,,მე-10 საიუბილეო არჩევნები წარმატებით ჩავატარეთ”, _ გვიცხადებენ სახელისუფლეო გუნდის წარმომადგენლები, იმას კი არ ამბობენ, რომ კონკურენტი თითქმის არ ჰყავდათ… თვითმმართველობის არჩევნებში გამოჩნდა ახალი პარტია ,,კონსერვატორები საქართველოსთვის”, რომელმაც შეძლო ბარიერის გადალახვა.
იყო თუ არა კონკურენტული გარემო 4 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე პარტიის ,,კონსერვატორები საქართველოსთვის” წევრი გიორგი ხარიბეგაშვილი გვიპასუხებს:
_ საარჩევნო გარემო ისეთივეა, როგორიც გვახსოვს შევარდნაძის პერიოდიდან. ადმინისტრაციული რესურსი, მედიარესურსი და ფინანსები ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ამას ემატება კონკრეტულად ,,კონსერვატორების” მიმართ რეპრესიები _ პარტიის ლიდერები არიან ე.წ. მაგნიტსკის სიაში, არ ემსახურებათ ბანკები, ბოლო დღეებამდე არ გვიწვევდნენ დისკუსიაში და არ გვითმობდნენ ეთერს იმ მოტივით, რომ თითქოს არ ვიყავით არც კვალიფიციური და არც რეიტინგული პარტია. გორბის ე.წ. კვლევაში პარტია ,,კონსერვატორები საქართველოსთვის” საერთოდ არ ჩანდა, რაც ქმნიდა განწყობას, რომ მხარდაჭერა არ გვქონდა და ამომრჩეველს უნდა ეფიქრა, რომ ჩვენთვის ხმის მოცემა არ ღირდა…
_ შედეგით კმაყოფილი ხართ?
_ ველოდით, რომ ბარიერს უპრობლემოდ გადავლახავდით. თბილისსა და ბევრ ქალაქში ეს მოვახერხეთ, ზოგან თითო-ოროლა ხმა დაგვაკლდა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მოვახერხეთ და ჩამოვყალიბდით ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც ადვილად ვეღარ იქნება მარგინალიზაციისა და დევნის ობიექტი, როგორც ხელისუფლების, ისე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რაც მთავარია, ჩვენ ეს შევძელით გარედან დაფინანსების გარეშე, ჩვენი თანამებრძოლების უანგარო დახმარებით, იქნებოდა ეს შემოწირულობები თუ მოხალისე დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე.
გაყალბება მოხდა არჩევნებამდე ხელისუფლების მიერ აპრობირებული მოსყიდვა-დაშინების მეთოდით _ საარჩევნო უბნებზე ,,ბაბულიკა” ტიპების დაყენებით, სოფლებში კარდაკარ სიარულითა და ხალხის ,,მარშრუტკებით” წაყვანით, რამაც უზრუნველყო მერყევი, არამოტივირებული ამომრჩევლის დიდწილად ,,ოცნებისკენ” გადაქაჩვა.
_ რა მოხდა 4 ოქტომბერს საქართველოში? გადატრიალებას გვპირდებოდნენ, მცდელობაც დიდი იყო, დღესაც ვისმენთ საშინელ ინფორმაციებს ძალოვანი უწყებებიდან…
_ ჩვენ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ გადატრიალების რამე პოტენციალზე არ შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი. პაატა ბურჭულაძე რევოლუციას რომ ვერ მოაწყობდა, თავიდანვე ნათელი იყო. ერთადერთი, რაც გადატრიალდა, ესაა განწყობა ლიბერალურ ფლანგზე _ ფუჭი იმედი სრული ნიჰილიზმით შეიცვალა და ლიბერალური ფლანგის გამარგინალების პროცესი დაიქოქა. ეს არ გამორიცხავს, რომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა არ იმუშავეს. უბრალოდ, მათი ფინანსები და მცდელობები განწირული აღმოჩნდა.
_ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები 4 ოქტომბრის შემდეგ? ხალხი ამბობს, რომ ,,დასავლეთი საქართველოში” დასრულდა?
_ 4 ოქტომბრის შემდეგ, ცხადია, დასავლეთის უშუალო გავლენა სერიოზულად დასუსტდა. ამ მხრივ ვითარების შემობრუნების მექანიზმებს ვერ ვხედავ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მთავარი დამსახურება ეკუთვნის არა ხელისუფლების შეცვლილ რიტორიკას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებას, რომელმაც ფინანსური წყაროები გადაკეტა. ეს ,,ალტ-ინფო” და კონსერვატორები ვმუშაობდით ენთუზიაზმზე, თორემ გარედან დაფინანსებული მედია-პროპაგანდისტულ ორგანიზაციებს, ე.წ. კვლევით ცენტრებსა თუ ბლოგერებს დღეს თითის განძრევაც აღარ სურთ, თუ ფულს არ გადაუხდიან. სცადეს შემოწირულობებით თავის გატანაც, მაგრამ ისე დიდ თანხებს არიან ნაჩვევნი, რომ თვითდაფინანსებაზე ხელი აიღეს და ნელ-ნელა დახურვას იწყებენ.
ამიერიდან კოლექტიური დასავლეთი გვეტყვის: ,,ხომ გინდოდათ ნატოში? აგერაა ნატოს წევრი თურქეთი და ეგ იქნება თქვენი ნატოც და თქვენი ,,ფანჯარაც ევროპაში”. დასავლეთი ამიერიდან თურქეთისა და არაბული კაპიტალის გავლით შეეცდება აქ თავისი მიზნების განხორციელებას.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი