ქართულენოვანი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 87,6%-დან 85,1%-მდე შემცირდა

    ბატონებო, რატომ არ აკონტროლებთ კანონის შესრულებას, რომლის მიხედვით პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების უფლება არ აქვს?

    ოპოზიციამ და მოსახლეობის ნაწილმა არცთუ დიდი ხნის წინათ ამბავი ატეხეს, საქართველოს ხელისუფლების ახალი მრავალმილიარდიანი პროექტი  არაბიზაციას გამოიწვევს  და  რა გვეშველებაო. საუბარია ივრის ჭალებში გასაშენებელ ქალაქსა თუ სხვა ინფრასტრუქტურაზე. რადგან ამ თემას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აჰყვა, ოპოზიციამაც დაივიწყა. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, ვინ იცხოვრებს იმ ახალაშენებულ ქალაქში, რადგან ფასები  ისეთი არ არის, ქართველთა უმრავლესობა რომ შესწვდეს. ჩამოვლენ თუ არა არაბები, ნამდვილად ვერ გეტყვით –  ეს ცალკე თემაა, მაგრამ იქნებ ჯერ იმის გამო შემოვირტყათ თავში ხელი, რაც არაბების გარეშე გვჭირს.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობამ 18,6%-ით მოიმატა და 54 460 კაცი შეადგინა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 45 920-ს  უდრიდა.  მატების მიზეზი ადვილი მისახვედრია – რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდეგ საქართველოს ბევრმა მოაშურა, არცთუ მცირე ნაწილმა ბიზნესი კარგად ააწყო და უკან დაბრუნება არ სურს. ჩვენთვის უფრო საინტერესო სხვა რამეა  – ამავე მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 85,1%-ისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობამ 2,7%-ით მოიმატა, მაგრამ  მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87,6%-დან 85,1%-მდე შემცირდა. აი, ყველაზე მეტად ამ მონაცემმა დაგვაბნია. თუ ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2,7%-ით არის მომატებული, მისი  მთლიანი წილი როგორღა შემცირდა? გამოდის, რომ ქართულენოვანი მოსახლეობის წილმა კი მოიმატა, მაგრამ დანარჩენების წილმა ისე მოიმატა, რომ მთლიანობაში უფრო ნაკლები ვართ. მონაცემების თვლა განვაგრძოთ.

    საქსტატის მონაცემების თანახმად, მშობლიური ენების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა, რომელსაც მშობლიურად 265 534 ადამიანი (6,8%) მიიჩნევს. 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14,7%-ით გაიზარდა, ანუ 10 წელიწადში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობამ 14%-ით რომ მოიმატა, იმას ნიშნავს, რომ წლიურად 1,4%-იანი სტაბილური მატება აქვთ. ეს ქართველების  მსგავსი მცირერიცხოვანი ერისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია. არავინ ამბობს, რომ აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები და მეგობრები არ არიან. თუნდაც იმ ომების დროს, რომლებიც ბოლო წლებში გვქონდა, სხვა „მოძმეებისგან“ განსხვავებით, არც ერთ აზერბაიჯანელს არ აუღია იარაღი ხელში საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ, როცა ძმობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საინგილოში ჩვენი თანამემამულეები აშკარად ვერ არიან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აქ აზერბაიჯანელები. ძმობა და მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და იმედია, ადრე თუ გვიან  რომელიმე ხელისუფლება მაინც დააყენებს ამ საკითხს ისეთ დონეზე,  პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ რომ მოგვარდეს. აქ ახალი მეჩეთი რომ შენდება, იქ უკვე არსებული ეკლესიის შეკეთების უფლება მაინც უნდა ჰქონდეს მრევლს და ეკლესიაში ლოცვისა და სიარულის არ ეშინოდეს და, როცა დაბადების მოწმობას აძლევენ მშობლებს, ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ, რომ ახალშობილს აუცილებლად მუსლიმური სახელი  ეწეროს მოწმობაში. ჰო, ეს ის მწარე რეალობაა, რომელთანაც საინგილოში მცხოვრებთ უწევთ გამკლავება და, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია.

    ისევ საქსტატის მონაცემები ვნახოთ: ბოლო აღწერის შედეგები  აჩვენებს, რომ 139 438 ადამიანს (3,5 %) მშობლიურ ენად სომხური აქვს მითითებული, რაც 2014 წელთან შედარებით, 3,7 %-ით ნაკლები მაჩვენებელია. რაც შეეხება შედარებით მცირე ენობრივ ჯგუფებს, საყოველთაო აღწერის ჩატარებისას ოსური მშობლიურ ენად 3 839 კაცმა მიუთითა, რაც 2014 წელთან შედარებით 32, 6%-იან კლებას აჩვენებს. საპირისპირო ტენდენციაა აფხაზური ენის შემთხვევაში, რომელიც მშობლიურად 370 ადამიანმა მონიშნა. ეს მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მონაცემთან (272 კაცი) შედარებით 36%-ით არის გაზრდილი.

    სომხურ ენაზე ცალკე უნდა ვთქვათ. ვერ გეტყვით, ვის მიაჩნია სომხური მშობლიურ ენად, მაგრამ, როცა საქართველოში ცხოვრობ, როცა აქ დაიბადე და გაიზარდე, ისევე როგორც შენი დედ-მამა ან ბებია-ბაბუა, ვალდებული ხარ (დიახ, ვალდებული), რომ ქართული, ანუ სახელმწიფო ენა იცოდე, მაგრამ  უბედურება ის არის, რომ, რაც დრო გადის, ქართული ენა ახალქალაქსა თუ ნინოწმინდაში სულ უფრო ნაკლებად სჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ახალქალაქზე ითქმის, სადაც სომხურენოვანი მოსახლეობის რაოდენობამ 95%-ს გადააჭარბა. ქალაქში ქართულ წარწერას ვერ ნახავთ, პროდუქტებსაც კი სომხური წარწერები აქვს; მაგას ვინ ჩივის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რომ მიხვიდეთ, თუ სომხური არ იცით, რამის გაკეთების შანსიც არ გაქვს. იქ დასაქმებული საჯარო მოხელეები არ გესაუბრებიან არც ერთ ენაზე, გარდა სომხურისა და, თუ ხმაურს ატეხ, მერე გამოჩნდება ვინმე, ვინც ქართული იცის, მაგრამ საქმის მოგვარების შანსი, პრაქტიკულად, ნულია.

    როგორ დავიჯეროთ, რომ ხელისუფლებამ ეს  არ იცის?! თუ არ იცის, ახლა ხომ გაიგებს, რომ, მაგალითად, ჩვეულებრივი სუფრის მარილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, ახალქალაქში სომხური შეფუთვით არის?  არ არსებობს მაღაზია, რომელსაც ქართულად აწერია, რისია, ვისია… მართლა არ არსებობს, ანუ წამლად, საჩვენებლად რომ იყოს ერთი მაინც.  კიდევ გავიმეორებთ: ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებამ ეს არ იცის. წინასაარჩევნოდ ხომ მაინც ჩადიან იქ მთავრობის წარმომადგენლები თუ პარტიული ლიდერები, ვერ ამჩნევენ თუ არ იმჩნევენ?

    ქართული ენის პრობლემა აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებსა თუ მინიციპალიტეტებშიც არის, მაგრამ  ისე მწვავედ არ დგას, როგორც  სამცხე-ჯავახეთში. მეტიც, აზერბაიჯანელები უფრო  ცდილობენ, ქართული ისწავლონ და არც მაღაზიებზე აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული წარწერები, აუცილებლად არის ქართულიც.  არც მუნიციპალურ სამსახურებში შეგხვდებათ ისეთი, ვინც ქართული არ იცის (სუფთად თუ არა, სასაუბრო მაინც) და, ბატონებო, რატომ არ აკონტროლებთ კანონის შესრულებას, რომლის მიხედვით პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების უფლება არ აქვს?

     ამის გაგება ხომ მაინც  მარტივია?!  ჩადით, გაესაუბრეთ და იმავე მუნიციპალიტეტის მერს  ჰკითხეთ, რას აკეთებს ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ვალდებულია, რომ ობიექტი,  რომელზეც  ქართული წარწერა არ არის, დააჯარიმოს ერთხელ, მეორედ, მესამედ და შემდეგ მუშაობა აუკრძალოს. გვესმის, რომ პირდაპირ თუ ირიბ კონფლიქტს ვერიდებით, მაგრამ ის, რაც ხდება, სახელმწიფოს მასხრად აგდებაა და სხვა არაფერი. აბა, იგივე გაბედონ სხვა ნებისმიერი ერის წარმომადგენლებმა სომხეთში და ნახავთ,  რა მოხდება.  ისინი რატომ არ ერიდებიან ასეთ თემებს და რატომ ცდილობენ სახელმწიფო ინტერესების დაცვას?!

    მოკლედ, ბოლო წლებში ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და უკვე მერამდენედ ვამბობთ, რომ დროა, განგაშის ზარები დავარისხოთ! გადახედეთ ირგვლივ რა ხდება, რამდენი შვილი ჰყავთ ქართველებს, რამდენი – არაქართველებს, ბოლოს და ბოლოს, ახალაშენებულ კორპუსებში, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენი ქართველი მეზობელი გყავთ? საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ისევ საქართველოზე აისახება და, სახელმწიფო დემოგრაფიის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს თუ არ გადადგამს, მომდევნო აღწერის შედეგები უარესი  გვექნება და  გამოსვალის მოძებნაც, შესაძლო,  დაგვიანებული აღმოჩნდეს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here