მწარე რეალობაა, რომ საქართველო თამბაქოს მოხმარების მხრივ „მოწინავე“ ქვეყნებს შორისაა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეწევიან როგორც არასრულწლოვნები, ისე ქალბატონები, მამაკაცებზე რომ არაფერი ვთქვათ. თამბაქოს კვამლი კი არა მხოლოდ მათ, არამედ გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც ვნებს.
სიგარეტი ისეთი მავნეა, რომ მისი მოწევის შეზღუდვის მიზნით მსოფლიო ორგანიზაციებმა ათასი რამ მოიფიქრეს. ჯერ რეკლამები აკრძალეს, შემდეგ სიგარეტის კოლოფებზე დაავადებული ადამიანები გამოსახეს, დიდი ასოებით დააწერეს, „მოწევა კლავს“ და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერმა არ მოიტანა ისეთი ეფექტი, როგორსაც ელოდნეენ. ნიკოტინი ჩვეულებრივი ნარკოტიკია და მიჩვევა იცის… თუმცა, რატომ ჩვეულებრივი? ის ისე მყარად ჯდება ორგანიზმში, რომ იქიდან მის განდევნას წლები სჭირდება…
საქართველოში სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას საინტერესოდ ებრძვიან. გადაწყვიტეს, რომ, თუ თამბაქოს ნაწარმის ფასს არანორმალურად მოუმატებენ, მოსახლეობა ყიდვას ვერ შეძლებს და იძულებული იქნება, მოწევას თავი დაანებოს. პირველი დიდი გაძვირებისას მწეველები თავდაპირველად დაიბნენ- ერთი კოლოფის ფასი სამის ფასს თუ გაუტოლდებოდა, არ ელოდნენ, ამიტომ თუთუნზე გადავიდნენ და თვითონ დაიწყეს სიგარეტის კეთება – ცალკე ბამბას ყიდულობდნენ, ცალკე – ქაღალდს, თამბაქოს და სიგარეტს აწყობდნენ. ასე უფრო იაფი ჯდებოდა, მაგრამ შემდეგ მიეჩვივნენ და… როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, კვლევების მიხედვით, სიგარეტის გაძვირების შემდეგ საქართველოში მწეველთა რაოდენობამ მოიმატა. ყოველ შემთხვევაში, მოხმარებამ მოიმატა და ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ძველებმა კი არ დაიწყეს მეტის მოწევა, არამედ ახლები დაემატნენ.
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ სიგარეტზე აქციზი ისევ მოიმატებს – ამჯერად 85 თეთრით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი წლიდან ერთი კოლოფი სიგარეტი, საუკეთესო შემთხვევაში, ლარით გაძვირდება და ზღაპარია ის, რომ თურმე, შემომტანები საკუთარი მოგების მარჟას მოაკლებენ რამეს. მეტიც, ეს 85 თეთრი შემოტანილ თამბაქოს ემატება, თორემ ადგილზე ნაწარმოები სიგარეტის აქციზს 60 თეთრი აკლდება, აქაოდა, ადგილობრივმა პროდუქციამ კონკურენცია უნდა გაუწიოს შემოტანილსო. ჯერ ერთი, რაც უნდა გაიაფდეს პროდუქტი, გამორიცხულია, თუ ხარისხი არ იქნება სათანადო, კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ… იცით, რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? გთხოვთ, დააკვირდეთ და ნახავთ, რომ მართლები ვართ. აქციზის გაძვირების შემდეგ, შემოტანილი სიგარეტი გაძვირდება და ადგილობრივის გაიაფების შემდეგ, არ გაიაფდება. ეს იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბიზნესმენები არ იზარალებენ, შემომტანები 85 თეთრის ნაცვლად, პრდაპირ 1 ლარს მოუმატებენ სიგარეტს, ადგილობრივები კი, იმ 60 თეთრს, რომლთაც აქაური წარმოებისთვის აქციზი გაიაფდება, ჯიბეში ჩაიდებენ. ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ როცა ამაზე მთავრობის წარმომადგენლებს ვეტყვით, დაზეპირებულ პასუხს გაგვცემენ – ბაზარი თავისუფალია და ჩვენ ფასებში ვერ ჩავერევითო. რატომღაც ისე გამოდის ხოლმე, რომ ბაზარი მუდმივად გაძვირებისკენ მიდის და სწორედ გაძვირებისას ვერ ახერხებს ხელისუფალი ჩარევას. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი, რამაც გასულ კვირას ჩვენი ყურადღება მიიპყრო.
„ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის გატარების პროცესში, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კერძო იმპორტიორები მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ. აღნიშნულს ემატებოდა საცალო სააფთიაქო ქსელის ფასნამატი. შედეგად, მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში, რეალურ ღირებულეებაზე ათჯერ ძვირად იყიდებოდა. მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციეელებს, პრეპარატები რიგ შემთხვევაში ათჯერ გაიაფდა. წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულეებები, პარალელურად მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების შევსება“,-ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა დ ამ უწყების მაღალჩინოსნებმაც ამაყად თქვეს, ახლა მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნებაო.
როგორ არ გავიხსენოთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, სწორედ ასეთი ამბავი გადაგვხდა თავს. ანუ, პრემიერმა კატეგორიულად მოითხოვა ზღვრული ფასები წამლებზე, გააფორმეს კონტრაქტები, ჩარიეს ყველა, ვისაც ეს ამბავი ეხებოდა, ან არ ეხებოდა, გაირკვა, რომ 2-ლარიანი წამლები 200 ლარად იყიდებოდა და ვითარება გამოსწორდა. ჰო, მაშინ ითქვა, რომ გამოსწორდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ არ გამოსწორებულა ფსიქოტროპულების მიმართულებით. ალალად ვთქვათ, იმხანად ფსიქოტროპულებზე საუბარი არც ყოფილა, მაგრამ იცით, მთავარი რა არის? არც იმხანად და არც ახლა არავინ დასჯილა. ანუ, გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები მოსახლეობას ძარცვავდნენ, რომ არარეალურ ფასს ახდევინებდნენ, რომ საუბარი წლიურად 70 თუ 80 მლნ ლარზე იყო, ანუ ვიღაც ამდენ თანხას ითვისებდა არაკანონიერად და პასუხს არავის სთხოვენ. არ გაგიკვირდეთ, ერთ ან ორ წელიწადში თუ გვეტყვიან, რომ თურმე ფასები გაზრდილია, მაგალითად, ბავშვთა საკვებზე და რეალურ ღირებულებაზე ათჯერ მეტს ვიხდით. ისევ გამარჯვებულად გამოაცხადებს თავს ხელისუფლება, მოსახლეობაც ტაშს დაუკრავს, მაგრამ… ისევ არავინ დაისჯება. იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს ხალხი ციხეში უნდა ჩასვათ, მაგრამ იმ 70 თუ 80 მილიონიდან ნახევარი მაინც გადაარიცხვინეთ ბიუჯეტის სასარგებლოდ და მერე ეგებ დანარჩენები დაფიქრდნენ, რომ მოპარვა არ შერჩებათ და იქნებ ცოტა მორიდებულად მოიქცნენ… ასე კი რა გამოდის? ვიღაცები წლების განმავლობაში გვპარავენ ფულს, ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან და შემდეგ ამის გამო კი არ სჯიან, არამედ ეუბნებიან, რომ ასე აღარ შეიძლება და მცირე მოგებაზე უნდა იმუშაონ (ანუ, მოგება მაინც ექნებათ) და… კრება რჩება მხიარული.
ადრეც არაერთხელ დავწერეთ და ახლაც გავიმეორებთ – არ შეიძლება ასე გაგრძელება და არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო ბაზარში ვერ ჩაერევა და ფასები თავისუფალი უნდა იყოს. ამ თავისუფალი ფასებით იქამდე მივედით, რომ მოსახლეობას ფული არაფერზე აღარ ჰყოფნის და თვიდან თვემდე ხელფასი საკმარისი არ არის. იცით, უბნის პატარა მაღაზიები რატომ ვერ ჩაყლაპეს ქსელურმა სუპერმარკეტებმა? იმიტომ, რომ უბნის მაღაზიაში ადგილობრივ მოსახლეობას პროდუქტის ნისიით აღება შეუძლია, ვალებს კი ხელფასის აღების შემდეგ ფარავენ. შემდეგ ისევ ახლიდან იწყება ყველაფერი და ისევ ხელფასის იმედად არიან. ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ უბნის პატარა მაღაზიები ისევ არსებობენ, სხვაგვარად, ვერ იმუშავებდნენ, რადგან არც არჩევანი აქვთ სუპერარკეტების მსგავსი და არც ფასები – მიმზიდველი. ვერც ფასდაკლების აქციებს აკეთებენ პროდუქტებზე, მაგრამ აქვთ მთავარი – „პოსლეზე“ მუშაობენ.
ფასდაკლების აქციებზე ცალკე უნდა ვთქვათ. როდის მოიკითხავს ხელისუფლებიდან ვინმე იმას, რომ სოსისს შემადგენლობაში წერია, „შეიძლება საქონლისა და ღორის ხორცს შეიცავდეს“-ო. როდის დასვამს კითხვას ვინმე, რომ სოსისს აწერია „საქონლის“, შემადგენლობაში კი წერია – „მექანიკურად განცალკევებული ქათის ხორცი“… იცით, რას ნიშნავს მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი? აღნიშნული სფეროს ექსპერტი მარტივად გვიხსნის – „გვგონია, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცი არის შემდეგნაირი: ხორცი გამოაცალკევეს, ძვლები გადაყარეს. რეალურად კი, ეს არის ქათამი, რომელსაც ღირებული ნაწილები – ფრთა, ბარკალი, ფილე მოსცილდა და დარჩა ძვლები, კანი და ნარჩენები. აი, ეს გადამუშავდება, მიიღება პასტისებური მასა და ესაა მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელსაც ბევრ პროდუქტში ვხვდებით. ეს არ არის აკრძალული არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც შეიძენს და მიირთმევს, რომელი ინგრედიენტებით არის შექმნილი. ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს მექანიკურად განცალკევებული ხორცი არის ე.წ. ნაგეტსების შემადგენლობაშიც და ნახევარფაბრიკატებშიც…“
გასაგებია, რომ ასეთი პროდუქტი იაფი ჯდება, მაგრამ როდემდე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა დამოკიდებული პროდუქტების ფასზე? როდემდე შეიძლება ვიკვებოთ იმით, რაც იაფია და არა იმით, რაც ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის?!ამ მხრივ ვითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურობას, თორემ სიგარეტის ფასზე რეაქცია რომ არ ექნებათ, მწეველები აქედანვე შეგუებულები არიან.
ბესო ბარბაქაძე







