ცხედართა შურისძიება

    აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რეი მაკგოვერნი აცხადებს, რომ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმები  საშიში ავანტიურაა, რომელსაც ერთადერთი შედეგი ექნება უთვალავი ცხედარი.

    მაკგოვერნის აზრით, ტრამპი ვერ გაიმარჯვებს. მან „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში  ჩამოთვალა ფაქტორები, რომლებმაც  ამ დასკვნის გაკეთებისკენ უბიძგა:

    1. სუსტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა (აშშ-ში საზოგადოებრივი აზრი არ არის ომის სასარგებლოდ განწყობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ 25 პროცენტი გამოთქვამს მხარდაჭერისთვის მზადყოფნას, რომელიც ომის გახანგრძლივების ვითარებაში საგრძნობლად შემცირდება. ასე დაბალი მხარდაჭერის პირობებში ომის გაგრძელებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია, სწრაფი გამარჯვების მიღწევა კი გამორიცხულია);

    2. ამერიკელ ხალხში ისრაელის მხარდაჭერის მკვეთრი შემცირება (მაკგოვერნის აზრით, ამერიკაში კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ისინი მზად არ არიან, რომ ისრაელის გამო ცხოვრების პირობები გაიუარესონ);

    3. დიპლომატიური გზის უარყოფა (ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა და დასრულების ზღვართან იყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანა ბადრ ალ-ბუსაიდი ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებდა შესამჩნევი პროგრესისა და საბოლოო შეთანხმების მოახლოების შესახებ. მაკგოვერნის აზრით, იმ ვითარებაში, როდესაც მოლაპარაკება კარგად მიდის და შედეგიც უნდა დადგეს, მდგომარეობის გადაყვანა ომის ფაზაში შეცდომაა);

    4. ირანელი ხალხის ბუნებისა და შესაძლებლობის არასწორი შეფასება (მაკგოვერნის აზრით, ირანი ისეთი არ არის, როგორიც 2003 წელს იყო. თეირანს დღეს აქვს სურვილიც, ძალაც და გადაწყვეტილების მიღების უნარიც, რომ მტერს წინ აღუდგეს, ეს კი მასთან ნებისმიერ ომს, ერთი მხრივ, გაახანგრძლივებს, მეორე მხრივ კი – გააძვირებს);

    5. მტრის ხატის შექმნა ისლამოფობიის საფუძველზე უკვე აღარ არის ეფექტიანი (11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ისლამოფობია მუშაობდა, მაგრამ პენტაგონის ნარატივი – მუსლიმებს სძულთ ჩვენი თავისუფლებაც და ჩვენი პოლიტიკაც, მოძველდა. ამ საკითხის მიმართ ხალხის დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა);

    6. რისკი იმისა, რომ მოწინააღმდეგეთა დაქსაქსულობის ნაცვლად მოხდება მათი გაერთიანება (მთავარი ფიგურების, მათ შორის ალი ხამენეის, მიზანში ამოღებამ, შესაძლებელია, ერთიანობის განცდა გააჩინოს არამხოლოდ ირანის შიგნით ანუ არამხოლოდ შიიტებში, არამედ სუნიტების ნაწილშიც. ეს კი კონფლიქტის ლოკალიზების ნაცვლად გაზრდის მის გეოგრაფიასაც და მასშტაბსაც).

    რეი მაკგოვერნის დასკვნა ასეთია: „ეს ომი ავანტიურაა, რომელშიც ტრამპი ვერ გაიმარჯვებს. ამ ომის შედეგი იქნება სამწუხარო ისტორია, რომელმაც მსხვერპლის სახით უამრავი ცხედარი დაგვიტოვა”.

    ცნობილი ანალიტიკოსი იაკობ კედმი ამ საკითხზე  ასე მსჯელობს: „აშშ-ის ადმინისტრაციას ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ ხანგრძლივ ომში არ ჩაითრიონ, რაც მაღალი რისკის შემცველია. სამხედრო ოპერაციის პირველმა კვირამ კი ის აჩვენა, რომ ყველაზე მეტად მოსალოდნელი სწორედ ეს ვარიანტია. ანალიტიკოსის აზრით, ამერიკელთა წინაშე ძალიან რთული ამოცანა დგას: ან დაკმაყოფილდეს დისტანციური ოპერაციით – რაკეტებისა და დრონების შეტევით, რაც გამარჯვებას ვერ მოიტანს, ან გადავიდეს სახმელეთო ოპერაციის რეჟიმში. კედმის აზრით, „ყველაფრიდან გამომდინარე, საჰაერო ოპერაციებით აშშ ვერ მიაღწევს ირანში რეჟიმის შეცვლის წინასწარ გაცხადებულ მიზანს, ტრამპს მოუწევს, გადავიდეს კონცეფციაზე „boots on the ground”, ანუ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, მაგრამ ეს უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის”.

    რეი მაკგოვერნი

    ამგვარ აზრს მხოლოდ რეი მაკგოვერნი და იაკობ კედმი არ გამოთქვამენ. ბევრი სპეციალისტი მსჯელობს ასე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის დაწყებამდე ყველაფერი არ იყო გათვლილი და გათვალისწინებული. ზოგიერთი იტყვის: როგორ, აშშ, მისი პრეზიდენტი და ადმინისტრაცია, მისი პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, მისი სპეცსამსახურები და ანალიტიკოსები შეცდნენ? ამ შეკითხვის პათოსი თითქოს გასაგებია, მაგრამ იმის გათვალისწინებით,  რამდენი შეცდომა დაუშვია ამ სახელმწიფოს, რამდენ ომში იწვნია მარცხი და რამდენი ქვეყნიდან წამოსულა კუდამოძუებული, შეკითხვის პათოსი მთლად სწორი არ არის. ტრამპს შეუძლია,  საჰაერო დარტყმებით ირანი ძალიან დააზიანოს, მაგრამ ასე გამარჯვებას ვერ მიაღწევს. სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ აუცილებლად მოუწევს ათასობით კუბოს გაგზავნა თავის ქვეყანაში, რაც, ბუნებრივია, სასიამოვნო ემოციის საფუძველი ვერ იქნება, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმთავითვე ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი საკითხის ერთი მხარეა. საკითხს სხვა მხარეებიც აქვს, რომლებიც იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია,  რა შედეგები  შეიძლება მოჰყვეს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს იმ ქვეყნისთვის, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლები  ასეთ სამწუხარო შეცდომებს უშვებენ. განა ნაკლები მნიშვნელობისაა ის მსხვერპლი, რომელიც ამგვარ სამხედრო ავანტიურებს წესისამებრ მოჰყვება?! ისტორია ომის შედეგებს გამარჯვება-დამარცხების მიხედვით აყალიბებს, მსხვერპლი კი მშრალი სტატისტიკაა მხოლოდ. გვამებს ასე თუ ისე (დაახლოებით მაინც) თვლიან და რიცხვები ოქმებში, ანგარიშებსა თუ წიგნებში შეაქვთ, სისხლი, ცრემლი და სული კი უკვალოდ ქრება, ამ ადამიანებს თითქოს არც ეარსებოთ. ამას რა ვუყოთ? ეს საკითხი მეორეხარისხოვანია? არადა, ისე ხდება, რომ მეორე ხარისხშიც კი არავის ახსენდება ისინი.  დიდი ხანია, მსოფლიომ (კაცობრიობამ) დაკარგა განცდის, თანაგრძნობის, ალტრუიზმის უნარი. ვის სხეულშიც ტყვიამ გაიარა, ვინც ბომბისგან ჩამოშლილი შენობის სიმძიმე საკუთარ ბეჭებზე იგრძნო და ნანგრევებში ჩაიმარხა, ის არის ომის მონაწილე და ჯარისკაცი, დანარჩენები მაყურებლები ვართ – ტელევიზორის ყუთებთან, კომპიუტერებისა თუ ტელეფონების ეკრანებთან სავარძლებში მოკალათებულნი, პოპკორნითა და ლუდით წინასწარ თადარიგდაჭერილნი და ექსტრიმის მოლოდინში გაყურსულნი. ჩვენ ადამიანის ახალი ტიპი ვართ, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს კინოსა და თეატრის ენა, ვერ აკმაყოფილებს ფილმისა და სპექტაკლის მიერ მოგვრილი ემოცია, რადგან ეს ყველაფერი თამაში და პირობითობაა. სად ის, მსახიობს ვითომ რომ მოხვდება ტყვია,  რეჟისორის ბრძანებაზე კამერის წინ ხელოვნურად რომ იკრუნჩხება, და სად ის, როცა მართლა სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანი აგონიაში ვარდება?! ომის ამ მძიმე ეპიზოდების ყურებისას, შესაძლებელია, პოპკორნის ღეჭვისგან მოღლილი ყბა წამით დაასვენო, ლუდის კათხა, რომელსაც ეს-ესაა ხელი წაავლე, პირისკენ აღარ გააქანო და იმ ემოციის მოზღვავება იგრძნო, რომელიც, ღვთის მადლით, მალე გადაგივლის. შემდგომი მძიმე კადრების გამოჩენამდე, რომლებშიც ბავშვების შეშლილი სახეები გაიელვებს, სიკვდილს უკვე რომ ჩახედეს თვალებში, ლუდის მოწრუპვასაც მოასწრებ. მათი კივილის ხმაზე კი, წაქცევამდე რომ აღმოხდებათ განწირულებს, კვლავ მოვა ექსტაზი – ნატურალური, ბუნებრივი, ცოცხალი სიკვდილის შეგრძნება, რომელმაც, ფილმისა და სპექტაკლისგან განსხვავებით, შესაძლებელია, ცრემლიც კი მოგგვაროს…

    ო, რა ბითური ხარ, ადამიანო!

    ო, რა ბინძური ხარ, ადამიანო!

    ო, რა გულქვა ხარ, ადამიანო – შენც, ძლიერო ამა ქვეყნისა, ვინც ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე ავიამზიდის გადაადგილების ბრძანების გაცემის უფლებამოსილებით ხარ აღჭურვილი და ომის დაწყებაც ისე მარტივად შეგიძლია, როგორც დირიჟორს ჯოხის ერთი აქნევით ორკესტრის აჟღერება, და შენც, იდიოტო, პოპკორნის ხრაშა-ხრუშისა და მუცელში ლუდის ჩასხმის გარდა არაფრის უფლებამოსილება რომ არ გაგაჩნია, მაგრამ იმავე დონისა და ხარისხის გულქვაობა და სისასტიკე გახასიათებს, როგორიც იმას, ვინც მთელი მატერიკის აფეთქების ბრძანებას ისე გასცემს, რომ წარბსაც არ შეიხრის. შენთვის მთავარი, მასობრივი მკვლელობისა და მსოფლიო უსამართლობის წინააღმდეგ ამბოხის განცდა კი არ არის, ომის კადრების ხილვით მოგვრილი ემოციაა;  ჯანყის კი გეშინია, ამიტომ ხარ ერთდროულად ბითურიც და სასტიკიც! ისტორიას აქვს კანონზომიერება, რომელიც მჩაგვრელებზე ჩაგრულთა შურისძიებაში ვლინდება. გიორგი ლეონიძემ ასე უმღერა სტალინის დაბადებას: „იბადებოდა, ქვეყნის სიცოცხლე თითქოს მის აკვანს ფესვით მიება, იბადებოდა ქალდეველ მონის, რომის პლებეის შურისძიება”. სტალინი მხოლოდ ისტორიული შურისძიებისთვის არ იყო მოვლენილი, იგი ახალი, ექსპლუატაციისგან თავისუფალი ადამიანისა და საზოგადოების, კაცობრიობისთვის იქამდე უცნობი სისტემისა და ეპოქის შესაქმნელად დაიბადა. შენ, ბითური თანამედროვეობის ბითურო ადამიანო, ამგვარი რევოლუციური აზროვნების თავი არ გაქვს, მაგრამ შურისძიება – დიდი ეპოქალური და ისტორიული შურისძიება მაინც მოვა; საიდანაც არ მოელიან, იქიდან მოვა – ერაყში, ლიბიაში, სირიაში, იუგოსლავიაში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში დახოცილები აჯანყდებიან, სხვა ეპოქებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში დახოცილების ამბოხი მოიცავს ქვეყნებს, მსოფლიო ომებში დაცემული გმირები აღდგებიან და დიდი საპლანეტო შურისძიების ხანძრად აგიზგიზდებიან. ჟამის მოახლოებაა ეს, რომელიც ასეა აღწერილი: ”აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია…”

    სატანის ზეობა ჩვენს დროში იმ მასშტაბებს აღწევს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ციდანაც იხუვლებს და მიწიდანაც. დაფარული სიმართლისა და დაკარგული სამართლისთვის გაერთიანდება ცა და მიწა. მე გეტყვით: ცოცხლების არ გეშინიათ, მაგრამ მკვდრების გეშინოდეთ, ცხედართა შურისძიება მოდის!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here