„Доигрался, подлец!” – ასეთი იყო სტალინის რეაქცია, როდესაც მას ჟუკოვმა ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ ტელეფონით მოახსენა.
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ოცდარვაპუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას ისახავს მიზნად, ზელენსკის უკვე წარედგინა.
სამშვიდობო გეგმა ამ ეტაპზე დრაფტის სახითაა შეთავაზებული, რაც მასში შესწორებების შეტანის შესაძლებლობას იძლევა. ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ დოკუმენტზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად მუშაობდა. გეგმა თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან რუსტემ ამიროვთან განიხილეს, რომელიც რამდენიმე ცვლილების შემდეგ, პუნქტების უმეტეს ნაწილს დაეთანხმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ABC News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გეგმა არსებულ რთულ სიტუაციას ასახავს, ხოლო წარმოდგენილი პუნქტებით უკრაინაც და რუსეთიც იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე გასცემენ.
გავყვეთ ამ პუნქტებს სათითაოდ. ყოველ პუნქტს ბოლოში ვურთავ მოკლე კომენტარს:
1) უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება. (კომენტარი: იგულისხმება იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას რჩება. იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ტერიტორიებს კარგავს, ეს თითქოს ცუდია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემოთავაზებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში იგი გაცილებით მეტს დაკარგავს, ეს პუნქტი უკრაინისთვის მისაღები უნდა იყოს.);
2) რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ. ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული ყველა გაურკვევლობა მოგვარებულად ჩაითვლება (კომენტარი: ეს უკრაინისთვის სასარგებლო პუნქტია, რადგან იგი, უმძიმესი რეალობის მიუხედავად, მას მყარ გარანტიებს სთავაზობს.);
3) რუსეთი თავს არ დაესხმება მეზობელ სახელმწიფოებს და ნატო არ გაფართოვდება (კომენტარი: რუსეთისთვის ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი გამარჯვებაა, რადგან მან სწორედ ამის გამო იომა. რაც შეეხება უკრაინას, ეს მისი იმ სურვილზე უარის თქმაა, რომელსაც ნატოს წევრობა ჰქვია, მაგრამ მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთი პერსპექტივა იმთავითვე არ არსებობდა. სხვათა შორის, ეს ჩვენთვისაც სამომავლო გაკვეთილი და თან იმისი დადასტურებაა, რა აბსურდული ჩანაწერი გვაქვს კონსტიტუციაში ნატოს შესახებ.);
4) აშშ-ის შუამდგომლობით, უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილ იქნას გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები, რუსეთსა და ნატოს შორის დიალოგი შედგება (კომენტარი: არ ვიცი, დეტალებში როგორ დამუშავდება ეს საკითხი, მაგრამ საერთოდ, ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე პუნქტია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ნატო ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდნენ ნატოს არეალსა და მის გაფართოებაზე არა მხოლოდ მომავლის, არამედ წარსულის თვალსაზრისითაც. ნატო მეტისმეტად არის გაფართოებული. სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან უკვე გაისმა მოთხოვნა, რომ ეს ორგანიზაცია უნდა დაბრუნდეს 1997 წლის არეალში, რაც გულისხმობს აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებიდან (ყოფილი ვარშავის პაკტი) ნატოს წასვლას);
5) უკრაინა მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს (კომენტარი: უკრაინამ დასავლეთისგან უსაფრთხოების რა გარანტიებიც მიიღო, მსოფლიომ ნახა. ქვეყანა დანგრეულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტი რუსეთი იყო და მომავალშიც რუსეთი უნდა იყოს. უსაფრთხოების სხვა გარანტი მას ისტორიულად არ ჰყოლია და ვერც ეყოლება. ამ პარადიგმიდან ამოვარდნილ უკრაინას დაღუპვა ემუქრება, ვინაიდან ესაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ახლა ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით იწყებს მოძრაობას და ეს უკვე არამხოლოდ რუსეთის, რამედ უკრაინის გამარჯვებაცაა. არა ზელენსკის, რა თქმა უნდა, არამედ – უკრაინის. ზელენსკი და უკრაინა ერთმანეთის გამომრიცხავი ცნებებია.);
6) უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600 000 პერსონით შემოიფარგლება (კომენტარი: მე რომ მკითხოთ, ამდენიც არ არის საჭირო. უკრაინისთვის რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობაა ყველაზე დიდი დაცვა და ფარი. ისე ეს პუნქტი იმაზე მეტყველებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთი მთავარი მიზანი – უკრაინის დემილიტარიზაცია უკვე მიღწეულია);
7) უკრაინა თანახმაა, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის არ შეუერთდება ნატოს და ნატო თანხმობას აცხადებს, წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინა მომავალში ორგანიზაციის წევრად არ დაიშვება (კომენტარი: თავდაპირველად რუსეთი ამ ერთადერთ პირობას უყენებდა უკრაინას. მიეღოთ ეს პირობა და, დანარჩენი ოცდაშვიდი, რაზეც ახლა ტრამპი აწერინებთ ხელს, არ იქნებოდა საჭირო. ეს უკვე ეროვნული ცნობიერების პრობლემაა);
8) ნატო თანახმაა, არ განათავსოს ჯარები უკრაინაში (კომენტარი: თანხმობას კი არა, კაპიტულაციას აცხადებს. სხვა რა გზა აქვს, უკრაინაში რუსეთმა გადაუარა მთელ ნატოს გადაუარა)
9) ევროპული გამანადგურებლები განთავსდებიან პოლონეთში (კომენტარი: ჩემი აზრით, ამ პუნქტს რუსეთისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. მე-4 პუნქტის კომენტარში ვთქვი, რომ ნატო 1997 წლის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს. პოლონეთი კი ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი სახელმწიფოა);
10) აშშ-ის გარანტია: აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიებისთვის; თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, ის დაკარგავს მინიჭებულ გარანტიებს; თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გადამწყვეტი კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი; თუ უკრაინა უმიზეზოდ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე მიიტანს შეტევას, ყველა უსაფრთხოების გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება (კომენტარი: კარგია. ოღონდ, ჯერ მიაღწიეთ ამ შეთანხმებაზე ხელისმოწერას ორივე მხრიდან);
11) უკრაინა ინარჩუნებს ევროკავშირის წევრობის უფლებას და ამ საკითხის განხილვამდე მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე. (კომენტარი: ეს სიტყვის მასალაა, უფრო სწორად აბსურდია ორი რამის გამო: 1. რისთვის სჭირდება ევროკავშირს მიწასთან გასწორებული უკრაინა?! 2. ევროკავშირი უპერსპექტივო გაერთიანებაა. მისი ერთადერტი პერსპექტივა ახლო მომავალში დაშლაა);
12) უკრაინის აღდსადგენად შემუშავდება გლობალური პაკეტი, რომელიც მოიცავს: სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების განსახორციელებლად უკრაინის განვითარების ფონდის შექმნას; აშშ ითანამშრომლებს უკრაინასთან ქვეყნის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, მილსადენებისა და საცავის ობიექტების აღდგენის, განვითარებისა და ექსპლუატაციაში შესვლის საკითხზე; ერთობლივი ძალისხმევით მოხდება ომით დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია; ინფრასტრუქტურის განვითარება; სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება; აღნიშნული ძალისხმევის დასაჩქარებლად მსოფლიო ბანკი სპეციალურ დაფინანსების პაკეტს შეიმუშავებს. (კომენტარი: უკრაინის აღდგენა საბოლოოდ რუსეთს მოუწევს. ამისი დასაბუთება ვრცელ მსჯელობას მოითხოვს, რასაც ახლა არ შევუდგები);
13) რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში: სანქციების მოხსნა განიხილება ინდივიდუალურად და ეტაპობრივად, თითოეული შემთხვევისთვის; აშშ გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ურთიერთგანვითარებისთვის – ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობების სფეროებში; რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში წევრად. (კომენტარი: მშვენიერია, კონფრონტაციას თანამშრომლობა სჯობს!);
14) გაყინული აქტივები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად: გაყინული რუსული აქტივებიდან $100 მილიარდი აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში აღდგენით და საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება; აშშ ამ წამოწყებებიდან მიიღებს მოგების 50%-ს. ევროპა დამატებით $100 მილიარდს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების ოდენობის გასაზრდელად გამოიყენებს; გაყინული რუსული თანხების დარჩენილი ნაწილი აშშ-რუსეთის საინვესტიციო ინსტრუმენტში ჩაიდება, რომელიც კონკრეტულ სფეროებში ერთობლივ პროექტებს მოხმარდება და შექმნის ძლიერ სტიმულს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. (კომენტარი: ჯერ რუსებთან შეთანხმდით. დარწმუნებული ვარ, ამ პუნქტის მიმართ მათ სრულიად განსხვავებული პოზიცია ექნებათ.);

15) უსაფრთხოების საკითხებზე შეიქმნება ერთობლივი ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა დებულების შესრულებას უზრუნველყოფს (ასეც უნდა იყოს!);
16) რუსეთი კანონმდებლობით აღიარებს თავის არააგრესიულ პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ (კომენტარი: რუსეთს არც ევროპისა და არც უკრაინის მიმართ არანაირი აგრესია არასოდეს ჰქონია. ევროპა იყო ყოველთვის პოლიტიკურად ბინძური და სამხედრო თვალსაზრისით აგრესორი. სხვა რომ არაფერი, ისტორიის წინაშე ევროპაა პასუხისმგებელი ორი მსოფლიო ომის გამო. რაც შეეხება უკრაინას, მან მართლაც ფაშისტური აგრესია გამოავლინა უკრაინის მოსახლეობის ეროვნებით რუსი ნაწილის მიმართ);
17) აშშ და რუსეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების, მათ შორის „START I” ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდებიან (კომენტარი: დიდებულია!);
18) უკრაინა თავს არაბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადებს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად (შესანიშნავია!);
19) ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ ამოქმედდება და წარმოებული ელექტროენერგია თანაბრად გადანაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის – 50:50 თანაფარდობით. (კომენტარი: ალბათ, მისაღებია, მაგრამ პროცენტებზე რუსეთთან მსჯელება მოგიწევთ);
20) ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად სხვადასხვა კულტურის ურთიერთპატივისცემას და რასიზმისა და ცრურწმენების აღმოფხვრას ისახავს; უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ; ორივე ქვეყანა თანხმდება გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ზომა და უზრუნველყოს უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების უფლებები; ყველა ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა აიკრძალება. (კომენტარი: ამ ღირებულებებს რუსები არასოდეს არღვევენ, პირიქით, იცავენ. უკრაინელებს მიხედეთ!);
21) ტერიტორიები: მოხდება ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსეთად აღიარება, მათ შორის აშშ-ის მიერ; ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება არსებული კონფლიქტის ხაზზე, რაც ნიშნავს დე ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ; რუსეთი უარს იტყვის სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის ხუთი რეგიონის გარეთ აკონტროლებს; უკრაინის ძალები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც ისინი ამჟამად იკავებენ და ეს ნაწილი ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონადგამოცხადდება, რომელიც საერთაშორისო დონეზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიად ჩაითვლება. რუსული ძალები დემილიტარიზებულ ზონაში არ შევლენ. (კომენტარი: ეს პუნქტი სერიოზულად არის დასამუშავებელი.);
22) ტერიტორიული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინა და რუსეთი იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიები გაუქმდება. (კომენტარი: ვფიქრობ, ორივე მხარისთვის მისაღები იქნება);
23) რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინას, მდინარე დნეპრი კომერციული საქმიანობისთვის გამოიყენოს. მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ (კომენტარი: ალბათ, მისაღებია);
24) შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი: პატიმრებისა და ცხედრების გასაცვლელად; დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მძევლების დასაბრუნებლად; განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა. (კომენტარი: აუცილებელია);
25) შეთანხმებიდან 100 დღეში უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს (კომენტარი: არჩევნების შემდეგ უკრაინა, რა თქმა უნდა, დაემშვიდობება ზელენსკის, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს);
26) კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს მათი ქმედებებისთვის და დათანხმდება, რომ მომავალში არ წამოჭრის რაიმე საჩივარს (კომენტარი: ჩემი აზრით, ორივე მხარისთვის მისაღები იქნება);
27) შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის შესრულებას მშვიდობის საბჭო გააკონტროლებს, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დამრღვევებისთვის დაწესდება სანქციები (კომენტარი: ალბათ მისაღებია);
28) როგორც კი მემორანდუმს ყველა მხარე მიიღებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა, გეგმის განხორციელების დასაწყებად ორივე მხარე შეთანხმებულ ტერიტორიულ პუნქტებამდე დაიხევს. (კომენტარი: ალბათ, ასე უნდა იყოს.).
ეს ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტი. იგი მემორანდუმის პროექტია, რომელსაც მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ, რათა ისტორიულ დოკუმენტად იქცეს. ფაქტია, რომ ჩამოთვლილ ოცდარვა პუნქტში გარკვეული კორექტივები შევა, მაგრამ, დღეს იქნება თუ ხვალ, შინაარსით მასთან ახლოს მყოფ დოკუმენტს მოეწერება ხელი. თუ არადა, ომი გაგრძელდება და უკრაინის მდგომარეობა გაცილებით დამძიმდება.
როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეფასდეს? წაგება-მოგების კატეგორიებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთმა გაიმარჯვა და უკრაინა დამარცხდა. ცოტა მეტი სიღრმისკენ თუ წავალთ, უკრაინა კი არ დამარცხდა, უკრაინულმა ფაშიზმმა და დამნაშავე ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სრული კრახი განიცადა. თავად უკრაინა კი თავისუფლდება დასავლური წნეხისგან და საზარბაზნე ხორცად გამოყენების საშინელი რეციდივისგან, თუმცა ამ მიმართულებით რუსეთს ჯერ კიდევ დიდი მუშაობა მოუწევს. უკრაინულ ფაშიზმთან ერთად დამარცხდა ევროპული ყოვლისმომცველი უგუნურება, რომელიც ვერანაირ ნიშანს ვერ ავლენს იმისა, რომ გონს მოეგება. რაც შეეხება ამერიკულ უსინდისობას, რომელიც წარმმართველი იყო უკრაინული კრიზისისა, იგი, თუკი ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება, ტრამპის მეოხებით, პოლიტიკურ სახეს შეინარჩუნებს, თუმცა ცოდვათაგან ვერ განიწმინდება.
ჯერჯერობით კი ასეთი სურათი გვაქვს:
ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და მას ანკორიჯის შეხვედრამდე განხილული დოკუმენტის მოდერნიზებული ვერსია უწოდა. „ჩვენ ეს ტექსტი გვაქვს, ის ამერიკული ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის არსებული წყაროებით მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ტექსტიც დაედოს საფუძვლად კონფლიქტის საბოლოო მშვიდობიან დარეგულირებას, მაგრამ საგნობრივად ჩვენთან ამ ტექსტს არ განიხილავენ, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის დათანხმებას. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები კვლავ ილუზიებით იკვიბებიან და რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე ოცნებობენ. თუ კიევში არ სურთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადების განხილვა და უარს ამბობენ მასზე, ამ შემთხვევაში მათაც და ომის ევროპელ გამჩაღებლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ორი კვირის წინ კუპიანსკში განვითარებული მოვლენები გარდაუვლად განმეორდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც.“
ზელენსკი უმძიმეს დღეში აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს მისი ძუნწი კომენტარი შექმნილ რეალობაზე: „უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს რთული არჩევანის წინაზე: ან ღირსების დაკარგვა ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი!” ეს აღიარებაა იმისა, რომ უკრაინამ უმძიმესი მარცხი იწვნია.
23 ნოემბერს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ, ასევე უკრაინის წარმომადგენელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს პროდუქტული აღმოჩნდა. ღმერთმა ქნას!
28-პუნქტიანი პროექტის ერთ-ერთი პუნქტის კომენტირებისას უკვე ვთქვი: უკრაინას რუსეთი ერთადერთ პუნქტს სთავაზობდა – ნატოზე უარის თქმას. ეთქვათ იმ წყეულ ნატოზე უარი და არც მილიონიანი მსხვერპლი ექნებოდათ, არც ტერიტორიებს (მათ შორის, ყირიმს) დაკარგავდნენ და არც ქვეყანა დაენგრეოდათ. რისთვის ჩაიდინეს ეს ყველაფერი? ყაჩაღი ზელენსკი და მისი ხროვა რომ გაემდიდრებინათ?! ნუთუ ძნელი იყო იმისი მიხვედრა, რომ პუტინი, ბოლოს, სტალინივით ჩაილაპარაკებდა: „Доигрался подлец!”
ვალერი კვარაცხელია
P. S. Financial Times-ის მიმომხილველის გედეონ რიხმანის აზრით, მოვლენები შეიძლება სამი ვერსიით განვითარდეს: 1) კიევის მიერ პროექტის უარყოფა; 2) პროექტი საფუძვლად დაედება ომის დამთავრების შესახებ მოლაპარაკებებს, მაგრამ კიევი, ევროკავშირის მხარდაჭერით მოახერხებს მასში სერიოზული კორექტივების შეტანას; 3) პროექტის განხილვისას თავს იჩენს მრავალი წინააღმდეგობა, რაც მისი ჩავარდნის საფუძვლად იქცევა. მიმომხილველის აზრით, პროექტის ჩავარდნამ შეიძლება უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, არსებობა ეჭვქვეშ დააყენოს.
27 ნოემბრამდე (პროექტის მიღების საბოლოო თარიღი) ორი დღე გვაშორებს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ვ. კ.







