ფაშიზმის აღორძინება

    ქალზე ძალადობაზე დიდი უბედურება რუსზე ძალადობაა!

    გაივლის კიდევ რამდენიმე დღე, მოხდება  ახალი „სენსაციური” ფაქტი და… არც თელავის სასტუმროს ნომერში ნაცემი სლავი ტურისტი ქალი ემახსოვრება ვინმეს და არც ის „რაინდი”, რომელმაც ქართველებს რუსების „ჯავრი გვაყრევინა”. ჩვენ ხომ სანახაობის მოყვარულ ხალხად ჩამოვყალიბდით, რომელიც სენსაციიდან სენსაციამდე ცხოვრობს. სენსაცია კი პეპელასავით არის – დღე-ნახევარს ცოცხლობს. არადა, ეს არ არის დასავიწყებელი მოვლენა, ვინაიდან იგი, მისი არსით, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ჟანრს სცდება და სხვა თვისების მქონეა. ეს არის ფაშიზმის (კონკრეტულ შემთხვევაში – რუსოფობიის) გამოვლენა, რომელიც (როგორც ამ ფაქტშიც გამოჩნდა) საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. სამწუხაროდ, ეს ახალი ამბავი არ არის, მას ღრმა საფუძვლები აქვს.

    ბურჟუაზიული დასავლეთი სოციალისტურ საბჭოთა კავშირში საკუთარ მესაფლავეს ხედავდა და მის დასანგრევად ძალ-ღონეს არ იშურებდა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მოკავშირე რესპუბლიკებში ამ მიზნით ქმნიდა ათასი ჯურის იატაკქვეშა ორგანიზაციებს – ე.წ. „ჰელსინკის კავშირებს”, „ეროვნულ მოძრაობებს”, „სახალხო ფრონტებს” და სხვ. დასავლეთის მიერ შექმნილი ყველა ეს ორგანიზაცია, პირველ რიგში, რუსოფობიის გაღვივებით იყო დაკავებული. რუსოფობიის ეს ტალღა, რომელიც ახლა საგანგაშო ნიშნულს აღწევს, იქედან იღებს სათავეს და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს იყო დასავლეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური სიბინძურე, რომელმაც არამხოლოდ საბჭოთა კავშირი შეიწირა, არამედ მთელი კაცობრიობა გლობალური ომის საშიშროების წინაშე დააყენა. რუსოფობიის განსაკუთრებული აკუმულირება უკრაინაში მოახერხეს, მაგრამ ახალი ფრონტების გახსნასაც ცდილობენ და ამისთვის  რიგ მიზეზთა გამო ყველაზე შესაფერის კანდიდატად საქართველო  შეარჩიეს. დანარჩენ მიზეზთა შორის, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი, უმთავრესი რუსოფობიის მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილში ვერანაირი რუსოფობიის გაღვივება ვერ შეძლეს, მაგრამ იმ ნაწილში, რომელშიც ეს მოახერხეს, ისეთ მაღალ დონეს მიაღწიეს, თვით გერმანელ ფაშისტებსაც  შეშურდებოდათ. საზოგადოების ამ დაზიანებულ ნაწილს ახრჩობს რუსი ერისა და რუსული კულტურის სიძულვილი. ისინი ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერ სიბინძურეზე წამსვლელები არიან.

    პროვოკაცია დასავლეთს ორი მიზნის მისაღწევად სჭირდება:

    1. რუსეთისთვის სამხედრო ვითარების გასართულებლად;

    2. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების საშიშროების  თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის ამიერკავკასიაში ფეხის მყარად და საბოლოოდ მოკიდებაში.

    მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბარს სანამ განვაგრძობ, შეგახსენებთ, ეროვნული მოძრაობის ლიდერები რამდენს გაჰკიოდნენ „ერთიანი კავკასიის” იდეაზე, ე.წ. „კავკასიურ სახლზე” და ა.შ. შეგახსენებთ, მაგრამ ასე ზოგადად შეხსენებას კონკრეტული ნათქვამის (ან მოქმედების) მოშველიება სჯობს. რაღაც საოცარი დამთხვევით, „ფეისბუქმა“ დღეს ერთი პოსტი „ამომიგდო“. ეს არის 1992 წელს გამსახურდიას მიერ საქართველოს ტელევიზიისთვის გროზნოდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზეა საუბარი. წერილი ეხება გადაცემათა ციკლს („პირისპირ”), რომელიც 1992-95 წლებში საქართველოს ტელევიზიაში მიმყავდა. ეს ის პერიოდია, როდესაც შევარდნაძე ახალი დაბრუნებულია საქართველოში. მის ჩამოსვლაში მართლაც დიდი წვლილი მქონდა შეტანილი, ვინაიდან ამერიკელთა და კრემლის მესვეურთა მიერ ხელისუფლებაში ერთობლივად მოყვანილმა გამსახურდიამ და მისმა გაუწონასწორებელმა პოლიტიკამ საქართველო სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რის გამოც აუცილებელი იყო ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტის შემოსვლა პოლიტიკაში, როგორიც შევარდნაძე გახლდათ. ერთი სიტყვით, შევარდნაძე უკვე საქართველოშია, მე პარლამენტის წევრი ვარ მთაწმინდის ერთმანდატიანი ოლქიდან, პარალელურად მიმყავს პოლიტიკური გადაცემები საქართველოს ტელევიზიაში. ვითარება რთულია. შეიარაღებული ხალხი ქუჩებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთი სიტყვით, ის ვითარებაა, ჯაბა იოსელიანმა რომ განაცხდა, -„დემოკრატია ლობიოობა არ არის!“ ასეთ დროს მართლაც რა დემოკრატიაზე შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ მე, როგორც დეპუტატსა და როგორც ჟურნალისტს, ჩემი პრინციპები მქონდა, რომლებსაც ვერც ჯაბა აღუდგებოდა წინ, ვერც შევარდნაძე და ვერც სხვა რომელიმე. ცოცხალია აკაკი ასათიანი და ჰკითხეთ, ყოფილა თუ არა ჩემი გადაცემის სტუმარი მათი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. სახელმწიფო გადატრიალების გზით დამხობილი პარლამენტისა და მთავრობის წევრებს ჰკითხეთ, ვინ აძლევდა მათ ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას. თემურ ქორიძეს ვეღარ ჰკითხავთ (გარდაცვლილია), მაგრამ გაგახსენდებათ, რამდენჯერ ყოფილა ჩემი გადაცემის სტუმარი იმ უმძიმეს პერიოდში. გურამ აბსანძე ცოცხალია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) და ჰკითხეთ, შევარდნაძეს ვინ მიაღებინა გადაწყვეტილება მისი, ტარიელ გელანტიასა და ზურაბ გუჩუას პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ; გურამ პეტრიაშვილი ვინ გამოიყვანა 1992 წლის 4 მაისის გადაცემაში  „პირისპირ”. ბატონი გურამი ვერ დაგიდასტურებთ, რადგან, სამწუხაროდ, ისიც გარდაცვლილია, მაგრამ თვითონ ზვიად გამსახურდია დამემოწმება ამ ნათქვამის სისწორეში. მისი წერილი, რომლის შესახებაც ახლა გიყვებით, ასე იწყება: „მსურს, გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება უზენაესი საბჭოს დეპუტატის, მწერალ გურამ პეტრიაშვილის გამოსვლაზე საქართველოს ტელევიზიით ა.წ. 4 მაისს. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ფაქტია ოპონენტისათვის სიტყვის მიცემა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს უკეთური მიზეზებით მოხდა. გადაცემა ტელედაკითხვას უფრო ჰგავდა, ვიდრე გამოსვლას. დაკითხვის ინიციატორი კვარაცხელია მას ყოველნაირად აბნევდა, ხელს უშლიდა საუბარში ირონიით, ბოროტგანზრახულ პირთა შეკითხვების მიწოდებით, რომლებიც აშკარად წინასწარ იყვნენ კარგად დარიგებულნი”. გამსახურდია უმადური კაცი რომ იყო, ცნობილია, მაგრამ ეს მაინც მეტისმეტია. კომუნისტების მმართველობის პერიოდში თვითონ მას, როცა  ჯერ კიდევ დისიდენტი იყო, მხოლოდ მე ვუხსნიდი გზას ეკრანისკენ და მაყურებლებისკენ. გამსახურდიას დამხობის შემდეგ მისი პარლამენტისა და მთავრობის წევრებს ჩემი რისკის, ჩემი პასუხისმგებლობისა და ჩემი დაცვის ქვეშ მე ვაძლევდი სიტყვის თავისუფლებას, მან კი (გამსახურდიამ),  ამ წერილში ხომ ნახეთ, რაც თქვა: „დაკითხვის ინიციატორი კვარაცხელია მას ყოველნაირად აბნევდა, ხელს უშლიდა საუბარში ირონიით, ბოროტგანზრახულ პირთა შეკითხვების მიწოდებით, რომლებიც აშკარად წინასწარ იყვნენ კარგად დარიგებულნი” (გულისხმობს სატელეფონო ზარებს სტუდიაში). დააკვირდით გამსახურდიას პრეტენზიებს. მისი დეპუტატებისთვის თურმე ეთერიც უნდა მიმეცა და შეკითხვებიც არ უნდა დამესვა. რას მოელოდა, ნეტავ, ჩემგან – მისი სექტის წევრებივით „მიზნები გვაქვს დიადი და წინ მოგვიძღვება ზვიადი” უნდა მემღერა თუ რა? ვინმეს შეუძლია გაიხსენოს, თუნდაც ერთი ფაქტი ჩემი ნახევარსაუკუნოვანი ჟურნალისტური პრაქტიკიდან, რომ მე რესპონდენტისთვის ოდესმე ხელი შემიშლია? პირიქით, ყოველთვის ყველას ვეხმარებოდი,  საკუთარი თავი მაქსიმალურად რომ წარმოეჩინა მაყურებელთა წინაშე. გამსახურდიამ განა არ იცოდა, რომ ოპოზიციისთვის ეთერის დათმობა დემოკრატიის ნიშანია, ხომ თვითონვე თქვა, „პოზიტიური ფაქტია ოპონენტისათვის სიტყვის მიცემა”, მაგრამ იქვე დაამატა: „მას (გურამ პეტრიაშვილს – ვ. კ.) იმდენად უმეცარი ოპონენტი ჰყავდა, რომ მან კავკასიური ერთობის იდეა მხოლოდ „დუდაევის” იდეად დაახასიათა თავის რეპლიკაში”. ე.წ. „კავკასიური ერთობის იდეა”, მხოლოდ დუდაევის იდეად არ დამიხასიათებია, ეს გამსახურდიას იდეაც იყო, რომელი იდეაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან იყო მათთვის და მათნაირებისთვის თავსმოხვეული და რომელიც, კავკასიის ერთიანობის კი არა, რუსეთის დაშლის იდეა იყო. რუსეთის დაშლის შემდეგ (ასეთი რამ რომ წარმოვიდგინოთ) კავკასია, ერთიანი კი არა, ყველაზე სისხლიანი რეგიონი იქნება, მაგრამ დავანებოთ თავი ამგვარი პერსპექტივის განჭვრეტას, ის ხომ ფაქტია, რომ რუსეთის ამ დაუძინებელი მტრებისთვის (დუდაევი და გამსახურდია) კავკასიის ერთიანობა რუსეთის დაშლის ხერხი იყო მხოლოდ, რომელსაც მათი სულიერი მემკვიდრეები დღემდე ბნედიანებივით იმეორებენ.

    გამსახურდიას მიერ ოცდათოთხმეტი წლის წინათ დაწერილი ეს წერილი, მასთან ანგარიშსწორებისთვის კი არა, იმისთვის გამოვიტანე განსახილველად, რომ იმ პროვოკაციას ეხმიანება, წეღან რომ ვახსენე. დასავლეთს რუსეთის დაშლის იდეაზე უარი არ უთქვამს. როგორ იყენებს ამ მიზნისთვის უკრაინას, რომელსაც დუდაევივით და გამსახურდიასავით თავქარიანები რომ მართავენ, ხედავთ. არც იმის დანახვაა ძნელი, მშიერი აფთრებივით რომ წრიალებენ საქართველოშიც, მეორე უკრაინის მოწყობა სურთ. ესაა პრობლემა და ამ სიბინძურეში სწორედ იმ კატეგორიას იყენებენ, რომლის ცნობიერების რუსოფობიით დაბინძურება გამსახურდიამ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

    სასტუმროს ინციდენტში მრავალი პრობლემაა:

    * ჯერ ერთი, სამ ქალთან (რა დონის პროვოკატორებიც უნდა იყვნენ) ურთიერთობა როგორ ვერ უნდა მოაგვარო ისე, რომ ქორწილი არ ჩაგეშალოს?!

    * მეორე, ამ ამბის გამო ლამის სამოქალაქო ომამდე რომ მივედით, თუ ხვდებით, ეროვნული ცნობიერება და ფსიქიკა რა დღეშია?!

    * მესამე, ხომ ნახეთ, რა სინქრონულად და ორკესტრირებულად იმოქმედეს აქციების ორგანიზებით, ოპერატიული სატელევიზიო გადაცემებით, ამბის გაბერვით და დიდ და ცუდ სანახაობაში გადაზრდის მცდელობით?!

    * მეოთხე, მთავარი აქ ყოფითი ინციდენტი კი არ არის, რომელიც  შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, არამედ ის პროვოკაციაა, რომელიც, დღეს თუ ჩაუვარდათ, ხვალ ან ზეგ აღარ  ჩაუვარდებათ!

    არ ჩაუვარდებათ იმიტომ, რომ უფრო დიდ თანხას დახარჯავენ, უფრო მოინდომებენ, უფრო ნიჭიერ რეჟისორებს ჩამოიყვანენ. ერთი სიტყვით, მათ (დასავლეთმა და მათმა სპეცსამსახურებმა) თუ მოინდომეს, გააკეთებენ.

    რატომ ვფიქრობ ასე?

    * დასავლეთმა ის მოახერხა, რომ საბჭოთა კავშირის სათავეში თავისი ღია აგენტურა (გორბაჩოვი, შევარდნაძე, იაკოვლევი, ელცინი) მოეყვანა;

    * დასავლეთმა ის მოახერხა, რომ კომუნისტებს (ჯერ კიდევ 1989 წელს) მერაბ კოსტავა მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, შემდეგ კი ლენინის ქუჩისთვის კოსტავას ქუჩა ეწოდებინათ;

    * დასავლეთმა ის მოახერხა, რომ კომუნისტებს თბილისის ცენტრში ლენინის ძეგლი თავიანთი ხელით აეღოთ და ისე გაეფორმებინათ, რომ ვითომ გამსახურდიამ და მისმა მოძრაობამ  ეს შიშველი ხელებით შეძლეს. სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი ნიკო ლეკიშვილი, მაგრამ ცოცხლობს მისი მონაყოლი იმის შესახებ, როგორ მიიღო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვეტილება ძეგლის აღების შესახებ, ვითომ მისი რესტავრაციის მიზნით;

    * დასავლეთმა ის მოახერხა, რომ საქართველოში (როგორც სხვა რესპუბლიკებში) კომუნისტებმა ხელისუფლება დაგეგმილად (მიზანმიმართულად) შეაჩეჩეს ხელში გამსახურდიასა და ეროვნულ მოძრაობას;

    * დასავლეთმა  ის მოახერხა, რომ  საქართველოში ორჯერ (1992 წელს და 2003 წელს ) სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო;

    * დასავლეთმა ის მოახერხა, რომ , თითქმის ორი წელიწადია, სამარცხვინო ჯგროს (ბრბოსაც ვერ დაარქმევ) ოკუპირებული აქვს რუსთაველის პროსპექტი და თითქმის პარალიზებული აქვს ხელისუფლებისა და მთავრობის საქმიანობა.

    ჰოდა, იგივე დასავლეთი საქართველოში ახლაც შეძლებს რაღაც დიდი უბედურების დატრიალებას იმ ფონზე, როცა უზარმაზარი რუსეთი ჰყავს ცეცხლის ალში გახვეული.

    აი, რატომ არის თელავის ინციდენტი საგანგაშო. რუსოფობიის ეს დაუფარავი აფეთქება გაცილებით მასშტაბურ უწესრიგობასა და ქაოსში ქვეყნის გადაყვანის წინაპირობაა. ქალზე ძალადობაზე დიდი უბედურება რუსზე ძალადობაა, ვინაიდან პირველი შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის საკითხია, მეორე კი ფაშიზმია, რომელიც, როგორც ვხედავთ, ღია მხარდაჭერის ობიექტად აქციეს. ფაშიზმის აღორძინება დაიწყეს. ეს ფაშიზმი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის კი არ აქვთ გამიზნული, იგი, პირველ რიგში, რუსეთთან ღია ომისა და ამიერკავკასიაში სრულმასშტაბიანი დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ, რათა ცეცხლი იმიერკავკასიასაც გადაედოს. გამსახურდიას ძმადნაფიცი დუდაევის მსგავსი პროვოკატორები დანარჩენ რესპუბლიკებშიც ეყოლებათ გამზადებულები. დავალების მიღების შემთხვევაში, ისინი ველური ყიჟინით შეუერთდებიან სააკაშვილის „აკაცუკურ” „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც გამსახურდიას „ეროვნული მოძრაობის” რეინკარნაციაა. სახელიც კი იგივე ჰქვია. ჯერ გამსახურდიამ და შევარდნაძემ იზრუნეს ერის გახლეჩაზე, შემდეგ კი – შევარდნაძემ და სააკაშვილმა. სცენარი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში  დაიწერა. იმავე სცენარის შემადგენელი ნაწილია უკრაინული სიგიჟეც და იმავე სცენარის შემადგენელი ნაწილია ის უბედურებაც, რომლის გათამაშებაც უკვე დაიწყეს ამიერკავკასიაში.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. „მანილაში უკრაინის საკითხის განხილვისას სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგას, მარკო რუბიოს, მიაწოდა ინფორმაცია საბრძოლო შეხების ხაზზე არსებული რეალური ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა კიევის რეჟიმის იარაღით შემდგომი მომარაგების დაუშვებლობას, ასევე, ევროპული ქვეყნების მადესტაბილიზებელ პოლიტიკას, რომლებიც დღემდე ცდილობენ, რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ“.

    ვ. კ.

                                                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here