საზღვარგარეთ  გაყიდული ქართული ალკოჰოლური სასმელების 73% რუსეთზე მოდის,  ევროკავშირის ბაზრებზე კი ქართულ ღვინოსა თუ კონიაკს  არ უშვებენ

    ქართული ღვინოები, როცა ოქროს მედლებს აძლევენ საერთაშორისო გამოფენებზე, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებs, მაგრამ, როგორც კი საქმე ევროპაში ექსპორტზე მიდგება, „რაღაც“ ისე არ არის

    რთველი 2025 მოახლოვდა. უფრო ზუსტად, საადრეო ყურძენი უკვე აღებულიც არის და დაბინავებულიც. არაერთხელ გვითქვამს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სუბსიდიას არ უნდა ახორციელებდეს. ჩვენი მოსაზრება ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაიზიარა –  თანხით მხოლოდ სახელმწიფო ქარხნებს დაეხმარება, მაგრამ ესეც ზედმეტი გვგონია, რადგან არაფერი დაუშავებიათ სხვა ფერმერებს, რომლებსაც ბოსტნეული ან მარცვლეული მოჰყავთ. მართალია, ამ მხრივ  მასშტაბები მცირეა, მაგრამ მაინც.

    როგორც შარშან, შარშანწინ, იმის წინ და კიდევ იმის წინაც, ახლაც რთველის მოახლოებასთან ერთად დაიწყო საუბარი, რომ თურმე ახალი ბაზარი უნდა მოვნახოთ და აუცილებელი არ არის, ქართული ყურძენი და მისგან ნაწარმოები ალკოჰოლური პროდუქტები, რუსულ ბაზარზე გავიდეს.  მივდივართ იmaვე წრეზე, რომელზეც მანამდეც არაერთხელ გვივლია და შედეგი ვერ მიგვიღია.

    რა გვინდა რეალურად? ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საზღვარგარეთ  გაყიდული ქართული ალკოჰოლური სასმელების 73% რუსეთზე მოდის, ანუ რუსეთი კვლაც რჩება ქართული ალკოჰოლური სასმელების მთავარ მყიდველ ქვეყნად. მის გარდა, იგივე პროდუქცია კიდევ 20-მდე სახელმწიფოში გაგვაქვს, მაგრამ მასშტაბები ისე მცირეა, სათქმელადაც  არ ღირს. ამის მიუხედავად, არ ვეშვებით იმაზე საუბარს, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს შედეგებს აღწევს, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ოქროს მედლები მოგვაქვს, რომ ჩვენი ღვინით აღფრთოვანებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, მაგრამ… როცა საქმე საქმეზე მიდგება, ეს აღფრთოვანება და მოწონება სადღაც ქრება და ქართულ ღვინოსა თუ კონიაკს  ევროკავშირის ბაზარზე  არ უშვებენ. ჰო, არ უშვებენ, რადგან,  რომ შეუშვან, დახლებზე ადგილი უნდა გამოუყონ, ქართული პროდუქტები კი კონკურენციას  გაუწევს ფრანგულ, ესპანურ, ავსტრიულ ღვინოებს, რაც ხელს არავის აძლევს. ქართული წარმოების მასშტაბები, როგორც უნდა გავიქაჩოთ, დიდი არ არის, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებს არც იმ მცირეს დათმობა სურთ, რომელიც შეიძლება გვერგოს. მათ არ უნდათ კონკურენტი და, რაც მთავარია, ხარისხიანი კონკურენტი, თორემ, ეჭვი რომ ეპარებოდეთ ქართული ღვინის სიკარგეში, მიიღებდნენ, დახლსაც დაუთმობდნენ და მერე ეტყოდნენ:  ხომ ხედავთ, არ იყიდებაო. პირიქით –  კარგად იციან, რომ საკმარისია, ქართული ღვინო ევროპულ დახლებზე ნახევარი წლის განმავლობაში მაინც გამოჩნდეს, შემდეგ მას მომხმარებელი ფასისა და ხარისხის გამო ძებნას დაუწყებს…

    ჰო, რუსეთში  ქართული ღვინო იმაზე იაფი ღირს, ვიდრე ევროპულ ბაზარზე ეღირებოდა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში,  ევროპას ჩვენი ღვინოები რომ მიეღო.  სასაცილოა, რომ ევროპელები ხშიორად გვიმეორებენ, ასეთი მშვენიერი სასმელი გაქვთ და მხოლოდ რუსეთში რატომ ჰყიდით, ჩვენთანაც შემოიტანეთო. ამ სიტყვებით გაბრუებული პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები უკვე მერამდენედ  მიასკდებიან ხოლმე დასავლურ ბაზარს და მერე აცნობიერებენ, რომ ყველაფერი მარტივად არ არის. უფრო სწორედ, ისმენენ ათასჯერ ნათქვამ სიტყვებს, რომ ახლა შესაფერისი გარემო არ არის, რომ   აუცილებელია სხვა კრიტერიუმებიც დავაკმაყოფილოთ. ქართული ღვინოები, როცა ოქროს მედლებს აძლევენ საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალებზე, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ, როგორც კი საქმე ევროპაში ექსპორტირებაზე  მიდგება, „რაღაც“ ისე არ არის. ეს „რაღაც“ კი სწორედ კონკურენციის არქონის სურვილია.  ევროპას არ სურს, ქართული ღვინის გამო ანერვიულოს თავისი  ბიზნესი. გასაგებია, როგორც იქცევა ევროპა და არცაა გასაკვირი, მაგრამ საინტერესოა, შემოდგომის დადგომისთანავე რატომ იწყებენ პოლიტიკოსები და მეღვინეები ერთი და იმავე ტექსტით საუბარს და ქარის წისქვილებთან ბრძოლას.  მათ ხომ  კარგად იციან, რომ ახალი ბაზრის მოძიება, უბრალოდ, ვერ მოხდება და გამორიცხულია, დასავლეთმა პოზიცია შეიცვალოს?!  საერთოდ არ არის საუბარი ამერიკაზე, სადაც ქართული ღვინოები მხოლოდ იმიტომ მიაქვთ, რომ იქ მყოფმა ქართულმა დიასპორამ შეიძინოს და რამდენიმე ისეთ მაღაზიაში დაიდოს, რომელთა მფლობელები ქართველები არიან. სხვაგან ქართულ ღვინოებს ვერ ნახავთ  ოკეანის გაღმა, გამოღმა კი უარესი სურათია – ქართული ღვინო და კონიაკი ძნელად ხელმისაწვდომია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.

    აღსანიშნავია,რომ  რუსულ ბაზარზე გაყიდულ და იქიდან შემოსულ ათეულობით მილიონ დოლარს არავინ ახსენებს და, როგორც კი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რამდენიმე ათასი დოლარის ღვინო გაიყიდება, პრესკონფერენციებს მართავენ და ამბობენ, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდნენ და ეს  გამარჯვებაა. ისიც კარგად გვახსოვს, ერთმა ქართველმა მეგობრებისთვის სინგაპურში 2 ყუთი ატამი რომ წაიღო და მერე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე  გვითხრეს, სინგაპურში ატამს ვყიდითო.  გაირკვა, რომ ინფორმაცია საბაჟოსგან აიღეს, რომ სინგაპურში ატამი გაიტანა ვიღაცამ და არც შეუმოწმებიათ, ისე თქვეს, ახალი ბაზარი ვიპოვეთო. მერე კი გაირკვა სიმართლე, მაგრამ თავისი სიტყვები უკან არავინ წაიღო და ასე დასრულდა სინგაპურში ატმის გატანის „პროექტი“, სხვას ამდენი არასოდეს გაუტანია და ეს ამბავიც დაივიწყეს.

    რომ დავფიქრდეთ, ეს ყველაფერი სასაცილოც აღარ არის. როდემდე უნდა ვატყუოთ ჯერ საკუთარი თავი და მერე მოსახლეობა? მხოლოდ მოსკოვის რამდენიმე დიდი სუპერმარკეტი ყიდის იმ ოდენობის ღვინოს ყოველთვე, რამდენსაც წლის განმავლობაში ყიდიან, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი… ჰო, ქვეყანას ეტოლება მაღაზია და მაინც გვინდა, რომ „ახალი ბაზარი“ მოვძებნოთ და ახალი პერსპექტივა აღმოვაჩინოთ. მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა ერქვა და ყველა დასავლური სახელმწიფოს ლიდერის კაბინეტის კარი მისთვის ღია იყო, ვერ მოხერხდა ევროპულ ბაზარზე ისე შესვლა, ხეირი გვენახა და რომელიმე ქვეყანაზე გათვლა გაგვეკეთებინა. ჰო, დასავლელი პარტნიორების ყველა სურვილის ამსრულებელმა და ყველა დავალების შემსრულებელმა სააკაშვილმაც კი ვერ მოახერხა ამის გაკეთება და ახლა, როცა ევროპა კვლავ ცდილობს ჩვენს დამონებას, მაგრამ  ქედს არ ვუხრით, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ვინმე საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო ნაბიჯს გადაგვადგმევინებს. გაუგებარია, მაშინ ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად რატომ ცდილობენ იმის დამტკიცებას, რაც აქამდე არ ყოფილა და ახლო პერსპექტივაში არც იქნება. ისე ჩანს, რომ ისინი სამომავლოდ იზღვევენ თავს, როცა ევროპულ ვოიაჟებში წავლენ, ხმამაღლა რომ თქვან:  რა რუსეთი, თქვენკენ მოვიწევთ, ყველაფერი ევროპული გვინდაო… არავის უფიქრია, რა მოხდება, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა ქართული პროდუქციის მიღებაზე უარი რომ თქვას.  იქნებ უფიქრიათ კიდეც, მაგრამ ჰგონიათ, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს, ანუ რეალურად რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და გონიერებაზე ვართ დამოკიდებულნი,  თანაც ისე, რომ მათ ამის შესახებ არ ვეკითხებით და არც იმას ვუთანხმებთ, თქვენი ბაზარი კარგია, მაგრამ გასვლა გვინდა, სხვაგან ვეძებთ და არ გეწყინოთო. ეს ძებნა უშედეგოდ სრულდება (და მომავალშიც დასრულდება), მერე ისევ მივდივართ რუსეთში და გვიხარია, რომ პროდუქციას წარმატებით ვყიდით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ნამდვილად ვერ გეტყვით და პასუხი, ალბათ, არც არავინ იცის, მაგრამ მოდი, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ – რას იზამდა საქართველოს ხელისუფლება, იმავე მდგომარეობაში ჩვენ რომ ვყოფილიყავით და რუსეთისთვის  პროდუქტების გასაღების უმთავრესი ბაზარი საქართველოში რომ იყოს? არა, რასაც იზამდა სააკაშვილი, ადვილი მისახვედრია, მაგრამ აი, დღევანდელი ხელისუფლება რას იზამდა? რატომღაც გვგონია,რომ ბეევრი რამით ივაჭრებდა, რუსეთი კი არ ვაჭრობს, კარი ღია აქვს, კაკუნი თუ მტვრევა არ გვჭირდება, მივდივართ, ვყიდით, მოვდივართ და  ყველა ბედნიერია… დასავლეთის გარდა. ჰოდა, ამ უბედური დასავლეთის გასაბედნიერებელ ფრაზებს რომ ვისვრით სეზონიდან სეზონამდე, ისე არ მოხდეს, რომ ბოლოს ჩვენმა მეზობელმა ხელი აგვიქნიოს და გვითხრას: აგერ, ბატონო, ევროპა და, აბა, თქვენ იცითო!

    ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ის არის  უბედურება, რომ ევროპამ არ იცის, არა!

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here