კვერცხის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ქართულმა ფირმამ ორიოდე კვირის წინათ თურქეთიდან ქათმები შემოიყვანა, დამუშავებული, აცრილი, კვერცხის დადება დღე-დღეზე რომ უნდა დაეწყოთ, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ქათმებს ნიკრისის ქარი (ე.წ. პოდაგრა) აღმოაჩნდა. გაგიკვირდებათ და ეს დაავადება ფრინველებსაც აქვთ და ნაყიდი ქათმები დაიხოცნენ. ქართველებმა მაშინვე თურქები ჩააყენეს საქმის კურსში. მათ ბოდიში მოიხადეს: ჩვენი ბრალია, გაგვეპარა ეგ დაავადება, აქაც დაგვეხოცა ქათმები, ზარალს ავანაზღაურებთ, მაგრამ… ქართულმა მხარემ როგორ გაატარა დასნებოვნებული ქათმები და ცოცხალი ტვირთი არ შეამოწმაო?! – ისე გულუბრყვილოდ იკითხეს, შეგვრცხვა. ახლა არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ შესაბამისი სამსახური ცუდად მუშაობს, არც იმაზე გავამახვილეთ ყურადღებას, რომ ქათამი კი არა, ხშირად კარტოფილი და ხახვი შემოდის ისეთ მდგომარეობაში, რომ 2-3 დღეში ლპობას იწყებს და შემომტანებს უცხოელებთან მუდმივი დავა აქვთ. ისინი ამბობენ, ქართულმა მხარემ გაატარა, ე.ი., პროდუქტი კარგი იყოო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია…
ჩვენ სულ სხვა რამის თქმა გვსურს. როგორც საქსტატი გვეუბნება, მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, 1000 ტონით მეტი ნიორი შემოვიტანეთ, ანუ შემოტანა გაიზარდა. დავაკონკრეტოთ – მოხმარება კი არ გაიზარდა, არამედ შემოტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილზე წარმოება შემცირდა და შემცირდა 1000 ტონით, ანუ მილიონი კილოგრამით. ნივრის მთავარი მომწოდებელი ჩინეთია, თუმცა ყველამ იცის, რომ ჩინურ ნიორს რამდენიმე მეტად უცნაური თვისება აქვს: პირველი ის, რომ ქართული ნივრისგან განსხვავებით ჩინურს ნაკლები არომატი და სიმწარე აქვს. დოზაც მეტი სჭირდება, მაგალითად, ხაშში თუ ერთი კოვზი ქართული ნიორი საკმარისია, ჩინური ნიორი სამი კოვზი მაინც უნდა უქნათ, სასურველი გემო რომ მიიღოთ. ამასთანავე, გამორიცხულია, ჩინური ნივრის კბილების დათესვით მოსავალი მიიღოთ, ანუ მას ვერ ამრავლებთ და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, როცა ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ: პროდუქტი გენმოდიფიცირებულია და სწორედ ამიტომ არ მრავლდება. რა გამოდის? გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ვყიდულობთ (და ეს არსად აწერია), ბედნიერი სახით მივირთმევთ და არ გვენაღვლება, რა პროცესებს გამოიწვევს ეს პროდუქტი ჩვენს ორგანიზმში. არა, შეიძლება გვენაღვლება კიდეც, მაგრამ ახლა ამაზე არავინ ფიქრობს და ამიტომ…
შესადარებლად: 1 კილოგრამი ქართული ნიორი 12-15 ლარი ღირს, ჩინური ნივრის ფასი კი 2-3 ლარში მერყეობს, აქედანაც ხომ კარგად ჩანს, რომ ქართული პროდუქცია არათუ სჯობს, არამედ 5-ჯერ მაინც აღემატება ხარისხით ჩინურ კონკურენტს, მაგრამ ვაი, რომ ჩინელები მუშაობენ, წლიდან წლამდე წინ მიდიან, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავენ და ყიდიან ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება. მერე რა, რომ სიტყვა „ჩინური“ უვარგისსა და უხარისხოსთან ასოცირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად მსოფლიოში?! სამაგიეროდ მათი პროდუქტები იაფია და ბევრ ქვეყანაში იყიდება.
ჩვენ მაინც სხვა სატკივარი გვაქვს: წლიდან წლამდე რატომ ვზარმაცდებით და სოფლის მეურნეობის სფეროში სულ უფრო მეტად დამოკიდებული რატომ ვხდებით სხვა ქვეყნებზე? გასაგებია, რომ არის რაღაცები, რომელთა მოყვანაც საქართველოში შეუძლებელია, მაგრამ ხახვი, ნიორი, კარტოფილი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი ხომ მარტივად შეგვიძლია მოვიყვანოთ არა მხოლოდ იმდენი, რომ ჩვენ გვეყოს, არამედ საზღვარგარეთაც გავიტანოთ? ამას ვაკეთებდით და თანაც მარტივად. მხოლოდ ზემოჩამოთვლილი პროდუქტებით შეგვიძლია ათეულობით მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება და, რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტების, ჩვენი მოყვანილის…
ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელია და უბედურებაა, რომ ამ ყველაფერს, მოსახლეობის გარდა, სახელმწიფოც მიეჩვია. ამოდის ბალახი (თავისით), ვთიბავთ და საქონელს ვინახავთ, იმ საქონელს, რომელიც შემდეგ ჩალის ფასად საუდის არაბეთში გაჰყავთ (ძირითადად), ხოლო აქ რაც იყიდება, ქართული რეალობისთვის ძალიან ძვირია. მივეჩვიეთ, რომ იოლია შემოტანილის ყიდვა და შემდეგ გაყიდვა, საკვები ხომ ყველას სჭირდება და იძულებულია, იყიდოს. შესაძლოა, ყოველდღიურად ან ყოველთვიურად არ იყიდო და არ გაგახსენდეს ტანსაცმელი, მაგრამ საკვები ყოველდღიური საზრუნავია და ამას ვერსად გავექცევით.
ის თითო-ოროლა ფერმერი, რომლებიც ცდილობენ, ქართულ სოფლის მეურნეობას სახე თუ სახელი შეუნარჩუნონ, ჩივის, რომ სახელმწიფოსგან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს და ეს იმის მიუხედავად, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ყოველწლიურად ახალ-ახალ პროგრამებს აცხადებს. საქმე ის არის, რომ ეს პროგრამები ერთი შეხედვით არის მიმზიდველი, მაგრამ დეტალებში თუ შევალთ, გავაცნობიერებთ, რომ რიგით ადამიანს შანსი არ აქვს, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთოს, რადგან სოლიდური დაფინანსების მისაღებად იმ თანხის სამმაგი ოდენობა უნდა ჩადოს ბანკში. მცირე თანხის აღებას აზრი არ აქვს, რადგან იმ მცირეს, თვითონაც მოახერხებს, ძალიან თუ მოინდომებს.
მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებელ ქვეყნად რომ არ ვიქცეთ, დასავლეთიც აქტიურად გვეხმარება. დასავლეთის ქვეყნებს არ სჭირდებათ ბაზარზე კიდევ ერთი, თუნდაც მცირე მასშტაბის მქონე ქვეყნის გამოჩენა, რომელიც მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას მცირე შეფერხებას მაინც შეუქმნის. მათ ზუსტად იციან, რომ, თუ გემო გავუსინჯეთ ქვეყანაში წარმოებულ, გატანილსა და, შესაბამისად, მიღებულ შემოსავალს, შემდეგ აღარ გავჩერდებით და მიწის თითოეულ მტკაველს ისე ავითვისებთ, დასამუშავებელი აღარაფერი დარჩება. ასე იყო კომუნისტების პერიოდში. თუ ახლა ლამის თითქმის მთელი საქართველო საძოვრად იქცა, იმხანად იხვეწებოდნენ მეცხვარეები: მინდვრები არ გადახნათ, საძოვრები დაგვიტოვეთო.
საქართველოში მიწის ერთ ნაკვეთზე ორი და სამი მოსავლის მოყვანაც კი შეიძლება. მაგალითად, დაითესოს ხორბალი შემოდგომაზე, მისი აღება გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი; მაშინვე შეიძლება დაითესოს სიმინდი, რომლის აღებაც აგვისტოში მოხერხდება და დაითესოს ისევ სიმინდი, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში სასილოსე იქნება. სხვათა შორის, ქვემო ქართლში დაახლოებით 450 ჰექტარზე ამ პრინციპით მუშაობენ უკრაინელები და რუსები. ჰო, მათ საერთო ბიზნესი აქვთ და ურთიერთობისთვის რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე დაპირისპირებას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. ისინი გაოცებული არიან იმით, რატომ არ ამუშავებენ ქართველები მიწას სამჯერ, რატომ არ იღებენ სამ მოსავალს და გული შესტკივათ, რომ უფრო მეტი მიწა არ აქვთ; რადგან უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა აკრძალულია, ვეღარც ყიდულობენ. ეს 450 ჰექტარიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში „დაითრიეს“ და ხელიდან აღარ უშვებენ. კიდევ ერთი პარადოქსი, იცით, რა არის? მათ ამ მიწაზე ქართველი ფერმერებისგან ნაჩუქარი ნაკელი შეაქვთ. ჰო, ნაჩუქარი, რადგან ქართველი ფერმერები მზად არიან, ოღონდ ვინმემ წაიღოს და მოაშოროს ჭარბი ნაკელი და სხვას აძლევენ უფასოდ. ეს მაშინ, როცა ყველაზე ბუნებრივი და სასარგებლო სასუქი ევროპაში ძვირი ღირს და საჩუქრად არავინ მოგცემთ, მაგრამ ქართველ ფერმერებს არ სჭირდებათ, საძოვარზე ბალახი თავისით ამოდის, მარცვლოვანი კულტურების მოყვანით კი თავს არ იწუხებენ და მერე სწორედ იმ უკრაინულ-რუსული კომპანიისგან ყიდულობენ სიმინდს, ხორბალს, სილოსს…
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხვალ და ზეგ რამეს შეცვლა და გამოსწორება გამორიცხულია. ამ პროცესს ჯერ კარგი დაგეგმვა სჭირდება, შემდეგ – განხორციელება და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის სათავეში ისეთი კაცი უნდა იდგეს, რომელსაც სოფლის მეურნეობა უყვარს, სამშობლო უყვარს, თორემ წელს რომ ნახევარმა საქართველომ ირანული და თურქული საზამთრო და ნესვი მიირთვა ისე, რომ ვერც გაიგო, ორიოდე წლის შემდეგ ახსნა და გაგებაც არ დაგვჭირდება, რადგან მთლიანად შემოტანილ პროდუქტზე ვიქნებით დამოკიდებულნი. ეგებ არც ის იცით, რომ წელს მოხმარებული გარგრის 93% სომხეთიდან იყო შემოტანილი და ვერც იმას ხვდებით, რომ ახლა, საადრეო ყურძნის პერიოდში, ბაზარი თურქულ ყურძენს მიაქვს, ქართული ყურძენი კი აქა-იქ დევს დახლზე. ჰო, ასე ნელ-ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვკარგავთ ყველაფერს, რისი დაკარგვაც კი შეიძლება და ბოლოს, ალბათ, ის დროც დადგება, წყლის შემოტანასაც დავიწყებთ. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ზუსტად ასე ვიცინოდით წლების წინათ ხახვის, მწვანილის, კარტოფილის შემოტანაზე, ახლა ვიცინით საზამთროსა და ნესვზე… წელს მილიონი კგ ჩინური ნიორი ვჭამეთ და, სხვა რა გითხრათ, შეგვერგოს!
ლევან გაბაშვილი