აზარტული თამაშების ბიზნესში ქვეყნის ბიუჯეტზე ორჯერ  მეტი თანხა ბრუნავს

    ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტი შეიტანა დასამტკიცებლად. პროექტს ჯერ კომიტეტებში განიხილავენ. ჯერჯერობით კი ისე  ჩანს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 37 531 000 000 ლარი იქნება. 2026 წელს 32 მილიარდი იყო, ანუ 2027 წელს 5 მილიარდით მოიმატა, ეს ცუდი ნამდვილად არ არის.

     ძველი დრო გავიხსენოთ (ყოველთვის საინტერესოა) და 1996 წელს, ანუ ლარის შემოღებიდან 1 წლის შემდეგ საქართველოს  ბიუჯეტი 527 მილიონი ლარი იყო, ხარჯვითი ნაწილი – 783 მილიონი, ანუ დაახლოებით 242 მილიონის დეფიციტი გვქონდა; 2000 წელს ქვეყნის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გასცდა სულ რაღაც 150 მილიონით, მაგრამ  გასცდა. ძველი დრო შეიძლება ბევრს არ ახსოვს, ამიტომ 2011 წლიდან დღემდე ქვეყნის ბიუჯეტის მატებას გადავხედოთ:

    წელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

    2011    7,46 მილიარდი

    2012    7,81 მილიარდი

    2013    8,10 მილიარდი

    2014    9,01 მილიარდი

    2015    9,70 მილიარდი

    2016    10,29 მილიარდი

    2017    11,76 მილიარდი

    2018    12,59 მილიარდი

    2019    13,31 მილიარდი

    2020    15,92 მილიარდი

    2021    18,38 მილიარდი

    2022    20,16 მილიარდი

    2023    22,31 მილიარდი

    2024    25,95 მილიარდი

    2025    27,95 მილიარდი

    ვერაფერს იტყვი, მატება  კარგია, მაგრამ… ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზუსტად იმ წლებში სათამაშო ბიზნესის ბრუნვას დაემართა. მოდი, ამასაც გადავხედოთ:

    წელი საქართველოს ბიზნესის მთლიანი ბრუნვა        აზარტული თამაშების ბრუნვა          წილი

    2012                42,05 მლრდ                                                  996 მლნ                                 2,37%

    2013                44,33 მლრდ                                                  1,213 მლრდ                          2,74%

    2014                50,06 მლრდ                                                  2,033 მლრდ                          4,06%

    2015                56,98 მლრდ                                                  3,891 მლრდ                          6,83%

    2016                64,08 მლრდ                                                  5,387 მლრდ                          8,41%

    2017                71,74 მლრდ                                                 6,050 მლრდ                          8,43%

    2018                86,63 მლრდ                                                 13.807 მლრდ                        15,94%

    2019                109,02 მლრდ                                               25,860 მლრდ                          23,72%

    2020                114,35 მლრდ                                              32.091 მლრდ               28,07%

    2021                150,41 მლრდ                                              48,09 მლრდ                          31,97%

    2022                181,77 მლრდ                                              52,9 მლრდ                            29,11%

    2023                204,65 მლრდ                                              64,35 მლრდ                         31,44%

    2024                228,47 მლრდ                                              76,6 მლრდ                            33,53%

    2025                253,7 მლრდ                                                  88,3 მლრდ                            34, 80%

    სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ამ ბიზნესიდან საქართველოს ბიუჯეტში შესული თანხები ვნახოთ:

         წელი          აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა

    2011       20,7 მილიონი

    2012        31,2 მილიონი

    2013       42,8 მილიონი

    2014       57, 0 მილიონი

    2015       97,7 მილიონი

    2016      101,1 მილიონი

    2017      332, 1 მილიონი

    2018    393, 2 მილიონი

    2019    420,3 მილიონი

    2020    241,4 მილიონი

    2021    481 მილიონი

    2022    650,6 მილიონი

    2023    791,2 მილიონი

    2024    1,38 მილიარდი

    2025    1,749 მილიარდი

       აღსანიშნავია,რომ  88 მილიარდი არ არის აზარტული თამაშებიდან მიღებული  მოგება, ეს  მთლიანი ბრუნვაა, ანუ რიგითმა ადამიანებმა ამ თამაშებში, საერთო ჯამში, 88 მილიარდი დახარჯეს, ჯიბიდან ამოიღეს და ჩადეს, დადეს, დაატრიალეს. ოფიციალურად აზარტული თამაშებიდან მოგებამ 30%-ზე მეტი არ უნდა შეადგინოს, ანუ, თუ ციფრებს გავყვებით, ამ 88 მილიარდიდან  ბიზნესის მოგება 26,4 მილიარდი იყო. ამის მიუხედავად, არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოში აღნიშნული ბიზნესი 70%-იან მოგებაზეა  და არა 30%-იანზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ვინც ერკვევა, ადვილად მიხვდება – აზარტული თამაშების აპარატს აქვს დასაყენებელი სისტემა, რა რაოდენობის თანხა უნდა გასცეს და რა რაოდენობის  – დაიტოვოს. ჰოდა, ოფიციალურად გაცემა 70%-ზე უნდა ეყენოს, მაგრამ ამბობენ, რომ ასე არ არის,  პირიქით –  30%-მდეა და ამ სფეროში ჩართული ადამიანები უზარმაზარ მოგებას იღებენ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ნაციონალების“ პერიოდში, ე.წ. შავი სალარო, რომელიც ნაცებს არცთუ  იშვიათად სჭირდებოდათ და მილიონობით ლარს შეადგენდა, ერთ-ერთი აზარტული თამაშების ქსელის მეპატრონეს ებარა და მხოლოდ შს იმჟამინდელი მინისტრის დარეკვის შემდეგ გაიცემოდა კონკრეტულ ადამიანებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ახლა ასე არ ხდება, მაგრამ, ეს სფერო რომ უკონტროლოა, ფაქტია. რატომ არის უკონტროლო?

    დავიწყოთ იმით, რომ ვერ გამოიღო შედეგი ვითომ გამკაცრებულმა რეგულაციებმა, საჯარო მოხელეებისთვის რეგისტრაციის აკრძალვამ. ყველამ იცის, რომ ბაზაში 80 წელს გადაცილებული პენსიონერებიც კი არიან რეგისტრირებულნი და მათ ნაცვლად სხვები თამაშობენ – არასრულწლოვნები, საჯარო მოხელეები.  გურიის, კახეთისა თუ რაჭის რომელიღაც სოფელში 92 წლის ბებო ფსონებს რომ არ დადებს, ხომ ადვილი მისახვედრია, მაგრამ  აზარტული თამაშების მესვეურები კანონს არ არღვევენ – ბებო რეგისტრირებულია და წესებში გვიწერია, რომ პაროლი არავის უნდა მისცეს, მაგრამ, თუ ის კანონს არღვევს, ჩვენ რა შუაში ვართო?!

    არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ აზარტული თამაშები საქართველოს მოქალაქეებისთვის მთლიანად აეკრძალათ და თამაშის უფლება მხოლოდ უცხოელებს ჰქონოდათ, რაც ლოგიკასთან ახლოსაა. მაშინ ვეღარც ის ხალხი ამოიღებდა ხმას, რომელიც ამტკიცებს, რომ,  მაგალითად, აზერბაიჯანიდან (სადაც ეს თამაშები ოფიციალურად არის აკრძალული) არაერთი ადამიანი აზარტის მოსაკლავად ჩამოდის ჩვენთანო. კი, ბატონო, ჩამოვიდნენ, ითამაშონ, მაგრამ აკრძალული იყოს ადგილობრივ მოსახლეობაზე. რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, როცა ყველაფერი წააგო… რომელი ერთი გავიხსენოთ.  ან რამდენი ადამიანი დარჩა სახლ-კარისა და ბიზნესის გარეშე სწორედ იმიტომ, რომ აზარტი „უნდა მოეკლა“? რამდენი ცნობილი სახეა ჩართული ამ თამაშების რეკლამირებაში და რამდენი ვებ-გვერდების  მეშვეობით აჩვენებს ხალხს, რომ თითქოს 100 და 200 ლარიდან იწყებენ და დღის ბოლომდე 100 და 200 ათასს იგებენ. მერე ამბობენ ხოლმე, მე მსახიობი ვარ, შოუმენი ვარ, ხელფასს ამაში მიხდიანო. თავადაც ხომ ხვდებიან, რომ არანაირი შოუ და ხელფასი არ ღირს ადამიანების გაუბედურებად, მათ თვითმკვლელობამდე მიყვანად.

    ახლა მოდით, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ: ის 88 მილიარდი, რომელიც ამ სფეროში თურმე შარშან ტრიალებდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ საქმეში რომ ჩადოს, ჰო, ეს ფული კონკრეტულ ადამიანებს კი არ შეტენოს, არამედ საქმეში ჩადოს (1 და 2 მილიარდის ინვესტიცია გვიხარია წლიდან წლამდე, ეკონომიკურ ზრდასაც ამას ვაბრალებთ,  საუბარია 88 მილიარდზე, საქართველოს ბიუჯეტზე  ორჯერ მეტ თანხაზე), ეს იქნება რეალური ეკონომიკური ზრდა და, ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, არსად რომ არ ჩავდოთ, ეს თანხა ხომ მოსახლეობაში დარჩება,  ჰაერში გასროლილი ხომ არ იქნება?! ვიღაც დოვლათს  შექმნის, მომავლის აღარ შეეშინდება, მხოლოდ დღევანდელი დღით არ იცხოვრებს. მხოლოდ ამიტომ ღირს დაფიქრებად, უნდა ავკრძალოთ თუ არა აზარტული თამაშები და უნდა იყოს თუ არა აკრძალული თუნდაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

    ზოგადად, აზარტული თამაშები, ლატარიები ამართლებს  ქვეყნებში, სადაც სოციალური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. ეს იმიტომ, რომ ბევრს აქვს იმედი, ერთხელ მასაც გაუმართლებს და სიდუხჭირიდან გამოვა და… სულ აქვს განცდა, რომ ცოტა დააკლდა, მერე კიდევ ცოტა, უფრო ცოტა და საბოლოოდ ყველაფერს აგებს. საქართველოში ერთ-ერთი დიდი (თუ ყველაზე დიდი) კაზინოს შეფი ამბობდა: „კაზინოში ასეა – ხან წააგებ, ხან კიდევ წააგებ, ბოლოს კი გაგიმართლებს და ყველაფერს წააგებ“. ეს არის აზარტული თამაშების პრინციპი და ვერავინ ვერაფერს შეცვლის. უმართლებს მილიონში ერთს. ამ პროპორციით საქართველოში შეიძლება გაუმართლოს ოთხ ადამიანს და, ამ ოთხ ადამიანში მოხვედრა არის თუ არა რეალური, თვითონ განსაჯეთ.

    ჯერ არ გვაქვს მიმდინარე წლის მონაცემები, მაგრამ ზუსტად  შეიძლება იმის თქმა, რომ 2026 წელს სათამაშო ბიზნესის  ბრუნვა 88 მილიარდზე მეტი იქნება. ეგებ ეს მაინც იყოს საგანგაშო სიგნალი იმისა, რომ ამ სფეროში ფულის ბრუნვა 100 მილიარდს მიუახლოვდა და გამოდის, რომ ეს იქნება სახელმწიფო სახელმწიფოში, რაც ქვეყნისთვის მომგებიანი ნამდვილად არ არის.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here