ნოემბრის სამიტზე.

 „ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიაზე კუხო-ს პასუხის შესახებ. ეს ფაქტი დიდად აზიანებს კუხო-ს იმიჯს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მე ამას ვაფასებ სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარ წარუმატებლობად“, _ განაცხადა ფაშინიანმა. მან კუხო, ფაქტობრივად, დაადანაშაულა არა მხოლოდ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარების, არამედ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო დაპირისპირების იგნორირებაში.  ექსპერტებმა მყისვე გამოიტანეს დასკვნა შექმნილი ვითარებიდან: კუხო-ს რეფორმა სჭირდება. მაგალითად, ცვლილება საწესდებო დოკუმენტებში, რომლებშიც ნათქვამია, რომ კუხო-ს გამოცხადებული მიზნებია „მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთობლივი დაცვა, რომლის მისაღწევადაც წევრი ქვეყნები უპირატესობას პოლიტიკურ საშუალებებს ანიჭებენ“.

ან იმის აღიარება, რომ რეგიონული კონფლიქტები არ შედის კუხო-ს კომპეტენციაში და არ ექვემდებარება მოგვარებას მისი მონაწილეობით, რაც კიდევ უფრო შეამცირებს კუხო-ს, როგორც სამხედრო ორგანიზაციის, ეფექტიანობას. ასევე დადასტურებულია კუხო-ზე გავლენის კიდევ ორი ფაქტორი _ შიდა, განხეთქილების საფრთხის შემცველი, და გარე, რომელიც გამოწვეულია რეგიონზე დასავლეთის ზემოქმედებით.

“მოსკოვსკი კომსომოლეცმა” დაწერა, რომ კუხო-ს სამიტზე ჟურნალისტები შეესწრნენ კურიოზს, როცა  კუხოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დახურული შეხვედრის გადაცემა ჩართეს, რომლიდანაც ცნობილი შეიქნა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა სომხეთის დახმარებას, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო.  სერგეი ლავროვი ცდილობდა, დაეყოლიებინა თავისი კოლეგები, შეექმნათ ღონისძიების შეთანხმებული დოკუმენტი: თუ ჩვენ შევაჩერებთ სომხეთის დახმარების საკითხს, მაშინ რა ბედი ეწევა დეკლარაციასა და განცხადებას? ვფიქრობ, ეს იყო პაკეტური გარიგება”. მაგრამ არაფერი გამოვიდა: ისინი შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტები გადაწყვეტდნენ ყველაფერს, მაგრამ არც პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს. პუტინმა მხოლოდ განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხი დარჩება კუხო-ს ყურადღების საგანი და მოგვარდება კომპლექსურად. „ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ერევანი და ბაქო სამშვიდობო ხელშეკრულებას გააფორმებენ“, _ განაცხადა პუტინმა. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში მთავარი როლი, როგორც ადრე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სამმხრივ ფორმატს ეკუთვნის. თუმცა, სულ უფრო შესამჩნევია სომხეთის პრემიერმინისტრ ფაშინიანის მისწრაფება, შეამციროს რუსეთის როლი თავისი ქვეყნისა და მთელი რეგიონის ბედის გადაწყვეტაში და ჩაანაცვლოს იგი დასავლეთით, კონკრეტულად, შეერთებული შტატებითა და ევროკავშირით, რომლებიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტები უნდა იყვნენ რუსეთის ნაცვლად. ეს უნდა მოხდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა ჩაანაცვლოს დოკუმენტი, რომელზეც ამჟამად მუშაობენ მოსკოვში, ერევანსა და ბაქოში. ლაპარაკია სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომლის შემუშავებაზეც ფაშინიანი და ალიევი თითქოსდა რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აგვისტოში ბრიუსელში ორი სახელმწიფოს მეთაურებისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ფორმატში. ეს იყო მათი მეოთხე შეხვედრა. ამ კონტაქტების მწვერვალი კი გახლდათ ფაშინიანსა და ალიევს შორის მოლაპარაკებები პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანის შუამავლობით. შეთანხმება ვაშინგტონში განიხილეს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმატ ჰაჯიევმა. დოკუმენტს პირობითად ეწოდა “ვაშინგტონის”. ამ დოკუმენტის წამოწევის მწვერვალი იყო სექტემბერში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში. პელოსიმ სომხეთს, ფაქტობრივად, მოუწოდა, დაეტოვებინა რუსეთთან სამხედრო ალიანსი. ფაშინიანი კი, საპასუხოდ, ქება-დიდებად დაიღვარა: „ყველა სომეხი გთვლით სომხეთის ნამდვილ მეგობრად. ასევე მინდა, მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მიერ სომხური დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს“. სომხური მედიიდან გამოჟონილი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, „ვაშინგტონის დოკუმენტი“ გულისხმობს, პირველ რიგში, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარებას; მეორე საკითხია საზღვრის დელიმიტაცია; მესამე _ ლაჩინის გვერდის ავლით ყარაბაღისკენ და აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში მაგისტრალების მშენებლობა, ეს ხელს შეუწყობს სომხების მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანელების კი ნახიჩევანში შესვლას.  მთიანი ყარაბაღის საკითხი საერთოდ ამოღებულია სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებიდან და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბედი ცალკე გადაწყდება. ამისთვის ბაქო დანიშნავს „წარმომადგენელს, რომელიც იმუშავებს მთიანი ყარაბაღის სომხური ეთნიკური თემის ანალოგიური სტატუსის წარმომადგენელთან, რათა განიხილოს მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებები და უსაფრთხოება“. ეს მთიანი ყარაბაღის სომხებს აზერბაიჯანში ეთნიკურ უმცირესობად აქცევსყარაბაღი კი იქნება ჩვეულებრივი აზერბაიჯანული ტერიტორია განსაკუთრებული სტატუსის გარეშე. ამრიგად, სომხური საკითხი დაიხურება ბაქოსთვისაც და ერევნისთვისაც. ამ გეგმებს ხელი რომ არაფერმა შეუშალოს, ვარაუდობენ სომხეთის გასვლას კუხოდან, რუსი სამშვიდობოების გაყვანას, რომლებიც დღეს მთიანი ყარაბაღისა და მისი მცხოვრებლების უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ, აგრეთვე, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ლიკვიდაციას. როგორც ჩანს, „ვაშინგტონის დოკუმენტის“ მიმართ ფაშინიანის გაურკვევლობამ გამოიწვია ის, რომ, როგორც პუტინმა თქვა, 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭში მისი, სომხეთის პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრაზე ყველაფრის შეთანხმება ვერ მოხერხდა. “თუმცა, მოვილაპარაკეთ, განვაგრძოთ სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავება მოსკოვის ეგიდით. სომხეთის ელჩი ედმონ მარუკიანი კი გვარწმუნებდა, რომ არ არსებობს „ვაშინგტონის“ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი. არის მხოლოდ აზერბაიჯანული წინადადებები, რომლებიც განიხილება აშშ-სა და ევროკავშირში, და რუსული ვარიანტი, რომელიც ხელს აძლევს სომხებს, მაგრამ არა აზერბაიჯანელებს”.

ფაშინიანს ყველა საკითხი არც 23 ნოემბერს შეუთანხმებია, მიუხედავად პუტინის  განცხადებისა, რომ კუხო-ს ფარგლებში მუშაობას თვალსაჩინო შედეგები მოაქვს: მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები, ძლიერდება თანამშრომლობა სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის, უმჯობესდება კოლექტიური სამხედრო ძალები და ფართოვდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. „ჩვენ მიერ გაანალიზებული იყო ყაზახეთში მიღებული ძალიან ღირებული პრაქტიკული გამოცდილება. რუსეთი მხარს უჭერს ორგანიზაციის ძალების თანამედროვე იარაღით, ტექნიკითა და და სპეცსაშუალებებით აღჭურვას“, _ განაცხადა პუტინმა. მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ, მიუხედავად ფაშინიანის დემარშისა, “სომხეთი აუცილებლად დარჩება კუხო-ში, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ყველაფერი არ არის შეთანხმებული”. ამ ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს ისტორიული გამოცდილებაც: რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები საუკუნეების განმავლობაში ეხმარებოდა სომხეთსა და ამიერკავკასიაში მცხოვრებ სომხებს გადარჩენაში. ანალოგიური ვითარებაა დღესაც. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კუხო, როგორც სამხედრო ორგანიზაცია, უნდა გაუთანაბრდეს ევროკავშირს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს „მონოლითურად“. „სათითაოდ ჩვენ, უბრალოდ, გაგვსრესენ და დაგვგლეჯენ“, _ დაასკვნა მან. ახლა საჭიროა, ეს კუხო-შიც გაიგონ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here