გიორგი ხარიბეგაშვილი: სამარცხვინოა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა გულბაათ რცხილაძე, კაცი, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის საქართველოს უსაფრთხოების დაცვაში სახალხო დიპლომატიის გზით!

    ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ საქართველოში რუსების შევიწროებაზე. ამას წინათ რუსი ტურისტების ავტობუსს დაესხნენ თავს, მათ  კაფე-რესტორნებში ხშირად შეურაცხყოფენ, რუსულად არ ესაუბრებიან, რუსი მომღერლების კონცერტები კი უქმდება და ა.შ. საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა თუ გამოქცეულმა  რუსებმა ხმამაღლა დაიწყეს საუბარი აგრესიაზე. აგრესიის ფაქტებით შეშფოთებულნი არიან სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებიც. ეს აშკარა რუსოფობიაა.

    რას გამოიწვევს  რუსების მიმართ ასეთი აგრესია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ პირველ რიგში, უნდა დავაზუსტო, რომ რუსოფობია ქართველი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი არ არის. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რანაირად იზრდება ასეთი დიდი მასშტაბით ეკონომიკური კავშირები და რუსი ტურისტების ნაკადი, თუ რუსები ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობების დონეზე რაიმე ზიზღის მსგავსს გრძნობენ?! სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს ე.წ. მართულ პროცესთან დასავლური სპეცსამსახურების მიერ გაკონტროლებული ჯგუფების მხრიდან. ცხადია, ეს რუსეთშიც ესმით და ამის გამო ხშირად თვალიც დაუხუჭავთ იმ იმედით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ექნებოდა; ითვალისწინებდნენ იმ მოცემულობასაც, რომ საქართველო მაიდანიზაციის საფრთხის წინაშე იდგა და ამ ჯგუფების განეიტრალება ,,ქართულ ოცნებას” გაუჭირდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ლიბერასტული რევანში ჩაფლავდა და ხელისუფლებას უძალობის არგუმენტი ვეღარ ექნება, პასუხისმგებლობის ტვირთი მას აწევს.

    _ რით შეძლებს რუსოფობიის შეჩერებას სახელმწიფო?

    _ საამისოდ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ ჯგუფების იდენტიფიკაცია, რომლებიც ანტირუსული განწყობების გენერირებას მიზანმიმართულად ეწევიან და ეთნიკურ შუღლს აღვივებენ. უნდა  გაირკვეს მათი დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხი. ამის შემდეგ მათ უნდა შეეზღუდოთ სოციალურ ქსელებსა და მასმედიაზე წვდომა და გამოვლინდეს კონკრეტული დანაშაულები. შემდეგ უნდა დაიწყოს მოკვლევა, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო უწყებებში როგორ ხდება რუსოფობიური და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიში იდეების ტირაჟირება. სახელმძღვანელოებიდან უნდა ამოიღონ, როგორც რუსი, ასევე სხვა ერების მიმართ სიძულვილის გამავრცელებელი იდეოლოგიური კლიშეები და ჩაანაცვლონ ის მეცნიერულ-პრაგმატული ანალიზით.

    _ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე რუსოფობიის მონიტორინგის  საბჭოს დაფუძნებისთვის დააპატიმრეს…

    _ გულბაათ რცხილაძე და ყველა ის ადამიანი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველსა და რუსეთს შორის დიალოგს, გარანტიაა იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე სამხედრო აგრესიას არ განახორციელებს. თუკი რუსეთში რამე გამოიყენება ინტერვენციის გასამართლებლად, არის პროპაგანდა, რომ ,,იქ მხოლოდ რუსოფობები ცხოვრობენ და რომ ცხელ თავებს რაკეტებით გაგრილება სჭირდებათ”. აქედან რუსეთში ჩასული დელეგაციები კი ასრულებენ მეხამრიდის ფუნქციას და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დგანან. ამ პროცესის პიონერი გულბაათ რცხილაძეა, სამარცხვინოა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა გულბაათ რცხილაძე, კაცი, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში სახალხო დიპლომატიის გზით. დღეს მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ რამე პროგნოზის გაკეთება წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ, რა გადაწყვეტილებაც უნდა გამოიტანოს სასამართლომ, გულბაათ რცხილაძე, ადრე თუ გვიან, იქნება არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ იმაზე მეტი ავტორიტეტით შემოსილი, ვიდრე აქამდე ჰქონდა…

    _ ,,რუსეთის ფედერაცი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის 20 პროცენტზე, კაია კალასი კი არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100 პროცენტზე,  ეს არის სამარცხვინო”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის ამ აღიარების შემდეგ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ?

    _ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რომ სამარცხვინოა, ეგ ევროპელთა სანერვიულოა და ჩვენ მასზე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან იმაზე მეტი პოლიტიკური ბმა არ გვაქვს, ვიდრე, მაგალითად, ტაილანდთან. კობახიძე ცდილობს, რომ რუსეთის დემონიზება ახლა ევროპაზეც გაავრცელოს, იმ ევროპაზე, რომელში შესვლაც სწორედ მისი თაოსნობით თავის დროზე კონსტიტუციურ ორიენტირად გაგვიფორმა ამ ხელისუფლებამ. დიდი ალბათობით, კობახიძის ამ რეპლიკას ევროპარლამენტში ვერც შეიტყობენ, რადგან დიდი ინტერესი აღარ აქვთ ჩვენ მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე. როდესაც მოსკოვი კავკასიისთვის მოიცლის, მსგავს განცხადებებს მოსკოვში ვის წინააღმდეგ გამოიყენებენ, ამის გარკვევა  მკითხველისთვის მიმინდვია…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here