ტრამპის სიზმარი: USAID KAPUT!

    „იუსაიდი“ (United States Agency for International Development ან USAID) — აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებაა. დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო საერთო საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან იღებს და მიზნად ისახავს, „დახმარების ხელი გაუწოდოს უცხოეთში იმ ხალხს, რომელიც ცდილობს, თავი დააღწიო სიღარიბეს, გაიუმჯობესო ცხოვრების პირობები, აღადგინო სტიქიით მიყენებული ზარალი და ცდილობს, ააშენო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა…“

    ასეა განმარტებული ამ ორგანიზაციის დანიშნულება, მიზნები და ამოცანები.

    აგაშენათ ღმერთმა. ამაზე კეთილშობილური მიზნების მქონე ორგანიზაციას სად ნახავს კაცი?!

    ახლა ვნახოთ, როგორ დაახასიათეს ეს ორგანიზაცია აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  და მისმა მარჯვენა ხელმა (აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა), მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა.

    დონალდ ტრამპი: იუსაიდს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს და ჩვენ მათ მოვაშორებთ”.

    ილონ მასკი: ”როდესაც USAID- გამოვიკვლიეთ, ცხადი გახდა, რომ ის, რაც გვაქვს, არის არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი. თუ გაქვს ჭიანი ვაშლი, შეგიძლია ჭიის ამოღება, თუ გაქვს ჭიების მთელი გორგალი, უიმედო მდგომარეობაა. USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და დროა,  მოკვდეს. USAID-მა დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა. იცოდით, რომ USAID-მა თქვენი საგადასახადო დოლარის გამოყენებით დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა, მათ შორის COVID-19, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?”

    ოოოოო, ეს სულ სხვა შეფასება და სხვა ლაპარაკია, მაგრამ რომელია მართალი – ის, რასაც  „იუსაიდის“ შესახებ წლების განმავლობაში გვიყვებოდნენ, თუ ის, რაც ახლა ისეთი განსაკუთრებული და კომპეტენტური პერსონებისგან მოვისმინეთ, როგორებიც ბრძანდებიან დონალდ ტრამპი და ილონ მასკი? არავითარი კვლევა-ძიება იმაში გარკვევას არ სჭირდება, რომ აშშ-ში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და პროგრამები,  სხვა სახელმწიფოთა დასახმარებლად და ინტერესების დასაკმაყოფილებლად კი არა, მათთვის ძირის გამოსათხრელად იქმნება. რა ქველმოქმედებაზე შეიძლება საუბარი აშშ-ის მხრიდან სხვა სახელმწიფოებში იმ ვითარებაში, როდესაც ეს ქვეყანა სხვადასხვა პერიოდში  ორმოცდაათზე მეტ სახელმწიფოში ცეცხლითა და მახვილით  შევიდა? აშშ-ში ყველაფერი გამორჩეულად აშშ-ის ინტერესებისთვის იქმნება. დღეს აღარავის სჯერა იმ მითისა, რომ აშშ დემოკრატიის ბურჯია  მსოფლიოში. ეს დრო დიდი ხნის წინათ  წავიდა ყოველი გონიერი ადამიანისთვის; ახლა სულელებიც კი იცინინ აშშ-ის მიერ სხვა სახელმწიფოებში შეტანილ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. გარდა ამისა, იუსაიდის მსგავს ორგანიზაციებსა და პროექტებს ამ უაღრესად კორუფციულ სახელმწიფოში თავიდანვე კორუფციული მიზნებისა და სქემებისთვის ქმნიდნენ. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ისინი, ვინც მსგავსი პროექტებით სარგებლობენ და, როგორც იტყვიან, ხელს ითბობენ, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამ ჭეშმარიტებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ასეთი ორგანიზაციები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – USAID) მხოლოდ სიკეთისა და ქველმოქმედების სამსახურში დგანან. ახლაც კი, როდესაცUSAID-ი  აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ამხილეს, როგორც უბინძურესი ორგანიზაცია (”ჭიების გორგალი”), ნაციონალმა ვინმე დარჩიაშვილმა, აი, რა განაცხადა: „USAID უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას უწყობს ხელს. იდეალური არაფერია. რეფორმა ყველა ინსტიტუტს სჭირდება პერიოდულად, ხოლო Musk is mother-f idiot!“. ეს იმ დროს, როდესაც The New York Times-ი აქვეყნებს ამერიკელ კანონმდებელთა პესიმისტურ პროგნოზს: ”USAID-ის აღსასრული მალე დადგება”.

    არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ამ ორგანიზაციის აღსასრული უკვე დადგა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას დამცველებიც გამოუჩნდებიან.

    The New York Times-ი აქვეყნებს საინტერესო მასალებს, რომლებშიც ვკითხულობთ: „დონალდ ტრამპს არ დააკმაყოფილებს უწყების უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა, პროგრამების დახურვა და პერსონალის შემცირება. იგი სააგენტოს სრულ ლიკვიდაციას გეგმავს, –  ამას  აცხადებს სენატორი კრის მერფი კონეკტიკუტის შტატიდან, – მაგრამ უწყების დახურვა უკანონობაა. პრეზიდენტს არ შეუძლია, ერთპიროვნულად ფედერალური სააგენტოს ლიკვიდირება მოახდინოს. ასეთი გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება“.

    კანონმდებლები ასევე აცხადებენ, რომ ”USAID-ის საქმიანობის გაურკვეველი ვადით შეზღუდვა-შემცირებით ისარგებლებენ როგორც ჩინეთი, რუსეთი და ირანი, ასევე აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეები და არაკეთილმსურველები. ეს ყველაფერი დააზიანებს  აშშ-ის უსაფრთხოებას”.

    სენატორი ემი კლობუშარი მინესოტას შტატიდან აცხადებს: „ამერიკელებისათვის USAID-ის გაუქმებით, რომელიც ადამიანებს შიმშილის თავიდან აცილებაში ეხმარება, ებრძვის ექსტრემიზმს და ამერიკული ექსპორტის ბაზარს აფართოებს,  საფრთხე და მუქარები გაიზრდება. ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია ნამდვილი საჩუქარი იქნება ჩინეთისა და რუსეთისთვის“.

    გამიგრძელდა სიტყვა. USAID-ი  უზარმაზარი ორგანიზაციაა, მაგრამ აშშ-ის მასშტაბისა და შესაძლებლობებისთვის იგი უდიდესი არ არის. იქ გაცილებით დიდი ორგანიზაციებიც არის. შესაბამისად, გაცილებით მაღალი კორუფციაცაა, ვიდრე „იუსაიდში“. სამაგალითოდ განვიხილოთ  უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ერთი განცხადება: ”აშშ-ისგან გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებიდან უკრაინამ დაახლოებით 76 მილიარდი დოლარი მიიღო. არ ვიცი, სად არის ეს ფული. შეიძლება, ქაღალდზე ასეა.”

    უმძიმესი განცხადებაა. ას მილიარდ დოლარზე მეტი გაქრა. წარმოგიდგენიათ? აშშ-სა და უკრაინას შორის ას მილიარდ დოლარზე მეტი გაუჩინარდა, აორთქლდა. იქ გამოუყვეს, აქ ვერ მიიღეს. რა ჰქვია ამას? რაღაც  ჰქვია, ხომ? ვერ ვამბობ სიტყვა კორუფციას, რადგან, როდესაც ასეთ მასშტაბს იღებს, იგი სხვა თვისებას იძენს და სხვა მოვლენად ყალიბდება. ამ მოვლენის გამომხატველი სიტყვა ჯერ არ შეუქმნიათ არც ეკონომისტებს, არც ფინანსისტებს და არც იურისტებს. არადა, საჭიროა ამ მოვლენის (ზეკორუფციის, ჰიპერკორუფციის) გამომხატველი სიტყვის შექმნა. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს ჯერარშექმნილი სიტყვა იქნება გამომხატველი იმისა, რაც, ახალ თვისებრიობაში გადასული კორუფციის კი არა, ამერიკული იმპერიალიზმის ნგრევის ერთ-ერთი საფუძველი და გამომხატველი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ამ სიტყვის აღმოჩენამდეც მივა, თუმცა უბედურება ისაა, რომ ამ სიტყვის მიგნება აშშ-ს ვერ იხსნის  დაღუპვისგან, ვინაიდან ის, რაც ამ სახელმწიფოს სჭირს, სისტემის სენია და არა სახელმწიფოსი ან ხალხის. სისტემა დალპა და გაიხრწნა, ამიტომ ტრამპის ყველა ქმედება, რომლეიც მიმართული იქნება მისი გადარჩენისკენ, აჩქარებს მის დაღუპვას, ვინაიდან ანგრევს ყველაფერს, რაზეც თუნდაც არასწორად, მაგრამ მაინც დგას აშშ.

    ძველ აღთქმაში აღწერილია ერთი საგულისხმო ამბავი: ”მეფე ნაბუქოდონოსორმა უცნაური სიზმარი ნახა. სიზმარმა ისე ააფორიაქა მეფე, რომ ვეღარ დაიძინა; უხმო თავის ბრძენებს და სიზმრის ახსნა მოსთხოვა. მათ მიუგეს: მოგვიყევი შენი სიზმარი, მეფეო. ნაბუქოდონოსორმა უთხრა მათ: არა, თქვენ მომიყევით, რაც მესიზმრა, თორემ დაგხოცავთ! მათ ისევ სთხოვეს: ჯერ გვითხარი, რა გესიზმრა და მერე აგიხსნით მის მნიშვნელობასო. მეფემ თქვა: ყველანი ჩემს მოტყუებას ცდილობთ. თქვენ სიზმრის ახსნა თუ შეგიძლიათ, მისი შინაარსის გამოცნობაც უნდა შეგეძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მატყუებთ. როგორ ვირწმუნო მე თქვენი ახსნა სიზმრისა, თუკი თქვენ მისი გამოცნობა არ ძალგიძთ?! მომიყევით ჩემი სიზმარი! მათ მეფეს მიუგეს: დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება კაცი, რომელიც ამას შეძლებს. შეუძლებელს მოითხოვ, მეფეო.

    გაბრაზებულმა ნაბუქოდონოსორმა ქვეყნის ყველა ბრძენკაცის დახოცვა ბრძანა. მათ შორის იყვნენ დანიელი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო. დანიელმა სთხოვა მეფეს, რომ მისთვის ცოტა დრო მიეცა. შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ილოცეს და იეჰოვას სთხოვეს დახმარება.

    იეჰოვამ დანიელს ხილვაში აჩვენა ნაბუქოდონოსორის სიზმარი და მისი მნიშვნელობაც აუხსნა. მეორე დღეს დანიელი მეფის მსახურთან მივიდა და უთხრა: ნურავის მოკლავთ. მე ავუხსნი მეფეს სიზმარს. მეფის მსახურმა დანიელი ნაბუქოდონოსორთან მიიყვანა. დანიელმა უთხრა მეფეს: ღმერთმა გაჩვენა, რაც უნდა მოხდეს მომავალში. გეტყვი, რაც გესიზმრა: შენ ნახე უზარმაზარი ქანდაკება, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, მკერდი და მკლავები – ვერცხლის, მუცელი და ბარძაყები – სპილენძის, ფეხები – რკინის, ტერფები კი – თიხის. შემდეგ მთიდან ქვა მოწყდა და ქანდაკებას ტერფებზე დაეცა. ქანდაკება ისე დაიმსხვრა, რომ მტვრად იქცა და ქარმა წაიღო. ქვა ვეებერთელა მთად გადაიქცა და მთელი დედამიწა დაიკავა.

    დანიელმა განაგრძო: აი, შენი სიზმრის ახსნა: ქანდაკების ოქროს თავი შენს სამეფოს ნიშნავს. ვერცხლი სხვა სამეფოა, რომელიც შენ შემდეგ მოვა. სპილენძი მის შემდეგ მოსული სამეფო იქნება. იმის მერე რკინასავით ძლიერი სამეფო აღმოცენდება. ბოლო სამეფო კი თიხასავით სუსტი იქნება. ქვა, რომელიც მთად იქცა, ღვთის სამეფოა. ის დაამსხვრევს ყველა სამეფოს, თავად კი მარადიულად იარსებებს.

    ნაბუქოდონოსორი დანიელის წინაშე დაემხო და თავი მიწამდე დახარა. მან თქვა: შენმა ღმერთმა გაგიმხილა ეს სიზმარი. არ არსებობს მისი მსგავსი ღმერთი. ნაბუქოდონოსორმა დანიელი ყველა მთავრისა და ბრძენკაცის უფროსად დანიშნა”.

    არ ვიცი, ტრამპმა ნახა თუ არა ნაბუქოდონოსორის მსგავსი სიზმარი, მაგრამ ჯერ თუ არ უნახავს, აუცილებლად ნახავს, ვინაიდან დღევანდელ ამერიკასაც ბაბილონივით ოქროს თავი, ვერცხლის მკერდი, სპილენძის მუცელი, რკინის ფეხები და თიხის ტერფები აქვს. ნაბუქოდონოსორ მეორემ, რომლის შესახებაც ბიბლია გვიყვება, დალაშქრა ფინიკია, სირია და პალესტინა. ტრამპმაც დაადო ხელი კანადას, გრენლანდიას, პანამის არხს, უკრაინის იშვიათ წიაღისეულს და, ჰოი საოცრებავ,  პალესტინას.

    აი, როგორ აღწერს ბაბილონის დაცემას იოანე ღმრთისმეტყველი: «დედამიწის მეფეები, რომლებიც მასთან მეძაობდნენ და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას მის გამო ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება. ისინი მოშორებით იდგებიან, მისი ­ტანჯვით შეშინებულები, და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი გასამართლება!” (გამოცხადება 18 – 9, 10).

    არა მხოლოდ გაუგონარი კორუფციის, არამედ გაუგონარი უსამართლობისა და გაუგონარი თავხედობის გამო მოხდა ის, რასაც ოთხმოცი წლის წინანდელი HITLER KAPUT-ის ასოციაციით დავარქვი მეორე სათაურად – USAID KAPUT! აქედან კი არც ფონეტიკურად და არც სემანტიკურად არ არის ძნელი იმ მდგომარეობის წარმოდგენა, რომელსაც შესაძლებელია ასე ვუწოდოთ: USA KAPUT!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here