სამი წელიწადი და სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ეს დიდი დროა. დაახლოებით ამდენ (ოთხ წელიწადზე ნაკლებ) დროში საბჭოთა კავშირმა დიდი სამამულო ომი დაასრულა, რომელმაც ფაშისტური ჭირისგან მთელი საბჭოთა კავშირი და ევროპა გაათავისუფლა, ანუ მესამე რაიხიც დაამხო, დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციაც ჩაატარა, გერმანია ორ ნაწილად გაჰყო და სამხედრო დამნაშავეებიც გაასამართლა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირმა ეს ყველაფერი იქამდე განახორციელა, სანამ ბირთვული ფარი გაუჩნდებოდა.
დღევანდელმა ბირთვული ტრიადით აღჭურვილმა რუსეთმა კი სამ წელიწადზე მეტი დრო დონბასის ტერიტორიის გათავისუფლებას შეალია. ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე წელიწადს კი უკრაინელი ფაშისტები ტერორისტული აქტების სერიებს აწყობენ და რუსეთის დედაქალაქის აეროპორტები უკრაინული დრონების შიშით ხშირად იძულებულნი არიან, რომ თვითმფრინავების მიღებაზე უარი განაცხადონ. მეტიც, მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვსკის, რიაზანისა და ამურის ოლქების აეროდრომებზე სტრატეგიული დანიშნულების თვითმფრინავებს აფეთქებენ. გასაგებია, რომ ამას, უკრაინა კი არა, დასავლეთი აკეთებს, მთელ ამ ტრაგედიაში უკრაინის წილი მხოლოდ ე.წ. საზარბაზნე ხორცია, მხოლოდ ჯარისკაცია, რომლებიც მილიონობით იღუპებიან, მაგრამ მაინც, ნუთუ რუსეთი ისე სუსტია, რომ, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ, მას პირდაპირ ბრძოლის ველზე ამარცხებენ?! კი მაგრამ, ჩვენ ხომ გვახსოვს პუტინის მიერ მსოფლიოს გასაგონად ნათქვამი სიტყვები: „რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია!”, „ლეოპარდები” იწვიან, ასევე დაიწვებიან F-16-ებიც!” – ეს გამონათქვამები ახლა ეჭვქვეშ დგება თუ რაშია საქმე? აგერ, აეროდრომებზე თავდასხმისა და ტერაქტების შემდეგაც ხომ თქვა, რომ „ჩვენი არმია წარმატებით უტევს ფრონტის მთელ ხაზზე”. მაშ, როგორ ავხსნათ ის მდგომარეობა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ? კი, რუსეთმა ბანდერელთა ბატონობისგან გაათავისუფლა ოთხი ადმინისტრაციული ერთეული (დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს), ასევე გაწმინდა კურსკის ოლქი, რომელიც ბანდერელებმა ხელში ჩაიგდეს, მაგრამ ეს გაუთავებელი თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე იმის საწინააღმდეგოზე ხომ არ მეტყველებს, რასაც პუტინი ამტკიცებდა იმ გამონათქვამებში, რომლებიც ეს ესაა მოვიხმეთ? ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს.
ამ ოპერაციას თითქმის დასაწყისიდანვე მოსდევს მთავარი შეკითხვა – რატომ არ ამთავრებს ომს რუსეთი, რატომ არ ბომბავს იმ ცენტრებს კიევში, რომლებშიც გადაწყვეტილებები მიიღება? ამას არ აკეთებს თუ ვერ აკეთებს? ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთს კიევის აღება ან, მით უფრო, კიევში რამდენიმე ცენტრის განადგურება არ შეუძლია, რითაც უკრაინის სამხედრო მანქანის სრულ პარალიზებას შეძლებდა. რატომ იკავებს იგი თავს ამ გადამწყვეტი შეტევისგან და რატომ აძლევს დასავლეთს იმის საშუალებას, რომ მუდმივად შეავსოს უკრაინის დანაკარგები სამხედრო ტექნიკით? რატომ აჭიანურებს დროს, რას ელოდება? – ამ შეკითხვებზე პასუხი არავის აქვს.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშშ-ის სამხედრო ექსპერტი (ყოფილი სამხედრო პირი) დენიელ დევისი სვამს შეკითხვას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამხედრო თვალსაზრისით და თვითონვე სცემს პასუხს: „უკრაინამ, შესაძლებელია, ყველაფერი დაკარგოს. რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს არამხოლოდ მდინარე დნეპრის გასწვრივ, არამედ სხვაგანაც». ექსპერტის აზრით, „რუსეთის ახალმა შეტევამ უკრაინა შეიძლება აიძულოს, გარკვეულ მოლაპარაკებაზე ან სულაც კაპიტულაციაზე წავიდეს». ექსპერტი საუბრობს იმის შესახებაც, რომ „უკრაინის არმიაში უმძიმესი მდგომარეობაა. ჯარისკაცები გარბიან ჯარიდან. დეზერტირთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. უკრაინული არმია ყოველდღიურად სუსტდება, რაც რუსეთის მხრიდან ახალი შეტევების ორგანიზებას გამოიწვევს. დაჯგუფება „ცენტრის» მეომრები უკვე გავიდნენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დასავლეთ საზღვრამდე და განაგრძობენ შეტევას დნეპროპეტროვსკზე».
ამერიკელი ექსპერტის მსჯელობა საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ აქ მაინც არ არის პირდაპირი პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც დავსვით. რამდენიც უნდა ვეძებოთ, ამ შეკითხვებზე პირდაპირ პასუხს ვერსად ვიპოვნით. პასუხამდე მხოლოდ ირიბი გზებით თუ მივალთ, თუმცა ასეთი გზით გაკეთებული დასკვნა არასოდეს არის ბოლომდე დამაჯერებელი და ამომწურავი.
ტერაქტების მოწყობისა და სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმის განხორციელების შემდეგ ზელენსკი მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს უკვე სასაცილოც არის და სატირალიც, რადგან მის ამ განცხადებაში ხაფანგში გაბმული ტურა ჩანს, რომელიც შიშისგან ძრწის, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს: „ხაზს ვუსვამ, – აცხადებს იგი, – ნებისმიერი ფორმატით, ნებისმიერი შემადგენლობით, ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ წერტილში ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ან პირდაპირი, ან ამერიკისა და ევროპის შუამდგომლობით მოლაპარაკებისთვის”.
დააკვირდით, რას აკეთებს ზელენსკი. იმ საზიზღარი ტერაქტების მოწყობით სცადა, რუსეთის მდგომარეობა რამდენადმე მაინც შეერყია, რომ მოლაპარაკების დროს თვითონ უკეთეს პოზიციაში ყოფილიყო, მაგრამ ახლა ხვდება, რომ ეს არ გამოუვიდა, რის გამოც, როგორც ტურას სჩვევია, უკან იხევს და საზიზღარი წკმუტუნით აცხადებს თანხმობას მოლაპარაკების განახლებაზე, თუნდაც მისთვის უკვე სრულიად არახელსაყრელ მდგომარეობაში. პუტინი კი, ბუნებრივია, ამ ვითარებაში მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ აპირებს: „ეს უპირობოდ ტერორისტული აქტია. მათი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში პოლიტიკურ დონეზე. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა სამოქალაქო პირებზე. ყველა საერთაშორისო ნორმის მიხედვით, ასეთი მოქმედებები ფასდება ტერორიზმად”.
რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს:
„ეს მხოლოდ ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას, რომ კიევის უამისოდაც არალეგიტიმური რეჟიმი, რომელმაც ოდესღაც ხელისუფლება მიიტაცა, თანდათანობით გადაგვარდა ტერორისტულ ორგანიზაციად, მისი სპონსორები კი ტერორისტების თანამზრახველებად გვევლინებიან. უზარმაზარი დანაკარგების ფონზე, უკან იხევს რა ფრონტის ხაზიდან მის ყოველ წერტილში, კიევის მეთაურები ტერორისტული აქტების განხორციელებით შეეცადნენ რუსეთის დაშინებას».
ამ ნათქვამის შემდეგ პუტინმა რამდენიმე შეკითხვაც დასვა: „როგორ შეიძლება ამ ვითარებაში შეხვედრები და მოლაპარაკების წარმოება? ვინ აწარმოებს მოლაპარაკებას ტერორისტებთან? რისთვის წავახალისოთ და რატომ მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, რომელიც დასავლეთის მიერ გამოყენებული იქნება რეჟიმისთვის იარაღის მარაგის შესავსებად, აგრეთვე, ძალადობრივი მობილიზაციის ჩასატარებლად და ახალი ტერაქტების მოსამზადებლად?»
შეკითხვებს პრეზიდენტმა დასკვნაც მოაყოლა: „უკრაინის მხარეს არ ყოფნის თუნდაც მინიმალური კომპეტენცია, არც პოლიტიკური კულტურა იმისთვის, რომ არ შეურაცხყოს ის, ვისთანაც მოლაპარაკებას ცდილობს. შიგნიდან გამომპალ და კორუფციაში ბოლომდე ჩაფლულ რეჟიმს არ სურს მშვიდობა, რადგან მისთვის ეს ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. ძალაუფლება კი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მშვიდობა და ადამიანების სიცოცხლე».
აქ შესანიშნავად არის ახსნილი არამხოლოდ კიევის რეჟიმის არსი, არამედ მისი მაცოცხლებელი და მაორგანიზებელი ძალის (დასავლეთის) რეალური სახეც.
აი აქ, ალბათ, მივადექით ზემოთ დასმულ შეკითხვებზე პასუხს, როგორც უკვე ვთქვი, ირიბად მაინც. პუტინისთვის ეს ომი არ არის უკრაინულ ფაშიზმთან ომი, მისთვის ეს დასავლეთის ბნელ ძალასთან ომია. ეს „ბნელი ძალა» სხვა არაფერია, თუ არა დიფ სთეითი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოუცხადა ომი. ტრამპთან, სანამ მას მეორედ აირჩევდნენ პრეზიდენტად, დიფ სთეითს უკვე ჰქონდა ბრძოლა გამოცხადებული და ეს პუტინმა შესანიშნავად იცოდა. პუტინმა ისიც იცოდა, რომ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებდა და დიფ სთეითთან ბრძოლა ღია ხასიათს მიიღებდა ანუ დასავლეთის ბნელ ძალასთან ბრძოლაში პუტინი ტრამპის სახით მოკავშირის მოსვლას ელოდებოდა, ამიტომ უკრაინაში ომის დამთავრება მას ხელს არ აძლევდა, რადგან ამ ომში პუტინს უკრაინის დამარცხება არ ჰყოფნიდა, მას დასავლეთის ბნელი ძალის დამარცხება ჰქონდა ჩაფიქრებული. არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ეს ჩანაფიქრი შედარებით იოლი ჩანს არა იმის გამო, რომ ტრამპი პუტინის პირდაპირი მოკავშირეა, არამედ იმიტომ, რომ მათ ერთი საერთო მტერი აღმოაჩნდათ, რაც პუტინის ბრძოლას დასავლეთის ბნელ ძალასთან ერთგვარ უტოპიურობას აცლის და რეალური შინაარსით ტვირთავს, ამიტომ აჭიანურებდა (დღემდე აჭიანურებს) პუტინი უკრაინის ოპერაციას. არის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც; კერძოდ, ის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ აწარმოებს. ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩარჩოს არ უნდა გასცდეს. კიევში მასშტაბური დაბომბვები და ხელისუფლების განადგურება უკვე ფართომასშტაბიანი ომი იქნება, რაშიც სიტუაციის გადაზრდა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
ცხადია, რომ მე ყველა დეტალის გათვალისწინება და გააზრება არ შემიძლია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს დეტალები არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ის, რაც ღია არხებით ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომელიც უკვე გავაკეთე. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროცესი არც მხოლოდ დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციით დასრულდება, არც მხოლოდ უკრაინული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში გადმოსვლით და არც მხოლოდ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს საბოლოო ჩამოყალიბებით. კი, ეს ყველაფერი მოხდება, მაგრამ პროცესი უფრო რთული და შორს მიმავალია, რომელიც უშუალოდ დასავლეთის სამყაროში ფუნდამენტურ ცვლილებებს დაედება საფუძვლად და მსოფლიოში სრულიად ახალ გეოპოლიტიკრ კონტექსტს შექმნის.
ვალერი კვარაცხელია