საქართველოში ბევრი რამ გვაქვს საინტერესო, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც საბანკო სისტემაა, უფრო ზუსტად _ ბანკებისა და დიდი თუ მცირე საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოსახლეობის გაყვლეფის მცდელობის სისტემა, რომლის წარმომადგენლებმაც იციან, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს. ცალკე თემაა სარეკლამო კამპანიები, რომლებსაც საკმაოდ ცნობილი ბრენდები აწარმოებენ და ისინიც ყველაფერს აკეთებენ პოტენციური კლიენტის მოსატყუებლად.
მარტივი მაგალითით დავიწყოთ. გასულ კვირას სოციალური ქსელების სარეკლამო პლატფორმები წალეკა რეკლამამ ერთ-ერთი კომპანიისა, რომელიც იტალიური წარმოების სააბაზანო ნივთებზე მუშაობს – უნიტაზზე, აბაზანაზე, საშხაპე-კაბინაზე და ა.შ. ისინი საკმაოდ ძვირია და, როცა გამოაცხადეს, რომ 1200-ლარიანი ჩამოსაკიდი უნიტაზი სულ რაღაც 500 ლარი ღირდა, დავინტერესდით. ფასი ცოტა არარეალური ჩანდა (ბრენდისა და ხარისხის გათვალისწინებით), რეკლამა კი მთავრდებოდა ერთი ჩუმად ნათქვამი ფრაზით – „ჩვენს აქციაში მონაწილეობა რომ მიიღოთ, გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოთ!“. ხომ საინტერესოა, რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო იმისთვის, რომ უნიტაზი ფასდაკლებით იყიდო?! ჰოდა, დავრეკეთ და გოგონამ (სასიამოვნო ხმა ჰქონდა) გვამცნო, რომ, თუ უნიტაზის შეძენა გვსურდა 500 ლარად… 10 ცალი უნდა გვეყიდა.
– სამსართულიან სახლში, თითო სართულზე სამი სველი წერტილი რომ მოვაწყო, ათი ცალი მაინც არ გამოდის და ეს რანაირი აქცია გაქვთ?- ვკითხე გაოცებულმა და ასე მიპასუხეს: „ ჰო, მესმის, მაგრამ აქციის მთავარი პირობა ეს არის“-ო. ახლა დამისახელეთ ოჯახი, რომელიც 500 ლარის ხათრით ათ ცალ უნიტაზს იყიდის. ეს ხომ არ არის სკამი, რომელსაც, თუ ვერ გამოიყენებ, ვინმეს მაინც აჩუქებ, უნიტაზით კი ვის უნდა მიადგე? სამაგიეროდ აქციაა – ყურს ჭრის 700-ლარიანი ფასდაკლება. ცდუნება აშკარად დიდია, მაგრამ… სხვათა შორის, გამოსავალიც არსებობს – გავაკეთოთ უნიტაზის მსურველთა ჯგუფი, ათი რომ შევგროვდებით, ვიყიდოთ და დავინაწილოთ. ჯგუფს „იტალიური უნიტაზი“ დავარქვათ ან, უბრალოდ, „უნიტაზი“ და მერე ამ ჯგუფში პოლიტიკაზეც შესაძლებელი იქნება საუბარი, განსაკუთრებით ოპოზიციაზე – მათზე, ხალხის ჩარეცხვით რომ იყვნენ დაკავებულნი.
არანაკლებ „საინტერესო“ შეთავაზება აქვთ ავტოდილერებს. ოღონდ მათ კი არა, დამტვრეული მანქანები რომ ჩამოჰყავდათ, არამედ მათ, ვისაც 2020 წელზე ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების განბაჟების არარეალურად გაძვირების შემდეგ სრულიად ახალი ავტოების ჩამოყვანა დაიწყეს. საუბარია ჩინურ ელექტროავტომობილებზე, რომლებსაც განბაჟება არ სჭირდება და, რაც მთავარია, ფასი მისაღებია. ასეთი ახალი ავტომობილი, ძირითადად, 18-20 ათასი დოლარი ღირს. რატომ არის იაფი? იმიტომ, რომ ახალია და 15 წლის მანქანებთან შედარებით 10-12 ათასად ფასობს, აშკარად იაფია, თუმცა… ძაღლის თავი აქაც კარგადაა დამარხული. მოკლედ, ამ ავტომობილებს გარანტია აქვს 4 წელი, რაც ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ. თუ ამ ავტომობილების მონაცემებს კარგად გაეცნობით, შეიტყობთ, რომ აკუმულატორები (ანუ ელექტრომანქანების მთავარი ნაწილი) გამართულად მუშაობს 5 წლის განმავლობაში, შემდეგ კი რეკომენდებულია შეცვლა, 6 წლის გასვლის შემდეგ კი აკუმულატორების ეფექტიანობა 60%-მდე იკლებს. გამოდის, რომ ერთ დატენვით თუ გაივლიდით, ვთქვათ, 100 კილომეტრს, 5-6 წლის შემდეგ 60 კილომეტრს გაივლით, მეშვიდე წელს კი… ეფექტიანობა 30%-ზე ჩამოდის. ორიგინალი აკუმულატორების შეცვლის ფასი 10 ათასი დოლარიდან იწყება ანუ, თუ მანქანას ყიდულობთ 18 ათასად, 5 წლის შემდეგ ამ თანხის ნახევარზე მეტს იხდით კონკრეტულ ნაწილში ან ცდილობთ, ვინმეს „შეტენოთ და შეასაღოთ“ მანქანა, რომელსაც უზარმაზარი ხარჯი სჭირდება. ამ ყველაფერს ავტოსალონებში არ გეუბნებიან და „აწვებიან“ ვერსიას, რომ, 4 წლის განმავლობაში თუ არაფერი დაემართება, მერე რაღა მოუვა?! ამით ავტომობილის მფლობელს აიძულებენ, 4 წლის თავზე ვინმე უბედურს მიჰყიდოს მანქანა, რომელიც ერთი წლის შემდეგ შეიძლება გადასაგდებიც კი იქნეს. ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს? რატომ არ წერია დიდი ასოებით, რომ აკუმულატორი ყოველ 5 წელიწადში უნდა შეიცვალოს? რატომ არ წერია, რომ აკუმულატორი, რომელიც, ძირითადად, მძღოლის სავარძლის ქვეშ არის დამონტაჟებული, გამოსხივების შედეგად პროვოცირებას უწევს სხვადასხვა დაავადებას? იმიტომ, რომ კარგად გაიყიდოს, რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ფინანსები კი როდის აინტერესებდა ვინმეს ან როდის დააინტერესებს?!.
კომპანია „მიცუბიშიმ“ თავის ერთ-ერთ საინტერესო მოდელ L -200-ზე გამოაცხადა, რომ 28 500 დოლარად ყიდის, ეს მისაღები ფასია მათთვის, ვისაც ეს მანქანა სურს, მაგრამ ბევრის სურვილი და ფინანსები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ საქმეში სალიზინგო კომპანია ჩაერთო, რომელიც ამტკიცებს, რომ „მიცუბიშის“ პარტნიორია. ჰოდა, ამ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მხოლოდ 1500 დოლარი იყო წინასწარ შესატანი, დანარჩენს სალიზინგო კომპანია აფინანსებდა და თანხას 3 წელიწადზე გადაანაწილებდა „გარკვეული პროცენტის“ დამატებით. ჰოდა, გაირკვა, რომ ის „გარკვეული პროცენტი,“ საბოლოო ჯამში, მთლიან ღირებულებაზე 25 500 დოლარის დამატება იყო, ანუ სამი წლის შემდეგ, 28 500 დოლარის ღირებულების ავტომობილში, უნდა გადაგვეხადა 54 000 დოლარი(!) და, როცა ვუთხარით, ამ პირობებით ორი ახალი მანქანის შეძენა შეგვეძლო, მაშინ სალიზინგოს რატომღა ურეკავთ, წადით და იყიდეთო. რა თქმა უნდა, არც ამ სალიზინგოს მოსთხოვს ვინმე პასუხს „ეფექტური პროცენტის“ გამო, ვიღაცას კი ხელი რომ წაუცდეს, მანქანის ყიდვა კი არა, შეიძლება სახლ-კარი დაკარგოს.
რა გამოდის? ის „უფასო ფული“, 14 წლის წინათ რომ დაგვპირდნენ, ისეთი „ფასიანი“ და მიუწვდომელია, ბევრი ვერც კი იოცნებებს. არადა, ამ ყველაფრის მოგვარება მარტივად შეიძლება – ბანკებისთვის ზღვრული პროცენტის დაწესებით. შედეგად ბანკებს წლის ბოლოს რამდენიმე მილიარდის ნაცვლად რამდენიმე ასეული მილიონის მოგება ექნებათ. ჰო, არ არის აუცილებელი, ბანკებმა მილიარდები იშოვონ, მით უმეტეს, რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდის ეს ყველაფერი. რეალურად, ამის დიდი იმედი ჰქონდა მოსახლეობას; იმედი იმისა, რომ 2012 წელს მოსული ხელისუფლება ბანკების მფლობელთა მადას ლაგამს ამოსდებდა, მაგრამ პირიქით მოხდა – საფინანსო დაწესებულებებმა ბოლომდე „გაიჯეჯილეს“ და ახლა მათ მარაგებში (ყველა ბანკის ერთად აღებული) სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი თანხა დევს. ეს მათ მომავალში უფრო მეტი „თავხედობის“ სტიმულს აძლევს, მაგრამ ამ საკითხის მოსაგვარებლად დღეს არავის სცალია – არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. დამოუკიდებლობის დღეა კარზე მომდგარი და პოლიტიკოსები იმაზე დავობენ, ვინ უნდა ჩაიბაროს აღლუმი, სად უნდა გაიმართოს საპროტესტო აქცია, ვინ უნდა დაიბრალოს წარმატების შემთხვევაში ორგანიზატორობა და ვის უნდა შეტენონ კრახის შემთხვევაში ისედაც მცირერიცხოვანი მხარდამჭერების იმედგაცრუება. მომდევნო დღეებში ხელისუფლება აქციის ორგანიზატორების ქილიკით იქნება დაკავებული, ოპოზიცია პირიქით – იტყვის, რომ ყველაფერი გადასარევად იყო და არც ერთ მხარეს არ ემახსოვრება უნიტაზების აქცია, არც მკვლელი ლიზინგი, არც დახლზე ოც ლარად შემოდებული საადრეო ბალი, რომელსაც პატარები მხოლოდ თვალებით ჭამენ და იციან, რომ მშობლებს ყიდვა უჭირთ. შემდეგ უმაღლესის გამოცდები დაიწყება და მასზე გადავერთვებით, შემდეგ -არდადეგები და ვინ სოფელში წავა და ვინ საზღვარგარეთ დაისვენებს, მერე კი – სკოლის დაწყება, ბაღი და ასე… ყოველდღური რუტინა მოსახლეობას ავიწყებს მწარე რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.
ამოსუნთქვისა და დაფიქრების საშუალება რომ ჰქონდეს უმრავლესობას, აშკარად არ მოეწონება ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაზეც პასუხს არავის სთხოვენ. ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერაც აღარ არის საინტერესო, რადგან ციხეშია ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სუს-ის ყოფილი შეფი და ამ პერსონებზე დიდსა და გავლენიანს ვეღარავის დაიჭერენ, ამიტომ პურია უკვე საჭირო, სანახაობის ლიმიტი ამოიწურა, ბატონებო, ბოლომდე ამოიწურა!
ლევან გაბაშვილი







