სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნახევარმილიარდიანი პროგრამა, რომელიც 1 აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, არც კი დაწყებულა!

    არაერთხელ დაგვიწერია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მხრივ ძალიან მოვიკოჭლებთ და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, წარმოებით კი  ნაკლებს ვაწარმოებთ. შესაბამისად, როცა ახალ მონაცემებს გავეცანით, გაგვიხარდა და დავინტერესდით, რა მოხდა ისეთი,  ზრდა რომ გამოიწვია. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, შარშან ექსპორტზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ის რაოდენობა გაგვიტანია, რომლებიც მილიარდ 300 მილიონად ფასობდა, წელს კი ასი მილიონი დოლარით მეტი გავიტანეთ, ანუ ექსპორტზე მილიარდ 400 მილიონი დოლარის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიდა. რა თქმა უნდა, 100-მილიონიანი ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი სიხარული ამ სფეროს ექსპერტებმა არ გაიზიარეს.

    დავიწყოთ იმით, რომ ექსპორტზე გატანილი პროდუქტი თითზე ჩამოსათვლელია – ღვინო, სპირტიანი სასმელები, მტკნარი და გაზიანი წყლები, მოცვი, თხილი, ატამი, ვაშლატამა, ვაშლი… მორჩა, ეს ვართ სულ. ანუ, გაგვაქვს ის, რაც ადრე გაგვქონდა, და არაფერი მიგვიმატებია, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, საწვავის გაძვირების გამო გაძვირდა მიწოდების სერვისი, შედეგად გაძვირდა თვითღირებულება და რეალურად გატანილი პროდუქტის რაოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ, უბრალოდ, გაძვირდა და ფასმაც ამიტომ მოიმატა. ანუ თავს ვიტყუებთ და აღარ ვამბობთ იმას, რომ თუნდაც შარშან 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მწვანილი შემოვიტანეთ. მწვანილი, ხალხო:  ქინძი და ოხრახუში, კამა და ნიახური, მწვანე ხახვი და რეჰანი… ის მწვანილი, რომელიც ადრე ყველა საკუთარი სახლის ეზოში  ბიბინებდა.

        გასულ კვირას მეგობართან ვიყავი,  სახლი ააშენა, ხეხილი ჩაყარა გაზაფხულზე და ახლა მოვახერხე ნახვა. სახლის უკან, ასე, 1000-1200 კვ.მ ეზო აქვს. გამიხარდა, რამდენ რამეს გააკეთებ-მეთქი, ვუთხარი.  არაფერსაც არ გავაკეთებო, სამ მეოთხედზე ბეტონს დავასხამ, დანარჩენი კი იყოს ისე, ცოლი ყვავილებს დარგავსო. არ სურს  მუშაობა, იმიტომ კი არა, რომ ეზარება, არამედ იმიტომ, რომ უდროობას უჩივის, სამსახური, სადაც მუშაობს, როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ შრომას მოითხოვს, შინ  დაბრუნებულს კი არაფრის თავი აღარ აქვს და მოუვლელი ეზოს ყურებას ურჩევნია ბეტონი იყოს დასხმული. ახლაც, თითქოს მოდად შემოვიდა, ყველა სახლის წინ ბეტონს ასხამენ, მანქანას აყენებენ, საქანელა-საჩრდილობლებს დგამენ  და აღარსად არის ის პატარა ბოსტანი, ჩვენს ბებიებს რომ ჰქონდათ ხოლმე სახლის წინ მოწყობილი. ახლა ასე აღარ არის და ამიტომ სოფლებშიც კი არცთუ იშვიათად მწვანილის საყიდლად ბაზარში დადიან. ერთ მაგალითს გეტყვით, ისეთს, გული ძალიან რომ დაგწყდებათ: სვანური კარტოფილი ოდითგან განთქმული იყო. არ არსებობდა ოჯახი, რამდენიმე ტონა კარტოფილი არ მოეყვანა ყოველწლიურად და წითელ, გამორჩეული გემოს მქონე კარტოფილს ადვილად ჰყიდდნენ. ახლა სწორედ კარტოფილის აღება-დაბინავების სეზონია და, აბა, სცადეთ, იქ მოყვანილი კარტოფილის შეძენა. ვერ მოახერხებთ, რადგან აღარავინ თესავს, აღარავის სურს, მისი ორჯერ თოხნა და მერე ამოღება. კარტოფილის მოსავლის ფასს ორ კვირაში ტოვებენ ტურისტებიო და წალეკა სვანეთი თურქეთდან თუ ირანიდან შეზიდულმა კარტოფილმა. ბოლო 5 წელიწადში კარტოფილის შეტანა სვანეთში 50-ჯერ გაიზარდა, ანუ ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა ადამიანი მისდევს მამაპაპისეულ საქმეს. ამასაც თავი რომ დავანებოთ, სულ უფრო ცოტას მოჰყავს ნამდვილი, ჯანსაღი პროდუქტი. მხოლოდ კარტოფილი არ არის სვანეთის პრობლემა, გაქრა მუხლმაგარი, დიდი ხარები, რომლებიც ყველა ოჯახს ჰყავდა, და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდეც ხარის ზომა-წონაში. ახლა კი  ხარებიც აღარავის ჰყავს, თითო-ოროლა ძროხას თუ ინახავს ოჯახი, ტურისტებს სვანური სულგუნით რომ გაუმასპინძლდნენ და მალე ესეც აღარ იქნება, მალე ქარხნული სულგუნის შეზიდვა დაიწყება სვანეთში. ჰო, ხორცი ძირითადად შეტანილი რომ არის, გაყინული და არა ადგილობრივი წარმოების, ესეც ფაქტია. არ გეგონოთ, მხოლოდ სვანეთს მივსტიროდეთ, ანალოგიური  მდგომარეობაა  ყველა რეგიონში და ზოგან  ყოველწლიურად ცარიელდება სოფლები, იხურება სკოლები და ბაგა-ბაღები, რადგან იქ ბავშვები აღარ არიან. სამაგიეროდ, თბილისი იზრდება და უფრო დიდი თავკომბალა ხდება. ეჭვი გვაქვს, მალე კიდევ რამდენიმე სოფელს მიიერთებს იმისთვის, რომ იქაც კორპუსები აშენდეს.

    არანაკლებ საგანგაშოა კიდევ ერთი პროექტის ჩავარდნა – თუ გახსოვთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წამოწყებული საგრანტო პროგრამა პრემიერმა წარადგინა. საუბრია ახალი ფერმების ასაშენებლად გრანტების გამოყოფაზე, მეწველი საქონლის შემოყვანის თანადაფინანსებაზე, მეხორცულების დაფინანსებაზე, ანუ, თუ დახარჯავდი 2 მილიონს და დასკვნას დადებდი, რომ ეს თანხა მიზნობრივად გახარჯე, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მილიონს გიბრუნებდა, ანუ 50%-ს გრანტის სახით გირიცხავდა. ამ ინიციატივას ფერმერთა უდიდესი ნაწილი იმედითა და ენთუზიაზმით შეხვდა, პროგრამა 1 აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო და აგერ, ბატონო, შუა ოქტომბერმა მოაწია და  ამ პროგრამით ჯერჯერობით არავის უსარგერბლია. რატომ? მიზეზი მარტივია – სააგენტომ ჯერჯერობით ბანკებთან ურთიერთობა ვერ მოაგვარა – ვერ შეუთანხმდა პირობებზე… თუ პირობებზე არ იყო შეთანხმებული, თუ პროექტი ბოლომდე არ იყო დამუშავებულ-დახვეწილი, რატომ ატყდა ერთი ამბავი, რატომ დააჭერინეს პრემიერს ხელში ფურცლები და წააკითხეს პროგრამა, რომელსაც  ვერ აამუშავებდნენ? ისიც ფაქტია, რომ ბანკებს, თუ სარგებელს არ ნახავენ, საერთოდ არ აინტერესებთ, პროგრამა პრემიერმა წარადგინა თუ პრეზიდენტმა, უარს იტყვიან და მორჩა.

    არის კიდევ ერთი, ძალიან დიდი პრობლემა – ფერმერთაგან არავინ იცოდა, რომ სახელმწიფოს  პროგრამა  დახვეწილი არ იყო, ამიტომ მათ უდიდეს ნაწილს პროექტები უკვე მზად აქვთ, რომლებშიც არა ერთი ათასი გადაიხადეს (ფერმის პროექტის ფასი 15 ათასი ლარიდან იწყება, ამას დაუმატეთ გეოლოგია, ნებართვები და თანხა 20 ათას ლარს აჭარბებს) და ახლა ეს პროექტები თაროზე უდევთ. ვინც დიდი ფერმების მშენებლობას აპირებდა, მათ უფრო რთულად აქვთ საქმე, პროექტი 100 ათას ლარზე მეტი დაუჯდათ და ახლა ეს თანხა  უნდა გადაიხადონ, რადგან პროექტის შემდგენლის ბრალი არ არის, სახელმწიფომ რამეს თავი თუ ვერ მოაბა, მან თავისი საქმე კეთილსინდისიერად გააკეთა და ამიტომ შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს.

    არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ამ პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია. რას ნიშნავს ეს? თუ პროგრამა ვერ ამუშავდება, გამოვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ თანხას ვერ აითვისებს და ბიუჯეტში დაბრუნება მოუწევს. ჰოდა, როგორი საქმეა, საქართველოსნაირ ქვეყანაში, ჩვენი ბიუჯეტის პირობებში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი აუთვისებელი რომ გრჩება? არ გამორიცხოთ, ამ ყველაფერს თანამდებობის პირები შეეწირონ, მაგრამ ეს ფერმერთათვის შეღავათი ვერ იქნება. თუ ფერმერმა თანხა ბანკიდან არ აიღო, რამდენიმემილიონიან პროექტს  ვერ განახორციელებს, არავის უდევს სახლში 1 და 2 მილიონი იმისთვის, ეგებ რაიმე პროექტი დავიწყოო; ვისაც უდევს, მას, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობა ნაკლებად აინტერესებს.

    დღევანდელი რეალობა სოფლის მეურნეობაში უკეთესის სურვილს ნამდვილად  ტოვებს. უკვე არაერთმა ფერმერმა აღიარა, რომ საწვავის სიძვირის გამო ვერ მოახერხა მიწის დახვნა და ხორბლის დათესვა. მართლაც, ერთი ლიტრი დიზელის ფასი 5 ლარს გასცდა და, შესაბამისად, მიწის დამუშავება გაძვირდა. ფერმერი წინ იყურება და  ხვდება, რომ მიწის დამუშავებასთან ერთად გაძვირდება კულტივაცია, გაძვირდება მოსავლის აღება და საბოლოო პროდუქტის თვითღირებულება იმხელა იქნება, რეალიზაცია გაუჭირდება, ამიტომ ბევრს მოცდა ურჩევნია, ეგებ რამე სასიკეთო გაირკვეს და საწვავის ფასი შემცირდესო, მაგრამ „ქართული გამოცდილებიდან“ გამომდინარე ყველაზე სწრაფად ჩვენთან ძვირდება ყველაფერი და ყველაზე გვიან ჩვენთან იაფდება. ჰო, სახელმწიფო ამ შემთხვევებზე არაფერს ამბობს, რადგან ბაზარი თურმე თავისუფალია… და ასე ნელ-ნელა თავისუფლდება კუჭიც.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here