რუსეთს შესთავაზეს, შექმნას „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გზა” სომხეთამდე. ამის შესახებ განაცხადა კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვლადისლავ გასუმიანოვმა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა სახელწოდებით „რუსეთი და მსოფლიო, დიალოგები 2026, ახალი რეალობა”. გასუმიანოვის არგუმენტი ასეთია: „თუკი არსებობს „ტრამპის გზა” აზერბაიჯანიდან თურქეთში, რატომ არ შეიძლება, იყოს „პუტინის გზა” აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სომხეთში?!”
სანამ საკითხს შევეხები, მსურს, გაგიზიაროთ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით „მთავარის” ფეისბუქგვერდზე გაკეთებული კომენტარების ერთი ნაწილი (სტილი დაცულია):
გ.პ.
სანამ არ დააქცევს ბოლომდე რუსეთს, ჭკუას ვერ ისწავლიან.
დ. გ.
დააბრუნეთ აფხაზეთი და გინდა, პუტინის გზა ერქვას, გინდა – რუსეთის გზა და გინდა, ყველა გზა მოსკოვში მიდის. ეს სახელი მთავარია საქ-ომ ნახოს ხეირი ფეხზე მკიდია ნატო მთავარია, ლტოლვილები დაბრუნდნენ და სხვის ომებში არ ჩავერთოთ.
გ. გ.
ჯერ დააბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და გზებზე მერე ვისაუბროთ.
ნ. ბ.
ჯანდაბამდე გქონიათ გზა, რო გდომებოდათ, კი არ გაწყვიტავდით უდანაშაულოდ აფხაზეთს და არ გადმოყრიდით ქართველებს, რომ შორიდან უყურებენ თავიანთ ნალოლიავებ სახლ კარს, სასაფლაოზეც ვერ მიდიან კვერცხი რო აუტანონ თავიანთ მიცვალებულებს. მოუნდათ ეხლა, გზა ყოფილა საჭირო თურმე.
მ. თ.
კაცობრიობის მუწუკი, უნდა დაიშალოს რუსული იმპერია.
გ. გ.
იმიტომ, რომ აფხაზეთის დაბრუნების გარეშე გზის გახსნაზე არავინ დაგელაპარაკებათ. თქვენი უტვინო თავების გადასაწყვეტია, საქართველო მტრად გყავდეთ თუ მოყვარედ.
ლ. ლ.
პუტინის გზა დამთავრდება დევნილების დაუბრუნებლად ადლერთან.
ზ. შ.
პუტინის გზა გააკეთეთ კრემლიდან ნოვოდევიჩის სასაფლაომდე, ძვირი არ დაჯდება ახლოსაა.
ვ. მ.
ტერორისტის და ფაშისტის სახელობის გზა კი არა საერთოდ არაფერი არ უნდა არსებობდეს.
რ. ბ.
აი ახლა თვითონ ეგ გასუმიანოვიც ხომ ხვდება, რომ ზე იდიოტიზმი თქვა არა?
ს. პ.
იმპერიალისტურ რუსეთს გზა ჯანდაბისკენ უნდა ქონდეს და არა საქართველო, სომხეთისკენ.
ვ. ს.
წავიდა წერა, ბიჯო, ვის წერთ ამ სიტყვებს? ადამიანები შედენეს სოცქსელებში. რაის გულაგი?
რაის სტალინის ტერორი? ადამიანი, ინდაურის ტვინა ადამიანი მისით შევა გულაგში
და წამოწობა მისით. ვის წერთ ამ სიტყვებს?
დ. ა.
არანაირი აფხაზეთის ხსენება, მხოლოდ საქართველოს გავლით.
ს. ა.
მართლა გონიათ, რომ აფხაზეთი აღიარებული დარჩება? გამორიცხულია.
მ. პ.
Giji minaxia magram amat nairi araa. Ra gegmebs alagebt tqvr sirebo sikvdili karze gawvs momdgari
მესმის, რომ ეს ვერ ჩაითვლება ამ საკითხზე ქართული საზოგადოებრივი აზრის მეცნიერულ სოციოლოგიურ სურათად, მაგრამ ამ რამდენიმე კომენტარში თანამედროვე ქართული პოლიტიკური განწყობა ირეკლება, რომელიც რეალობას მთლიანად აცდენილია. „ჯერ ტერიტორიები დააბრუნოს!” – აი ეს უპირობო, უაპელაციო, კატეგორიული ტონი რა შედეგზეა გათვლილი? ალბათ, პატრიოტულ კეკლუცობაზე, საკუთარი პიროვნების წარმოჩენაზე, მაგრამ ამ პოზიციას არაფერი აქვს საერთო რეალურ პატრიოტიზმთან, საქვეყნო პრობლემის გულთან მიტანასთან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს პოზიცია გაცხადებისთანავე ჩიხში შედის იმდენად, რამდენადაც მის უკან არაფერი დგას. იმის მარტივი გააზრებაც კი არ დგას, თუ რა იქნება იმ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე ამას არა პანიკით და მძაფრი რეაქციით, არამედ პირიქით – სრული სიმშვიდით თუ მიიღებს. ვის სასარგებლოდ და ვის საზიანოდ მუშაობს დრო – საქართველოს თუ რუსეთის? დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ყოველი წუთი საქართველოს მიერ ხელიდან გაშვებული თითო შესაძლებლობაა, რომელიც აღარ განმეორდება. ზემოთ ციტირებული კომენტარები ღაღადებენ, რომ საქართველოში ძალიან ბევრს ჰგონია, მოვა ის დრო, როდესაც საერთაშორისო ვითარება ჩვენთვის სასარგებლოდ შეიცვლება. რას მიიჩნევენ ისინი ჩვენთვის სასარგებლო ცვლილებად? პირველ რიგში, რუსეთის დასუსტებასა და დაშლას, ანუ საქართველოს მოსახლეობაში არის ნაწილი, რომელიც რუსეთის დამარცხებასა და დაშლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას ხედავს, რაც სრული აბსურდია. დღესაც კი, როდესაც რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილი გვაქვს და ამ ქვეყანასთან დიალოგის სურვილსაც კი არ ვავლენთ, საქართველოს მაინც რუსეთის ფაქტორი იცავს საბოლოო დაშლისგან. დანარჩენ მეზობელ სახელმწიფოთა ჩვენდამი დამოკიდებულების ზედაპირული გააზრებითაც კი ნათელია, რომ ყველას აქვს გარკვეული ტერიტორიული პრეტენზია; იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთი რამ ღიად არ არის გამოხატული, ფარული მოძრაობები მიგვანიშნებს ამაზე. სხვა რომ არაფერი, დავითგარეჯასთან დაკავშირებული ისტორია რად ღირს?! მეზობლების ამგვარი მოძრაობები გაცილებით მკვეთრი და ხისტი იქნებოდა, რომ არა რუსეთის ფაქტორი და გეოპოლიტიკური ბალანსის რღვევისკენ მიმართულ ქმედებებზე მისი მოსალოდნელი რეაქცია. ასე რომ, რუსეთის დასუსტება და, მით უფრო, მისი დაშლა საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს. საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოცილება მოჰყვა, რუსეთის დაშლა კი, სავარაუდოდ, საქართველოს სრული დაშლის მომასწავებელი იქნება. ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე კი არის ის, რომ რუსეთის დაშლაზე მეოცნებე დასავლური ძალები თვითონვე იშლებიან. აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილება აშკარაა. ნატოს რღვევა დაწყებულია და ევროკავშირის აბსურდიც დასასრულისკენ მიემართება. რუსეთზე დრონებით განხორციელებული შეტევა კიევზე „ორეშნიკებით”, „კინჟალებით”, „ისკანდერებითა” და სხვა სახის ბალისტიკური რაკეტებით მიტანილმა იერიშმა გადაფარა. რუსეთის დამარცხების არც იდეოლოგიური, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და, მით უფრო, არც სამხედრო რესურსი დასავლეთს არ აქვს. ერთადერთი, რაც დასავლეთს თავზე საყრელად აქვს, რუსოფობიაა, მაგრამ ცარიელი და, თანაც უსაფუძვლო სიძულვილი ზესახელმწიფოთა დასამარცხებლად საკმარისი რომ ყოფილიყო, ოთხმოცი წლის წინათ რაიხსტაგზე კი არ აფრიალდებოდა წითელი დროშა, კრემლის გუმბათს „დაამშვენებდა” ფაშისტური სვასტიკა, მაგრამ მსოფლიოს კარგად ახსოვს სტალინის ფერხთით დაყრილი ჩვრები მესამე რაიხისა…
ხედავთ, საიდან დავიწყეთ და სად მივედით? ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ გზას ავცდით, არამედ იმიტომ, რომ ყველა ის დეტალი, რომლებიც რუსეთთან არის დაკავშირებული, საბოლოოდ გლობალურ კონტექსტში იყრის თავს. საკითხი არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც შეიძლება ასე დადგეს: „ტრამპის დერეფანი” თუ „პუტინის გზა”?

ანალიტიკოსი კარინე გევორქიანი ერთ საყურადღებო გარემოებას უსვამს ხაზს: „ყველაფრიდან ჩანს, რომ ტრამპის გზა (TRIPP) ვერ შედგება. ირანელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამ გზის მშენებლობას არ დაუშვებენ. ინვესტორები, რომლებიც თავიდან გამოჩნდნენ, დაფრთხნენ”. ამის შემდეგ გევორქიანი თავის თანატომელებს ერთ საყურადღებო რჩევას აძლევს: „ჩვენი ამოცანაა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთის უსაფრთხოება კი იმაში მდგომარეობს, რომ, რაც უნდა მოხდეს, სომხეთმა ხელი უნდა მოაწეროს მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნას”.ეს გონივრული მსჯელობაა და იგი განპირობებულია არა იმდენად რუსეთის მომავალზე ზრუნვით, რამდენადაც სომხეთის მომავალზე ფიქრით; ფიქრით იმის შესახებ, რომ, როგორც კი სომხეთის ტერიტორიას რუსეთის სამხედრო ბაზები დატოვებენ, მას თურქი სამხედროები დაიკავებენ. ჩვენთვის ეს სახელმძღვანელო მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ რა ვითარებაში რა მიდგომები და პრიორიტეტები უნდა გაგვაჩნდეს. ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში პროტესტს, გზა კი არა, გონებაჩლუნგთა ის ლაშქრობა უნდა იწვევდეს, რომლის ნიმუშები ფეისბუქკომენტარების სახით სტატიის დასაწყისში წარმოგიდგინეთ. გზების, ხიდების, გვირაბებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების წინააღმდეგ კი არ უნდა გამოვდიოდეთ, გონების სისუსტეს, ფაშისტურ განწყობებს და სიძულვილს უნდა ვუცხადებდეთ ბრძოლას. რუსეთს თუ სჭირდება გზის გახსნა საქართველოს გავლით სომხეთისკენ, ჩვენ ის კი არ უნდა ვიძახოთ, ამას არ დავუშვებთო, უნდა ვთქვათ, რომ ეს მომენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რუსეთთან დიალოგში (რაც დიდი ხნის წინათ უნდა დაგვეწყო) დამატებით ბერკეტს გვიჩენს. რუსეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მისი ინტერესების დაცვა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვად და მისი ინტერესების დაცვად უნდა ვაქციოთ. ასეთი შესაძლებლობა როდესაც გვეძლევა, მას წიხლი კი არ უნდა ვკრათ, მისი გამოყენების ხელოვნებას უნდა დავეუფლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გზასთან, ბრძოლის გზა კი არა, გზის გამოყენების გზა უნდა ვეძებოთ.
ვალერი კვარაცხელია







