ქაოსი

    ქაოსი

    ბიბლიაში ქაოსი (ებრtohu wa-bohu – “უკაცრიელი და უდაბური“, დაბადება 1:2) განმარტებულია, როგორც შემოქმედებამდე არსებული, ფორმისა და წესრიგის არმქონე პირველქმნილი მდგომარეობა, რომელიც ღვთის მიერ კოსმოსის (წესრიგის) შექმნისას დაიძლია, ანუ უწესრიგობა, რომელიც ღმერთმა მოაწესრიგა.

    თავიდან ვერ იქნებოდა წესრიგი. წესრიგი რომ დამყარდეს, აუცილებელია, სულ ცოტა, ორი კომპონენტი: 1. ის, რაც უნდა მოწესრიგდეს; 2. ის, ვინც უნდა მოაწესრიგოს.

    ის, რაც უნდა მოწესრიგდეს, არის უწესრიგობა. უწესრიგობა კი იგივეა, რაც ქაოსი. მომწესრიგებელი არის ძალა და ნება. ქაოსის მომწესრიგებელი ძალა და ნება არის ღმერთი. ღვთის განმარტება რთულია, მაგრამ ერთ-ერთი განმარტება შესაძლებელია ესეც იყოს – ქაოსის მომწესრიგებელი. შესაძლებელია, ქაოსის მოწესრიგების ძალა და ნება მის გარეთაც არსებობდეს და მის შიგნითაც. ქაოსის შიგნით არსებული ძალა და ნება მატერიის კანონზომიერებათა აღიარებას ნიშნავს, რომელიც სამყაროს ახსნის მატერიალისტური გაგებაა. ქაოსის გარეთ არსებული ძალა და ნება კი ღვთის აღიარებას ნიშნავს და სამყაროს ახსნის იდეალისტური გაგებაა.

    ეს შესავალი არ ნიშნავს იმას, რომ წინამდებარე სტატიაში იდეალიზმისა და მატერიალიზმის შესახებ მსჯელობას ვაპირებ. არა, იმ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ვიმყოფებით, ეს სრულიად უადგილო იქნება. ეს შესავალია სტატიისთვის, რომელიც პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ქაოსს ეძღვნება.

    პირველი ქაოსი, რომელიც სამყაროს მასშტაბის ანუ აბსოლუტური იყო, ან ღმერთმა მოაწესრიგა ან მატერიის კანონზომიერებებმა,და, საბოლოო ჯამში, ისევ ღმერთთან მისვლას ნიშნავს. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვმარტავთ ღვთის ცნებას, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ჩვენ ვცხოვრობთ ღვთის ან მატერიის შინაგანი კანონზომიერების მიერ მოწესრიგებული სამყაროს ერთ წერტილში (პლანეტაზე), რომელიც დიდი წესრიგის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად ეფლობა პოლიტიკური, სოციალური, საერთაშორისო ხასიათის ლოკალურ ქაოსებში, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ისე სერიოზულ მასშტაბს იძენს, რომ მსოფლიო ომებშიც კი გადაიზრდება.

    მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მსოფლიოში ქაოსი დაიწყო. დღემდე ამ ქაოსისთვის შეგვეძლო ლოკალური გვეწოდებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინა ომის ფაზაში გადავიდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს, შეიძლება ითქვას, პლანეტა გეოპოლიტიკურ ქაოსში გადაეშვა. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ორმუზის სრუტის ჩაკეტვა უზარმაზარი დისბალანსის შემქმნელია ენერგომატარებლების მიწოდების საქმეში. ეს მძიმედ აისახება, როგორც მიმწოდებელი, ასევე მომხმარებელი ქვეყნების ეკონომიკაზე. ეს მხოლოდ ერთი საკითხია, რომელიც, შეიძლება ითქვას, წვეთია ზღვაში. უმთავრესი ის სიტუაციაა, მთავარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოთამაშეები საერთო ენის გამონახვის შეუძლებლობის გამო იძულებულნი რომ არიან, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალა გამოიყენონ.

    შექმნილ ვითარებას ის გარემოებაც ამძიმებს, რომ ირანს არ აქვს შესაძლებლობა, აშშ-ის სამხედრო აგრესიას პირდაპირ აშშ-ის ტერიტორიაზე უპასუხოს, ამიტომ იგი ბომბავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი გიზგიზებს. ენერგომატარებლებით მსოფლიოს მომარაგების საქმეში ახლო აღმოსავლეთის როლის გათვალისწინებით ნათელია, რა მასშტაბის ქაოსში შედის პლანეტა. ენერგომატარებლებზე ფასების ნახტომისებური ზრდა ამ პროცესთან დაკავშირებული ჯაჭვური რეაქციით მსოფლიოში აძვირებს ცხოვრებას, მაგრამ არც ეს არის ყველაფერი. მთავარი არის ის, რომ წესრიგის სისტემა, რომელიც მსოფლიოში ასე თუ ისე მოქმედებდა, ირღვევა (აქ არ ვგულისხმობ მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ნგრევას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო), მხედველობაში მაქვს ურთიერთობების ისეთი სისტემები, როგორიცაა სავაჭრო, ჰუმანიტარული, კულტურული, სამიმოსვლო, ტურისტული და სხვა, რომლებიც, თუნდაც მოშლილი საერთაშორისო წესრიგისა და სამართლის პირობებშიც, ასე თუ ისე მოქმედებდა, მაგრამ ამ ვითარებაში უკვე ვეღარ გაძლებს და, მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც ჩამოიშლება.

    ნათელია, რომ მსოფლიო გლობალური კრიზისის ფაზაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისმყოფელის მანტიამოსხმული წარდგა კაცობრიობის წინაშე, პლანეტა ომებში ჩაძირვის მიმართულებით მიდის და ამ საქმეში ლომის წილი, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, თვითონ ტრამპს ეკუთვნის. ტრამპის უკიდეგანო აგრესია ამჯერად ირანისა და იქამდე ვენესუელის მიმართ პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ტრამპმა ომი არათუ ვერ დაამთავრა უკრაინაში, სამარცხვინოდ აგებს ამ ომს, რომელიც, რამდენიც უნდა იძახოს, ჩემი ომი არ არისო, მაინც მისი ომია. ევროპა ისეთი თავგზააბნეულია, რომ გლობალურ პროცესებში დადებითი მუხტის შეტანა აღარ შეუძლია, რადგან, როგორც მეოცე საუკუნის შუა პერიოდში, ომის ჟინით არის შეპყრობილი. ევროპას მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმა შეუძლია. ცეცხლის ალში გახვეული ირანი და მთელ ახლო აღმოსავლეთში აფეთქებების ტალღაში მოყოლილი ამერიკული სამხედრო ბაზები, უკრაინის კრიზისთან ერთად, უმძიმეს ფონს ქმნის მსოფლიოში.

    გლობალურმა კრიზისებმა და ქაოსებმა პლანეტა ორჯერ მიიყვანა მსოფლიო ომამდე. ამგვარი კრიზისებიდან პლანეტის გამოყვანა მხოლოდ გლობალური ომების საშუალებით ხდება. აქ დამატებითი სირთულე შემოდის. საქმე ის არის, რომ მსოფლიო ომები, რომლებიც აქამდე გადაუტანია კაცობრიობას, მართალია, ათობით მილიონი ადამიანის მსხვერპლს იწვევდა, მაგრამ კაცობრიობას მთლიანად არ სპობდა, ამიტომ დარჩენილი თუ გადარჩენილი ნაწილისთვის გამომაფხიზლებელი (ჭკუაზე მომყვანი) ეფექტის მქონე იყო. დღევანდელი გლობალური ომი კი კაცობრიობის არსებობის დასასრული შეიძლება აღმოჩნდეს. დღეს ჩვეულებრივი შეიარაღებით ზესახელმწიფოები ერთმანეთს ვერ დაამარცხებენ, მაგრამ კრიტიკულ ზღვრამდე ერთმანეთის მიყვანა შეუძლიათ, რომლის შემდეგ რომელიმე მხარის მიერ ბირთვული შეიარაღების გამოყენება ეგზისტენციური აუცილებლობით იქნება ნაკარნახევი. რა ვითარება შეიქმნება ასეთ შემთხვევაში? ბირთვულ დარტყმას საპასუხო ბირთვული დარტყმები მოჰყვება, რაც სერიულ ხასიათს შეიძენს და დედამიწაზე ბირთვული აპოკალიფსი დაიწყება. იმედი იმისა, რომ ნებისმიერი მხარისთვის ეს თვითგანადგურების ტოლფასია და ამის გამო ამაზე არ წავლენ, შიზოფრენიის პანდემიით მოცულ მსოფლიოში დამაჯერებლობას მოკლებულია.

    ასეთია ამ საკითხის მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკა. არ მაქვს პრეტენზია, ვიწინასწარმეტყველო, კონკრეტულად რა საით წავა, მაგრამ რეალობა მოვლენათა განვითარების ვარიანტების განხილვის შესაძლებლობას იძლევა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიება სხვათა პრეროგატივაა. ღმერთმა (ქაოსის მომწესრიგებელმა) ინებოს, რომ ყველაზე ნაკლებად მტკივნეული გზები გამოინახოს, მაგრამ ერთი რამ აქედანვე უნდა გავაცნობიეროთ: ხელოვნური ქაოსებისა და კრიზისების გამომწვევი დასავლეთი ამ პრობლემათა მომგვარებელი ვერ იქნება. დღეს ქაოსთა და კრიზისთა მოგვარება აღმოსავლეთზეა დამოკიდებული, ყველაზე მეტად კი – რუსეთზე. სრული გულწრფელობით ვაცხადებ: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული (დასავლური) პოლიტიკის დასამარების ღია მხარდამჭერი და მომხრე ვარ, გამიხარდა, რომ რუსეთისა და ჩინეთისგან ირანისთვის მხარდაჭერის ყიჟინა არ მოგვისმენია. ეს იმის ნიშანია, რომ აშშ საგარეო ურთიერთობებში გაცილებით უფრო სერიოზულ (მეცნიერულ) წინააღმდეგობას წააწყდება, ვიდრე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის გამოცხადებაა. ეს მსოფლიო ომის დაწყება უფრო გამოვიდოდა, ვიდრე ირანელებისთვის მხარდაჭერა.

    იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიო ომი გარდაუვალია, დიდი მნიშვნელობა არც ექნება, საით დარჩება ან ვის მხარეს დადგება საქართველო, მაგრამ ამჟამად მაინც გვმართებს ვაიპატრიოტული აღტყინებისგან თავის დაღწევა და პოლიტიკური თუ საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისგან ნაკლებად ველოდები.

    დღეს ამ ზოგადი ფორმულებით შემოვიფარგლები. მხოლოდ იმას დავძენ, რომ ეს სტატია გამოქვეყნდება სტალინის გარდაცვალების 52-ე წლისთავზე. ნახევარი საუკუნე ვერ ეყო გზასაცდენილ კაცობრიობას იმაში გასარკვევად, ვინ იყო და რას წარმოადგენდა ამხანაგი სტალინი. იგი პლანეტაზე არსებული ქაოსებიდან და საერთაშორისო კრიზისებიდან კაცობრიობის გამომყვანი იყო. მან კაცობრიობის ისტორიაში პირველმა ააშენა სახელმწიფო, რომელიც უკლასო საზოგადოების პრინციპით იყო მოწყობილი; მან პირველმა ააშენა სახელმწიფო, რომელშიც ადამიანის სოციალური ჩაგვრა და ექსპლოატაცია მთლიანად გამოირიცხა; მან პირველმა ააშენა სახელმწიფო, რომლის მაგალითიც კაცობრიობას სოციალური უთანასწორობის, სიცრუის, გარყვნილებისა და ომების ჩიხიდან გამოიყვანდა და ქაოსებისა და კრიზისების ნაცვლად შემოქმედების, თანამშრომლობის, ინტერნაციონალიზმისა და დედამიწაზე საყოველთაო სიყვარულის ატმოსფეროს დაუმკვიდრებდა. იმ უბოროტესმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან სახელმწიფოებს ანგრევენ, სადღაც „ეპშტეინის კუნძულზე” ბავშვების სისხლის წრუპვით ვამპირულ ენერგიას იორმაგებენ, შემდეგ კი იმავე ბავშვებთან ცხოველურ სექსუალურ ვნებებს იკმაყოფილებენ, ყველა ღონე იხმარეს სტალინის მიერ აშენებული სოციალისტური სახელმწიფოს დასაშლელად. დღეს ისინი სტალინის მიერ დაჩოქებული და გასამართლებული ფაშიზმის აღორძინებით არიან დაკავებულნი; ომებს, ერთი მხრივ, მსოფლიოზე გაბატონების საშუალებად თუ მიიჩნევენ, მეორე მხრივ, ბიზნესსაქმიანობად განიხილავენ, რადგან ღმერთმა იცის, ირანში დახოცილი ასობით ბავშვის სისხლის ხარჯზე რამდენი მილიარდი გადაინაწილეს საკუთარ ჯიბეებში.

    აქ შემეძლო რამდენიმე ლოზუნგი წამომეყენებინა, მაგალითად:

    დიდება სტალინს!

    ძირს მსოფლიო კაპიტალისტური ურჩხული!

    ძირს უთანასწორობა და უსამართლობა!

    დიახ, შემეძლო ამ ლოზუნგების გამოყენება, მაგრამ რა დროს ლოზუნგებია, როდესაც მსოფლიო ომში გადაგვჩეხეს და ჩვენ ირგვლივ ზღვა სისხლი იღვრება. არ ვიცი, ამ შემთხვევაში აზრი აქვს თუ არა შეგონებას, მაგრამ მშვიდობის დარგში სხვის მიერ ნაჩუქარი ნობელის პრემიის მფლობელ დონალდ ტრამპს მაინც შევახსენებ ირლანდიელი მეცნიერის, ფიზიკოს ჯონ დესმონდ ბერნალის ერთ საყურადღებო ნათქვამს: „ომი ყოველთვის იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ დღეს იგი უდიდესი უგუნურებაცაა!”

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here