„მე გადაუხდელი ვალის განცდა მაქვს იმ მამაცი და ზნეობრივი ადამიანების წინაშე, რომლებიც ადამიანთა უფლებების დასაცავად ბრძოლის გამო ციხეების, ბანაკებისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების ტუსაღები არიან”, – ამ სიტყვების ავტორია მსოფლიო მნიშვნელობის საბჭოთა მეცნიერი, აკადემიკოსი ანდრია სახაროვი, რომელიც, როგორც სხვაგვარად მოაზროვნე და დისიდენტი, თავის დროზე თვითონაც დაპატიმრებული და გადასახლებული იყო.
სახაროვის ზემომოყვანილ წინადადებაში რა მასშტაბის პატივისცემა და თანაგრძნობაა გამოცხადებული იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც (სახაროვის მსგავსად) მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ბოროტებაში მონაწილეობდნენ, რაც საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ დასავლეთის შეთქმულებასა და ნგრევაში გამოიხატებოდა. მზაკვრული პროპაგანდა, რომელსაც დასავლეთი ეწეოდა, შესრულების თვალსაზრისით ისეთი მაღალპროფესიული იყო, რომ საბჭოთა ხალხის დიდმა ნაწილმა ირწმუნა იგი. დასავლეთმა შეძლო, ასეულობით მილიონი ადამიანისთვის უბედურების მომტანი ე.წ. საბჭოთა დისიდენტები ხალხისთვის წამებულთა შარავანდედით შეემოსა.
– პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს! – დღესაც სიამაყით წარმოთქვამენ ფსევდოდემოკრატიული სახელმწიფოების მეთაურები, მინისტრები, დეპუტატები.
– პოლიტპატიმრები საბჭოთა კავშირში იყვნენ, დემოკრატიული დასავლეთი კი პოლიტიკური მოტივით არავის აპატიმრებს! – თავი მოაქვთ დასავლური სახელმწიფოების მესვეურებს.
საქართველოშიც ასეა. სალომე ზურაბიშვილი, სანამ „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი იყო, მის მიერ შეწყალებულ პირებზე აცხადებდა: “პოლიტიკური პატიმრები არ შემიწყალებია. საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს”.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა: „ჩვენ საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები. გვყავს კონკრეტული პირები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი”. კულტურის მინისტრად მუშაობის პერიოდში თეა წულუკიანისგანაც მოგვისმენია: „ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები”. არც დგას კონკრეტული გამონათქვამების გახსენების აუცილებლობა. ამას იტყვის ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი. ეს მართალიც არის იმ გაგებით, რომ პოლიტიკური თვალსაზრისის გამოხატვის გამო ადამიანებს არ სჯიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს (არც უნდა ნიშნავდეს), რომ ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისა და მცდელობის გამო ადამიანები არ უნდა დაისაჯონ ან თუ დაისჯებიან, პოლიტპატიმრებად ჩაითვლებიან.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური პატიმრის თემა დასავლურმა ფსევდოდემოკრატიამ სპეკულაციის საგნად აქცია, ამიტომ ნებისმიერი ვიგინდარა, რომელიც ცალი ხელით დანაშაულს სჩადის, მეორე ხელით კი პოლიტიკას ეპოტინება, ჩავარდნის შემთხვევაში, ყვირილს იწყებს, – პოლიტიკური პატიმარი ვარ!
საქართველოში დაპატიმრებების სერია დაიწყო. დააპატიმრეს პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული პერსონები: ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია და სხვები. იმის გამო, რომ ეს ადამიანები დაპატიმრებამდე ქუჩებში დროშებს დააფრიალებდნენ, პოლიტიკური პატიმრები არიან? ისინი მხოლოდ პოლიტიკური აზრის გამო დააპატიმრეს? მე ბრალმდებელი არ ვარ, ვინმეს წინააღმდეგ კონკრეტული იურიდიული სამხილებით რომ გამოვიდე, მაგრამ ლოგიკურად მსჯელობას ხომ ვერავინ დაგვიშლის?! დასავლეთს ჩვენთან (საქართველოსთან) პრეტენზიები რომ აქვს, ფაქტია. ჯერ ერთი მათ არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი იურიდიული სამხილი არჩევნების არსებითად გაყალბებისა ვერ წარმოადგინეს. პარადოქსული სიტუაციაა – არჩევნების გაყალბებას ვერ ამტკიცებენ, მაგრამ შედეგებს არ აღიარებენ. ფაქტია, რომ მათ მოქმედი ხელისუფლება („ქართული ოცნება”) არ მოსწონთ და მისი მოცილება განუზრახავთ. ამისთვის, მიზეზს რომ ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ. საბაბი ასეთია: გაყალბებული არჩევნები, რომლის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნიათ. ამ ხარვეზის შევსებას დემოკრატიასთან შეუთავსებელი კანონების არსებობით ცდილობენ. ასეთებად მიჩნეულია: ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რომელიც ოჯახური სიწმინდის დასაცავად არის მოწოდებული, და ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რომლის საფუძველზეც უნდა გაკონტროლდეს საზღვარგარეთიდან შემოსული თანხები. დემოკრატიის საწინააღმდეგო ამ კანონებში არაფერია, მაგრამ დასავლეთს მათი არსებობა არ მოსწონს, ვინაიდან ისინი ხელს უშლის, ერთი მხრივ, გარყვნილების პროპაგანდას; მეორე მხრივ კი – მათივე აგენტურის დანაშაულებრივ დაფინანსებას საქართველოში. ეს ხომ ფაქტია, რომლის უარყოფა შეუძლებელია, რადგან ამას , შეფარვითა და ჩურჩულით კი არა, ხმამაღლა გვიმეორებენ , პირდაპირ გვიკიჟინებენ. ეს ერთი. მეორე: ისინი გვიბიძგებენ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ და არც ეს არის დაფარული, ესეც ხმამაღლაა გაცხადებული. მესამე და მთავარი: ისინი საქართველოში, თავიანთი აგენტურის გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. ესეც ხმამაღლა აქვთ ნათქვამი და ათასჯერ გამეორებული – „მშვიდობიანი დამხობა“ ანუ „დროშების რევოლუცია“. სხვა რაღაა საჭირო იმისთვის, რომ გაკეთდეს ლოგიკური დასკვნა: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. დასავლეთს არ მოსწონს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვის გზას დაადგა. აქ შემოდის ერთი არსებითი დეტალიც: „როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“, გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერებისა და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2,4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. სუს-ის ინფორმაციით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისში ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი”.
ამ ფატების იურიდიული თვალსაზრისით დაკავშირება ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან, რომლებიც დააკავეს, ჩემ კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ განა ჩვენ (საქართველოს თითოეული მოქალაქე) უფლებამოსილნი (ვალდებულნიც) არ ვართ, რომ ეს მოვლენები ერთ კონტექსტში განვიხილოთ? რა თქმა უნდა, უფლებამოსილნიც ვართ და ვალდებულნიც, რომ ამ ფაქტებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვეძებოთ. დასავლეთი გვებრძვის, იგივე დასავლეთი (უკრაინასთან ერთად) მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებს. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ზუსტი თარიღი და სახელწოდება („დროშების რევოლუცია”) გამოცხადებული აქვთ, კოლოსალური თანხები შემოგზავნილია, ასაფეთქებელ ნივთიერებებს იმარაგებენ და ამ ამ ფაქტებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებისკენ („მშვიდობიანი დამხობა”) ღიად მოგვიწოდებენ, ლოგიკური კავშირი არ არის?! ეს უნდა დავიჯეროთ? არა, ამას არავინ დაიჯერებს!
პოლიტიკური პატიმრის ნიღაბი, რომელსაც დამნაშავეები ეფარებიან, რეალობას არ ცვლის. ესენი ვეღარ ისარგებლებენ იმ, მართალია, ყალბი, მაგრამ მაინც დიდებით, რომლითაც საბჭოთა დისიდენტები სარგებლობდნენ. ისინი თავისუფლების იდეას იყვნენ ამოფარებულნი, რითაც ხალხში თანაგრძნობას იწვევდნენ, მაგრამ ესენი რას ეფარებიან – ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, რომელზეც, ჯერ ერთი, დასავლეთმა თვითონ გვითხრა უარი? ასეც რომ არ იყოს, ვის სჭირდება ამ ორგანიზაციების წევრობა სუვერენიტეტის დაკარგვისა და ეროვნული ღირსების ნაცვლად?! საბჭოთა დისიდენტები დასავლეთის ფარულ აგენტურას წარმოადგენდნენ და ხალხის უდიდესი ნაწილი შეცდომაში შეჰყავდათ, დასავლეთის დღევანდელმა ღია აგენტურამ კი, ამ ფულზე გაყიდულმა გარეწრებმა, ხალხი როგორ უნდა შეაცდინოს ან რა თანაგრძნობა უნდა მოიპოვოს? ეს ხომ სრული აბსურდია?! მათი იმედი, რომ საერთო სახალხო თანაგრძნობასა და პატივისცემას მოიპოვებენ, ფუჭია. თავის დროზე იმ ე.წ. საბჭოთა დისიდენტების მიმართ არსებული თანაგრძნობა და პატივისცემა დასავლეთის მიმართ არსებული თანაგრძნობისა და პატივისცემის ანარეკლი იყო. დღეს, როდესაც ხალხს დასავლეთის მიმართ ყოველგვარი ნდობა და სიმპათია დაკარგული აქვს, მათი აგენტურის მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა საიდან ექნება?! ეს არამზადები იმ დისიდენტების (რომლებიც არანაკლები არამზადები იყვნენ) ფსიქოლოგიურ დეჟავიუს, უბადრუკ ეპიგონებსა და გულისამრევ მიმდევრებს წარმოადგენენ. ამ ტუსაღებს ის საზოგადოებრივი ხიბლი აღარ აქვთ, რომლებიც საბჭოთა დისიდენტებს დაუმსახურებლად, მაგრამ მაინც ჰქონდათ. ხარისხზე ხომ საუბარიც შეუძლებელია, სად ანდრეი სახაროვი და სად ლევან ხაბეიშვილი, სად ელენე ბონერი და სად ელენე ხოშტარია?! ერთი სიტყვით, როგორც ცნობილ გამონათქვამშია, სად ერეკლე და სად…
ვალერი კვარაცხელია