ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე  მისული  ბავშვების წინაააღმდეგ მიმართული პროვოკაცია ჩაიშალა

    ლიბერალებისთვის აღარაფერია წმინდა. ისინი იმაზეც კი წავიდნენ, რომ ქვეყნის ნაძვის ხის ანთების უფლება არ მისცეს ხელისუფლებას. უფრო ზუსტად, ისინი წავიდნენ იმაზე, რომ ნაძვის ხის ზეიმზე მისული ბავშვებისთვის გადაევლოთ და ასეც იქნებოდა, რომ არა ისევ ხელისუფლების კეთილგონიერება და ამ ეტაპზე უკან დახევა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბავშვების წინაააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის პრევენცია.

    ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ეკლესიისადმი დამოკიდებულება  გამოხატა, როცა გლდანში ეკლესიის კარი სატვირთო მანქანით შეანგრია და ამით დაადასტურა, რომ „ნულოვანი ტოლერატობა“ ღვთისმსახურებზეც გავრცელდებოდა. ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილი და   მისი ხელისუფლება საპატრიარქოს და ერთხელაც ვერ მოახერხა, რომ გამოკითხვებში  პატრიარქზე მაღალი ნდობა და რეიტინგი ჰქონოდა. სწორედ ეს აცოფებდა მიშას და მის რაზმს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, ხალხის ნებას ვერაფერს უხერხებდნენ.

    ახლაც, მიმდინარე აქციების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების სამოსით ინიღბებიან, ყველანაირად ცდილობდნენ, ეკლესიისადმი სიძულვილი დაემალათ, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლეს და ამ ყველაფერმა გასულ კვირას ვაკეში ამოხეთქა –  მიშას მრევლი ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარს მიუვარდა (შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, რომელი ეკლესიაა და რომელი მოძღვარი) და ბოღმა ანთხია. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, დასავლეთის მიერ დამკვიდრებულ ერთ საინტერესო სტერეოტიპზე გავამახვილებთ ყურადღებას. ახლა  გვასწავლიან, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა ჰომოფობიაა, შავკანიანის შეურაცხყოფა – რასიზმი, ებრაელის – ანტისემიტიზმი და მხოლოდ მართლმადიდებელთა შეურაცხყოფა არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ეს დაამკვიდრა დასავლეთმა და გვიმტკიცებს, სწორედ ასეაო.

    ისევ ნაციონალებსა და მათ მრევლს დავუბრუნდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად და ვის მიუვარდნენ, მთავარია ის, რომ მათ ორ კვირაზე მეტი ვერ გაძლეს, ნამდვილი სახე დაემალათ და არ ეჩვენებინათ, რას ფიქრობენ რეალურად და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. ეკლესიაში მივარდნის პარალელურად, ასობით მომიტინგემ შუა ქუჩაში ლანძღა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც  8-10 წლის შვილი ახლდა და ამ ბავშვს ასმენინეს, რომ თურმე დედამისი „მოღალატეა“, „რუსეთუმეა“, რადგან მათ მხარეს არ დგას და უქმე დღეს არა მიტინგზე, არამედ შვილთან ერთად ატარებს. იქვე ჩაუტარეს გაკვეთილი, როგორ უნდა აღზარდოს შვილი, რომ თურმე შვილმა მომიტინგეებისგან უნდა ისწავლოს ცხოვრება და მერე რა, რომ  მომიტინგეები ამ ბავშვს ვერაფერს ასწავლიან, ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობისა და შენობების დაზიანება-დანგრევის გარდა. ეს არის, მათი აზრით, თავისუფლება და სწორედ ამ თავისუფლებაზე საუბრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი, რომელმაც მოიცალა და საქართველოს მოსახლეობას გზავნილი გამოუგზავნა. ისე, სასაცილოა, კაცი, რომელმაც არჩევნები წააგო, რომელსაც მთავრობა თავზე დაამხეს და ახლა ოპოზიციონერი პრემიერი ეყოლება, ჩვენ გვარიგებს ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ. ის კაცი გვარიგებს ჭკუას, რომელმაც ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციის დროს პარიზში, სიყვარულის ქალაქში, 10 ათასზე მეტი ადამიანი დააჭერინა (მათგან 1000 გაასამართლეს), 500-ზე მეტს  სერიოზული ფიზიკური დაზიანება ჰქონდა და, რაც მთავარია, მაკრონის ჟანდარმებმა აქციების დაშლისას 11 ადამიანი მოკლეს. ჰო, მომიტინგეები დახოცეს და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, ქართულმა პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენაო. ვინ იცის, ეგებ დასავლეთის გადმოსახედიდან პროპორციული ძალის გამოყენება სწორედ ადამიანების დახოცვაა?! ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ სწორედ ასე იქცეოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიცია, რასაც დასავლეთი მდუმარედ უმზერდა.

    ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნაციონალებმა (და ნუ ვიდავებთ, რომ სახე და სახელცვლილი პარტიების წევრები ნაციონალები არ არიან) მოახერხეს და ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილი დაიყენეს გვერდით. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც  სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას,  დაქვემდებარებაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში გამოურეცხეს ტვინი; რომლებსაც ილიაუნში ასწავლეს ის, რაც ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება; რომლებსაც კახა ბენდუქიძე სამყაროს ცენტრი ეგონათ და მის სასწავლებელში სიხარულით მიდიოდნენ. ამ ახალგაზრდებს ელემენტარული შეცოდების უნარი არ აქვთ, ამ ახალგაზრდებს უფროსების პატივისცემა არ გააჩნიათ, რაც მთავარია, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონიათ და მარტივ ჭეშმარიტებასაც კი არ აღიარებენ, რადგან ამ ჭეშმარიტებაზე მათთვის არავის არაფერი უთქვამს. მათ არ იციან საწინააღმდეგო აზრის პატივისცემა, ვინც მათ მხარეს არ არის, ყველა მათი მტერია (სააკაშვილის ხელწერა) და არა მხოლოდ მტერი, არამედ მოსისხლე, რომლის ფიზიკურად განადგურებისთვის მზად არიან.

    ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე მისული დედა შვილს ყურებზე ხელებს აფარებს, რათა არ მოასმენინოს ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებსაც გავეშებული „პროევროპელები“ მის მიმართ გაიძახოდნენ

    ახლა, ამ გადმოსახედიდან, სატირლად ჩანს ის, რომ ხელის ერთი მოსმით დავანგირეთ საბჭოური განათლების სისტემა, რომელსაც დღემდე აქტიურად იყენებს გერმანია, რომლის დანერგვა უკვე დაიწყო ამერიკულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და ყველა ნელ-ნელა ხვდება, რომ მცირე „გასალაშინების“ შემთხვევაში, ეს სისტემა საუკეთესოა, რაც კი შეიძლება მოიგონონ და ბავშვებსა და მოზარდებს შესთავაზონ. საქართველოში კი  ამის ხმამაღლა თქმა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადებენ და, რამდენიც უნდა ამტკიცოთ, რომ ანალოგიური რამ ევროპასა და ამერიკაშიც ხდება, მაინც არ დაგიჯერებენ, ზუსტად ისე არ დაგიჯერებენ, როგორც არ დაიჯერეს, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი ლამის მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ რომ მიიღო და მხოლოდ საქართველოში დაერქვა „რუსული“.

    რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აქციები, მით მეტად აევსებათ მოთმინების ფიალა ნაციონალების ზონდერებს. აკი ვრცელდება კიდეც მედიაში ჩანაწერები, რომლებშიც ჯერ ავტომანქანების დაწვაზე მსჯელობდნენ, შემდეგ უკვე გვამი დასჭირდათ, ოღონდ თუ თავიდან უბრალოდ გვამი იყო საჭირო, მერე „გაართულეს“ და აღიარეს, რომ კარგი იქნებოდა გოგოს გვამი და ძალიან კარგი, თუ ეს გოგო ჟურნალისტი იქნებოდა. ოპოზიციონერი ლიდერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი მონტაჟია, რადგან აქ უცოდველი ახალგაზრდები დგანანო.  სწორედ ეს „უცოდველი“ ახალგაზრდები ცდილობდნენ პოლიციელთა დაწვას, სწორედ ეს „უცოდველი“ ახალგაზრდები წვავდნენ მუნიციპალურ ქონებას და ანადგურებდნენ კერძო საკუთრებას. ერთი, ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება მაინც გაიხსენეთ და გაგვახსენეთ, რომ მოწოდება გაკეთდა,  რუსთაველზე მდებარე კაფე-ბარების კუთვნილი ქონება არ გაენადგურებინათ; რომ სანაგვე ურნები, რომელთა ღირებულებაც 3500 ლარიდან იწყება, არ დაეწვათ და არ დაემტვრიათ; რომ სამართალდამცველებიც ადამიანები არიან… არა, პირიქით –  ისინი ძალოვნებს „ომონს“ უწოდებდნენ, მშვიდობისკენ  მომწოდებელ სასულიერო პირებს –  შეგზავნილ აგენტებს და, თუ მათ მხარეს არ დადგებოდი და ძალადობრივ აქტში არ მიიღებდი მონაწილეობას, შენი თავი ჩალადაც კი არ ფასობდა. და ამ ყველაფერს დასავლეთი მშვიდად უყურებდა და დღემდე იმას გვიმტკიცებს, რომ საქართველოში ძალოვნებზე ძალადობა გამართლებულია, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, ხელისუფლებას კი – არაფრის. ჰო, იმ ხელისუფლებას, რომელმაც მოახერხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არ ჩაერთო შეიარაღებულ კონფლიქტში; რომელმაც მოახერხა და მშვიდობა დღემდე კბილებით მოიტანა; რომელიც დასავლეთის მარწუხებიდან თავის დაღწევას ცდილობს და კონგრესმენების, სენატორებისა თუ ევროპარლამენტარების დაკრულზე არ ცეკვავს. უკვე ამერიკის საელჩო ვეღარ ნიშნავს მინისტრებს, დღის წესრიგს ამერიკის ელჩი არ გვიდგენს და ლიბერალური ფრთა არნახულად შესუსტდა. ჰო, ჩვენთან შესუსტდა, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში ისევ მძლავრობს და სწორედ ეს ლიბერალური ფრთაა, ბოლომდე რომ ცდილობს ვითარების არევას; ყველაფერს რომ აკეთებს, დონალდ ტრამპს იმდენი პრობლემა დაახვედროს, სულ ცოტა, საწყისი ერთი წელი მაინც ამერიკის ახალი პრეზიდენტისთვის ურთულესი აღმოჩნდეს.

    ლიბერალებისთვის აღარაფერია წმინდა. ისინი იმაზეც კი წავიდნენ, რომ ქვეყნის ნაძვის ხის ანთების უფლება არ მისცეს ხელისუფლებას. უფრო ზუსტად, ისინი წავიდნენ იმაზე, რომ ნაძვის ხის ზეიმზე მისული ბავშვებისთვის გადაევლოთ და ასეც იქნებოდა, რომ არა ისევ ხელისუფლების კეთილგონიერება და ამ ეტაპზე უკან დახევა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის პრევენცია. ჰოდა, ზეიმი აქვთ ახლა, ნაძვის ხე არ ავანთებინეთ ხელისუფლებასო; იმას კი არ ამბობენ, რომ ამ დღეს მათი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ. ახალი წელი ხომ პატარებისაა, იმ პატარების, რომლებზე გადავლასაც აპირებდნენ და, საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს, არ მოახერხებინეს და კიდევ იმას აპროტესტებდნენ, სამართალდამცველები რატომ  მოვიდნენ, ჩვენ ხომ არაფერს ვაპირებდითო.

    სამაგიეროდ, აქციაზე მივიდა „დიდი ბავშვი“ სალომე ზურაბიშვილი და პირდაპირ თქვა, არსად წასვლას არ ვაპირებო. ეჭვი გვაქვს, ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო შოუ ის იქნება, ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ქალი სკამს რომ ჩაებღაუჭება და ორბელიანების სასახლეს ცოცხალი თავით  არ დატოვებს.  მერე კი დასავლეთი ისევ აყვირდება, პრეზიდენტს როგორ ექცევიანო… არადა, აღარ არის ეს ქალი პრეზიდენტი, აღარ… პრინციპში, რეალურად არც არასდროს ყოფილა…

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here