მიუნხენის კონფერენციამ, რომელიც 2024 წლის 16-18 თებერვალს გაიმართება, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული ორიენტაციის ოლიგარქად არის მოხსენიებული. ნათქვამია იმის შესახებაც, რომ „საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილ შემაშფოთებელ ვითარებაში მიენიჭა“. სწორედ ეს ანგარიში დაედება საფუძვლად იმ კონფერენციის ფარგლებში წარმოებულ დისკუსიას, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
აი, რას ვკითხულობთ კონფერენციის ანგარიშში: „შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლო თავის ბანაკში საქართველოსა და მოლდოვის ჩათრევა, მაგრამ ის კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ ინტეგრაციას დასავლეთში. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად“.
ეს რა არის: ევროპამ ჩვენ წინაშე ნიღაბი ჩამოიხსნა თუ უფრო უარესი ჩაიდინა – შარვალი ჩაიხდა და უკანალი გვიჩვენა? (ნუ გაგაკვირვებთ ეს ლექსიკა. მათთვის ბუნებრივია სხეულის ენით საუბარი და ურთიერთობა). მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ნათქვამია, რომ დემოკრატიაში უკუსვლა გქონდათ, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგანიჭეთო, ახლა კი შეკითხვები გვიჩნდებაო. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპას ჩვენთან შეკითხვები უჩნდება, ხომ შეიძლება, რომ ჩვენც გაგვიჩნდეს შემხვედრი შეკითხვები, მაგალითად ასეთი: დემოკრატიაში უკუსვლა გვქონდა და თქვენ მაინც მოგვანიჭეთ სტატუსი? კი მაგრამ, რატომ? სულ ეს არის თქვენი ობიექტურობა და შეფასების უტყუარი კრიტერიუმები? გუნება–განწყობის შესაბამისად იქცევით: არ მოგინდებათ – არ მოგვანიჭებთ, მოგინდებათ და – მოგვანიჭებთ? რა გამოდის, ნატოშიც იმიტომ არ მიგვიღეთ, რომ არ მოგინდათ, თორემ, სურვილი რომ გაგჩენოდათ, მიგვიღებდით, ხომ?
ამ მიმართულების შეკითხვების დასმა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ „ევროპული ლოგიკის” სავალალო მდგომარეობის საილუსტრაციოდ ესეც საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ მარქსის, კანტის, ჰეგელისა და სხვა გენიალურ მოაზროვნეთა ქვეყანაში (გერმანიაში) და არისტოტელეს კონტინენტზე (ევროპაში) ხდება ეს ამბავი. ნიღბის ჩამოხსნაა (შეგიძლიათ შარვლის ჩახდით ჩაანაცვლოთ), აბა, რა არის ის, როდესაც ევროპელები გვეუბნებიან, რომ ოლიგარქის (ბიძინა ივანიშვილის) მმართველობის პერიოდში დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლა გვქონია. ე.ი., მიხეილ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმთან შედარებით, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დღისით, მზისით, ორ გვამს ითხოვდა, პრეზიდენტი კი გაიძახოდა: „ნულოვანი ტოლერანტობა”, „ადგილზევე მოკალით, დახვრიტეთ, ჩვენ მათთვის ტყვიები არ გვენანება” და ხოცავდა, ხვრეტდა, აწამებდა, აუპატიურებდა, აი, იმ რეჟიმთან შედარებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში ახლა უკუსვლა გვაქვს?! ამის თქმას აქუბარდია, სანიკიძე, ხაბეიშვილი, გვარამია და მათი მსგავსი დეგრადირებული არსებებიც კი არ კადრულობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის თქმას ყველაზე ზნედაცემული სააკაშვილიც არ კადრულობს, ევროპელებმა კი იკადრეს, ამიტომაც ვამბობ: მათ ნიღაბი კი არ ჩამოიხსნეს, შარვლები ჩაიხადეს-მეთქი, ანუ ისე მოიქცნენ, როგორც მედასავლეთე „პეტუხებმა” გააკეთეს ქართლის ველებზე, როცა რუს ჯარისკაცებს შიშველი უკანალები მიუშვირეს „შესაშინებლად”. ვიღაცას ეგონა, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი ამ უნიფხვო პატრიოტების გამოგონება იყო, მაგრამ ასე არ არის, ყველაფერი, რასაც ეს „პატრიოტები” აკეთებენ, განსაკუთრებით კი ის, რაც შარვლის ჩახდასთან და უკანალის მოშიშვლებასთან არის დაკავშირებული, დასავლეთიდან მოსული დირექტივაა. საქართველოში დასავლეთთან შეთანხმების გარეშე შარვალსაც ვერავინ ჩაიხდის! მიუნხენის კონფერენციის ანგარიშის საფუძველზე გამახსენდა ეს არც ისე ესთეტიკური სანახაობა.
რას ნიშნავს დასავლეთის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან? ეს ხელისუფლებიდან ბიძინას გასაშვებად და სააკაშვილის მოსაბრუნებლად ბრძოლაა. ეს დემოკრატიის გასაძლიერებლად კი არ სჭირდებათ, როგორც გაიძახიან, მათ სულაც იმ შიშველ უკანალზე ჰკიდიათ, ოლიგარქი იქნება საქართველოს მმართველი თუ ბაყბაყდევი. მათი მუცლის გვრემა ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დასავლეთის ინტერესებზე მაღლა საქართველოს ინტერესების დამყენებელი კაცი არ არსებობდეს. მათ საქართველოში ამერიკის მეფისნაცვალი სჭირდებათ. მათი კეთილგანწყობა ნაციონალ–ფაშისტებისკენ იმიტომ იხრება, რომ სააკაშვილში ამერიკის მეფისნაცვალს ხედავენ, ბიძინას საწინააღმდეგოდ კი იმიტომ ირაზმებიან, რომ მასში საქართველოს პატრიოტ მმართველს ხედავენ.
„საქართველო და მსოფლიოში” ჩემი ამ წერილის პარალელურად გამოქვეყნებულია ბატონ იაკობ ლეჟავას სტატია, რომელშიც მე მკაცრად ვარ გაკრიტიკებული ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი წერილების გამო. ბატონ იაკობის სტატიაში მოტანილი ბევრი არგუმენტი ერთი შეხედვით ლოგიკურიც მოგეჩვენებათ, მაგრამ მას მხედველობიდან აქვს გაშვებული ის ამბავი, რომ მე მთელი ყურადღება მთავარზე მაქვს გადატანილი. ეს მთავარი საგარეო ორიენტაციაა. თუკი დასავლეთს ბიძინასთან თანამშრომლობა ისე უჭირს, რომ მისი თავიდან მოცილება აქვს გადაწყვეტილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა არ ადგას დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ გზას, რომელიც, ოცდაათ წელიწადზე მეტია, ანგრევს საქართველოს. ეს არის ჩემთვის უმთავრესი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, მე მას კრიჭაში ვედგე კოაბიტაციის, დღემდე გადაუჭრელი სოციალური საკითხების ან მილიონი სხვა პრობლემის გამო, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აწუხებს, მეორეხარისხოვანი თემებია, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენთვის დამანგრეველი დასავლური ორიენტაციის შედეგია. სამწუხაროდ, ბოლომდე მეც არ ვარ დარწმუნებული ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურობაში, მაგრამ დასავლეთის ანტიბიძინისტობაში ვარ დარწმუნებული და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ივანიშვილს მხარი დავუჭირო. როდესაც მესმის ბიძინას მიმართ ევროპული გამოხდომები; როდესაც ვკითხულობ თუნდაც მიუნხენის ანგარიშს, რომელშიც ბიძინას ასე უსინდისო ბრძოლა გამოუცხადეს; როდესაც ვიგებ, რომ შვეიცარიის ბანკში ევროპელმა ვირთხებმა მას მილიარდიანი კაპიტალის მოპარვა დაუპირეს; როდესაც ვხედავ,, თუ რა უკიდეგანო სიძულვილით არის გაჟღენთილი ბიძინას მიმართ დასავლეთის „მეხუთე კოლონა” აქ, ქვეყნის შიგნით, ვაკეთებ ლოგიკურ დასკვნას, რომ ივანიშვილის მიმართ ეს გაბოროტება მის მიერ დასავლეთის ინტერესებზე მაღლა საქართველოს იტერესების დაყენებით არის გამოწვეული და განპირობებული. აი, რატომ ჩამოვყალიბდი მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პიროვნებად. რომელიმე ეტაპზე თუ დავრწმუნდები, რომ ბიძინაც მედასავლეთე პოლიტიკოსია, მე მის კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ დღეს სხვა სურათს ვხედავ. დასავლეთმა ბიძინას ღია ომი გამოუცხადა. ივანიშვილმა დასავლეთის მიერ მისთვის გამოცხადებულ ამ ომში თუ გაიმარჯვა, მან თუ გაასწორა საქართველოს გეოპოლიტიკური კომპასის მოშლილი ისარი, იქიდან უკვე მოკლე გზა იშლება საქართველოს წინაშე მდგარ იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოვთვალე ზემოთ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველა იმ უბედურების გადაბრალება, რომლებიც ბოლო ოცდათხუთმეტი წელიწადის განმავლობაში დასავლეთმა ჩვენი უჭკუობით მოგვწია, დიდი უსამართლობაა.
ბატონი ლეჟავა იმ წერილით, რომელშიც მე მაკრიტიკებს, მისდა უნებურად, დასავლეთის „მეხუთე კოლონის” გვერდით დგება, იმ „მეხუთე კოლონის” გვერდით, რომლის ისეთი მამალი წარმომადგენლები, როგორებიც არიან შალვა ნათელაშვილი და დავით აქუბარდია, ბიძინა ივანიშვილს მოღალატეს უწოდებენ. ,, ქართველები სასტიკები ვართ ბიძინა”, – ასე იმუქრებოდა „კავკასიის” ტელეჯიხურიდან აქუბარდია, რომელიც საქართველოს მომავალზე ფიქრმა კი არ გამოიყვანა წონასწორობიდან, არამედ ბიძინას მიერ დაფინანსების შეწყვეტამ გააბოროტა. ბიძინას ადგილზე რომ ვიყო, ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს ჩავატარებდი – გადავუგდებდი ერთ–ორ კაპიკს აქუბარდიას და დავაკვირდებოდი მისი ოჯახის წევრების, მისი „ჟურნალისტი” მეუღლისა და მისი „პოლიტიკოსი” ქალიშვილის „აზროვნებაში” ელვის სისწრაფით განხორციელებულ მეტამორფოზას. შემდეგ ისევ შევუწყვეტდი ფინანსურ ინიექციას და კვლავ დავაკვირდებოდი აქუბარდიათა „პატრიოტულ” აჭიკჭიკებას. იმავეს გავუკეთებდი შალვას, გუბაზს, თაკოს, ზვიადს (ძიძიგურს)… ღმერთმანი, კარგი სანახაობა იქნებოდა – მართალია, ძვირად ღირებული, მაგრამ მეცნიერული დატვირთვის მქონე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, პოლიტიკური შოუ, რომელიც ბევრ მაყურებელს მიიზიდავდა.
ის, რაც ახლა მოგახსენეთ, ჩემ წარმოსახვაში წამიერად გაელვებული კადრებია, რომელთა განხორციელებასაც ბიძინა ივანიშვილი არ იკადრებს, მაგრამ ეს ექსპერიმენტი თქვენთვის (ამ სტატიის მკითხველებისთვის), მისი პრაქტიკული რეალიზაციის გარეშეც ძნელი წარმოსადგენი არ არის.
ამორალურობითა და უკიდურესი ზნედაცემულობით ქართული პოლიტიკა დასავლური პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს; იმ პოლიტიკის, რომელიც მსოფლიოს ბირთვული კატასტროფისკენ მიაქანებს და წარღვნით ემუქრება. მიუნხენის კონფერენციის ეს ანგარიშიც დასავლური უზნეო პოლიტიკის კიდევ ერთი ამოძახილია და მეტი არაფერი. ეშმაკის რქა და ჩლიქები ამჯერად მიუნხენში გამოჩნდა.
ვალერი კვარაცხელია