ყოველწლიურად თითქმის 14,5 მლნ ლარის ყურძენი შემოგვაქვს და  საქართველოს უნდა ჰქონდეს  პრეტენზია ღვინისა და ვაზის სამშობლოს ტიტულზე?

    იმ თანხად, რომელიც გასულ წელს ყურძნის იპორტისთვის დავხარჯეთ, 7 მაცივრის მოწყობა შეიძლება საქართველოში. ეს იმპორტს პირველივე წელს 25 %-ით შეამცირებს და ბაზარს იაფი და ხარისხიანი პროდუქტით მოამარაგებს

    მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 6 აპრილს გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ ასაშენებლად  ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 6 მაისს დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ დაინტერესება ხუთმა კომპანიამ გამოხატა, საბოლოოდ ტენდერი შეწყდა და ეს საინტერესოდ ახსნეს.

    „ღვინის ქალაქის“ ასაშენებლად  გამოცხადებული ტენდერისშეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ ტექნიკური დავალება საჭიროებს გარკვეული მოთხოვნების, საპროექტო მოცულობების, ფუნქციური და ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესყიდვების ობიექტის სრულყოფილი აღწერა და პოტენციური მონაწილეებისთვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება. სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულმა პირმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კონცეფციებიდან სრულყოფილად ვერც ერთი ვერ პასუხობს  დასმულ ამოცანას – საქართველოში ეროვნული ღვინის მუზეუმისა და მასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. თურმე ღვინის ქალაქი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მუდმივმოქმედ და დროებით გამოფენებს, ინტერაქციულ საგანმანათლებლო სივრცეებს, საკონსერვაციო ლაბორატორიას, სპეციალიზებულ ბიბლიოთეკას, ენოთეკასა და ფონდსაცავს, დეგუსტაციის დარბაზსა და გასტრონომიულ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს, კომერციულ ერთეულებს… საინტერესოა, ეს ყველაფერი თავიდანვე  რატომ არ გამოაცხადეს და დაწერეს, როცა საუბარი 1 455 000 ლარის ღირბულების  პროექტზეა?!  შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 1 455 000 ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწილეობაზე წინადადებების მიღება 1 ივლისს იწყება და 6 ივლისს სრულდება.

    ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,  კარგია, როცა პრეტენზია გვაქვს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომ პირველი ვაზი საქართველოში დაირგო, რომ ჩვენზე ადრე არც ღვინის გემო იცოდა ვინმემ და არც სხვა სიკეთეები, მაგრამ… მოგეხსენებათ, ღვინო ყურძნისგან მზადდება (არის მაყვლის, მარწყვის, ბროწეულის ღვინოც კი, მაგრამ ჩვენ ტრადიციულ და ყველაზე გავრცელებულ ფორმასა თუ სახეობაზე ვსაუბრობთ) და რატომღაც გვგონია, რომ სწორედ ყურძნის მიმართულებით გვიჭირს. ახლა ბევრი არ დაგვეთანხმება, აქაოდა, ყოველი რთველის წინ ჭარბი ყურძნის ჩაბარების პრობლემაა, სახელმწიფო ერევა და სუბსიდირებას  იწყებსო, მაგრამ ნურას უკაცრავად. მოდი, ჯერ სტატისტიკას გადავხედოთ: 2018 წელი – 1,1 მლნ დოლარი, 2019 წელი –  1,3 მლნ დოლარი, 2020 წელი — 950 000  დოლარი, 2021 წელი — 1 მლნ დოლარი, 2022 წელი — 1,086 მლნ დოლარი, 2023 წელი – 3,2 მლნ დოლარი, 2024 წელი — 4,7 მლნ დოლარი, 2025 წელი — 5,437 მლნ დოლარი. ეს არის სტატისტიკური მონაცემები, თუ რა რაოდენობის სუფრის ყურძენი შემოგვაქვს ყოველწლიურად, ანუ 7 წელიწადში 1 მლნ-დან თითქმის 5,5 მლნ-ზე ავედით  და ამის მიზეზი არის ერთადერთი — არ გვაქვს სამაცივრე მეურნეობა და სუფრის ყურძენი, რა რაოდენობასაც ვაწარმოებთ, ან სეზონზევე იყიდება, ან ის ქვეყნები ყიდულობენ, მერე საქართველოში რომ შემოაქვთ.  ლარში რომ ვიანგარიშოთ, 14,5 მილიონი ლარის ყურძენი შემოგვაქვს  ყოველწლიურად (წელს მოემატება, ალბათ) და  საქართველოს უნდა ჰქონდეს პრეტენზია ღვინისა და ვაზის სამშობლოს ტიტულზე?

    ყურძნის ძირითადი ნაწილი თურქეთიდან და ირანიდან შემოგვქონდა. ბოლო სამი წელია, ამ ქვეყნებს უზბეკეთიც დაემატა. არცთუ მცირე რაოდენობა შემოდის სომხეთიდან, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ სომხეთიდან შემოდის ქართული ყურძენი. როგორ? ჩვენი მეზობლები სეზონზე  იაფად ყიდულობენ ქართულ ყურძენს, ინახავენ მაცივარში და მერე, როცა ფასი სამმაგდება, საქართველოში შემოაქვთ. ასე იქცევა თურქეთიც, მათ დიდი ოდენობით სუფრის ყურძენი გააქვთ სეზონზე და მერე უკან შემოაქვთ.

    იმ 14 მილიონ ლარად, რომელიც გასულ წელს ყურძნის იპორტისთვის დავხარჯეთ, 7   მაცივრის მოწყობა შეიძლება საქართველოში. ეს  იმპორტს პირველივე წელს  25 %-ით შეამცირებს  და ბაზარს იაფი და ხარისხიანი პროდუქტით მოამარაგებს. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ყოველწლიურად მილიარდამდე თანხას რომ ხარჯავს, ორი წლით  რომ გაჩერდეს ეს პროგრამები და თანხა მხოლოდ სამაცივრე მეურნეობების მოსაწყობად დაიხარჯოს, მესამე წელს არათუ ყურძნის, არამედ, პრაქტიკულად, ყველა ხილისა თუ კენკრის იმპორტს გავანახევრებთ და უფრო მაღალ ნიშნულზეც ავალთ – ათეულობით მილიონი საქართველოში დარჩება და ადგილობრივები იხეირებენ.

    რამდენჯერ დავწერეთ, რომ სამაცივრე მეურნეობას ავითარებს  ყველა ქვეყანა და განსაკუთრებით ჩვენი მეზობლები. სომხეთმა ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესის დონეზე აიყვანა, აზერბაიჯანმა დიდი თანხების ჩადება დაიწყო, თურქეთი მსოფლიოში  ერთ-ერთი მოწინავეა, რუსეთზე საუბარიც არ ღირს, დიდი ხანია, სამაცივრე მეურნეობა განვითარებული აქვს. მხოლოდ  ჩვენ გამოვდექით ჭკვიანები და არ ვცდილობთ სამაცივრე მეურნეობის განვითარებას. ექსპერტთა აზრით, მალე საკვები პროდუქტი ნავთობზე მეტად დაფასდება, რადგან ადამიანმა შეიძლება არ იაროს ავტომობილით, არ იფრინოს, მაგრამ საკვები ყველას სჭირდება, დედამიწას  კი აღარ შეუძლია ამდენი ადამიანის გამოკვება, ამიტომ ჭარბი პროდუქცია უნდა შეინახო, მერე ყიდვა რომ არ დაგჭირდეს და ეს ყველაფერი ბიუჯეტს ხარკად არ დააწვეს. ბიუჯეტი მყარი რომ ვერ არის, კი ვიცით, აგერ, ყოველკვირეულად ზრდიან ჯარიმებს, ხელფასებისა და პენსიების დარიგება რომ არ შეფერხდეს და ვაი, რომ ბიუჯეტი, ძირითადად,  ასე ივსება და არა ადგილობრივი წარმოებიდან შესული გადასახადებით. გადახედეთ ქართულ წარმოებას, რა გვაქვს და რა შეგვიძლია რეალურად. ვიღაც იტყვის, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ყოველწლიურად, თანაც იმაზე მეტი, ვიდრე რეგიონის ან ევროპის ქვეყნებსო, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ ეს ყველაფერი ფურცელზეა. აბა, რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გვისწრებს, ახალი ინფრასტრუქტურით და ახალი სამუშაო ადგილებითაც ყველა გვისწრებს და ამ დროს ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს.

    ერთი საინტერესო მაგალითი:  მოგეხსენებათ, საქართველოში თამბაქოს ნაწარმს როგორი ფასი აქვს, ამიტომ გვიკვირდა, როცა არც ერთ ბიზნესმენს აზრად არ მოსვლია თანამედროვე ქარხნის აშენება, მით უმეტეს, რომ თამბაქოს  არ სჭირდება ისეთი ტიპის რეგულაციების დაცვა, როგორც  საკვებ პროდუქტებს. ჰოდა, იმას, რაც არ გააკეთეს ქართველებმა, ჩინური კომპანია ქვემო ქართლში აკეთებს. ჩინეთში თამბაქოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩვენთან აშენებს ქარხანას და იცით, რას ამბობს?  მუშახელი აქ უფრო იაფი იქნება და ევროპაშიც აქედან უფრო მარტივად გავიტანთ პროდუქციასო. ანუ, ჩინელი ბიზნესმენი, რომლის თანამემამულეები  მსოფლიოში იაფ მუშახელად ითვლებიან, ჩვენთან მოდის სიიაფისა და, რაღა თქმა უნდა, მდებარეობის გამო. ქარხნის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან  და განაცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი ახალი ინვესტიციაა და ტაშსაც დაუკრავენ, მაგრამ არავინ იტყვის, რომ ეს არ არის ქართული ინვესტიცია და ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ვითარდება…

    ისევ ყურძენს დავუბრუნდეთ, წესითა და რიგით, საქართველოში არც ყურძნის ჩაბარების პრობლემა უნდა იყოს და არც მისი შენახვის, მაგრამ რეალურად  ორივე მიმართულებით წლიდან წლამდე პრობლემებია. რომ არა სახელმწიფოს ჩარევა და სუბსიდიები, ბევრს ყურძენი ხელში შერჩებოდა. და მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ეს მიდგომა სხვა ფერმერებს არ მოსწონთ. რა დააშავა მაგალითად ადამიანმა, რომელსაც ბევრი ვაშლი აქვს და მისი ნორმალურ ფასად ჩაბარება უჭირს? რატომ აფინანსებს სახელმწიფო ყურძენს და არაფერს ამბობს ვაშლზე, ვაშლატამაზე, ატამზე? ერთი შეხედვით, მათი ჩივილი სამართლიანია, მაგრამ, მეორე მხრივ, ყურძენი და ვაზი ერის წარსულსა და აწმყოსთან ასოცირდება, თითქოს ჩვენი იდენტობისა და, გნებავთ, რწმენის განუყოფელი ნაწილია.  შესაბამისად, ამ სფეროსთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა აუცილებელია, მაგრამ იქნებ  ისე მოვახერხოთ, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს, რომ არც სუბსიდიები დაგვჭირდეს და მარაგიც იმდენი შევქმნათ, ზამთარში მილიონები არ გადავიხადოთ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ყურძენში.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here