გამოცხადებული გაიაფება, ალბათ,  არ გამოვა და ვაი, რომ შეიძლება პირიქით მოხდეს!

    2025 წელს საქართველოში 71,7 მილიონი დოლარის ღირებულების მინის ბოთლები და ბოცები შემოიტანეს. შარშან ეს რაოდენობა 79,9 მილიონი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ წელს მეტი იქნება, გაისად კი შეიძლება ნახევარ მილიარდს გადააჭარბოს

    12 მარტს მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების მიმართ არაერთ ადამიანს გაუჩნდა კითხვის ნიშანი და მათ შორის ჩვენც. შევეცდებით, დეტალურად ავხსნათ, რა გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, როდის შევა ძალაში და რის გამო გაჩნდა კითხვები. მოკლედ, მთავრობის დადგენილებას ასეთი სათაური აქვს – „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“. დადგენილება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოებას (გარდა ექსპორტის მიზნით), იპორტსა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

    მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან  საერთოდ აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნისა), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არაალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას. მთავრობის განმარტებით, რეგულაციის მიზანი გარემოზე პლასტმასის ნარჩენების ნეეგატიური ზემოქმედების შემცირებაა. როგორც განმარტებაშია აღნიშნული, პლასტმასის ნაწარმის დაშლის პროცესი 400 წელზე მეტ ხანს გრძელდება,  შედეგად ნარჩენები გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებსა და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას. საქართველოში ჩატარებული ოფიციალური კვლევების მიხედვით, მდინარეებში ნაპოვნი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს, აქედან დიდი ნაწილი მოდის  ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე, მათ შორის პლასტმასის ბოთლების წილი 41%-ია.

    იცით, საინტერესო  რა არის? აბსოლუტურად ყველა მწარმოებელი ამბობს, რომ აკრძალვის დაწესების შესახებ არაფერი იცოდა და ისინი ფაქტის წინაშე დადგნენ. თავის მხრივ, მთავრობა განმარტავს, რომ მწარმოებლებს გადასაიარაღებლად  საკმარისი დრო აქვს, რადგან სრულად აკრძალვა მომავალი წლის თებერვლიდან შედის ძალაში, მაგრამ…  ყველა ამბობს, რომ გადაიარაღებასა და ახალი ჩამოსასხმელი ხაზის აწყობას, საუკეთესო შემთხვევაში, წელიწად-ნახევრიდან ორ წლამდე დრო დასჭირდება. ანუ მალე მივალთ იმ პერიოდამდე, როცა მიწოდება მოთხოვნას ვერ უზრუნველყოფს და ეს პროდუქტზე ფასს აწევს, მაგრამ პროდუქტზე ფასი ისედაც აიწევა. საუბარია მიწოდებაზე, დისტრიბუციაზე. მოგეხსენებათ, პლასტმასის ბოთლების გადატანა უფრო  მარტივი და უსაფრთხოა, მინის ბოთლები კი მეტ ადგილს მოითხოვს, ფრთხილად არის გადასატანი და, რაც მთავარია, უფრო მძიმეა, ანუ დისტრიბუციის მანქანები იმდენს ვერ წაიღებენ, რამდენიც პლასტმასის ბოთლი მიაქვთ და ეს დისტრიბუციასაც გააძვირებს. თანაც მინა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პლასტმასი, ძვირი ღირს მინის ბოთლის თუნუქის თავსახურავიც, რაც ღირებულებას ასევე გაზრდის. მთავარი ის არის, რომ საქართველოში არ გვაქვს მინის ბოთლების ისეთი წარმოება, რომელიც მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს და ამიტომ  ბოთლების შემოტანა მოგვიწევს, რასაც, პრინციპში, მცირე მასშტაბით, მაგრამ აქამდეც ვაკეთებდით. ისე, მცირეს რომ ვამბობთ, რეალურად  არც თუ ცოტა თანხაზეა საუბარი. თავად განსაჯეთ – 2025 წელს საქართველოში 71,7 მილიონი დოლარის ღირებულების მინის ბოთლები და ბოცები შემოიტანეს, შარშან  ეს რაოდენობა 79,9 მილიონი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს გაცილებით მეტი იქნება, გაისად კი შეიძლება ნახევარ მილიარდს გადააჭარბოს.

    ამ პირობებში, როცა მწარმოებლები მინის ბოთლების სრულად დანერგვის შემდეგ ფასების, სულ ცოტა, 20%-ით გაძვირებას აანონსებენ, კომისია, რომელიც აქტიურად მუშაობს, ფასების შემცირების იმედს გვაძლევს;  მით უმეტეს მტკნარ წყალზე, რადგან ერთ-ერთი კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ თურმე „საქართველო წყალს მიაქვს“ და ძვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ბედის ირონიით ყველაზე მეტად შეიძლება სწორედ წყალი გაძვირდეს და ამას ვერავინ გააპროტესტებს, რადგან ეს იქნება იმ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება, რომლის აწყობაც ახლა დაიწყო და დასასრული არ უჩანს.  ისიც ითქვა, პლასტმასი მავნეა და მინის ბოთლით სჯობს წყლის გაყიდვაო. ეგ კი გასაგებია და ვიცით, მაგრამ ძალოვან უწყებებს რომ ისევ პალასტმასის ბოთლებით მოვამარაგებთ, არა უშავს? ან ექსპორტზე რომ შეიძლება გატანა,  არა უშავს?  რაღაცის კეთებას ვიწყებთ  და შედეგზე მერე ვფიქრობთ. პლასტმასის ბოთლები რომ მიაქვს თურმე მდინარეებს, იქ ვინც ყრის, ისინი რომ დავაჯარიმოთ, არა? აბა, სცადეთ და ერთი ბოთლის გადაგდებისთვის 100-ლარიანი ჯარიმა გამოწერეთ და ნახეთ,  რა მოხდება. ყველა თუ არა, ძალიან ბევრი ამის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. არა მხოლოდ მდინარეში, არამედ ქუჩაშიც  ნაგვის დაყრის გამო გამოწერეთ ჯარიმები;  იმაზე გამოწერეთ, კორპუსებიდან ღამის საათებში პირდაპირ ეზოში რომ ისვრიან ნაგავს არაადამიანები და ნახავთ შედეგს. ბიუჯეტიც შეივსება და გვერწმუნეთ, არავინ გააპროტესტებს. რატომ? იმას ხომ არ იტყვის თავმოყვარე ქართველი, ნაგვის გადაგდება მინდა ქუჩაში და ჯარიმას რატომ მიწერენო?! აი, ეს იქნება ერთ-ერთი გამოსავალი და არა სასმელი წყლის გაძვირება. თანაც გვერწმუნეთ, თუ მოსაწამლები ვიყავით, უკვე მოვიწამლეთ, ახალ თაობას კი იმუნიტეტიც გამოუმუშავდა. თანაც გვეეჭვება, საქართველო ამ ყველაფერს ყურადღებას ევროკავშირზე მეტად აქცევდეს;  ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის აკრძალული პლასტმასის ჭურჭელი, რაც  იმას ნიშნავს, რომ ხარისხიანად დამზადების შემთხვევაში  სახიფათო არ იქნება და არც არავინ მოიწამლება.

    სხვათა შორის, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ლუდის მწარმოებლებმა შესაბამის კომისიაზე ოფიციალურად განაცხადეს, ფასს ვერ დავაკლებთ, თუ ქსელური მაღაზიები ქეშბექს არ დააკლებენო. მაგალითად, „2 ნაბიჯი“ ქეშბექის სახით  ლუდის მწარმოებლებიდან 22%-ს იღებს, ანუ, ვთქვათ,  წელიწადში გაიყიდა 10 მილიონი ლარის ლუდი (მეტიც იყიდება), წლის ბოლოს  „2 ნაბიჯს“ ერიცხება 2,2 მილიონი ლარი და ამას გარდა, ისიც მას რჩება, რაც რეალიზაციისას დაამატა. ახლა კი ლუდის მწარმოებლებს მოუწევთ პროდუქციის 20%-ით გაძვირება მხოლოდ იმიტომ, მთლიანად მინაზე მოუწევთ გადასვლა (თუ ფიქრობთ, რომ 20-ლიტრიან პლასტმასებში გაიყიდება ლუდი, ცდებით). ამას დაამატეთ ისიც, რომ ლოჯისტიკა გაჭირდება, რაც ცალკე პრობლემაა და ეს ნაწარმს კიდევ უფრო გააძვირებს. შესაბამისად, ლუდის მოყვარულებს კარგი ამბები ნამდვილად არ ელოდებათ.

    ჰოდა, იმას ვამბობთ, რომ ზარ-ზეიმით გამოცხადებული გაიაფება ამ გადმოსახედიდან  არ გამოვა და ვაი, რომ შეიძლება პირიქით მოხდეს. ქსელურმა მარკეტებმა თავისი თუ გაიტანეს, გვერწმუნეთ, დაუსჯელობის სინდრომი  შეეყრებათ და მათი განკურნება ძნელი იქნება. იცით, რომ ერთ-ერთმა დიდმა მწარმოებელმა (თუ ყველაზე დიდმა არა) გვითხრა, რომ, თუ ქსელური მარკეტების ნებას  არ დაჰყვება და იქიდან გამოუშვებენ, შეიძლება წარმოების გაჩერება მოუწიოს. ამას ამბობს პიროვნება, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ათეულობით მილიონს იხდის ბიუჯეტში და… დამოკიდებულია ქსელური მარკეტების ხელმძღვანელთა კეთილ ნებაზე. აი, ეს არის მისახედი და ეს არის როგორმე დასარეგულირებელი, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ქსელური მაკრეტების ხელმძღვანელთა უკან არ დგანან რიგითი ადამიანები და მათთვის თითის დაქნევა ძალიან გაჭირდება, უფრო კონკრეტულად კი მათთვის თითის დასაქნევად მხოლოდ კომისიის დასკვნა არ იქნება საკმარისი.

    ბესო ბარბაქაძე 

    P.S. ისეთ მსოფლოში ვცხოვრობთ, სადაც  რამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგალთად, 20 დღის წინათ ნავთობის ასე გაძვირებას ვერავინ ივარაუდებდა. ამიტომ, არც სურსათზე ფასების მომატება უნდა გაგვიკვირდეს და არც ის,  ზოგიერთ სახელმწიფოში (მათ შორის ჩვენს მეზობლადაც), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვა რომ დაიწყეს, ჰო, ჩამორთმევა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დახოცვა, აქაოდა, გაურკვეველი ვირუსი გავრცელდაო. ჯერ ძნელია იმის თქმა, ეს რას ემსახურება და, თუ ექსპერიმენტმა ჩვენამდეც მოაღწია, გვერწმუნეთ, მერე აზრს დაკარგავს წყალი მინის  ბოთლში იქნება, პლასტმასის თუ ქაღალდის.

    ბ.ბ.

                                                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here