ნანა კაკაბაძე: საქართველო რუსეთს უნდა დაელაპარაკოს ყველაფერზე, უპირველესად, ტერიტორიების დაბრუნების გზებზე

    ,,ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი კი არა, ქართველი ხალხისა და საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას”

    ნანა კაკაბაძე

    17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე  აღინიშნა.

    ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსული  ათიათასობით  ადამიანი მათი მხარდამჭერია. ოპოზიციური  მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წელს 17 მაისის  აღსანიშნავად იმდენი ადამიანი არ გამოსულა, რამდენიც წინა წლებში

     პატრიარქის ლოცვაკურთხევით დაწესებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე  და ხელისუფლების პოზიცია _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე

    _ ოჯახის სიწმინდის დღე არ არის ხელისუფლების მხარდაჭერის დღე. ამ დღეს ხალხი სხვა მიზნით გამოდის ქუჩაში. ეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი დღეა. ხელისუფლება ამასთან არაფერ შუაშია. პატრიარქი რასაც აკეთებს, ქვეყნის ინტერესებზეა გათვლილი და არა პოლიტიკურ ინტერესებზე.

    17 მაისი ლგბტ-ების დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ პარტიარქმა ამის საპირწონე დღე დააწესა _ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, რითაც ბევრი პრობლემა მოაგვარა. პატრიარქის  ეს ნაბიჯი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება მსოფლიო ისტორიაში შევიდეს. პატრიარქმა ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგალითად, ის, რომ სრულყოფილი ოჯახის მესამე შვილს თვითონ ნათლავს. ეს  ამერიკელებმა მსოფლიო დონის მოვლენად შესაფასეს, როგორც დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად გადაგმული ნაბიჯი.

    _ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებამ და ღონისძიებებმა მაინცდამაინც დიდი შედეგი ვერ გამოიღო _ ჩვენთან არც დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესებულა და, სიმართლე  უნდა ითქვას, არც ოჯახის სიწმინდეს ვიცავთ. ზოგიერთის აზრით, ეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობით აიხსნება _ ხელისუფლება რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის და სათანადოდ ვერ მოქმედებს

    _ ხელისუფლების უდიდესი შეცდომა იყო ის, რომ 2013 წლის დასაწყისში არ გაასამართლეს  ,,ნაცმოძრაობა”, როდესაც ამას ხალხი მოითხოვდა. სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული 12 ათასი ადამიანი მოვიდა სპორტის სასახლეში, მოვითხოვეთ რეჟიმის გასამართლება, მაგრამ მთავრობა დაგვიპირისპირდა. იმხანად ,,ქართულ ოცნებას~ იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო, ვერავინ ვერაფერს ეტყოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ გააკეთა…

    _ ახლა საპარლამენტო კომისია მუშაობს წინა ხელისუფლების დანაშაულების სრულად გამოსაძიებლად, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მცდელობას არ აკლებენ, არ გამოუკითხავთ რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებმაც უფრო მეტი იციან, ვიდრე გამოკითხულებმა

    ხალხს იმედი ხომ არ გაუცრუვდა? არჩევნები მოდის, შესაძლოა, მარცხიც განიცადოს ხელისუფლებამ და რას აპირებენ, რა ეშველებათ?

    _ ხელისუფლებას რა ეშველება,  არავის აინტერესებს. ხელისუფლებამ იმაზე უნდა იფიქროს, რომ წინა ხელისუფლება არ მობრუნდეს.

    საპარლამენტო კომისია დაინტერესებული უნდა იყოს ყველა დამნაშავის გამოვლენით. სამწუხაროა, რომ მართლა არ დაუკითხავთ ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, მაგალითად, რა ხდებოდა აგვისტოს ომში. ისიც სამწუხაროა, რომ დამნაშავეები დღემდე სხედან სამსახურებში, თანაც თავდაცვის სამინისტროში. ეს კატასტროფაა!

    ანალოგიური ვითარებაა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დღეს ემიგრანტები ასეთი ტვინგამორეცხილები რომ არიან, სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩაბუდებული კადრების გამოა. უცხოეთში ჩვენი წარმომადგენლობები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებენ, თანაც ხალხის ჯიბიდან ფინანსდებიან.

    13 წელიწადი გავიდა და სირცხვილია, ისევ ნაცების ჩაბუდებულ კადრებზე რომ ვსაუბრობთ. ნუთუ აქამდე სანდო და ქვეყნის მოყვარული კადრები ვერ გამოინახა?! ხელისუფლებას სწორი კომუნიკაცია რომ ჰქონოდა ხალხთან, ახლა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ნეოლიბერალებმა ადამიანები ზომბებად აქციეს.

    საქართველო პატარა ქვეყანაა და აუცილებლია, ყველასთან მოგვარებული ჰქონდეს ურთიერთობა, რაც არ ჩანს. არ დაიწყეს მოლაპარაკება რუსეთთან. არადა, ამ უზარმაზარ მეზობელ ქვეყანაში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. მათ რა უნდა ქნან, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებას არ დაიწყებს?

    _ ადამიანები  ამბობენ, რომ ,,ქართულ ოცნებასიძულებით უჭერენ მხარს

    _ დიახ, იძულებით უჭერენ მხარს. გარდაუვალი იქნება საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2026 წელს, მაგრამ გაჩნდება კი ძალა, რომელსაც ხალხი მხარს დაუჭერს?

     ხელისუფლებამ ნაბიჯები უნდა გადადგას ხალხისკენ, ცალკე არ უნდა იმუშაოს, ისე, როგორც დღეს ხდება. ხელისუფლებამ უნდა გახსნას მედიასაშუალებები და მიიღონ განსხვავებული აზრი. არავის აინტერესებს, ჩაკეტილ სივრცეში რას საუბრობენ. ეს, გინდათ, ოპოზიციური არხები იყოს, გინდათ _ ხელისუფლების მხარდამჭერი. სივრცე უნდა გაიხსნას, მონოპოლია უნდა დასრულდეს.

    სიმართლე უნდა ვთქვათ. სიმართლე თუ არ ითქვა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტაო-კლარჯეთის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

    რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან რომ უნდა დავსხდეთ, ვიღაცამ საჯაროდ უნდა თქვას. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ზელენსკი ცდილობს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ჩვენ რა გვჭირს? ზელენსკის ხომ მეტი ტერიტორია აქვს დაკარგული, ვიდრე ჩვენ?…

    ხელისუფლებამ უნდა გამოგვიცხადოს, რა გეგმა აქვს შემუშავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად  _ ომი თუ მოლაპარაკება.

    ომი ჩვენ არ შეგვიძლია. 2008 წელს ვნახეთ, ომი როგორია. ხელისუფლებამ უნდა აგვიხსნას, თუ ომი არ სურს, მაშინ რას გვთავაზობს. თუ პასუხებიც  არ აქვს, ესეც გვითხრას. მაგრამ ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ 30 წელიწადი გავიდა ტერიტორიების დაკარგვიდან და ხალხი შეეგუა ამას.

    საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს ჩვენი ქვეყნის  საზიანოდ მიმართული პოლიტიკა.

    საქართველოს  თავისი ადგილი აქვს ახალ გეოპოლიტიკაში. ჩვენი ქვეყანა ყველა სახელმწიფოს ინტერესების სფეროშია. ამით უნდა ვისარგებლოთ. ახლა ჩვენი სიტყვის თქმის დროა და, თუკი ხელიდან შანსს გავუშვებთ, სიტყვასაც ვეღარ ვიტყვით და ვეღარ დავლაგდებით… დღეს არის საჭირო დრო და საჭირო მომენტი, სწორ ადგილას უნდა აღმოვჩნდეთ. ე.წ. ჟენევის ფორმატში ყოფნა ჩვენი არჩევნი არ არის, მავთულხლართებთან ფოტოების გადაღებაც არ არის გამოსავალი.

    საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს სწორი პოლიტიკის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხი მის გვერდით არ დადგება. საქართველო რუსეთს უნდა დაელაპარაკოს ყველაფერზე და, უპირველესად, ტერიტორიების დაბრუნების გზებზე

    არჩევნები თუ წააგეს, ხელისუფლება გაიწირება? არა _ ჩვენ გავიწირებით, ფაშისტები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

    ,,ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი კი არა, ქართველი ხალხისა და საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. მას არ აქვთ უფლება, იფიქროს, ჩემი ნაშოვნი მაქვს და რაში მაინტერესებს, ხვალ რა იქნებაო.

    საქართველო ვეღარ იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო 32 წლის განმავლობაში. ეს წლები გვაშორებდა სანუკვარ ოცნებას _ ტერიტორიების დაბრუნებასა და ქვეყნის გაერთიანებას. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუჯდეს რუსეთის პრეზიდენტს და ჰკითხოს _ რა არის საჭირო ტერიტორიების დასაბრუნებლად? სხვა გზა არ არსებობს….

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here