სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 18 მაისს სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს მიზანი არის „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა და არა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა “.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს შექმნა ევროპული პრაქტიკაა და მსგავსი მექანიზმი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ახალი სამმართველო 1 ივნისიდან ამოქმედდება და მისი ფუნქციები იქნება სიძულვილის ენის გამოვლენა, ღირსების შელახვის ფაქტების მონიტორინგი, პროაქტიული რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვა.
მართალია, სოციალურ ქსელებშიც და ქუჩაშიც ბევრი სიძულვილი დაგროვდა, ყველა მხრიდან ისმის ბილწსიტყვაობა და წყევლა-კრულვა, მაგრამ ზოგიერთის აზრით სახელისუფლო გუნდის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სინამდვილეში შეიძლება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურებოდეს… ამ საკითხზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი, პარტია ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე:
_ საქართველოში უპრეცედენტო რეპრესიებიაო, „ოცნება” აგონიაშია და ამას ჩვენ 26 მაისს დავამტკიცებთო, _ ამბობენ ,,აკაცუკები“, _ როგორ გაბედა „მოძალადე” ხელისუფლების პრემიერმინისტრმა ჭკუის სწავლება ჩვენი იდეალური ევროპელებისთვისო. ძალადობაზე საუბრობენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომელთა შეფები სწორედ ,,ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი სისტემის შემოქმედნი არიან.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ასკინკილით აპირებს ქვეყნის შეყვანას ევროკავშირში, კოპენჰაგენში მშვიდობიანი აქციის გახმაურებულ დარბევაზე ამბობს, რომ იქ პოლიციელები პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდნენ და ქართველ პოლიციელებს უსურვებს, გადმოიღონ დანიელი სამართალდამცველების სტანდარტები. იურისტი გიორგი დავითურის თქმით, მას დანიური ხელკეტები არ მოხვედრია, სამაგიეროდ მოხვდა ქართული ხელკეტები და ეს ხდებოდა თბილისში. ყოველ კვადრატულ მეტრზე, სადაც „100 ათას ადამიანს ჰქონდა სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე და მიკვირს, რომ არავინ დაიღუპა“-ო. ეს ბოლო ფრაზა არა იმდენად გაკვირვებით, არამედ დანანებით წარმოთქვა.
ე.წ. ოპოზიციის ზემოხსენებულ პროპაგანდისტებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ იმაზე, რომ საქართველოში პოლიცია ძალას, ზოგჯერ არაპროპორციულსაც, ძალადობრივი აქციის მოანაწილეთა წინააღმდეგ იყენებდა, ხოლო მიწაზე მსხდომ თუ მწოლიარე ადამიანებს ძაღლებს რომ მიუქსევ და ხელკეტებით დაუნდობლად სცემ, როგორც კოპენჰაგენში მოხდა, ეს აშკარად არაპროპორციული ძალის გამოყენებაა.
აპელირება იმაზე, რომ დანიელ პოლიციელებს სახე დაფარული არ ჰქონდათ, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იქაური კანონმდებლობთ ასეთი ქმედება ლეგიტიმურია და პოლიციელებს არ შეშინებიათ, რომ ამისთვის დაისჯებოდნენ.
ჩვენი „ქალწული” „ოპო-შპანა“ ისე იქცევა, თითქოს სხვა დასავლურ ქვეყნებში არ უნახავთ მოძალადე, მაგრამ დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებოდნენ ძალის გამოყენებას.
შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე წლის წინათ საფრანგეთში ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციებისას ორ ათეულზე მეტმა პროტესტანტმა დაკარგა თვალი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, მაგრამ დაისაჯნენ მსროლელი პოლიციელები?!
_ სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს შექმნის ინიციატივას ზოგიერთი არ მიესალმა, რადგან თვლის, რომ ეს ცენზურისა და დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯია…
_ ახალი ინიციატივით უნდა შეიზღუდოს სიძულვილის ენა და ღირსების შემლახველი ლანძღვა-გინება საჯარო სივრცეში. ეს გეგმა მაშინვე ცენზურის დაწესებად მონათლეს „აკაცუკებმა“. თითქოს არ იცოდნენ, რომ სწორედ დასავლური სტანდარტების მიხედვით საჯარო სივრცეში გამოთქმული ლანძღვა-გინებისთვის (სოციალური ქსელები კი საჯარო სივრცეა) არა ათეულობითა და ასეულობით, არამედ ათასობით ადამიანს რეგულარულად სჯიან დასავლეთში.
ეპისკოპოსი ზენონ იარაჯულიც გამოეხმაურა ხელისუფლების ამ გეგმას და დაწერა შემცეგი: ,,არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად, რომელიც საბოლოოდ დააზიანებს როგორც თავისუფლებას, ისე დემოკრატიული თანაცხოვრებისა და სულიერი კულტურის საფუძვლებს”.
კი, ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანი დეჰუმანიზაციის, ძალადობრივი რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოწოდებებისგან მით უმეტეს, როცა აგრესიული და სიძულვილზე დაფუძნებული დისკურსი ხშირად იქცევა სოციალური პოლარიზაციისა და ფიზიკური ძალადობის საფუძვლად. ამასთანავე ქრისტიანული ეთიკა უარყოფს ადამიანის დამცირებას, სიძულვილსა და ძალადობას, რადგან ადამიანი ღვთის ხატებად განიხილება და მისი ღირსება ხელშეუხებელია. ქრისტიანობისთვის მიუღებელია როგორც ადამიანის დამცირებისა და სიძულვილის ნებისმიერი ფორმა, ისე თავისუფლების შეზღუდვა.
ქუჩაში წყევლა-კრულვა და უშვერი სიტყვებით ხმამაღალი ლანძღვა-გინება რატომღაც ფასდება ხულიგნობად და საზოგადოების შეურაცხყოფად, მაგრამ იგივე ქმედება სოციალურ ქსელებში ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, თითქოს სოციალური ქსელი საჯარო სივრცეს არ წარმოადგენდეს. ეს რომ ასეა და ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი ადამიანის ლანძღვა-გინება უნდა ისჯებოდეს, ამაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც მიუთითებს.
მთავარია, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბალანსი ადამიანის ღირსების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







