ვაჟა ოთარაშვილი: საქართველო კოლონიაა, თანაც რამდენიმე ქვეყნის

    „ბეტონის უსახური კორპუსებით გადატვირთულ თბილისს საზეიმო არაფერი აქვს... საკითხავია, ვისთვის აშენებენ ამ კორპუსებს”

    საქართველოს ხელისუფლებამ და დედაქალაქის მერიამ წელს „თბილისობა“ გრანდიოზულად აღნიშნეს… გაშლილი იყო სუფრები, გასაყიდად გამოტანილი იყო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები და ძვირადღირებული ხელნაკეთი ნივთები… ადამიანები ზეიმობდნენ, მაგრამ ვინ ესწრებოდა ამ ზეიმს? რომელ თბილისელს შეეძლო ეჭამა თუნდაც ერთი შამფური მწვადი ან ეყიდა სასაჩუქრე ხელნაკეთი ნივთი? ალბათ, მცირეოდენს… 

    „თბილისობა-2026” ისე ჩატარდა, რომ ბევრ თბილისელს სხვა სამყაროში ეგონა თავი, იმ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ელიტებისთვის არის განკუთვნილი… 

    „თბილისობით” ბედნიერი იყვნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები, მაგრამ რა ხდება ამ პომპეზურების უკან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოეტი, ანალიტიკოსი ვაჟა ოთარაშვილი გვესაუბრება:

    _ ბეტონის უსახური კორპუსებით გადატვირთულ თბილის -ქალაქს საზეიმო არაფერი აქვს. უაზრო კორპუსების მშენებლობით სახე აქვს დაკარგული საქართველოს დედაქალაქს, მაგრამ საკითხავია, ვისთვის აშენებენ ამ კორპუსებს. ქართველები ბინებს ვერ ყიდულობენ, სამაგიეროდ, უცხოტომელებისთვის არის ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ულამაზესი ქვეყნის გადაგვარების პროცესი მიმდინარეობს…

    არ მინახავს, რა მოხდა ე.წ. თბილისობაზე, არ მაინტერესებს ხელისუფლების ტაშ-ფანდური. მე ვიცი, რომ სოფლები დაიცალა, მიწის ფართობები დაუხნავია, დაიკეტა სახლები, გამრავლდა არაბებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისთვის მიყიდული მიწები,  ქართველ ხალხს კი უჭირს საკუთარი მიწა-წყლის დაკანონება, რადგან გართულდა დაკანონების პროცესი, იუსტისიის სახლში უამრავი ბარიერია შექმნილი. ვხედავ ანტიქართულ, ანტიეროვნულ განათლების სახელმწიფო პოლიტიკას. ჩვენ ახლა ვზეიმობთ საქართველოს გაქრისტინების 1700 წლისთავს, მაგრამ პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  თეოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო დეპარტამენტში დახურეს საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიმართულება, დოქტორანტურის განყოფილება…

    ბოლო 35 წლის განმავლობაში ქვეყანა გაიძარცვა _  არც ერთი საწარმო, არც ერთი ფაბრიკა-ქარხანა აღარ არსებობს.

    ვხედავ, რომ საქართველოს  საგანძურიდან ყველაფერი უცხოეთში გააქვთ. საყდრისიდან ჩვენი ხელისუფლების დახმარებით უცხოელებს გააქვთ ოქრო, წიაღისეული საბადოები უცხოელების ხელშია, ცემენტის, მარგანეცისა და ა.შ. წარმოებაც. უცხოელებს ეკუთვნით  ბათუმისა და ფოთის პორტები, ბორჯომი, მტკნარი წყალი და ა.შ. საქართველო კოლონიაა, თანაც რამდენიმე ქვეყნის, კოლონიზატორები არიან დასავლეთიდანაც, სამხრეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც… ჩვენ რომ გვაქვს, ასეთი უნიკალური ფეოდალური დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს…

    _ თქვენ საშინელი სურათი დახატეთ და ხელისუფლება რას ზეიმობს?

    _ ხელისუფლება თავის სიმდიდრეს ზეიმობს. ,,ქართულ ოცნებას” პარლამენტში ოფიციალურად 68 მილიონერი ჰყავს და აი, ამას ზეიმობენ… დიდძალი ფული ათი პროცენტის  ხელშია, დანარჩენი ქართველები უბედურიები არიან. ეს ქართველი ერის გენოციდია, სურთ, ჩვენი ქვეყნის წიაღისეული და  სიმდიდრე ჩაიგდონ ხელში და ამ მიწაზე ქართველებმა აღარ იცხოვრონ. ეს არის  ქართველთა მტრების  ჩანაფიქრი. მათ ამ პატარა სამოთხის დასაკუთრება სურთ…

    _ საქართველოს თითქოს ეროვნული ხელისუფლება ჰყავს…

    _ 35 წელიწადია, ანტიეროვნული ხელისუფლება გვყავს. ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ ჰყოლია. ჩვენი ქვეყნის დაქცევა დაიწყო ედუარდ შევარდნაძემ, განაგრძო სააკაშვილმა და ახლა ამას ივანიშვილი აგრძელებს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here