საწვავი არც გაზაფხულზე გაიაფდება და, თუ სახელმწიფომ რამე არ მოიმოქმედა, ბევრი ფერმერი  ხელს ჩაიქნევს მიწის დამუშავებაზე, შემდეგ კი  ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნიდან წავა

    ბევრს, ალბათ,  ჰგონია, რომ ფერმერები  შუა შემოდგომაზე მხოლოდ მოსავლის დაბინავებით არიან დაკავებულნი, მაგრამ არა, ბატონებო. ახლა საგაზაფხულო ხორბლის თესვა აქტიურ ფაზაშია, მინდვრები იხვნება, კულტივაცია უკეთდება, მაგრამ… იხვნება კი?..  სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, წამყვანი ბენზინგასამართი სადგურების საწვავის ფასებს შემოგთავაზებთ და გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტების ვარაუდით უკვე მომავალი კვირიდან 1ლიტრი დიზელის (ანუ სოფლის მეურნეობის ტექნიკისთვის მთავარი საწვავის) ფასი  5 ლარს გასცდება.    ფასები მოცემულია 1 ოქტომბრის მდგომარეობით: „გალფი“ – G-Force სუპერი – 4,59 ლარი, G-Force პრემიუმი – 4,27 ლარი, ევრო რეგულარი – 3,97 ლარი, G-Force ევროდიზელი – 4, 95 ლარი; ევრო დიზელი – 4,87 ლარი; „ვისოლი“ – ეკო სუპერი – 4,54 ლარი; ეკო პრემიუმი – 4,16 ლარი, ეკო დიზელი – 4,99 ლარი, ევრო დიზელი – 4,95 ლარი, ევრორეგულარი -3.94 ლარი; „რომპეტროლი“ – Efix სუპერი – 4,56 ლარი, Efix ევრო პრემიუმი – 4,16 ლარი, Efix ევრო რეგულარი – 3, 88 ლარი, Efix ევრო დიზელი – 4,97 ლარი, ევრო დიზელი – 4,89 ლარი; „ლუკოილი“ – სუპერი – 4,55 ლარი, რეგულარი – 3,90 ლარი, ევრო დიზელი – 4,92 ლარი; „სოკარი“ – ნანო სუპერი – 4, 50 ლარი, ნანო პრემიუმი – 4,15 ლარი, ნანო ევრო რეგულარი – 3,86 ლარი, ევრო 5 დიზელი – 4, 86 ლარი, ნანო ევრო 5 დიზელი – 4,94 ლარი.

    ირანთან დაწყებული ომი და რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებული კონფლიქტი ერთადერთი სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს და ეს სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებია. არც ის დაგვავიწყდეს, ვენესუელის პრეზიდენტის დაპატიმრებისა და მის ადგილას აშშ-ის მორჩილი კადრის დასმის შემდეგ იქაურ ნავთობპროდუქტებსაც  აშშ აკონტროლებს. საბედნიეროდ, საქართველო არ არის იმ დონისა და სიდიდის ქვეყანა, გლობალურ პროცესებზე რაიმე გავლენა იქონიოს და, როგორც ადრე,  ახლაც გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა და იმის გათვლა, რომ დიდი იმპერიების ნანგრევებში არ მოვყვეთ.

    ნიშნავს თუ არა საწვავზე ფასის მატება იმას, რომ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების პრდუქტებიც გაძვირდება? რა თქმა უნდა, ნიშნავს, რადგან გასულ წელს, ამ პერიოდში დიზელის საშუალო ფასი საქართველოში 3,30 ლარი იყო („გალფში“დიზელის ჩასხმა 3,02 ლარადაც კი შეიძლებოდა). ერთი წლისთვის ეს ძალიან დიდი მატებაა და ფერმერებიც ხელებს უიმედოდ შლიან. 200 ლიტრი დიზელი  არ არის ის ოდენობა, საშუალო მასშტაბზე მაინც რომ იფიქრო. არადა, 200 ლიტრში ათასი ლარის გადახდა უწევთ, რაც ძალიან ბევრია. მოდი, უფრო დავაკონკრეტოთ: 1 ჰექტარი მიწის მოხვნას საშუალოდ 30-35 ლიტრი დიზელი სჭირდება, მერე გაფხვიერებაც თუ უნდა, კიდევ იმდენივე, მერე თესვა და კიდევ იმდენი, მერე ამოსულ ნერგზე ისევ კულტივაცია, ანუ საშუალოდ 120-140 ლიტრი დიზელია საჭირო 1 ჰექტრის დასამუშავებლად და იქამდე მოსაყვანად, რომ მოსავალი მიიღო. არაფერს ვამბობთ თესლზე, შხამ-ქიმიკატებზე და ა.შ. მხოლოდ საწვავის ფასი ჰექტარზე 600-700 ლარი გამოდის, ამას დაამატეთ ტრაქტორისტის შრომა და ხელფასი, რომელიც 1 ჰექტარზე, ერთ გავლაზე, 100 ლარს შეადგენს, ანუ ოთხჯერ თუ შევა ტრაქტორით, 400 ლარი უნდა გადაუხადოთ და მივდივართ იქამდე, რომ მხოლოდ დიზელისა და მუშის ფული 1000-1100 ლარია. ხარისხიანი თესლი ჰექტარზე (ხორბალი ან სიმინდი ავიღოთ) 500 ლარამდე ჯდება, მერე მორწყვა, შხამ-ქიმიკატები, მოსავლის აღება, დაბინავება და გამოდის, რომ 1 ჰექტარი მიწის დამუშავება და მოსავლის აღება 5000 ლარზე მეტი ჯდება. ანუ 1 კილოგრამი  ხორბლის თუ სიმინდის მარცვლის თვითღირებულება 50 თეთრია და ესეც საუკეთესო შემთხვევაში, რადგან ამინდიც შესაბამისი უნდა დაემთხვეს. არადა, საერთაშორისო სტანდარტებით, ხორბალიც და სიმინდიც მაშინ არის მოგებიანი, როცა მისი თვითღირებულება 18-22 თეთრია, ჩვენთან კი ორჯერ ძვირი გამოდის.

    სამწუხაროდ, ეს არ არის ჩვენი მთავარი უბედურება. შეხედეთ მეზობლებს – აზერბაიჯანს თავისი საწვავი აქვს,  თანაც იმდენი, რომ მეგობარ თურქეთს  მათთვის სასურველ ფასში აწვდის. საწვავის პრობლემა არ აქვს ირანს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს სწორედ ირანიდან და თურქეთიდან ვეზიდებით (ბოლო პერიოდში აზერბაიჯანიც ჩაერთო ამ ამბავში). ჰოდა, ისინი ორჯერ და სამჯერ იაფად მოგვაწვდიან სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, რაც ადგილობრივ წარმოებას არათუ შეაფერხებს, არამედ დაასამარებს. მარცვლეულს ვინ ჩივის, შარშანაც და წელსაც თურქეთმა და ირანმა საზამთრო და ნესვი ადგილობრივზე ლამის ორჯერ იაფად შემოიტანეს და ბაზარზეც, ქართულ საზამთროდ რომ გვასაღებდნენ, ძირითადად,  ირანული და თურქული იყო და გადამყიდველებიც ორჯერ და სამჯერ მეტად ხეირობდნენ.

    გამოსავალი  ერთადერთია – სახელმწიფო   დიზელის შეძენაში უნდა დაეხმაროს ფერმერებს. ვიღაცას 100 ჰექტარზე რომ სურს ხორბლის ან სიმინდის დათესვა, ნახევარი მილიონი ლარი საიდან უნდა მოიტანოს?! ბანკს თუ მიადგება, ისეთ პროცენტს დაუწესებენ, მოგებაზე კი არა, იმაზე მოუწევთ ფიქრი, უსახლკაროდ არ დარჩნენ და… სახელმწიფო ბანკებს რომ ვერ მოერია, უკვე გვიცით, ამიტომ საწვავით  მომარაგება (ჰექტარზე გარკვეული რაოდენობით) ფერმერებს  ამოასუნთქებს. ახლა ვიღაც გვეტყვის, მაშინ სახელმწიფომ  ფული სხვა რამეს უნდა მოაკლოს და  ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩეროსო, მაგრამ…

    გვჭირდება კი ინფრასტრუქტურული პროექტები, როცა ქვეყანას სურსათის  უდიდესი პრობლემა აქვს და ეს პრობლემა წლიდან წლამდე ღრმავდება?  გამოსავალი თუ არ ვიპოვეთ, 5 წლის შემდეგ ქართულ ბაზარზე  ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტის წილი შეიძლება 10%-იც აღარ იქნეს და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება – საქართველო მთლიანად ჩამოეკიდება იმპორტს და დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნების განწყობაზე, რა ფასში მოგვყიდონ პროდუქტი, როდის მოგვყიდონ და როგორი ხარისხის. აგერ, მეზობელი ავადმყოფისთვის  ეძებს სოფელში უპრემიქსოდ გაზრდილ ქათამს და ვერ პოულობს – ვისაც ჰყავს, ცოტა ჰყავს და არ ყიდის, ვისაც ბევრი ჰყავს, ურჩევნი პრემიქსი აჭამოს და მალე გაზარდოს. ასეა რძის პროდუქტების შემთხვევაში, ასეა იმავე სიმინდის შემთხვევაში. აბა, გამოტყდით, ბოლოს როდის ჭამეთ სიმინდის ისეთი ტარო, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო, რომელსაც ან ვხარშავდით, ან ნაკვერჩხალზე ვწვავდით და საოცარი გემო ჰქონდა? აღარ არის, გაქრა და ასე გაქრება ყველაფერი, რასაც ამ ეტაპზე ვაწარმოებთ და რაც ჩვენი ბავშვობიდან მოდის. ტაროს ნაცვლად ბავშვებს ჩიპსები ურჩევნიათ და ეს იმის მიუხედავად, რომ იგივე ბავშვები ინტერნეტში ხშირად ნახულობენ ვიდეოებს, რომელშიც ჩიპსების მავნებლობაზეა საუბარი, მაგრამ… მაინც ყიდულობენ, ჭამენ და არ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობას ვნებს.

    საქმეს ისეთი პირი უჩანს, საწვავის ფასი არც გაზაფხულზე შემცირდება (პირიქით, ამ პერიოდში იმატებს ხოლმე) და, თუ სახელმწიფომ რამე არ მოიმოქმედა, ბევრი ფერმერი  ხელს ჩაიქნევს მიწის დამუშავებაზე და ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნიდან წავა. ის, რომ ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან, იქიდანაც ჩანს, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ადგილობრივი მოსახლეობის წილი ძალიან მცირეა. კანონმდებლობით უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება არ აქვთ, თორემ ბინებისა და კომერციული ფართობების, იცოცხლე…

    და ერთიც – დიზელის ფასმა რომ მოიმატა, ბიზნესმენები ცდილობენ, ადგილობრივ პროდუქციაში ძვირი არ გადაიხადონ და ფასები ძველ ნიშნულზე შეინარჩუნონ, აქაოდა, დიდი მატება არ არისო. ეს განსაკუთრებით რძის პროდუქტებს ეხება. ჰო, ფერმერებისგან ბიზნესმენები 1 ლიტრ რძეს, საუკეთესო შემთხვევაში, 1,70-1,80 ლარად  ყიდულობენ და შემდეგ 6 ლარად ყიდიან.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here