2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან (4 აგვისტო 2025 წელი, გვ. №270-271)
„2007 წელს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაარბიეს გამომცემლობა „სამშობლო“. 10 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 4 საათზე, თბილისში,
კოსტავას ქ. N14-ში მდებარე შენობიდან გამოასახლეს იქ განთავსებული ტელეკომპანიები -„კავკასია“ და „მირი“, 80-მდე რედაქცია და გამომცემლობა, სტამბები, მათ შორის იყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციაც, რომელზე გავლენის მოპოვებასაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ 2001 წლიდან ცდილობდა. გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, ძირითადად, ისეთი გამოცემები და ჟურნალისტები მუშაობდნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. გამოსახლებამდე, მათ სხვადასხვა მეთოდით უშლიდნენ ხელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, აკავებდნენ, ელექტროენერგიას და წყალს უწყვეტდნენ, ლიფტს უთიშავდნენ და ა.შ.
გამოსახლების ღამეს კი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტები მოტყუებით, თითქოს ბომბი იყო, შენობიდან გაიყვანეს. უთხრეს, რომ ოფისების კარები არ დაეკეტათ, პირადი ნივთებიც შენობაში დაეტოვებინათ და ნახევარ საათში უკან დააბრუნებდნენ. თუმცა, ეს ტყუილი აღმოჩნდა. სამართალდაცველებს ადგილზე მიყვანილი ჰყავდათ შემდუღებლები, რომლებიც იმ ოფისების კარებს ჭრიდნენ, რომლებიც დაკეტილი დახვდათ, შედიოდნენ სამუშაო სივრცეებში, ყველაფერს ყრიდნენ ტომრებში და ფანჯრიდან ქუჩაში აგდებდნენ. გაანადგურეს არქივიც. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ასეთი მეთოდებით ცდილობდა, „გაეჩუმებინა, აეკრძალა მედიასაშუალებები, დაეთრგუნა და ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა“. 796
გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაზე განხორციელებული შტურმი კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ძალადობის რეპეტიცია აღმოჩნდა. 2007 წლის 7 ნოემბერს დედაქალაქის ქუჩები მორიგმა მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. საღამოს, დაახლოებით, 20:40 საათზე, სპეცრაზმი ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა…“
796 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე არნო ხიდირბეგიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
საქინფორმი: კომისიის დასკვნიდან ზემოხსენებული ეპიზოდი ეხება იმ პერიოდს, როდესაც „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
http://saqinform.ge/