ამა წლის 18 სექტემბერს ცხინვალში ჩატარდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა.
საარჩევნო უბნები, სამხრეთ ოსეთის გარდა, გახსნილი იყო რუსეთშიც, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვში. არჩევნებს 66 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ელჩად რუსეთში შეიძლება დაინიშნოს თბილისის ,,დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ვალერი გაზაევი. ამის შესახებ ცხინვალის „ტელეგრამ” –არხები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ…
ვალერი გაზაევი არის ადამიანი, რომელიც კარგად ფლობს ქართულ ენას და პატივს სცემს ქართველებს.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის გუნდებიდან გაზაევმა ითამაშა მოსკოვის „ლოკომოტივში“, მოსკოვის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოში“.
სსრკ–ის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 283 მატჩი და გაიტანა 89 გოლი, იყო უეფას თასების მფლობელთა თასის ბომბარდირი 1984-85 წლების სეზონში.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა ვლადიკავკაზის საფეხბურთო კლუბ „ალანიას”, რომელშიც იმხანად თამაშობდა მიხეილ ყაველაშვილი _ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი.
ვალერი გაზაევის სამხრეთ ოსეთის ელჩად რუსეთში სავარაუდო დანიშვნას სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. ვალერი გაზაევის ელჩად დანიშვნით რუსეთი საქართველოსთან სახალხო დიპლომატიით ურთიერთობის აღდგენას ხომ არ ცდილობს? _ ამ მნიშვნელოვან თემაზე პოლიტიკოსი თემურ ფიფია გვესაუბრება:
_ რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის ელჩად ვალერი გაზაევის მივლინება კარგია. გაზაევს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ქართველებთან, ლაპარაკობს ქართულად. ოსეთში ბევრმა იცის ქართული, მაგრამ მალავს, გაზაევი კი არც ამას მალავს და არც საქართველოს მიმართ კარგ დამოკიდებულებას. ასე რომ, პოლიტიკურ ასპარეზზე ამ პიროვნების გამოჩენას უნდა მივესალმოთ.
რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, ამ ქვეყანას სურს, საქართველო იყოს მისი მოკავშირე, სამხრეთ კავკასიაში მისი საყრდენი ძალა, მეგობარი ქვეყანა. როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი გამოკვეთილად ანტირუსული სახელმწიფოებია, რუსეთი ეძებს ჩვენთან კავშირებს და ცდილობს, პირდაპირი დიალოგი გამართოს საქართველოსთან.
_ თუ ეს ასეა, რუსეთს კარგი გათვლა ჰქონია. გაზაევი დიპლომატი არ არის, მაგრამ ის შეიძლება გამოიყენოს, როგორც სახალხო დიპლომატი…
_ საქართველომაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, მზად უნდა ვიყოთ დასალაპარაკებლად. უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ამ ტერიტორიებს ვერ ვაღიარებთ დაკარგულად, ამიტომ რუსეთან აუცილებელად უნდა დავამყაროთ ურთიერთობები, მათ შორის _ დოპლომატიური და სტრატეგიული კავშირები. თუკი ჩვენ ვეტყვით რუსეთს, რომ გვინდა გვქონდეს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შემდეგ შეიცვლება ურთიერთობები ოსებთანაც და აფხაზებთანაც… ურთიერთობები დათბება…
_ რუსეთმა რამდენიმეჯერ გვითხრა, რომ დაველაპარაკოთ ოსებსა და აფხაზებს, მაგრამ ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რადგან დასავლეთიდან საპირისპიროს ეუბნებიან… რუსეთი აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებს საქართველო. ახლა ხელს შეუწყობს ელჩად ვალერი გაზაევის დასმას, რომელიც შეძლებს დალაპარაკებას ქართველებთანაც და ოსებთანაც…
_ თუკი რუსეთს არ სურს, მართლა ისაუბრონ ოსებმა და ქართველებმა, ვლადიმერ გაზაევის კანდიდატურას არ დაასახელებდნენ სამხრეთ ოსეთის ელჩად რუსეთში. გაზაევის გამოჩენა დადებითად უნდა შეფასდეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ოსების მხრიდანაც. თუკი გაზაევი მართლაც გახდება რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი, ეს იქნება ძალიან დადებითი ნაბიჯი ყველა მიმართულებით და გაჩნდება პრობლემის მოგვარების დიდი იმედი…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







