ალბათ ყველასთვის სასურველი იქნება, გადატვირთონ ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან, მზად ვართ, ყველაფერი დავივიწყოთ, თუნდაც ის ფაქტი, რომ შარშან ევროკავშირის ელჩი უხეშად ერეოდა არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე.
„ჩვენი მოწოდება იქნებოდა, რომ ვინმე დღემდე თუ ფიქრობდა ხელისუფლების ცვლილებაზე, არჩევნების ფორმით, თუ დამხობის, ყველას შევახსენებ, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, შემდეგ ტარდება არჩევნები. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, შეეგუონ ამ კონკრეტულ მოცემულობას. „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე, განვითარებაზე და ალბათ პრაგმატული თვალსაზრისითაც ყველასთვის სასურველი იქნება, გადატვირთონ ურთიერთობები ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, მის მმართველ ძალასთან, „ქართულ ოცნებასთან“. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრს გაუჭირდეს ამის გაკეთება. უხეშად როცა ერეოდი არჩევნებში, ღიად უჭერდი მხარს დამხობის მცდელობას, შემდეგ უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე, მაგრამ იცით, რომ გვაქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია საერთაშორისო პოლიტიკისთვის. ეს არის ცალმხრივი მეგობრობის კონცეფცია და ყველასთან მზად ვართ ცალმხრივი მეგობრობისთვის. მზად ვართ, დავივიწყოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან პირდაპირ უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამომრჩეველს, მხარი დაეჭირა ოპოზიციისთვის. ღია მოწოდებით გამოვიდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას. მზად ვართ, ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, განვაახლოთ ურთიერთობები. ეს არის ჩვენი ხედვა. მზად ვართ ყველასთან მეგობრობისა და ურთიერთობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.