აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები.
„გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად.
შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება, იქნება ეს პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი თუ სხვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ამავდროულად აღნიშნა, რომ გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.