იმპორტირებული პროდუქტები კვლავ დომინანტურია ქართულ ბაზარზე, არადა, შეგვიძლია ისინი 100%-ით ჩავანაცვლოთ ადგილობრივით

    საქართველოში მოყვანილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ვერც ერთი მეზობელი ქვეყნის პროდუქტი ვერ შეედრება ვერც ხარისხითა და ვერც გემოვნური თვისებებით. სამაგიეროდ ვერავის ვეღარ შევედრებით მუყაითობასა და სოფლის მეურნეობის დარგისადმი მიდგომაში

    არც ისე დიდი ხნის წინათ  დავწერეთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ სათბურების მოწყობაზე გამოცხადებული პროექტის ფარგლებში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ამ პროექტით ფერმერთა უდიდესი ნაწილი არ დაინტერესდა.  იმხანად სააგენტოსაც მივმართეთ და უფრო მეტი კონკრეტიკა მოვთხოვეთ, მაგრამ  გვიპასუხეს, შესაბამისმა კომისიამ იმუშავა და ყველაფერი რიგზეაო. თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ არ მონაწილეობს  ამ პროექტში  „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“, ანუ ყველაზე დიდი ბანკები საქართველოში? იმიტომ ხომ არა, რომ პროგრამაში არის ჩანაწერი – „დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე  გავრცელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირობები;  „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირობები ან/და „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემით გათვალისწინებული პირობები“?.. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული პროექტის დადებით მხარეზე უნდა მოგითხროთ. ჰო, დადებით მხარეზე, რომელსაც ეფექტი უკვე ჰქონდა და ეგებ  სახელმწიფო და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო კარგად დაფიქრდეს.

    სათბურების მოწყობაზე გამოცხადებული  პროექტით არაერთმა მცირე ფერმერმა ისარგებლა (ძირითადად, მცირე მეწარმეები დაინტერესდნენ, ნაკლები თანხით რომ გაერისკათ) და სათბურები ააშენა. ეს იყო გასულ წელს და რა მოგვიტანა ამ ყველაფერმა?!

    2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში პომიდვრის იმპორტი  10,6%-ით შემცირდა, ხოლო კიტრის – 14,9%-ით. რას ნიშნავს ეს? შემცირდა მოხმარება? არა, ბატონებო, მოხმარება კი არ შემცირდა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების რაოდენობამ მოიმატა და მოიმატა სწორედ იმ მცირე მეწარმეების ხაჯრზე, რომლებმაც მცირე თანხით  პომიდორი და კიტრი მოიყვანეს.  მცირე ბიძგმაც კი  რეალურად უზარმაზარი (საქართველოს მასშტაბების გათვალისწინებით) შედეგი მოგვცა და ორივე პროდუქტის შემთხვევაში იმპორტის კლება პროცენტულად ორნიშნაა. მოდი, უფრო დავაკონკრეტოთ – მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,229 მლნ დოლარის ღირებულების 11 349 ტონა პომიდორი შემოვიდა, 2025 წლის იანვარ-აპრილში კი იმპორტირებული იყო  9,206 მლნ დოლარის ღირებულების 12 921 ტონა. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პომიდვრის იმპორტი ცოტა გაუძვირდა. თუ შარშან 1 კგ-ის საშუალო ფასი გადასახადების გარეშე 71 ცენტი იყო, წელს მისი ღირებულება 73 ცენტამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, იმპორტირებული პომიდვრის 67% თურქულია; სამწუხაროდ იმიტომ, რომ თურქული პროდუქტები კვლავ დომინანტურია ქართულ ბაზარზე, არადა, შეგვიძლია ისინი 100%-ით ჩავანაცვლოთ ადგილობრივი პროდუქტებით.

    2026 წლის იანვარ-აპრილში პომიდორი, ძირითადად, შემდეგი 5 ბაზრიდან შემოვიტანეთ: თურქეთიდან – 5,520 მლნ დოლარის, 7 686 ტონა, თურქმენეთიდან – 1,218 მლნ დოლარის, 1 517 ტონა, აზერბაიჯანიდან – 982,8 ათასი დოლარის 1 381 ტონა, ირანიდან – 498.5 ათასი დოლარის, 753 ტონა, იორდანიიდან – 6,7 ათასი დოლარის, 10 ტონა.

    რაც შეეხება კიტრს,  2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულია 5,975 მლნ დოლარის ღირებულების 8 867 ტონა, 2026 წლის იმავე პერიოდში კი –  5, 084 მლნ დოლარის ღირებულების 7 935 ტონა. „საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში შემცირდა შემოტანილი კიტრის  ფასი. კერძოდ, შარშან 1 კგ-ის საშუალო  ფასი გადასახადების გარეშე 67 ცენტი იყო, წელს კი  64 ცენტამდეა შემცირებული. ასევე, სამწუხაროდ, როგორც პომიდვრის შემთხვევაში, იმპორტირებული კიტრის 77% თურქულია. 2026 წლის იანვარ-აპრილში კიტრი  ძირითადად 5 შემდეგი ბაზრიდან შემოვიტანეთ:  თურქეთიდან  3,911 მლნ დოლარის, 5 643 ტონა; ირანიდან – 1,081 მლნ დოლარის, 2 149 ტონა; აზერბაიჯანიდან – 68,2 ათასი დოლარის, 93 ტონა; უზბეკეთიდან – 21,5 ათასი დოლარის, 43 ტონა; იორდანიიდან – 2,7 ათასი დოლარის, 5.6 ტონა.

    ციფრებს თუ გადავხედავთ, რეალური მომწოდებლები თურქეთი და ირანი არიან, მაგრამ ხუთეულში იორდანიის გამოჩენა, ცოტა არ იყოს, უცნაურიცაა. ჩანს, თურქეთის მაგალითზე აზერბაიჯანიც გადაერთო სოფლის მეურნეობაზე და ამ ქვეყნიდან სულ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს. ჰოდა, თუ აქამდე სამაგალითოდ მხოლოდ თურქეთი და რუსეთი გვყავდა, ახლა ამ დუეტს სომხეთი და აზერბაიჯანიც შეუერთდა. გამოდის, რომ რეგიონში ყველა რაღაცას აკეთებს, ყველა რაღაცას გვაწვდის, ჩვენ კი  მხოლოდ  პირი გვაქვს დაღებული და ვჭამთ.  არადა  რეალობაა – საქართველოში მოყვანილ სასოფლ-სამეურნეო პროდუქტს  ვერც ერთი მეზობელი ქვეყნის პროდუქტი ვერ შეედრება ვერც ხარისხითა და ვერც გემოვნური თვისებებით. სამაგიეროდ, ვერც ერთ მეზობელს ვეღარ შევედრებით ვერც მუყაითობასა და ვერც სოფლის მეურნეობის დარგისადმი მიდგომაში. ეს სფერო სახელმწიფო ინტერესის დონეზე აიყვანეს მეზობლებმა და ყველაფერს აკეთებენ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით…  ჩვენ პირველივე წელს ვნახეთ ერთი „გაფართახალების“ შედეგი და… გავჩერდით. ანუ, ის კი არ თქვეს, არიქა, მგონი, გვეშველა, გაამართლა, მოდი, ხალხი უფრო  დავაინტერესოთ და ასე, 10 თუ 15 პროცენტი მოვაკლოთ ყოველწლიურად იმპორტირებულ  კიტრსა და პომიდორსო, არამედ, ციფრებს გადახედეს და… გაჩერდნენ. თანაც  ეს მხოლოდ ოთხი თვის მონაცემებია, ანუ, ამ ტემპით რომ განვაგრძოთ, წლის ბოლოს სერიოზულ თანხას დავტოვებთ საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ცარიელი ენთუზიაზმისა და „აბა, თქვენ იცით“ ძახილით საქმე არ გამოვა. სახელმწიფო და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო  მძლავრად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, პროგრამა ფერმერებს უნდა მოარგოს, ამის შემდეგ საუბარი არა მხოლოდ  იმპორტის ჩანაცვლებაზე, არამედ ექსპორტირებაზეც  იქნება შესაძლებელი და ეს მოხდება 2 წელიწადში.  თუნდაც ამ ორი მიმართულების „ამოქაჩვა“  უდიდეს სტიმულს მისცემს დანარჩენებს, მეტად მოინდომებენ და  მეტს შეძლებენ.

    რამდენიც  უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავარი ფული ნავთობპროდუქტებში ტრიალებს, თუნდაც  ორმუზის სრუტის კრიზისმა დაადასტურა, რომ მხოლოდ ნავთობით შორს ვერავინ წავა და საკვები პროდუქტების გაძვირებამ  უფრო შეაშფოთა რიგითი ადამიანები, ვიდრე საწვავის გაძვირებამ.  როცა ადამიანს შია და საკვებს ვერ ყიდულობს,  აგრესიული ხდება და ამ აგრესიამ შეიძლება ნებისმიერი ხელისუფალი წალეკოს, ამიტომ, უნდათ თუ არა, სახელმწიფო ლიდერების უმრავლესობა სოფლის მეურნეობაში სულ უფრო მეტ თანხას აბანდებს და, ჩვენგან განსხვავებით, ხელშესახები შედეგიც აქვთ. ჩვენ კი ვერ ვხვდებით თუ არ გვინდა მივხვდეთ, რომ სოფლის მეურნეობის  განვითარება არა მხოლოდ რიგითი ადამიანების კეთილდღეობაზე აისახება, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის ძალიან  მომგებიანი იქნება. მეზობლებზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო სოფლის მეურნეობიდან ბიუჯეტში შესული თანხების რაოდენობას წლიდან წლამდე  ზრდის და ეს, გადასახადების გაზრდით კი არა, სწორი მიდგომითა და დარგის განვითარების ხარჯზე  ხდება.

    ისე,  მსოფლიომ იმაზეც დაიწყო ყურადღების გამახვილება,  ნატურალურია თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. არ ვიცი, კიდევ სად ხდება ისე, როგორც ჩვენთან – ყველაფერი მარტივად იყიდება  და აჭამე რამდენიც გინდა და როგორც გინდა. ასე მივირთმევთ ქათამს, რომელიც არის 45 დღის და იწონის 2 კილოგრამზე მეტს, ასე მივირთმევთ ხბოს ხორცს, რომელიც არის 8 თვის და იწონის 200 კილოს… ბევრმა ისიც არ იცოდა, რა რაოდენობის პრემიქსი უნდა მიეცა გასასუქებელი საქონლისთვის, ერთმანეთში აურია სხვადასხვა სახეობა და ფაშვი გაუხეთქა, რადგან ქიმიური მინარევები  შევიდა ერთმანეთთან რეაქციაში და შინაგანმა ორგანოებმა ვერ გაუძლო.  სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. მეტიც, შხამ-ქიმიკატების გამოყენება ცოდნის გარეშე ხდება როგორც ბოსტნეულის, ისე ბაღჩეულის მოყვანისას და ასეთი პროდუქტი,  მხოლოდ ადამიანებისთვის კი არა, შინაური თუ გარეული ცხოველის საკვებადაც კი საშიშია. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ სფეროსაც უნდა მიხედოს ახალი რეგულაციებით,  მაგალითად,  თუ ფერმერს  2000 კვადრატული მეტრი  ფართობის სათბური აქვს, 200 და 300 კილოგრამი სასუქი არ უნდა მიჰყიდოს…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here