თემურ ფიფია: რუსეთთან საჯაროდ დასალაპარაკებლად ბოლოს მივლენ, აი, მაშინ, როდესაც კისერში ექნებათ ყულფი წაჭერილი

    ,,ჯერ აფხაზეთი დამიბრუნე და შენთან მერე მოვალ _ ამ პირობით რუსეთი არ წამოვა ჩვენთან დიალოგზე, მაგრამ, თუ სტრატეგიულ ურთიერთობაზე დავილაპარაკებთ, მერე აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზეც შეიძლება საუბარი”

    საქართველო რუსეთთან დიალოგზე არ მიდის. ჯერ აფხაზეთი დაგვიბრუნოს და მერე დავილაპარაკებთო, _ ამბობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები,  უკვე თითქმის 35 წელიწადია…

    რამდენიმე დღის წინათ აფხაზეთს აფრიკული ქვეყნის, განის რესპუბლიკის, მუნიციპალური ოლქის ქალაქ სუჰუმის დელეგაცია ეწვია. ეს სასაცილოდ არ ეყოთ საქართველოში მოქმედ დესტრუქციულ ძალებს და არა მხოლოდ მათ.

    აფხაზეთში განის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი თემურ ფიფია გვესაუბრება: 

    _ საქართველოს ხელისუფლება ინერციით მოძრაობს. მისი მიზანია, ძალაუფლებისა და გავლენების შენარჩუნება. მის წარმომადგენლებს არ აქვთ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რადგან ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე არ ფიქრობენ. ჩვენი ხელისუფლება, თუ დასჭირდება, ორ და სამ სკამზე კი არა, ხუთზეც დაჯდება, ოღონდ გავლენები შეინარჩუნოს, მაგრამ მისცემენ ამ სკამებზე დაჯდომის უფლებას?

    მხოლოდ ჩინური სკამის კიდეზე სხედან, ჩინეთი კი ის ქვეყანა არ არის, რომელიც საქართველოს კრიტიკულ მომენტში გვერდით დაუდგება. მართალია, სტაბილურობის ელემენტები ჩინეთს შემოაქვს საქართველოში, მაგრამ არა გადამწყვეტი.

    დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებას მაღალი დონის კავშირები აქვს რუსულ მხარესთან. ეს ხელისუფლება ყველაფერს დათმობს სკამის გამო, რაც ძალიან ცუდია. ესენი საქართველოს ინტერესებს დათმობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხში.

    _ სკამებს არ დათმობენო, _ ამბობთ, მაგრამ ვისი იმედით? ვინ დაუდგება მათ გვერდით?

    _ ევროპის იმედი ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის იმედად დარჩნენ, ამიტომაც ვამბობ, რომ რუსულ მხარესთან აქვთ კავშირი, თანაც ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ რუსეთთან საჯაროდ დასალაპარაკებლად ბოლოს მივლენ, აი, მაშინ, როდესაც კისერში ექნებათ ყულფი წაჭერილი…

    _ ამ ე.წ. ყულფწაჭერილების დასალაპარაკებლად მისვლა რუსეთთან რას მოუტანს საქართველოს?

    _ საქართველოს დრო ეწურება, მისი შანსები მცირდება. რუსეთის კარზე ბოლო წუთს მისული საქართველოს ხელისუფლება შეიძლება იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც აღმოჩნდა თავის დროზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი. საქართველოს ხელისუფლება რისკავს, რადგან სტრატეგია არ აქვს. რუსეთთან უნდა მიხვიდე გეგმით, სამოკავშირეო ხელშეკრულებით, რუსეთს ეს სურს, ეს რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს ნიშნავს. ჩვენი მხდალი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეშინია დესტრუქციული ძალების, რომლებიც აქ ჰყავს, და ფიქრობს, რომ დასავლეთი გადატრიალებას მოუწყობს… ამასობაში, საქართველოს დრო ეწურება…

    _ აფხაზეთში რუსეთის მოკავშირე აფრიკული სახელმწიფოს, განის რესპუბლიკის, პროვინცია სუჰუმის დელეგაცია ჩავიდა.  ამ ვიზიტით რუსეთის მხარემ მუქარა ხომ არ გამოგვიგზავნა?

    _ განის რესპუბლიკას რუსეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მას ჰყავს ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც მოსკოვის ხშირი სტუმარია. მოსკოვმა ამ ქვეყნას ნება დართო,  რომ მისი დელეგაცია ჩასულიყო აფხაზეთში. არ გამოვრიცხავ, რომ განამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონს. აი, ეს არის მოსალოდნელი. ეს პროცესები დაიწყო და რუსეთი, დიდი ალბათობით, მას ხელს შეუწყობს. რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ბერკეტები გამოეცალა, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აფსუური ხელისუფლების იმედად დარჩა. ამ ორ ისტორიულად ქართულ რეგიონზე  რუსეთი თავის გავლენას იყენებს. რუსეთი ყველგან ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული, ჩვენ შემთხვევაში – ივანიშვილზე, რომელიც არ თანხმდება იმას, რასაც რუსეთი მოითხოვს,  რომ საქართველოდან საფრთხე არ ემუქრებოდეს… რუსეთი თავის ინტერესებს გაატარებს აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ბოლო პერიოდში იქ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ აშკარა ეთნოციდის ნიშნებია _ სოფლებს სახელები გადაარქვეს, გვარები გადაუკეთეს ქართველებს აფსუურად… ამ პროცესს დაარქვეს აღმოსავლეთ აფხაზეთის ინტეგრაცია აფხაზეთში. ეს ახალი ხელისუფლების შემდეგ დაიწყო, ბოლო ექვსი თვეა, და არის ქართული მოსახლეობის რუსიფიკაცია. აფსუების ენა მძიმეა, ბავშვებს ვერ ასწავლეს, ქართული გამოდევნეს სკოლებიდან და ახლა ასწავლიან რუსულ ენას. იქ ქართველები მეათეხარისხოვნად ითვლებიან

    _ როგორც ამბობთ, რუსეთიც აღარ არის ძლიერი და სამხრეთ კავკასიას კარგავს. თურქეთი ჩვენი მოკავშირე არ არის, აშშ დიდად არ არის დაინტერესებული საქართველოთი… რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ?

    _ უსწრაფესად შესამუშავებელია საქართველოს კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარების გზაზე გაყვანის სტრატეგიული გეგმა. ეს შესაძლებელია ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციით. ჩინეთი შორსაა, კარგია ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველგვარი პირობის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა უკეთესია.

    რუსეთის მოკავშირეები უნდა გავხდეთ, უკვე გადაწყვეტილებამიღებულები უნდა მივიდეთ მასთან. ეს გადაწყვეტილება თუ არ მივიღეთ, სხვა პირობებზე ვერ დავილაპარაკებთ.  ჯერ აფხაზეთი დამიბრუნე და შენთან მერე მოვალ _ ეს არ არის რუსეთთან დალაპარაკების პირობა, ის ამ პირობებით არ წამოვა ჩვენთან დიალოგზე, მაგრამ, თუ სტრატეგიულ ურთიერთობაზე დავილაპარაკებთ, მერე აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზეც შეიძლება საუბარი. მთავარია, ჩვენ, საქართველო და რუსეთი, სტარეტეგიული მოკავშირეები ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური სტაბილურობაც გვექნება, ეკონომიკურიც, აფხაზეთსა და ოსეთშიც აღარ იქნება გადაგვარების საშიშროება და ,,ქართული ოცნებაც”  შეინარჩუნებს ხელისუფლებას…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here