Home ახალი ამბები საქართველო მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც …

მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც …

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ( 08.10.2024 ), პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13.6%-ს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (“ახალი,“ “დროა“, ,,გირჩი - მეტი თავისუფლება” )- 10.3%-ს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ („ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“) - 4.5%-ს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” - 3.8%-ს, იაგო ხვიჩიას „გირჩი“ - 2.7%-ს, პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2.5%-ს, სხვა პარტიები - 3 .1%–ს.

სანამ სათაურს გავაგრძელებდე, მანამდე პატარა შესავალს წარვუმძღვარებ. კარსმომდგარი არჩევნების შედეგებზე მეტად იმაზე ვფიქრობთ, რა გველის არჩევნების დასრულების შემდეგ – 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში: მშვიდობიანი ცხოვრება, ძალზე მწვავე სამოქალაქო დაპირისპირება  თუ სულაც – გარეშე ძალების აქტიური, შეიარაღებული ჩარევა. როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ ზუსტად და ბოლომდე არავინ იცის, ალბათ, არც მთავარმა სცენარისტმა პოტომაკის ნაპირებზე,  ყველანაირი ვარიანტია შესაძლებელი – სისხლიანიც და   მშვიდობიანიც.

და მაინც, არჩევნების შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული – ვინ, რომელი ძალა მოიპოვებს საკონსტიტუციო ან უბრალო უმრავლესობას. განვაგრძობთ მშვიდობიან წინსვლა–განვითარებას (მართალია, – კუს ნაბიჯით, მაგრამ მაინც მოსათმენს, ჯერჯერობით, მაინც) და ჩვენი თვითმყოფადობის, ქართველობის ასე თუ ისე შენარჩუნებას, თუ  გავეხვევით დამღუპველ ომში (რუსეთთან ან  სამოქალაქოში), რომელმაც, შესაძლებელია,  საქართველოს გამთლიანების  ნაცვლად კიდევ უფრო მეტ  დაქუცმაცებამდე მიგვიყვანოს.

ყველაზე მეტად  გაერთიანებული კონსერვატული ძალების წარმატებას ვისურვებდი, მაგრამ სამწუხაროდ, რეალურად ისევ ორი ძალაა ერთმანეთთან დაპირისპირებული – მმართველი „ქართული ოცნება“  და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ  სხვადასხვა სახელის მქონე, მაგრამ ერთნაირი მიზნებისა და იდეოლოგიის მქონე, დასავლეთიდან დაფინანსებული პარტიები („არასამთავრობოებად“ წოდებულ „მეხუთე კოლონასთან“ ერთად),  რომლებიც  წინასაარჩევნოდ სამ მთავარ  ნაწილად გაერთიანდნენ.  ისე აშკარაა განსხვავება ამ ორ ძალას შორის, როგორც კარგსა და ცუდს შორის (უფრო ზუსტად, –  ცუდსა და გაცილებით უარესს შორის), რომ არჩევანის გაკეთება, თითქოსდა, არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მიზანმიმართული დეზინფორმაციით, ანუ სხვადასხვა ტელეარხით ტყუილ–მართლის ნარევის მიწოდებით მოსახლეობის დიდ ნაწილს ისე აქვს ტვინი არეულ–დარეული, რომ სწორი არჩევანის გაკეთება  უჭირს და დაპირებების ანკესზეც ადვილად ეგება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო კამპანიები ისე პომპეზურად ტარდება, პარტიების მიერ გაცემული დაპირებებიც ისე არის მოწოდებული, ყოფილი „მგლები“ ისე არიან შენიღბული უწყინარ „ცხვრებად“, რომ ძალიან ბევრი, უკვე მრავლისმნახველი ასაკოვანი ადამიანიც კი ტყუვდება კანდიდატების არჩევანში, რასაც ხელს უწყობს პარტიული სიებით არჩევნების წესიც.  საქმეს ართულებს ისიც, რომ დამნაშავე სააკაშვილის (დღემდე გაუსამართლებელის) დამნაშავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროულად მოტვინა, რომ ამომრჩევლის დასაბნევად და მოსაზიდად აუცილებელი იყო რამდენიმე პარტიად დაშლა, პარტიის ფილიალების ჩამოყალიბება ახალ–ახალი არასამთავრობოების სახით; აგრეთვე, ძველი, მობეზრებული სახეების ოდნავ უკან ჩაჩოჩება  და ახალი სახეების წინ წამოწევა, რათა მათ მიერ გაცემული დაპირებების უფრო ერწმუნა ხალხს, განსაკუთრებით კი – გამოუცდელ და უახლესი  ისტორიის ნაკლებად მცოდნე (განათლების სფეროში არსებული ხარვეზების წყალობით!) ახალგაზრდობას. თუ გვინდა, რომ ნაცების ყოყლოჩინობას ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი, უნდა ვიხელმძღვანელოთ ერთი ადვილად განსახორციელებელი მეთოდით, რომელსაც გამორიცხვის, უარყოფის  მეთოდი ჰქვია და შედეგებიდან გამომდინარე გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე შერჩევითი მეთოდი და, რაც მთავარია, იგი უხეში შეცდომებისგან, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი, ფულზე გაყიდული ადამიანების პარლამენტში შეძრომისგან უფრო გვიცავს. უდავოა, რომ მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით პარლამენტის დაკომპლექტების წესი უარესია, ვიდრე შერეული (პროპორციულ–მაჟორიტარული) და, გაცილებით უარესი  სუფთა მაჟორიტარულთან შედარებით, მაგრამ  მეორე მხრივ, ამომრჩეველს უადვილდება არჩევანის გაკეთება, თუკი  გამორიცხვის მეთოდით ისარგებლებს. როდესაც პარტიულ სიაში თვალს მოვკრავთ (აღმოვაჩენთ) სახელგატეხილ, უკადრებელ საქციელში საჯაროდ მხილებულ პიროვნებას (მით უფრო, თუ იგი პარტიის ლიდერია ან დამფუძნებელი, ან  ნასამართლევი პირი),ბევრი ფიქრის გარეშე ამ პარტიას ზურგი უნდა ვაქციოთ, ანუ მას ხმა არ უნდა მივცეთ. აი, აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამერიკის ელჩის რჩევა (ზოგადად ნათქვამი, მაგრამ სიმართლის შემცველი იშვიათი შემთხვევა):„დააკვირდით მათ, ვისაც ხმას აძლევთ“!  ჰოდა, ჩვენც „დავაკვირდეთ“, განსაკუთრებით _  სიის პირველ ათეულში მყოფ ცნობილ სახეებს.

დავიწყოთ მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებულ მთავარ პარტიასთან –  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შექმნილი კოალიციით.

საარჩევნო # 5 – კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ანუ სააკაშვილის პარტია, რომელშიც თავმოყრილია ამ პიროვნების მიმდევარი, მხარდამჭერი ადამიანები და მიკედლებული პარტიები. ახლა ვიკითხოთ _ შეიძლება თუ არა, იმ ადამიანს  (და მის პარტიაში გაერთიანებულ თანამოაზრეებსაც) მივცეთ ხმა, რომელმაც არაერთი დანაშაული და სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა  ქვეყნისა და  ხალხის წინაშე, როგორც პრეზიდენტმა და როგორც ქართველმა კაცმა?

მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც ხმას მისცემს იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელმა და ლიდერმა:

* მერკანტილური მიზნებით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც იყო რვა წლის განმავლობაში;

* კანონი უხეშად დაარღვია და საქართველოს საზღვარი ფარულად (ქურდულად), ტრაილერში დამალულმა გადმოკვეთა;

* სასამართლო პროცესზე უარი თქვა მშობლიურ ქართულ ენაზე და უკრაინულიდან მთარგმნელი, თარჯიმანი მოითხოვა;

* თავი შეირცხვინა მსოფლიოს წინაშე, როდესაც პრეზიდენტყოფილი კაცი გიჟივით დარბოდა სახლის სახურავზე უკრაინის დედაქალაქში;

* თავი მოგვჭრა, როდესაც დაივიწყა სტუმარმასპინძლობის ტრადიცია და რუსეთის თვითმფრინავის გუგუნის (მხოლოდ გუგუნის) ხმაზე კურდღელივით მოქუსლა და მიწაზე გაიშხლართა, ხოლო გვერდით მდგომი, სტუმრად ჩამოსული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი მარტო დატოვა გაოცებული;

* ცხინვალის რეგიონში წამოწყებული 3–დღიანი ომის დროს ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გამოქცეულმა მხედართმთავარმა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა არ გახიზნა, დაუცველი მიატოვა და დასაღუპავად გაწირა;

* მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებს, დაკარგულ ქართულ მიწებს   ქვების გროვა უწოდა;

* ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად დაივიწყა ოჯახი, ფეხებზე დაიკიდა საზოგადოებრივი აზრიც და პრეზიდენტისთვის  შეუფერებელი ზნედაკარგული ქცევებით მთლიანად დაკარგა მორალური სახე;

ყველაფერ ზემოთქმულს სააკაშვილის ნებართვითა და ხელმძღვანელობით ჩადენილ კიდევ უამრავ კრიმინალსაც თუ დავუმატებთ:

* ციხეებში გამეფებულ წამება–გაუპატიურებას;

* გაუსამართლებლად ადამიანების დახოცვას ქუჩებსა და პენიტენციალურ დაწესებულებებში;

* ათასობით ადამიანის  ქონება-ბიზნესის ძალადობრივი გზით მითვისებას (ნოტარიულად დამოწმებული „ჩუქების“ გაფორმებით);

* ხაზინის ქურდობასა და გამეფებულ ელიტარულ კორუფციასა და სხვა მრავალნაირ დანაშაულს, და ამის შემდეგაც ამ „საგმირო“ საქმეების ჩამდენი არაკაცის  პარტიას, ანუ # 5-ს (კანდიდატებისა და მიერთებული პარტიების ჩამოთვლა უკვე აბსოლუტურად ზედმეტია) თუკი მაინც შემოხაზავს ვინმე ჭკუათმყოფელი,  შეუძლებელია, ის იყოს ნორმალური, ქრისტიანული სულისკვეთების ქართველი მამულიშვილი. ის,  უბრალოდ, შეუძლებელია იყოს პატიოსანი  ადამიანი.

სხვა პარტიებზე შედარებით მოკლედ მოგახსენებთ:

# 4 –  ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ხათუნა სამნიძისა და ელენე ხოშტარიას გაერთიანება (გარედან მმართველი – ნიკა გვარამია)–  „კოალიცია ცვლილებებისთვის“.

მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც იმ პარტიას მისცემს ხმას, რომელიც შარვალჩახდილი, რუსეთისკენ მიშვერილი შიშველი უკანალით შეუპოვრად „ებრძვის“რუსეთს და  რომელსაც სათავეში უდგას კაცი (?!), რომელმაც გაბედა და ყველა ქართველი საჯაროდ შეურაცხგვყო: „ჩაგიფსით ღვინოსა და ბორჯომში“-ო. ამ გვარამიამ  ასევე  საჯაროდ და გაუგონრად შეურაცხყო საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც მას „ყ.ექალა“ უწოდა არაერთხელ. სამწუხაროდ, ამისთვის არავის მოუთხოვია მისთვის პასუხი (შესაბამისი კანონის უქონლობის გამო) და, რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, უშვერი ეპითეტებით შემკობილმა   პრეზიდენტმა, მისი „შემამკობელი ეს „ვაჟკაცი“, რომელსაც მილიონების მითვისებისთვის სასამართლომ   მსჯავრი დაადო, ვითომც  არაფერი მომხდარიყოს,  მალევე შეიწყალა. პრეზიდენტის ასეთი ქმედება (კიდევ ბევრი სხვა მიზეზიც) დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ ვისთანაც  ეს ქალბატონი  იქნება კავშირში შემჩნეული (და ასეთია ყველა, ვისაც ამ წერილში ვახსენებ),  ხმა არ უნდა მივცეთ!

# 9 –  მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილის, სალომე სამადაშვილისა და ალეკო ელისაშვილის კოალიცია  „ძლიერი საქართველო“.

მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც ხმას მისცემს იმ პარტიას, რომელსაც სათავეში უდგანან დიდ (მსხვილ) თაღლითობაში მხილებული (სასამართლოს მიერ!) ბანკირები, ათასობით ოჯახის ამწიოკებლები და საკუთარი სახლებიდან გამომყრელი ეს მევახშე-წურბელები; იმ პარტიას, ვის რიგებშიც თავიდანვე მოწინავე პოზიციებზე იყო 1989 წლის 9 აპრილს კომუნისტურ პარტიაში შესული დავით უსუფაშვილი, რომელიც შვილებს სამშობლოს, საქართველოს დამცველ ვაჟკაცებად კი არ ზრდის, არამედ, მისივე სიტყვებით – „თავისუფალ მოქალაქეებად“, „უნდათ, დაიცავენ და უნდათ – არა“-ო; იმ პარტიას, რომელსაც მიკედლებულია ხელებზე თავდაყირა დგომის შემძლე, მაგრამ კუნთების  არავაჟკაცურად, ზურგიდან მიპარვით გამომყენებელი, ეს მშიშარა  „მოქალაქე“ ელისაშვილი.

ჩემო ქართველო ხალხო, მოგმართავთ ყველას – გაჭირვებულსაც და შეძლებულსაც, კარგად დაფიქრდით და თქვენი შინაგანი სინდის-ნამუსის ხმას დაუგდეთ ყური, გადაავლეთ ზემოთ   ჩამოთვლილ უტყუარ ფაქტებს თვალი  და გადაწყვიტეთ, თუ იმსახურებს ასეთი ხალხი (დამნაშავე „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებულ–გადაფსკვნილი) საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას, თუ გამოდგება  რომელიმე მათგანი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველად ან მხედართმთავრად.

ჩემდათავად კი ვიტყვი: იმ ქართველს შეურცხვა კაცობა და ქართველობა, რომელიც მაინც ამ დამნაშავეების, ფულზე გაყიდულების, დამსმენების, აგენტების, ქვემძრომებისა და არაკაცების პარტიებს მისცემს ხმას!

ღმერთი იყოს ჩვენი  მფარველი!

იაკობ ლეჟავა

8  ოქტომბერი, 2024 წ

                                                                                                      

                                                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here