ჯარიმების შემცირების ფონზე ავარიების რაოდენობა მოიმატებს 

    დაახლოებით ერთი წლის წინათ კატეგორიულად მოვითხოვდით  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას, განსაკუთრებით სიჩქარის გადაჭარბების გამო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი იყო და ხშირად სავალალო შედეგით სრულდებოდა. მმართველმა გუნდმა იმხანად  სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ჯარიმები გაზარდა. იქვე ვივარაუდეთ, რომ ამას ეფექტი ვერ ექნებოდა, რადგან ჯარიმები საკმარისად არ იყო გაზრდილი და არაერთი  მძღოლი იოლად მოახერხებდა მათ გადახდას და სიჩქარის სიყვარულის ხვაშიადის „გასწორებას“. ასეც მოხდა, ჯარიმები გაიზარდა (ჩვენი აზრით, უმნიშვნელოდ), მაგრამ   ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არ შემცირებულა. ჰოდა, როცა გვეგონა, რომ ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს გამოიტანდა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციებს უფრო გაამკაცრებდა, პირიქით მოხდა მათი შემცირება გადაწყვიტა.

    მოდი, გადავხედოთ იმას, რაც ამჟამად  გვაქვს – მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება – 300 ლარის ოდენობით.

    წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კი, სანქციების სისტემა იქნება „უფრო დიფერენცირებული და პროპორციული“, კერძოდ: 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა განისაზღვრება 50 ლარით; 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა რჩება 100 ლარის ოდენობით; 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმებას, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება ჯარიმა  300 ლარის ოდენობით.

    სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რასაც მოსახლეობისა და მძღოლების უდიდესი ნაწილი ელოდა. ჰო, მძღოლების უდიდესი ნაწილი, რადგან კანონმორჩილი მძღოლებისთვის სიჩქარის მოყვარული კოლეგები ისეთივე პრობლემაა, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის. რატომღაც ძალიან მალე დავივიწყეთ სიჩქარის გადაჭარბების გამო მანქანაში ამომწვარი 8 ბიჭი და ვერ ვაცნობიერებთ, რა უნდა მომხდარიყო იმაზე უარესი, რომ  ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ 8 ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. მეტი იმ მანქანაში  ვერ ჩაეტეოდა, თორემ მსხვერპლი შეიძლება უფრო  მეტი ყოფილიყო. და მაშინ, როცა მშობელთა უმეტესობა ელოდა, რომ სანქციები უფრო გამკაცრდებოდა, პირიქით (განსკუთრებით ამ შეთხვევის შემდეგ) –  განახევრდა. თუ იცით, ბატონებო, რომ არაერთ მუნიციპალიტეტში, ზედ პოლიციის შენობის წინ ახალგაზრდების ნაწილი დრიფტაობს, მეორე ნაწილი ვიდეოს უღებს და მერე  იქვე სიხარულით იხდიან  ჯარიმას – 300 ლარს (ძალოვნებს მეტის უფლება არ აქვთ)? შემდეგ ეს ვიდეოები სოციალურ ქსელში იტვირთება და დანარჩენებს სტიმულს აძლევს, რომ „მაგარი ბიჭობა“ სწორედ დრიფტაობით დაამტკიცოს და  ჯარიმაც მეგობრების ჩართული ტელეფონების წინ გადაიხადოს.

    როგორც გვეუბნებიან,  მთავარი მიზეზი ჯარიმების შემცირებისა არის ის, რომ ჯარიმების გაზრდამ შედეგი ვერ  მოიტანა – სტატისტიკა არ შემცირდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ამაზე იდიოტური არგუმენტის მოფიქრება შეუძებელი იყო. რას ჰქვია, სტატისტიკა არ შემცირდა?  ამიტომ ჯარიმების რაოდენობა ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს?  მაშინ სხვა  სტატისტიკასაც გადახედეთ – ქურდობის,  ძარცვის, მკვლელობების, არც მათი შემთხვევები  შემცირებულა და მოდი, ქურდობაზე სასჯელი  4-დან 8 წლამდე რომ არის, შევამციროთ  და 2-დან 5-მდე დავიყვანოთ; იგივე გავაკეთოთ ძარცვისა და  ყაჩაღობის შემთხვევაშიც და კოჭი გავუგოროთ სამართალდამრღვევებს. ის, ვინც დადგენილ კანონებს არ ემორჩილება, ჩვეულებრივი სამართალდამრღვევია და რა მნიშვნელობა აქვს, რას აშავებს? მესმის, ვიღაცას შეიძლება ეჩქარება – ან ავადმყოფი მიჰყავს საავადმყოფოში, ან სხვა გამოუვალი სიტუაცია აქვს, მაგრამ ეს არის ასიდან ერთი, დანარჩენი 99 კი უბრალოდ „კაიფობს“, თავისას „ისწორებს“ და საკუთარი სიცოცხლის გარდა  სხვებსაც უქმნის საფრთხეს. რა დააშავა იმ მოქალაქემ,  რომელიც ე.წ. ზებრაზე გადადიოდა და ვიღაცამ დამუხრუჭება გადაჭარბებული სიჩქარის გამო ვერ მოასწრო? რა დააშავა იმ ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მშვიდად მიდიოდა და შემხვედრი ზოლიდან გადმოსული, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და ოჯახი ამოუწყვიტა? ცოტა გვაქვს ასეთი შემთხვევა? იქნებ გეცადათ და 50 და მეტი კილომეტრით გადაჭარბებაზე 1000-ლარიანი ჯარიმა დაგეწესებინათ, დანარჩენზე – 500-ლარიანი და მერე ნახავდით,  შემცირდებოდა თუ არა სტატისტიკა. დრიფტზე ხომ საერთოდ, 3-დან 5 ათასამდე უნდა იყოს ჯარიმა და მერე ვნახავდით, ის გოგო-ბიჭები როგორ „იბლატავებდნენ“ მამიკოების ნაყიდი მანქანებით და როგორ აიქნევდნენ ხელს, როგორც ახლა 300-ლარიან ჯარიმებზე იქნევენ?! ჩვენი თუ არ გჯერათ, სხვა ქვეყნების მაგალითი აიღეთ, მაგალითად სამხრეთ-აფრიკის, სადაც უმკაცრესი ჯარიმებია,  სამაგიეროდ, ყველაზე კარგი სტატისტიკა აქვთ საგზაო შემთხვევების მხრივ. იცით, რომ  სამხრეთ აფრიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში  სიმთვრალის გამო მხოლოდ ორი ადამიანი ჰყავთ დაჯარიმებული? ჰო, ყოველ ათ წელიწადში ერთ კაცს აკავებენ სიმთვრალის გამო და იცით, რატომ? ჯარიმაა 10 ათასი დოლარი, აგრეთვე, მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევა და 3-წლიანი ციხე. იმუშავა ამ სანქციამ? რა თქმა უნდა, იმუშავა და ახლა ის დაითვალეთ, რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ამ მიდგომამ?  საქართველოში  500-მდე ადამიანი რომ იღუპება ყოველწლიურად  ავარიების  შედეგად და  მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობა რომ არის, არ იცით თუ ყურადღებას არ ამახვილებთ? დააწესეთ ოთხნიშნა და ხუთნიშნა ჯარიმები  და ამას ვერავინ გააპროტესტებს. როგორ უნდა გააპროტესტოს მძღოლმა ის, რომ, ნასვამი თუ მიუჯდება საჭეს, შეიძლება ციხეში ჩასვან?! თუ გააპროტესტებს, გამოვა, რომ პოტენციური მკვლელია.

    დაბეჯითებით შეიძლება  იმის თქმა, რომ  ჯარიმების შემცირების  ფონზე მოიმატებს  ავარიების რაოდებობა. ან ის ვინ დაადგინა, რომ სიჩქარის 30-ით გადაჭარბება ნაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე 50-ით? კონკრეტულ დროსა და მომენტში, შესაძლოა, საათში 10 კილომეტრით  აჩქარებამაც კი სავალალო შედეგი გამოიწვიოს და ეს ყველაზე კარგად  სწორედ ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ, რადგან სტატისტიკა, სანამ ჩვენამდე მოვა, მათთან მიდის, ისინი ეცნობიან და მათ იციან რეალური სურათი. არ არის  მარტივი სიჩქარის განსაზღვრით ავარიის რისკის განსაზღვრა, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ეს არის „უფრო დიფერენცირებული და პროპორციული მიდგომა“.  მაშინ ასე ვთქვათ – ვინც მოიფიქრა, რომ ჯარიმები უნდა გაზრდილიყო, ანუ ამ საკითხს არადიფერენცირებულად და არაპორპორციულად მიუდგა, იმ ადამიანს, თუ ადამიანების ჯგუფს, პასუხი მოსთხოვეთ, საყვედური უთხარით, თავში წამოარტყით თუ რა უქენით? თურმე ამ ხალხის გამო სიჩქარის მოყვარული მძღოლები იჩაგრებოდნენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ მილიონობით ლარს იხდიდნენ ბიუჯეტში?!  ერთმა ნაცნობმა, რომელმაც ახალი მანქანა იყიდა, უნდა გამოვცადოო და რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ღამის ორ საათზე გავიდა, იქროლა, 300 ლარი გადაიხადა (ჯარიმის მიღებიდან პირველ 10 დღეში გადაიხადა და შესაბამისად, 20%-ით ნაკლებმა მოუწია) და… ერთ კვირაში ისევ გავიდა, მერე ისევ და მეშვიდე თუ მერვე გასვლაზე, ღამის 2 საათზე ავტობანზე ძროხას დაეჯახა. ის ძროხა ხომ დაფლითა, თავადაც უმძიმესი ტრავმები მიიღო, მანქანაც გადასაგდებია  და საინტერესოა, რომ ძროხის მეპატრონე  დააჯარიმეს, გადასარეკი ზონა არ იყო და შენს ძროხას ავტობანზე რა უნდოდაო?! ეს არის ლოგიკა და ეს არის დიფერენციაცია და პროპორცია?

    ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ, თუ ხელისუფლება უფრო მკაცრად არ მიუდგება ამ საკითხს, მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით საქართველო  მოწინავე ქვეყნებს შორის  აღმოჩნდება, ბოლო ადგილზე არც ახლაა, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდება, სწრაფი ნაბიჯებით წავიწევთ წინ და ქვეყანაში არც სიჩქარის მოყვარული ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდება (ხასიათიდან გამომდინარე) და არც დრიფტის. სოლიდური ჯარიმებით ამის გაკეთების მსურველთა რაოდენობის შემცირება კი ნამდვილად შეიძლება.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here