ისრაელში მიმდინარე მოვლენებს შეფასებისა და ანალიზის ორი რაკურსი აქვს – ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობისა და გლობალური პროცესების. ახლა მსოფლიოს არც ერთ კუთხე–კუნჭულში არ ხდება არაფერი გლობალური კონტექსტისგან მოწყვეტით. მსოფლიოში წინა პლანზე დაპირისპირების პოლიტიკამ წამოიწია. კარს არის მომდგარი მესამე მსოფლიო ომი. მესამე მსოფლიო ომი სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიოში დაგროვებულ წინააღმდეგობათა და კონფლიქტთა ჯამი. სწორედ ეს წინააღმდეგობები ფეთქდება ხან ერთ, ხან მეორე რეგიონში – ახლო აღმოსავლეთი, კავკასია, უკრაინა და ა.შ. ვინ დაიწყებს მტკიცებას, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებაა და მეტი არაფერი? არავინ, იმიტომ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ეს არ არის კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის; ეს არის კონფლიქტი, ერთი მხრივ, ზესახელმწიფოებს შორის, მეორე მხრივ, გლობალურ იდეოლოგიებს შორის, მესამე მხრივ, ერთპოლუსიან ჰეგემონიასა და მსოფლიოს მრავალპოლუსიან მოწყობას შორის. ისრაელისა და პალესტინის მოვლენებიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტს ღრმა ისტორიული საფუძვლები აქვს, კონფლიქტის მხარეთა უკან ყოველთვის მოიაზრებენ გლობალურ ძალებს. დააკვირდით: როგორც კი კონფლიქტი ცხელ ფაზაში გადავიდა, მსოფლიო ძალებმა კონფლიქტის მხარეებს ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისკენ კი არ მოუწოდეს, აქეთ–იქით გადანაწილდნენ და ცეცხლზე ნავთის დასხმა დაიწყეს.
აშშ–ის პრეზიდენტი აცხადებს: “აშშ ერთმნიშვნელოვნად გმობს „ჰამასის” ტერორისტების მიერ ისრაელზე თავდასხმას. აშშ აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერ სხვა მხარეს, რომელიც ამ ვითარებაში უპირატესობას ეძებს, ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის მტკიცე და ურყევი”.
ანალოგიურ პოზიციას გამოხატავს ევროკავშირიც. ჯოზეფ ბორელი აცხადებს: “შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ “ჰამასის” თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში”.
ზუსტად იგივე გზავნილები იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაშიც: „დიდი ბრიტანეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს „ჰამასის“ საზარელ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე. გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი”.
ამასთანავე არიან სახელმწიფოები, რომლებიც პალესტინელებს უჭერენ მხარს და რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ: ირანის ლიდერ ალი ხამენეის ოფიციალური მრჩეველი პალესტინელ მებრძოლებს ულოცავს “ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმის განხორციელებას” და აცხადებს: “პალესტინელი მებრძოლების გვერდით ვიქნებით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე”.
კატარის ოფიციალურ განცხადებაშიც მთელი პასუხისმგებლობა ისრაელის სახელმწიფოზეა დაკისრებული.
ეს ფაქტები განა იმაზე არ მეტყველებს, რომ ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირების უკან გლობალური ტენდენციები და პოლარიზებული მსოფლიოს ინტერესები დგას? ეს რომ ასე არ იყოს, სახელმწიფოები მხარეებად კი არ გადანაწილდებოდნენ, ცეცხლის შეწყვეტისთვის იზრუნებდნენ. თუმცა, ვხედავთ, რომ საქმე სრულიად სხვა რეალობასთან, სხვა ტენდენციებსა და ინტერესებთან გვაქვს. ამ ტენდენციებისა და ინტერესების გარეშე დღეს მსოფლიოში ვერც ერთ მოვლენას ვერ გავშიფრავთ. ისრაელისა და პალესტინის ომს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი გამოეხმაურნენ დაუინტერესებელი სახელმწიფოს პოზიციებიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო: “მოვუწოდებთ პალესტინისა და ისრაელის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, უარი თქვან ძალადობაზე, გამოიჩინონ საჭირო თავშეკავება და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ხანგრძლივი და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში”.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამი იყო შემდეგი: “მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით”.
უაღრესად გულუბრყვილონი ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ისეთ გლობალურ მოთამაშეებს, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, თავიანთი პოზიციები არ აქვთ. აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ყველაფერზე მაღლა მშვიდობას აყენებენ. ეს უფრო დიდი ინტერესია მათთვის, ვიდრე რომელიმე მხარეს დგომა. ამ პოზიციებშიც კი გამოიკვეთა, რომ მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშეები ორ ნაწილადაა დაყოფილი – მშვიდობის მომხრე და ომის მომხრე სახელმწიფოებად. მშვიდობის მომხრე რუსეთი და ჩინეთია, ომისა კი – აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
ამ მსჯელობაში უდავოდ არის ლოგიკა, მაგრამ ლოგიკურია ის შეკითხვაც, რომელსაც ამგვარი მსჯელობის შემდეგ სვამენ ხოლმე: რატომ მოხდა ასეთი დაყოფა, ბირთვულ ეპოქაში ძნელი დასაჯერებელია, რომ სახელმწიფოებს გლობალური ომის სურვილი ამოძრავებდეთ. ეს ხომ მათთვისაც კატასტროფის მომტანია?
საქმე ის არის, რომ დასავლეთს ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევა უწევს: ან საკუთარ სისტემურ კრიზისში ჩახრჩობა, ან კრიზისების დაძლევა ომის გზით. რუსეთს მშვიდობიანი თანაარსებობა თუ მიაჩნია განვითარების უმთავრეს პირობად, დასავლეთი ომში ეძებს ხსნას.
ამის გაგონებაზეც ამიჯანყდება მკითხველთა ერთი ნაწილი. რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და, წელიწად-ნახევარზე მეტია, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ომობს, მშვიდობის მტრედი როგორ არის? – შემეკითხებიან ისინი.
უნდა გითხრათ, რომ ეს პრინციპულად მცდარი თვალსაზრისია. რუსეთი კი არ ომობს უკრაინაში, დასავლეთი ეომება რუსეთს უკრაინაში.
უკრაინის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიყვანეს დასავლეთის მარიონეტები, რომლებმაც საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინეს. მათ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაანადგურეს, უკრაინელ ხალხს კი უსაშინლესი გენოციდი მოუწყვეს. ამერიკელებს სხვადასხვა დროს უსასტიკესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი დედამიწის ამა თუ იმ რეგიონში. კორეა, ვიეტნამი, ავღანეთი, იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, სირია დ ა.შ., ვინ მოთვლის, სად და რამდენი სისხლი დაღვარეს. ბოლოს და ბოლოს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის აპოკალიფსური ტრაგედიის დამტრიალებელი ხალხისგან რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ უკრაინა ცოდვისა და დანაშაულის თვალსაზრისით სრულიად ახალი რამაა, რომელიც ამერიკელებმა ჩაიდინეს. უკრაინაში მათ რუსეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს თავიანთი სახსრებითა და შეიარაღებით, მაგრამ ცოცხალი ძალა უკრაინულია. უკრაინაში შექმნეს ყველა პირობა იმისთვის, რომ რუსეთთან ომი აწარმოონ, როგორც თვითონვე ამბობენ, უკანასკნელ უკრაინელამდე. გესმით, ეს რას ნიშნავს? ამერიკელები რუსეთთან ომს აწარმოებენ უკრაინელთა სრულ ფიზიკურ განადგურებამდე. უკრაინის მოვლენებზე დასავლეთს არ უთქვამს, რომ მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ ისინი უნდა შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს. არა, ისინი ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას, რათა მან ბრძოლის ველზე დაამარცხოს რუსეთი, ანუ ისინი სულს უბერავენ და აღვივებენ ომის ხანძარს. ახლა ისრაელს უჭერენ მხარს. გეცნოთ ხელწერა? მათ ომის ძლიერი კერები სჭირდებათ დედამიწის სხვადასხვა წერტილში, რათა ეს ლოკალური ომები ერთიან, გლობალურ ომად გააერთიანონ, რომლიდანაც საკუთარი დაუძლეველი კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმს გამოძერწავენ. დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რასობრივი, ზნეობრივი, სისტემური კრიზისის დაძლევის სხვა გზა, გარდა გლობალური ომისა, რომელიც, მათი აზრით, ყველაფერს ჩამოწერს, არ არსებობს.
აშშ-ის კონგრესში არ მალავენ, რომ „ჰამასის” მეომრები აშშ-ის იარაღით ესხმიან თავს ისრაელს. რის გამო ან რა მიზნით უნდა მოეხდინათ ამერიკელებს ამ საშინელი ომის პროვოცირება? ერთ რამეს დააკვირდით: მას შემდეგ, რაც რუსები მიხვდნენ, რომ დასავლეთის ერთადერთი მიზანი მათი სახელმწიფოს დანგრევაა, ზურგი აქციეს დასავლეთს. ამერიკელებმა თავიანთი ყბადაღებული სანქციებით რუსეთის იზოლაციაში მოქცევა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ისინი გრძნობენ, რომ რუსეთის მზარდი კავშირები აზიის გიგანტებთან, აფრიკისა და თვით ამერიკის კონტინენტის უზარმაზარ სახელმწიფოებთან აშშ-ს მეორეხარისხოვან მოთამაშედ აქცევს. ამერიკელები გამოსავალს მთელი აღმოსავლეთ ნახევარსფეროს აფეთქებაში ხედავენ, რაც ახლა ჰაერივით სჭირდებათ. ამ საქმისთვის უკეთესი დეტონატორი, ვიდრე პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაა, ძნელი წარმოსადგენია. პალესტინელთა ფარული შეიარაღება და წაქეზება, სიტყვით კი ისრაელისთვის მხარდაჭერის გამოცხადება სუფთა ამერიკული ხელწერაა.
კი მაგრამ, სად იყვნენ ისრაელის ნაქები დაზვერვა და სპეცსამსახურები? – მკითხავს ცნობისმოყვარე მკითხველი, მაგრამ ეს კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტია ჩემი მსჯელობის გასაძლიერებლად. ამ შეტევის შესახებ ისრაელის დაზვერვამ წინასწარ რომ ვერაფერი გაიგო, ფაქტია. ბრიტანეთის სპეცსამსახურებიც აცხადებენ, რომ მომხდარზე წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ. იბადება შეკითხვა: ვის, რომელ სახელმწიფოს შეეძლო, ასე ფარულად განეხორციელებინა ისეთი უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიც ამ მასშტაბის სამხედრო ოპერაციას სჭირდებოდა? მიხვდით, ხომ, ვისაც ვგულისხმობ? ამ მოვლენაში ძალიან ბევრი ლოგიკური სამხილი დაგროვდა აშშ-ის წინააღმდეგ.
უკრაინის პროცესი გაიწელა, მაგრამ ახლა შესაძლებელია, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდეს. ორი დღის წინათ ისრაელის ცა ისეთივე სუფთა იყო, როგორიც დღეს საქართველოს ცაა. უკრაინულ ხანძარს ახლო აღმოსავლეთის ხანძარიც დაემატა. აშშ ორი მოგიზგიზე ხანძრისთვის მესამეს მიმატებას თუ გადაწყვეტს, ვთქვათ, კავკასიაში, ამასაც ალბათ, მოახერხებს, ამიტომ უნდა გვესმოდეს, თუ რა დიდი ძალისხმევის შედეგია მშვიდობა, რომლის შენარჩუნებასაც საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით ახერხებს. საქართველოში სტუმრად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად საქართველო შესთავაზა, თვითონ კი მომრიგებლის მისია იკისრა. ალიევმა ეს შეთავაზება სიხარულით მიიღო. ეს რას ნიშნავს? ირაკლი ღარიბაშვილი მშვიდობისთვის, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში იბრძვის. ამ ფაქტის იგნორირება შეუძლებელია.
დღემდე არ ვიცით, ამ ვითარებაში რას გვიპირებს ევროკავშირი კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მონიჭებაზე, პროგნოზის გაკეთება კი ძალიან ძნელია. მათ იმისთვისაც აქვთ საფუძველი, რომ სტატუსი მოგვანიჭონ, და იმისთვისაც, რომ არ მოგვანიჭონ. გააჩნია, რას მიანიჭებენენ უპირატესობას – ომს თუ მშვიდობას. სტატუსი თუ მოგვანიჭეს – შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ სტატუსზე უარი თუ გვითხრეს – ე. ი. სახელმწიფო გადატრიალებისა და ომისთვის გვამზადებენ. მე მგონია, რომ ისინი ამ მეორე სცენარისკენ გადაიხრებიან, ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვი, დღევანდელ მსოფლიოში დასავლეთი კოლექტიური ომის პარტიაა!
ვალერი კვარაცხელია