„მშვიდობიანი დამხობის“  ნაცვლად  „მშვიდობიანი დაშლა“

    დასრულდა  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შედეგის გამოცნობა რთული ნამდვილად არ იყო, მაგრამ  ბევრს საუბრობდნენ, როგორ  განვითარდებოდა მოვლენები 4 ოქტომბერს.  არაერთხელ დავწერეთ,  რომ ოპოზიცია აუცილებლად შეეცდებოდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით  შეცვლას  –  ვვარაუდობდით,  რომ პარლამენტის შენობას  შეუტევდნენ, მაგრამ   იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანოს  ეზოში სპეცდანიშნულების რაზმის ბევრი წარმომადგენელი  იყო განლაგებული, იერიში პრეზიდენტის სასახლეზე მიიტანეს.  დემონსტრანტებმა თავდაპირველად  რკინის ღობე მოარღვიეს  და ეზოში შევარდნენ, მაგრამ  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბიჭებმა ვითარება  განმუხტეს, ანუ,  როგორც შს მინისტრმა გეკა  გელაძემ  განაცხადა, „ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ  შედგა  მშვიდობიანი დაშლა“.

    მანამდე კი  გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი (მის ნამდვილობას იკვლევენ), რომელშიც სააკაშვილის რეჟიმის  შს მინისტრი ბაჩანა ახალაია და  მომღერალი  პაატა ბურჭულაძე საუბრობდნენ ბევრ სისხლზე, გვამზე, რაც მეტი – უკეთესიო და ა.შ. იცით, ამ ამბავში ყველაზე საინტერესო რა არის? ახალაიასა და ბურჭულაძის მომხრეებმა  მტკიცება დაიწყეს, ამ ჩანაწერში მათი  ხმები არ არისო, თორემ იმას არავინ ამბობდა, ახალაია გვამებს არ მოითხოვდა და ბურჭულაძე არ დაეთანხმებოდაო. ანუ, ყველა შეთანხმდა, რომ ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელნი იყვნენ,  მხოლოდ იმის „გაპრავებას“ ცდილობენ, რომ ხმები არ იყო მათი, თორემ  შინაარსი რა პრობლემაა?!

    4 ოქტომბერს „მშვიდობიანი დამხობა“  ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად ექნება.5 ოქტომბერს  სამართალდამცველებმა დამალული იარაღი იპოვეს და კონკრეტული პირიც დააკავეს, რომელიც, წესითა და რიგით, მალე უნდა „ამღერდეს“. სადამდე მივა გამოძიება, მალე შევიტყობთ – საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული და მასთან კავშირში მყოფი პირები გეგმავდნენ ტერორისტული აქტების მოწყობას, აფეთქებებს, სისხლის მდინარეების დაყენებას, არა ერთი და ორი ადამიანის მკვლელობას და სასჯელის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მისცენ, რვა წელია. იქეთ – ვადაზე ადრე შეწყალების კომისია, აქეთ – კარგი ყოფაქცევა და რამდენიმე მექანიზმი არსებობს, ეს ვადა ბოლომდე რომ  არ მოიხადონ. არადა, ცოლს თუ დაუყვირე,  შეიძლება ციხეში 10 და მეტი წლით გამოგკეტონ.

    სამართალდამცველებმა დააკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის ორგანიზატორები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

    იგივე ითქმის დაკავებულ ორგანიზატორებზე –  მურთაზ ზოდელავაზე, პაატა ბურჭულაძეზე, პაატა მანჯგალაძეზე, ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძეზე… ისინი თანახმა იყვნენ, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, შეეცადნენ კიდეც,  მაგრამ ყველაზე მეტი, რა სასჯელიც შეიძლება მიიღონ, 9 წელია. სასაცილოც აღარ არის ეს ამბავი, ეს ადამიანები  სისხლის მდინარეების დაყენებას აპირებდნენ, იარაღიც ჰქონდათ, მცდელობაც, უბრალოდ, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და,  ჯერ ხომ უკვე პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ,  მერე კი შემთხვევით ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ციხიდან გმირებად გამოვლენ და არავინ შეახსენებს, რომ იმაზე უარესს აპირებდნენ, ვიდრე ბოლო წლებში ვინმეს გაუკეთებია.

     ვოვა არუთინიანი გახსოვთ, საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის ხელყუმბარა რომ უნდა ესროლა? ანუ, მასაც განზრახვა ჰქონდა, მაგრამ  ვერ  შეასრულა და აქაოდა, ტერორისტულ აქტს აწყობდა, ბუშის გარდა კიდევ შეიძლება რამდენიმე ადამიანი მომკვდარიყოო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და ყველამ დაივიწყა. კი ბატონო, ნებისმიერი ტერორისტული აქტის შემოქმედნი ეგებ სამუდამო პატიმრობაზე მეტსაც იმსახურებენ, მაგრამ ამათაც  არ უნდა მოეფერონ.  კონკრეტული ადამიანები, თუ მიხვდებიან, რომ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობისა  და ნებისმიერი სხვა დანაშაულისთვის იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ, ეგებ დაფიქრდნენ და პირდაპირ ეთერში არ დაგვიანონსონ ხოლმე სისხლის მდინარეები.

    იმედგაცრულებული დარჩა ის ხალხიც, რომელიც აქციაზე მივიდა. ისინი არ მალავდნენ, რომ  დაუჯერეს ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც არწმუნებდნენ, აქცია მშვიდობიანი იქნება და შვილებთან ერთად მოდითო. სწორედ შვილებთან ერთად გამოჩნდა 4 ოქტომბერს რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, მაგრამ ეს იყო 16:00 საათზე, ხოლო 18:00 საათისთვის ბოკუჩავამ  თავისი შვილები აქციას გაარიდა, სხვების კი – გაიმეტა. რაღა სხვების, მისივე მხარდამჭერების შვილები გაიმეტა იმ სასაკლაოსთვის, რომლის მოწყობასაც აპირებდნენ. კი თქვა თინამ, არ ვიცოდი, რა მზადდებოდაო, მაგრამ, თუ აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრია და ამის შესახებ თავმჯდომარემ არაფერი იცის, გადადგეს მაინც, მაგრამ  ნაცებში გადადგომა- გადმოდგომა მიშას გარეშე არ ხდება,  მიშა კი ბოკუჩავას გამშვები რომ არ არის, ყველამ იცის.

    დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და  ჩანს, რომ პროცესი ხმაურიანი იქნება, რადგან ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ (თავხედობის პიკი),  ხელისუფლება გვპირდება, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“  და მასთან ასოცირებული რამდენიმე პარტია  ჩადენილი დანაშაულების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილებით   აიკრძალება.   ხელისუფლება რომ გვიცხადებს, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებაო, დაპირება უნდა  შეასრულოს, რადგან  დაუსჯელობის სინდრომი   შეეყარა არა მხოლოდ ოპოზიციას,  მათ მხარდამჭერებსაც…  კაცს იმდენი საბრძოლო მასალა  უპოვეს, ნახევარ თბილისს ააფეთქებდა,  საქმე კი ისეთი მუხლით  აღიძრა, მოსამართლე   8  წელზე მეტს ვერ მიუსჯის.

    და ერთიც – 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან კოცონი  რომ ააგიზგიზეს, რამდენიმე დემონსტრანტის სახე კარგად ჩანდა. მათ იქვე მდებარე კაფედან გამოჰქონდათ ინვენტარი და ცეცხლში ყრიდნენ. კაფეს მეპატრონე აცხადებს: ვცდილობდით, დაგვეცვა ჩვენი ქონება, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენო და… ისიც გავარკვიეთ, რომ იმ კაფეს მეეპატრონეს დაზღვევა აქვს, მაგრამ რატომ უნდა გადაიხადოს დაზღვევამ ეს თანხა და რატომ არ უნდა ამოიღოს სახელმწიფომ ეს ფული სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ეს ყველაფერი შეგნებულად გაანადგურეს?!  დაუყადაღეთ ქონება, გაუყიდეთ და მერე ნახავთ, როგორ ისწავლიან სხვისი ნაშრომის დაფასებას. როცა დაუსჯელობის სინდრომზე ვსაუბრობთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ, თორემ, ვიღაც რეგიონიდან რომ ჩამოვიდა, იყვირა, ირბინა, მერე პოლიციელს დაუსხლტა, შორეულ ნათესავთან გაათენა ღამე და ისე რეგიონში დაბრუნდა „საგმირო საქმეების“ მოსაყოლად, მაგათ ნაკლებად ვერჩით. რეგიონებიდან ფულით ჩამოყვანილ ხალხს რეალურად არც არაფერი გაუფუჭებია, როცა ცეცხლის სუნი იგრძნო, ადგა და წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, „ძლევამოსილი“ შტურმის მცდელობის შემდეგ  რუსთაველი რომ დაცარიელდა… 

    ბესო  ბარბაქაძე

                                                                                                                   

                                                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here