არაერთხელ დაგვიწერია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანადაფინანსების პროგრამით რეალურად ბანკებს ამდიდრებდა. საფინანსო ორგანიზაციები მზად იყვნენ, სამინისტროს თავდებობით შეღავათიანი სესხი გაეცათ და თან ხელისუფლებას თავს უქონავდნენ: აგერ, სესხს 14%-ში ვიძლევით და მომხმარებელს მხოლოდ 3%-ს ვახდევინებთ, დანარჩენი 11% თქვენზეაო. სამინისტროც პატიოსნად იხდიდა და შეიძლება, პატარა თანხებზე მათი მხრიდან გაღებული სესხის პროცენტი უმნიშვნელო იყო, მაგრამ, როცა საქმე მილიონებს ეხებოდა, საბანკო სექტორი სეროზულად მდიდრდებოდა, ამიტომ ვამბობდით, რომ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, მიდგომა უნდა შეეცვალა და როგორმე ისე მოეხერხებინა, რომ ეს თანხა არა ბანკის, არამედ ფერმერის ჯიბეში წასულიყო, რადგან განვითარება ასე უფრო შესაძლებელი იქნებოდა. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობდით, უკმაყოფილებას არ მალავდნენ ფერმერებიც და ამბობდნენ, რომ საკითხისადმი მიდგომა სწორი არ იყო.
გასულ კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფერმერებს შეხვდა და იმ ახალ პროექტზე ესაუბრა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. პროექტი, შეღავათიან კრედიტს კი არა, გრანტს გულისხმობს, რომელსაც სახელმწიფო ფერმერებს საჩუქრად მისცემს. ახლა ვიღაც იტყვის, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და მართალიც იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროგრამა მართლა ძალიან კარგია ერთი დიდი მინუსით, მაგრამ მინუსზე ქვემოთ, მანამდე პროგრამის ავ-კარგიანობაზე ვთქვათ.
მოკლედ, სახელმწიფო მზად არის, ფერმერს დაუფინანსოს ნებისმიერი გონივრული იდეა – იქნება ეს ახალი ფერმის აშენება, საქონლის შემოყვანა, სათბურის მოწყობა, მოკლედ, ყველაფერი, გარდა მეღორეობისა. მეღორეობას იმიტომ არ აფინანსებენ, რომ დიდია რისკები და, როგორც ამბობენ, ღორის დაავადებებში იმდენი ახალი შტამია, რომ კონტროლი შეუძლებელია. მაგრამ… ეს სულაც არ უშლის ხელს ზოგიერთ ქვეყანას, ღორის ხორცი მთავარ საექსპორტო პროდუქტად აქციოს და არაერთი მილიარდით შეივსოს ბიუჯეტი. ჩვენ მიზეზი უფრო სხვა რამ გვგონია, მაგრამ ამაზე სხვა დროს… ვთქვათ, ფერმერის მიერ შემუშავებული პროექტი ღირს 2 მილიონი ლარი (მცირე თანხებზეც არის საუბარი, მაგრამ ყველა ხვდება, რომ აქცენტი მსხვილ პროექტებზე გაკეთდება, რათა შედეგი საგრძნობი იყოს). ფერმერი ვალდებულია, შემუშავებული პროექტი წარუდგინოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სადაც მას აუცილებლდ დაუდასტურებენ და აუცილებლად იმიტომ, რომ იმავე სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალურად იქნება გაწერილი, რა სიგრძე-სიგანისა თუ სიმაღლის ფერმა უნდა აშენდეს, რამდენი კვადრატული ფართობი უნდა იყოს გამოყოფილი ერთ სულზე და ა.შ. ანუ, პროექტი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გაკეთდეს. ამის შემდეგ, თუ ფერმერს აქვს ის 2 მილიონი (რაც ამ შემთხვევაში იდეალურია), იწყებს კეთებას, დასრულების შემდეგ მიდის იმავე სააგენტოსთან აუდიტის დასკვნით და დახარჯული თანხიდან იღებს ზუსტად ნახევარ თანხას, ანუ მილიონს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ (და მართებულად ამბობენ), კონტროლი და მონიტორინგი იქნება უმკაცრესი. რა იგულისხმება კონტროლსა და მონიტორინგში?! სააგენტოს წარმომადგენლები დააკვირდებიან უშუალოდ მშენებლობის პროცესს, რომ ფერმერმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს და თავისი მშენებლობიდან „ატკატი“ არ გააკეთოს – თუ დახარჯავს 2 მილიონს, ღირებულება მართლაც 2 მილიონი იყოს. რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს, რადგან, როცა სახელმწიფო ფულს გაჩუქებს, არ უნდა ჩათვალო, რომ ის მეწველი ძროხაა და მისი მოტყუება შეიძლება, მაგრამ…
ვთქვათ, არ გაქვთ თანხა და სააგენტომ დაგიდასტურათ 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი. მიდიხართ ბანკთან და ეუბნებით, რომ გჭირდებათ 2 მილიონი, საიდანაც 1 მილიონის დაბრუნების ვალდებულებას სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. ეს ბანკისთვის დიდი პლუსია, მათ აქვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუშაობის გამოცდილება და იციან, რომ თანხის მიღებაზე პრობლემა არ შეექმნებათ, მაგრამ ბანკმა ისიც იცის, რომ სამინისტრო ამჯერად თანხას ფერმერს დაუბრუნებს და არა ბანკს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველაზე მეტი სარგებელი თვითონ ნახოს (როგორც ყოველთვის) და აქამდე არსებული 14%-იანი წლიური სესხის ნაცვლად 20%-იანს გასცემს. რას ნიშნავს ეს? 2 მილიონი ლარის აღების შემთხვევაში ფერმერი ვალდებული იქნება, ბანკს წლიურად თანხის 20%, ანუ 400 ათასი დაუბრუნოს, რაც ძალიან დიდი თანხაა. აქვე გეტყვით, რომ სესხი 48 თვეზე, ანუ 4 წელზე ნაწილდება. როცა ფერმერი მშენებლობას მორჩება, სახელმწიფოდან დაბრუნებულ მილიონ ლარს მაშინვე აძლევს ბანკს და სესხს ანახევრებს, მაგრამ ის 20% არსად მიდის და ამჯერად ფერმერი წელიწადში 400 ათასის ნაცვლად 200 ათასს აბრუნებს. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიღებული მილიონი ლარი ბანკის პროცენტებზე გადანაწილდება და ბანკი სრულად დაისაკუთრებს. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ფერმერი მილიონ ლარად აშენებს 2- მილიონიან შენობას და სახელმწიფო გრანტს აძლევს ბანკს, ანუ მოგებული ისევ ბანკია.სად არის გამოსავალი? სახელმწიფო ვალდებულია, საბანკო სექტორს ერთხელ და სამუდამოდ ამოსდოს ლაგამი და აიძულოს, რომ სესხის პროცენტი უცვლელად დატოვოს, ანუ დატოვოს წლიური 14%, მის მიერ გაცემული გრანტიდან რაღაც სარგებელი ფერმერმაც რომ ნახოს და მხოლოდ ბანკმა არ იხეიროს. სადაც იმდენს მიხვდნენ, რომ პროცენტებში გადახდილი თანხები, ანუ შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ბანკის სასარგებლოდ იყო მოფიქრებული და მხოლოდ მათთვის მუშაობდა, იქნებ იმასაც მიხვდნენ, რომ ეს 20%-იანი ზღვარი შესამცირებელია, თორემ რეალურად არაფერი შეიცვლება.
ცნობისთვის: სააგენტო არ დააფინანსებს მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ცხოველების ადგილზე შეძენას და, თუ ფერმერს სურს, რომ სამინისტრო ამ მიმართლებითაც დაეხმაროს, ვალდებული იქნება, საქონელი საზღვრებს გარედან, ძირითადად, ევროპიდან შემოიყვანოს.
„აქ ვერ მოვახერხებთ ფასების კონტროლს, რადგან ისეთი ფერმები, დიდი ოდენობით საქონელი რომ იყიდო, არ გვაქვს, ამიტომ ფერმერები გლეხებისგან ყიდულობენ საქონელს, ორ-სამ ცალობით აგროვებენ და ფასის კონტროლი შეუძლებელია. ევროპიდან კი მოდის შესაბამისი ინვოისი, რომელშიც ფასის გარდა საქონლის წარმომავლობა, ჯიშის სიწმინდე, წონა, სქესი და აცრების შესახებაც არის ინფორმაცია და ეს მისაღებია. ევროპიდან ჯიშიანი საქონლის შემოყვანას 50%-ით მარტივად დავაფინანსებთ“,- ითქვა შეხვედრაზე და რეალურად ასეთი მიდგომაც ლოგიკურია.
არანაკლებ საინტერესოა სოფლის მეურნეობის სააგენტოსა და უშუალოდ მინისტრის ინიციატივა რძის პროდუქტების მიმართ. თუ არაფერი შეიცვლება (და როგორც გვეუბნებიან, ყველაფერი უკვე ბოლო დეტალამდე შეთანხმებულია), 2027 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება მაღაზიების დახლებზე ნატურალური რძის პროდუქტების გვერდით მცენარეული ცხიმითა თუ პალმის ზეთით დამზადებული რძის პროდუქტების დადება, რადგან მათ რძესთან საერთო არაფერი აქვს. პარალელურად იგეგმება, რომ ყველა მაღაზიაში რძის პროდუქტების დახლზე იყოს ორი განყოფილება, რომლებსაც დიდი ასოებით ეწერება „რძის ფხვნილით დამზადებული“ და „ნედლი რძით დამზადებული“. შემდეგ მომხმარებელი გადაწყვეტს, რომელი პროდუქტის შეძენა ურჩევნია. როგორც მინისტრი ამბობს, კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, ფინანსური სანქციები ისეთი იქნება, დიდ ბიზნესმენებსაც კი წელში გაწყვეტს. ამასთანავე, ქართული რძით დამზადებულ პროდუქტებს ექნებათ ამოსაცნობი ემბლემა, რომ ეს პროდუქტი საქართველოში დამზადებული რძით არის წარმოებული. მოგეხსენებათ, ჩვენთან რძის იმპორტიც მიმდინარეობს და რძე როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოაქვთ. მოკლედ, მართალია, გვიან, მაგრამ სახელმწიფო მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოფლის მეურნეობის კონტროლი და განვითარება სხვაგვარად უნდა მოხდეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველაფრის თანმიმდევრულად და ისე განხორციელების შემთხვევაში, როგორც ეს ფურცელზე წერია, ხელშესახები შედეგი ერთ წელიწადშიც კი გვექნება და ერთი წელი სოფლის მეურნეობისთვის არაფერი არ არის. ჰო, იმავე პროექტით, მრავალწლოვანი ბაღებისა და სათბურების მოწყობაც იგეგმება და, თუ მრავალწლოვანი ხეები მოსავალს 3-4 წელიწადში მოგვცემს, სასათბურე მეურნეობას ამუშავებიდან ზუსტად 6 თვეში აქვს ეფექტი და, წესით, ადგილობრივმა ბაზარმა ესეც უნდა იგრძნოს. მთავარია, სახელმწიფო საბანკო სექტორს მოერიოს და მეტი თანხა ფერმერებისკენ წავიდეს.
ბესო ბარბაქაძე







