რუსეთის აგრესიას უკრაინისა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ბიძგი უნდა მიეცა ჩვენი ქვეყნების პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ ჩვენი საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველო – უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მან საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში დაფიქსირებულმა სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება.
„2017 წლის 18 ივლისს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ეს დოკუმენტი გახდა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მიზნების განსაზღვრის და საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციის, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის, მდგრადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის და რა თქმა უნდა ნატო-სა და ევროკავშირში სრული ინტეგრირების გზამკვლევი. 2 წლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს მაღალი დონის უკრაინულ-ქართული სტრატეგიული საბჭოს დებულებას სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების განხორციელების მიზნით.
სამწუხაროდ, ამ დოკუმენტში დაფიქსირებულმა სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება.
რუსეთის აგრესიას უკრაინისა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ბიძგი უნდა მიეცა ჩვენი ქვეყნების პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ პრაქტიკულ განზომილებაშიც“- აღნიშნა დიპლომატმა.
მან იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც უკრაინამ საქართველოს, რუსეთის აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრის დროს აღმოუჩინა და აღნიშნა, რომ უკრაინა იმავეს ელოდა საქართველოს მხრიდანაც.
„ჩვენი საერთო ისტორიული გამოცდილება მიანიშნებს, რომ რუსეთის დაშოშმინებისა და არ გაღიზიანების პრაქტიკა, მხოლოდ ახალისებს პუტინის ხუნტას, რომ მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია.
დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებსა და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა.
ჩვენი მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ისტორია გვძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ საქართველო და უკრაინა ერთად, ევროკავშირის მეგობარ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას, ჩვენი ხალხების ნათელი, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის.
უკრაინა გაიმარჯვებს, მტერი დაისჯება და შემდეგ, ევროკავშირის უსაფრთხო გარემოში საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და შეიძენს ფუნდამენტურად ახალ მნიშვნელობას“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.