მოპარული თავისუფლება

    დიდებულია და სანუკვარი თავისუფლება. „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა…” (გალაკტიონი); თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა!“ (ილია); ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!” (აკაკი). ბიბლიაც თავისუფლებაზეა ორიენტირებული: „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით!”;„უფალი სულია და,სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა!”

     თავისუფლება ყოველი სულდგმულის შინაგანი მოთხოვნილებაა, ბედნიერების განცდის საფუძველთა საფუძველია.

     რა უნდა შეჰპირდე ადამიანს (საზოგადოებას, ერს, ხალხს) თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი, თუკი თავისუფლებისკენ ბუნებრივად ილტვის ყველა და ყოველი?! ბურჟუაზიამ თავის დროზე ლოზუნგები ისროლა:

    * თქვენ თავისუფალი ხართ!

    * თქვენ თავისუფალ სამყაროში ცხოვრობთ!

    * თქვენ თავისუფალი ხართ სიტყვის წარმოთქმასა და გამოხატვაში!

    * თქვენ თავისუფალი ხართ სიმდიდრეზე ოცნებასა და მის მოსაპოვებლად მოქმედებაში!

    * თქვენ თავისუფალი ხართ პოლიტიკური მრწამსის, რელიგიური აღმსარებლობის, პარტიული კუთვნილების არჩევაში!

    თავისუფლებამ მიჩვევა და მოყირჭება იცის. ხალხს მეტი უნდება და კაპიტალისტური სამყარო იძულებულია, ყოველ ახალ ჯერზე თავისუფლების ახალი დოზა, ახალი ულუფა მიაწოდოს მას:

    * თქვენ თავისუფალი ხართ ქორწინებაში სქესის განურჩევლად!

    * თქვენ თავისუფლები ხართ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შემთხვევაში შვილების აყვანაში!

    * თქვენ თავისუფლები ხართ სქესის არჩევაშიც კი!

    ბურჟუაზია არ დაგიდევთ, რომ ეს ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა, არც იმას, რომ ბიბლიაში ამის საწინააღმდეგო წერია: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები”; „თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს”. ბურჟუაზია ღრმა ფიქრით არ იწუხებს თავს, არც ბიბლიის კითხვა არ არის მისი ჰობი, მას მხოლოდ ერთი რამ ასულდგმულებს – მოგება. ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი. თავისუფლების შესახებ მთელი ეს ღრიანცელი მოტყუება და თაღლითობაა, რომელიც დიდი მოგების შეფუთვა-შენიღბვას ემსახურება. ასე რომ იქნებოდა, არც ეს გამოჰპარვიათ ბიბლიის ავტორებს: „ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, რათა დავემონებინეთ”; „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა”; „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად”.

    ბიბლია პირდაპირ გვეუბნება, რომ თავისუფლება „შემოპარული, ცრუ ძმების” ბედნიერებისთვის არ მოაქვს უფალს, არამედ „გულგატეხილთა შესახვევად, ტყვეთა გასათავისუფლებლად, პატიმრებისთვის ბორკილთა ასახსნელად და ჩაგრულთა გასათავისუფლებლად”. აქვე ისიცაა ნათქვამი, რომ თავისუფლება მხოლოდ მატერიალური სიუხვის მოსაპოვებელი საშუალება არ არის, იგი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებაა სულიერი სიმდიდრის მისაღწევად. ეს დებულება მოგვიანებით გასაოცარ სიმაღლეზე აჰყავს შოთა რუსთაველს: „მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები!” აქაც ხომ „საჭურჭლესა” და „გამდიდრებაზეა” ლაპარაკიო? –  იკითხავს მკითხველი. მეოცე საუკუნის გამორჩეული მოაზროვნე და ბრწყინვალე ფილოსოფოსი ვენორ ქვაჩახია 80-იანი წლების დასაწყისში დიდი წინაპრის ამ შედევრს ამგვარ შეფასებას აძლევდა: „ვისთვისაც აქ ურიცხვი საქონელი აუწონელ ოქროსა და მარგალიტს ნიშნავს, მისთვის, მაპატიოს ყველამ, მაგრამ რუსთაველი ჯერ კიდევ არაა გასაგები. რა თქმა უნდა, აქ ქონებაც უნდა იგულისხმოთ, მაგრამ, პირველ რიგში, აქ ნაგულისხმევია სულ სხვა – ის უდიდესი, მართლაც რომ ვერავინ აწონის, გაუგონარი სიმდიდრე სულისა, ადამიანური ქცევისა, სიკეთისა, რომელიც, სხვას თუ გადაეცემა, ამით გახდება მდიდარი, თუ მონაა, განთავისუფლდება და არ დაავიწყდება ეს”.

    ვგრძნობ, რომ ზღვარზე ვარ, ცოტაც და ავცდები მთავარ სათქმელს…

    თავისუფლება… უფლება… უფლება არ არსებობს მისი დიალექტიკური საპირისპიროს – მოვალეობის გარეშე, ამიტომ თავისუფლებას მე ასე განვმარტავ: მოვალეობის განხორციელების უფლება. ყველაზე დიდი თავისუფლება ისაა, როდესაც მოვალეობის შესრულებაში, ღმერთის მიერ შენთვის დაკისრებული მისიის აღსრულებაში ხელი არ გეშლება. სახელმწიფოს შემთხვევაშიც ასეა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხალხის მიერ მისთვის დაკისრებული მისიის განხორციელების უფლება. ესაა თავისუფალი სახელმწიფო.

    თავისუფლების ცნება, მისი შინაარსი შეგნებულად დაამახინჯა კაპიტალისტურმა დასავლეთმა. თავისუფლების ფასადს მიღმა ბინძური სოციალური სისტემა და კიდევ უფრო ბინძური საერთაშორისო პოლიტიკა იმალება.  უბედურება კი ისაა, რომ ეს საშინელი ჩანაფიქრი გამოუვიდათ. მათ შეძლეს კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვრის – სოციალური სამართლიანობის პრინციპზე აგებული სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირის) დასამარება. ეს იმიტომ გამოუვიდათ, რომ თავისუფლების ცნება მოიპარეს, საკუთარ აივანზე გადმოჰკიდეს და მსოფლიოს თავიანთ მონაპოვრად შეასაღეს. ბიბლიის ენით რომ ვთქვათ, ამ ჩვენმა „ცრუ ძმებმა” თვალში ნაცარი შემოგვაყარეს. მიმართეთ ხელოვნურ ინტელექტს და ამერიკული ცხოვრების წესის შესახებ შემზარავ ფაქტებს მიიღებთ: „აღწერის ბიუროს (ანუ ოფიციალური) მონაცემებით, დღეისთვის სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება აშშ-ის მოსახლეობის 47 მილიონზე მეტი მოქალაქე”; „აშშ-ში უსახლკარობას, დიდი ხანია, ეპიდემიას უწოდებენ”; „აშშ-ში ბავშვების 50,9 პროცენტს ერთი მშობელი ზრდის, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს”.

    კიდევ ბევრი რამის გარკვევაში დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ამერიკული „თავისუფლების” შინაარსი ამ მონაცემებშიც მთელი სისავსით ჩანს. ამ მძიმე ფაქტებს თუ მაინც სჭირდება რამის დამატება, ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ მონაცემს მოგაწვდით: „ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულწლოვანთა დაახლოებით 21% (დაახლოებით 43 მილიონი ადამიანი) ფუნქციურად უწიგნურია. მათ არ აქვთ წერაკითხვის საბაზისო უნარებიც კი. ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 54% ვერ კითხულობს მეექვსე კლასის დონეზე”.

    აი ბურჟუაზიული „თავისუფლების” რეალური შედეგები. სამწუხაროდ, თავისუფლების ფასადმა გადაფარა დასავლეთის საშინელებანი. მათ იყიდეს ყველა ინსტრუმენტი, რომლებიც დასავლური ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის გამოიყენება. აშშ, როდესაც იგი ამა თუ იმ სახელმწიფოში მოსყიდვით შედის, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულირებას ხუთი ბერკეტით ახორციელებს: ხელისუფლება; ოპოზიცია; საინფორმაციო საშუალებები; არასამთავრობო ორგანიზაციები; სპეცსამსახურები. ეს არსენალი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვითარება  სრულად აკონტროლონ. თუკი მაინც მოხდება ისე, რომ სადმე ეს ბერკეტები საკმარისი არ აღმოჩნდება, იქ იწყება იმ მასშტაბის ძალმომრეობა, როგორიც მრავალ სახელმწიფოში გვინახავს, ამჟამად კი ირანში ვხედავთ.

    დასავლეთის მიერ დეკლარირებული თავისუფლება სათაგურის ყველის ცდუნებას ჰგავს, რომლის ფინალი საშინელია, მაგრამ წრუწუნებისთვის ამას არც გამოცდილება მოაქვს და არც შვება. ისინი ისევე ემორჩილებიან ყველის ცდუნებას, როგორც ისტორიულად ემორჩილებოდნენ. სამწუხაროდ, სახელმწიფოები და ხალხები დღესაც ისევე ნებდებიან დასავლური (ფასადური) თავისუფლების (მოპარული თავისუფლების) ხიბლს, როგორც ისტორიულად ნებდებოდნენ. უკრაინის მაგალითი რად ღირს. ამ ხალხის აბსოლუტურად გაუგებარი, ბავშვური ზლუქუნი, – ნატოში გვინდა… ევროკავშირში გვინდა! – უკრაინის დანგრევის, უკრაინელი მოსახლეობის განახევრებისა და რამდენიმე ფაშისტის გამილიარდერების საწინდრად იქცა. ჰო, კიდევ ის, რომ სამოსელისგან განძარცვული და ცხოველურ ვნებას აყოლილი რამდენიმე არსება ამ საშინელი ომის ვითარებაში ჟამიდან ჟამამდე ქუჩაში თავისუფლად დატანტალებს და სოდომურ ცოდვაში ყოფნის ლეგალიზაციას ცისარტყელას ფერებში მოხატული ჭინჭების ფრიალით აღნიშნავს. ღირდა კი ეს ყველაფერი ისტორიულად განუყოფელი ხალხების (რუსებისა და უკრაინელების) სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებად? ვინ უპასუხებს ამ შეკითხვას? დატრიალებული უბედურების გამო ვინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ან ვის სჭირდება ასეთი „პასუხისმგებლობა”? ამ საქმეს ახლა ვერაფერი უშველის. ეროვნული უგუნურების ეს შავი ფურცელი, რომელიც თავისუფლების სახელით დაწერეს, სამარადისოდ გაჰყვება ისტორიას, მიუხედავად იმისა, დაედება თუ არა იგი საფუძვლად ახალ მსოფლიო ომს.

    ამ სტატიაში უკრაინულ სიშლეგეზე მეტად ადამიანებზე, ერებსა და სახელმწიფოებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ის ძალა მაინტერესებს, თავისუფლების ცნებას რომ აღმოაჩნდა იმ ვითარებაშიც კი, როდესაც იგი ფსევდოა, ცარიელი ლოზუნგია, სათაგურში მოთავსებული ყველის პაწია ნაჭერია და მეტი არაფერი. უნდა ვაღიაროთ, რომ მათ მოახერხეს თავისუფლების ილუზიის შექმნა და ამ ილუზიით სპეკულაცია. საქართველოს მაგალითი ნახეთ.

    ხელისუფლება და ოპოზიცია

    ეს ორი პოლიტიკური ძალა სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული, მაგრამ მაინც ერთნაირად მიილტვის დასავლეთისკენ და ერთნაირადაა  გაჟღენთილი რუსეთის სიძულვილით.

    საინფორმაციო საშუალებები

    არსებობენ როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციის სატელევიზიო არხები, მაგრამ, როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია, ისინიც ერთნაირად პროდასავლური არიან და რუსოფობიური სულისკვეთებით გამოირჩევიან.

    ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ საინფორმაციო საშუალება, სადაც უნდა ჩამოყალიბდეს, ყველგან დასავლურ ტალღაზე მოიმართება; იმ ქვეყნის ენაზე მოლაპარაკე იქნება, რომელშიც აღმოცენდება, მაგრამ დასავლური ორიენტაციისა და განწყობის შინაარსით დაიტვირთება. არ ვლაპარაკობ დაფინანსებასა და პოლიტიკურ გავლენებზე ან იდეოლოგიურ შაბლონებსა და სტერეოტიპებზე, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებს, ლაპარაკი მაქვს ფსევდოთავისუფლების ხიბლზე, რომელიც ანდამატივით იზიდავს ადამიანებს, ერებს, ხალხებს. ღირებულებები, როგორც უნდა აზილონ ერთმანეთში, საბოლოოდ  მაინც იმ პრინციპით დალაგდება, რა პრინციპითაც ჩამოყალიბდა, მაგრამ დრო სჭირდება ამას. სწორედ ამ დროის ფაქტორით სარგებლობს უკეთურება:

    * ჭეშმარიტება ღმერთისგანაა, სიცრუე და დეზინფორმაცია სატანისგან;

    * სიკეთე ღმერთისგანაა, ბოროტება  – სატანისგან;

    * სიყვარული ღმერთისგანაა, სიძულვილი სატანისგან;

    * ერთგულება ღმერთისგანაა, ღალატი სატანისგან;

    * რეალობა ღმერთისგანაა, მოჩვენებითობა და ფარისევლობა სატანისგან;

    * ნაღდი ღმერთისგანაა, ყალბი სატანისგან.

    ბანალურია ეს ჩამონათვალი? ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ბანალურია, მაგრამ ცხოვრების მთელი საზრისი და ფილოსოფია განა ამ ბანალურობას არ ეფუძნება? ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე მაღალი ღირებულება ვინმეს სადმე ეგულება?!

    იოცნებეთ თავისუფლებაზე, გიყვარდეთ თავისუფლება, იარეთ თავისუფლებისკენ და, სადაც ეს აუცილებელია, გაწირეთ თავი თავისუფლებისთვის, მაგრამ ფსევდოთავისუფლებას ნუ მიიღებთ ჭეშმარიტად, მირაჟსა და ილუზიას ნუ აურევთ რეალობაში. სანამ ირწმუნებთ თავისუფლებას, დაფიქრდით, ვისგანაა იგი შემოთავაზებული. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: „იცხოვრეთ, როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ,როგორც ღვთის მონებმა!”

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here