ჰამლეტ ჭიპაშვილი: ნაცვლად მუსლიმთა მოძალების წინააღმდეგ ენის ლესვისა, ენა და ხმალი გალესეთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ რუსეთს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვისო!

    ,,შეუძლებელია, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ქვეყანამ იზოლირებულად იცხოვროს. იზოლირება ერს განადგურებისგან ვერ იხსნის. ერის გადარჩენა მხოლოდ განსწავლულ ხელისუფლებას, პოლიტიკას ძალუძს, პატიოსანსა და მშრომელს და არა ტყუილების მფრქვეველს”

    საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები და ე.წ. აკაცუკები საქართველოს ხელისუფლებას ,,რუსულ ოცნებას” უწოდებენ. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოღონდ რუსული არაფერი დაგვწამონო, ყოველ მეორე სიტყვაზე გმობენ რუსეთსა და საბჭოეთს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, საქართველოში, სადაც შეუძლიათ და როგორც შეუძლიათ, სურთ საბჭოთა კვალის წაშლა და რუსეთისგან მიღებული ყველა სიკეთის დავიწყება. სწორედ ამიტომ არასდროს ახსენებენ იმ სიკეთეებს, რომლებიც საბჭოთა საქართველოსგან დაგვრჩა. არადა, დღეს, როგორც იტყვიან, მსოფლიოში სოციალიზმისა და კომუნიზმის აჩრდილი დადის…

    რა ხდება მსოფლიოში და რას მალავენ საქართველოში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება: 

    _ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ინდური წარმოშობის უგანდელის, 34 წლის ზოჰრან მამდანის გამარჯვებამ სიხარულით მწყობრიდან გამოიყვანა აშშ-ში მცხოვრები მუსლიმები, ისევე, როგორც რესპუბლიკელები და მათი ლიდერი, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი _ ოღონდ საპირისპირო განცდით.

    ახალმა მერმა საჯაროდ შეუთვალა ტრამპს, _ შენი მოწინააღმდეგე ვარ და ასეთად დავრჩები, სანამ აშშ-ის ყველაზე დიდი ქალაქის მერი ვიქნებიო.

    ზოჰრან მამდანი დემოკრატიული პარტიის ყველაზე მემარცხენე ფრთის წარმომადგენელია, სოციალისტური იდეების მქონე, რომელსაც ტრამპმა კომუნისტი უწოდა (და არა მხოლოდ ტრამპმა).

    ამერიკულმა ჟურნალ-გაზეთებმა ფოტოებზე მამდანის ხელში ნამგალი და ურო დააჭერინეს, ისევე, როგორც ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებას წარწერით   „წითელი ვაშლის” ქალაქი. ცნობისთვის: ნიუ-იორკს მეტსახელად „დიდ ვაშლს” უწოდებენ.

    ახალი მერი აპირებს, ნიუ-იორკში საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა  უფასო გახადოს; ააშენოს ეკონომკლასის საცხოვრებელი სახლები; გახსნას იაფფასიანი პროდუქტების სუპერმარკეტები და ა.შ. არის თუ არა მამდანი სოციალისტი ან კომუნისტი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ის, რომ ასეთი იდეების მქონე პირი დიდი კაპიტალისტური ქალაქის არჩეული მერი ხდება, რაღაცას ნიშნავს, თანაც ისეთ რამეს, ჟრუანტელი რომ უვლის ყველას.

    კარგა ხნის წინათ ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ ამერიკელ ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული საკითხავი წიგნი მარქსის „კაპიტალი” არის-მეთქი. ეს იყო არა ჩემ მიერ მოგონილი, არამედ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ვითომ მარტო მამდანიზე იქონიეს გავლენა მარქსმა, ენგელსმა, ლენინმა, სტალინმა?

    ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარი შთამბეჭდავი იყო საბჭოთა სახელმწიფოს დაარსების სახით. უნიკალურმა სისტემამ დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა. და რომ არა კომპარტიაში შემძვრალი მოღალატეები, ვინ იცის, როგორ მეტოქეობას გაუწევდა კაპიტალისტურ სისტემას, დემოკრატიულს რომ უწოდებენ დღეს.

    აქ არ ახსოვთ 7 ნოემბერი, იქ კი, არათუ ახსოვთ, მიმდევრებიც ჰყავს ახალი თაობის სახით. საბჭოეთში იყო ცნება „საბჭოთა ადამიანი” _ საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა ერისა და ეროვნების ერთიანობის გამომხატველი.

    საბჭოთა ხალხთა ერთობამ დაამარცხა გერმანული ფაშიზმი და ქვეყანა სუპერსახელმწიფოდ აქცია. იმხანად ეროვნულ ნიადაგზე არანაირი დაპირისპირება არ ხდებოდა. დღეს?

    ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერიდან ვისმენთ მუსლიმთა ლანძღვას; იმის გახსენებას, როგორ ააოხრეს საქართველო არაბებმა მე-7 საუკუნეში, შემდეგ _ სპარსებმა, თურქებმა. ეს ხდებოდა რეგულარულად, საუკუნეთა განმავლობაში.

    არ გვინდა არაბული ინვესტიცია იმიტომ, რომ არაბებმა მე-7 საუკუნეში აგვაოხრესო. ამას ფსევდოპატრიოტიზმი ჰქვია და არა ნამდვილი. ამას ქართველთა დარაზმვა ჰქვია ირანის, თურქეთის, არაბული სამყაროს, საერთოდ, მუსლიმური ქვეყნების წინააღმდეგ,   თვით საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა წინააღმდეგაც, რომელთა რაოდენობა მალე გაუთანაბრდება და გაუსწრებს ქართველ მართლმადიდებელთა რაოდენობას.

    _ სწორედ ის, რომ მუსლიმთა რაოდენობა ქართველ მართლმადიდებელთა რაოდენობას გაუსწრებს, ძალიან აშფოთებს ქართველ საზოგადოებას…

    _ შეიძლება არ მოგვწონდეს „არაბული დასახლებები”, მაგრამ ისინი რა შუაში არიან?! შუაში და თავში საქართველოს ხელისუფლებაა. სანამ ხალხს ანტიმუსლიმური სულისკვეთებით ვკვებავთ, საკუთარ ხელისუფლებას ვკითხოთ, თუ  რით არის განპირობებული არაბული ინვესტიციების ჩადება საქართველოში.

    ითქვა, რომ თურქული სკოლები და მედრესები იხსნება. მერედა ვისი ბრალია?

    იმის ხომ არა, რომ ქვეყანაში ჭამასა და ქურდობას ვაზეიმებთ, ტყუილ სიტყვებს, ლოზუნგებს ვაფრქვევთ და ყურადღებას არ ვაქცევთ მთავარს _ პატრიოტიზმს, რომელიც დასაცინ სიტყვად აქციეს „ჭეშმარიტმა” ქართველებმა?!

    შაჰ აბასის, აღა-მაჰმად –ხანის და სხვა მომხდურების ხშირად ხსენება, როგორც ამაოხრებლების, გულის ფხანაა ფუჭი, უსაგნო, უშედეგო.

    შეუძლებელია, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ქვეყანამ იზოლირებულად იცხოვროს. იზოლირება ერს განადგურებისგან ვერ იხსნის. ერის გადარჩენა მხოლოდ განსწავლულ ხელისუფლებას, პოლიტიკას ძალუძს, პატიოსანსა და მშრომელს და არა  ტყუილების მფრქვეველს. არ გვინდა „არაბული დასახლებები”, მაგრამ ბრიტანული, ფრანგული, გერმანული სკოლები და „სოფლები” გვინდა? არაბული  შეიძლება მომავალში გაჩნდეს, მაგრამ ევროპული ხომ ლამის 30 წელიადი არსებობს?

    30 წელიწადია, ისეთი საშუალო სკოლა ვერ შევქმენით, რომელშიც მშობელს შვილის მიყვანა მოუნდება _ ტყავს იძრობენ დასავლურ სკოლაში შესაყვანად. პატრიოტები არიან მთავრობის წევრების შვილები, რომლებიც დასავლეთში სწავლობენ?

     ქართველები მივეჩვიეთ მაღაზიების ინგლისურენოვან აბრებს, თითქოს არაფერი ხდება; მივეჩვიეთ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების მიერ უცხო სიტყვების გამოყენებას _ აქაოდა, ინგლისური უფრო გვეხერხება, ვიდრე მშობლიური ქართულიო.

    _ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ცდას არ აკლებს, რომ აღიკვეთოს უცხოელების მასობრივად შემოსვლა-დამკვიდრება. მსუბუქად რომ ვთქვათ, ქართველს საკუთარ ხელისუფლებასთან ჭიდაობა უწვეს თავისი მიწის დასაცავად…

    _ რჩევა: შეეჭიდეთ იმას, რისი გაკეთების უნარიც გაქვთ. ასეთია უამრავი სოციალური პრობლემა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ყურადღებას მოითხოვს. შეებრძოლეთ კოლეგა ჟურნალისტებს, რომლებიც აბრუებენ მსმენელებს, მაყურებლებს. ასეთია, მაგალითად, „მაესტროს” ჟურნალისტი ჭითანავა, რომელიც რუსეთის სიძულვილის გამო ჩეჩენ ტერორისტ ახმად ზაკაევს უთმობს ეთერს, ისევე, როგორც ყოველ კვირას უკრაინის ხელისუფლების მრჩეველს, პირწავარდნილ ფაშისტ პოდოლიაკს.

    სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის პროპაგანდას. ცრუ სიტყვით არ უნდა იკვებებოდეს მსმენელი. რადიო „მაესტრო” ახალ ამბებსაც ტენდენციურად, პროუკრაინულად გადმოსცემს _ ზელენსკის მიერ ნათქვამი სიცრუით.

    ტყუილით აცხოვრებენ ევროპელებს, ამერიკელებს, თვით პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ხელმრუდე ამერიკელი პოლიტიკოსები, უკრაინულ „შავ ფულს” დახარბებულები, ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რუს პოლიტიკოსთა შორის ხარხარს რომ იწვევს…

    უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტრამპთან შეხვედრისას კატეგორიულად გაილაშქრა უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვა ომის შეწყვეტა. „უკრაინა ომს ვერასდროს მოუგებს რუსეთს”, _ თქვა მან. ტრამპმა ჰკითხა _ მართლა აგებს უკრაინა ომს? მე სხვა ინფორმაცია მაქვსო. ეს დიალოგი გადაიცა ტელევიზიით.

    რით არის გამოწვეული უკრაინულ-დასავლური ტყუილი? _ ფულით! სინამდვილის თქმას მოჰყვება დასავლელი პოლიტიკოსებისა და ზელენსკის ჯიბეების შეთხელება, ვინაიდან ბრძოლებში გამარჯვებულს აძლევენ ფულსა და იარაღს და არა დამარცხებულს.

    ზელენსკიმ სიმართლე რომ თქვას, ვინღა მისცემს ფულს?!

    ამერიკელები და ევროპელები, სიცრუით გაბერილები, სიმართლის გაგებისთანავე ხომ გამოვარდებიან ქუჩებში თავიანთი ხელისუფლებების გადადგომის მოთხოვნით?

    უკრაინა „შავი ფულის” კეთების შესანიშნავი ადგილია, სადაც ამერიკა-ევროპიდან შესული თანხების განაწილება ხდება დასავლელ გამგზავნელებსა და უკრაინელ მიმღებთა შორის. ასეთები არასდროს იტყვიან, რომ უკრაინა ომს აგებს. პირიქით, ევროპელები ამბობენ, _ მიდით, იომეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართო.

    პატივცემულებო, პატრიოტიზმის სულისკვეთებით აღვსილებო, ისაუბრეთ იმ სიცრუის წინააღმდეგ, რომელსაც ქართული მედია ავრცელდებს. ახლა არ არის კოჭის გორების დრო და იმით თავის მართლების, რომ კოლეგების  კრიტიკა მიუღებელია…

    ნაცვლად მუსლიმთა მოძალების წინააღმდეგ ენის ლესვისა, ენა და ხმალი გალესეთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ რუსეთს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვისო.

    თითო-ოროლა უმადური ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის უმადურობა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ზღვარგადასული დეგენერატობაა. ამის მიზეზი სიცრუის  ტირაჟირებაა, რომელსაც ვერაფერს დააკლებს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძის საფუძვლიანი საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიულ ურთიერთობებზე რადიო „ობიექტივის” ეთერში.

    „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს” — ასე გვასწავლის ქართული ანდაზა. მრავალი მერცხალია საჭირო, მაგრამ რომ არ არის?

    რადიო „მაესტროს” ჟურნალისტის, ჭითანავას, გასაგებად ვიტყვი: სახლში, რომელშიც ცხოვრობ, ქუჩა, რომელზეც დადიხარ, მეტროპოლიტენი, რომლითაც სარგებლობ, ენა, რომელზეც ლაპარაკობ, ისტორია, წარსული, ხელოვნება, კულტურა, რომლებითაც თავი მოგაქვს, სახელმწიფო სისტემა რომ გაქვს და სხვა მრავალი, რუსთა დახმარებით, მათი შრომით არის მოპოვებული.

    ადამიანს თავი მხოლოდ ქუდის დასახურად სჭირდება?! იქნებ ხანდახან დასაფიქრებლად, პრიმიტიული ანალიზის გასაკეთებლად?!

    საქართველო რუსეთის შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ _ საბჭოთა კავშირის, ანუ კრემლი საქართველოს თავის საკუთრებად აღიქვამდა. და, რადგან ასე იყო, რატომ უნდა გასჩენოდა მას თავისი ტერიტორიის უბედურების სურვილი?

    დაფიქრება გმართებთ, ე.წ. პოლიტიკოსებო.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here