თამარ კიკნაძე: საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტია, დამკვირვებლის როლი მოირგოს… ჩვენ აღარ უნდა შევასრულოთ რუსეთის გამაღიზიანებლის როლი

    ,,ახლა გარიგების პროცესი მიმდინარეობს _ ვინ ვისთან იქნება. რუსეთი სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ჩინეთსაც, რადგან ამ სახელმწიფოს დიდი შესაძლებლობები აქვს”

    თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) ოთხდღიანი შეხვედრის შემდეგ საუბარი არ წყდება. ქართველი ნეოლიბერალები ჩინეთს შეხვედრებს უწუნებენ, დასცინიან კიდეც; ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, ეს გლობალური ცვლილების დასაწყისია

    საქართველოს მთავრობა კვლავ  დასავლეთისკენ იყურება _ აშშის პრეზიდენტს წერილს წერილზე უგზავნის, მაგრამ ამაოდ

    რომელი ქვეყანა იქნება  გავლენის სფეროების გადანაწილების პროცესში მთავარი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

    _ ჩინეთში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. იქ ალტერნატიული ვალიუტისა და ბანკის შექმნაზეც ისაუბრეს.

    დასავლეთისგან მხოლოდ ომის რიტორიკა ისმის, ჩინეთის შეხვედრა კი ამ ყველაფრის ალტერნატივა იყო. ჩინეთში პარალელურად სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობდა. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში (თშო) წარმოდგენილი ქვეყნებიდან ყველა არ არის ერთმანეთის მეგობარი და საერთო პოლიტიკის გამტარებელი, ისინი მხოლოდ მშვიდობის საკითხში არიან ერთსულოვანნი. მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს ბევრი სადავო საკითხი აქვთ, მათ შორის _ ტერიტორიული. ისინი მეგობრები არ არიან, მაგრამ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, რაც  დასავლეთის მიერ წარმოებული ომის რიტორიკის საწინააღმდეგო თვალსაზრისის დემონსტრირება იყო _ მინიშნება იმისა, რომ თშო არ დაუშვებს ომის რიტორიკას, არ დაუშვებს ომის პოლიტიკას. თშო არის მშვიდობის დაცვის ორგანიზაცია. მშვიდობის პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნების ომის რიტორიკის საპირწონეა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან კონტრაქტები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამაც გააფორმა.

    _ რუსეთის პრეზიდენტზე ამბობენ, რომ მიუღებელი პერსონაა, რომ მას არ შეუძლია გადაადგილება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ მისი ვიზიტები და შეხვედრები უმაღლეს დონეზე

    _ დიახ, ვლადიმერ პუტინს უარყოფითად მოიხსენიებენ, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ ამერიკის პრეზიდენტის დახვედრა _ ტრამპმა პუტინს წითელი ხალიჩა გაუშალა. ეს დიპლომატიურ ენაზე უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა. ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორი დიდებული დახვედრა მოუწყვეს რუსეთის პრეზიდენტს ჩინეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა…

    რუსეთი მომგებიან პოზიციაშია. ახლა გარიგების პროცესი მიმდინარეობს _ ვინ ვისთან იქნება. რუსეთი სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ჩინეთსაც, რადგან  ამ სახელმწიფოს დიდი შესაძლებლობები აქვს. ვაჭრობა მიმდინარეობს და ამ ვაჭრობისას, ვისაც მეტი შესაძლებლობები და მომგებიანი პოზიცია აქვს, ის დააწესებს თამაშის წესებსა და მოთხოვნებს.

    _ საქართველოსთვის რომელ ქვეყნებთან ყოფნა სჯობს? დასავლეთი აღარ გვწყალობს, ზურგი გვაქცია, მაგრამ ჩვენ მაინც მისკენ მივისწრაფვით

    _ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა კონსტიტუციაში გვიწერია, ამიტომ ხელისუფლება ზომიერად იქცევა.

    ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ჩინეთში, როცა იქ აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები იმყოფებოდნენ. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში აზერბაიჯანის სწრაფვა ინდოეთმა დაბლოკა, სომხეთის _ პაკისტანმა, ასეთ მიწვევასა და სირცხვილს მიუწვევლობა არ სჯობდა?

    ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, დამკვირვებლის როლი მოვირგოთ, ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი, ჩვენ გლობალურ პროცესებზე გავლენას ვერ მოვახდენთ. მთავარია, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, ჩვენ აღარ უნდა შევასრულოთ რუსეთის გამაღიზიანებლის როლი…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here