Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: ჩვენი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, _ ამბობს ხელისუფლება, მაგრამ ამას...

მამუკა კარტოზია: ჩვენი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, _ ამბობს ხელისუფლება, მაგრამ ამას რუსეთის დახმარების გარეშე ვერავინ შეძლებს 

“ხელისუფლებამ, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარებას დაისახავს მიზნად, უსწრაფესად უნდა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები, უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან ნონსენსია, დიპლომატიური ურთიერთობა არ გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც უდიდესი მეზობელია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, საქართველოსმეზობელ ქვეყნებთან “ _ აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთთან” _ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, ,,თუკი თვითონ ქვეყნები დაინტერესდებიან”.

ლავროვმა განცხადებაშიქართული ოცნებაშეაქო. ,,საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სამართლიანად აფასებს წარსულს“, _ თქვა ლავროვმა და დასძინა, რომეს უნდა გადაწყვიტონ თავად ქვეყნებმა _ აფხაზეთმა დასამხრეთ ოსეთმა”, ისინი საქართველოს მეზობლები არიან, გარკვეული სახის კონტაქტი მაინც გარდაუვალია”, ¬_ თქვა მან.

საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გააღიზიანა ლავროვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  ცალკე სახელმწიფოებად მოხსენიებამ, ნაწილი თვლის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ, ამ ყველაფერში მთავარი კი არის ის, რომ ისედაც გავეშებული .. დასავლელი პარტნიორები სულ გადაირივნენ და ევროპარლამენტში გაუგონარი აგრესია გამოამჟღავნეს.

რა თქმა უნდა, ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ პუტინი და არ ვართ კრემლი. ეს ქართველ ხალხისა და ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, ბრძოლას სათავეში ისინი უნდა ჩაუდგნენ, თუმცა ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამ ბრძოლაში და შეგვიძლია, რუსეთს საქმე გავურთულოთ. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ”, _ განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. ასეთი შინაარსის სხვაც ბევრი განცხადება გაკეთდა……

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, ქართველი საზოგადოება არჩევნების შემდეგ ან სულაც არჩევნებამდე არეულობას ელის, რადგან დასავლეთის მიერ წაქეზებული დესტრუქციული ოპოზიცია არ მალავს, რომ არეულობას აპირებს.

ამ ვითარებაში რა აქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ისტორიკოსი, პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვისპოლიტსაბჭოს წევრი მამუკა კარტოზია:

_ საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამ საქმეში კი მთავარი როლი რუსეთისაა. ფუჭად ჩაიარა დასავლეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს 30 წლის ურთიერთობამ. აქედან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ დასკვნა _ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება პრობლემის გადაჭრის დაწყების დაშუალებას მოგვცემს. საქართველოს უახლესი ისტორიიდან დასკვნების გამოტანას თუ ვერ შევძლებთ, ისევ იმ წრეზე დავრჩებით, რომელზეც ვიყავით.

ერეკლე მეფის ურთიერთობა რუსეთთან ,,გეორგიევსკის ტრაქტატით” გამყარდა და ჩვენ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევედით, რაც წაადგა კიდეც ჩვენს ქვეყანას. საქართველო გაერთიანდა _ ეს რუსეთის დამსახურება იყო; ჩვენ ტერიტორიები, რომლებიც თურქეთსა და ირანთან ბრძოლისას დავკარგეთ, რუსეთის დახმარებით შემოვიერთეთ.

ჩვენი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, _ ამბობს ხელისუფლება, მაგრამ ამას ვერავინ შეძლებს  რუსეთის დახმარების გარეშე.

სამწუხაროა, რომ რუსეთთან ნდობა დავკარგეთ, რუსეთის ხელისუფლება არ ენდობა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებებს. რუსეთს სტაბილური საქართველო სჭირდება. მას სურს, რომ მისაღები ცხოვრების წესი და მისაღები საგარეო პოლიტიკა, სწორი ორიენტაცია გვქონდეს.

ომში უკრაინა იმიტომ არის ჩართული, რომ არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა, უარი ეთქვა ნატოსთვის, რუსეთის მთავარი მოთხოვნა კი არის ის, რომ ნატოს ჯარები არ იყოს მის საზღვრებთან.

საქართველო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ჩვენ გარშემო მულტიეთნიკური შემადგენლობაა, მძლავრობს ისლამი… როგორც კი საქართველოში მოხდება ისეთი რამ, რაც რუსეთისთვის მიუღებელია, საომარი მდგომარეობა გარდაუვალია. რუსეთმა იცის და აფასებს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელობას და ეს ჩვენც უნდა გავითავისოთ.

რუსეთს სურს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაიწყოს მოლაპარაკება, პირველ რიგში, ურთიერთთავდაუსხმელობასა და შემდგომ უკვე პარიტეტულ საკითხებზე საუბარი, მაგრამ მანამდე ნდობა უნდა მოვიპოვოთ  ჩვენ შევძელით ავიამიმოსვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის  გაუქმება. ახლა მათ განაცხადეს, რომ აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკებაში დაგვეხმარებიან, რაც უმნიშვნელოვანესია.

,,ქართული ოცნების” საგარეო კურსი როგორ განისაზღვრება ამ ეტაპისთვის, არ ვიცი, რადგან ძალიან დაძაბული ფონია წინასაარჩევნოდ _ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დაუფარავად ებრძვის დასავლეთი…

_ სწორედ ახლა, ამ წუთას ხომ არ არის საჭირო, რომ რუსეთს დაველაპარაკოთ, “3+3” ფორმატში ჩავერთოთ და არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ? 27 ოქტომბრის შემდეგ შეიძლება გვიანიც იყოს

_ დიახ, სწორედ ახლა და ამ წუთას არის საჭირო მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან, რადგან ვითარება ყოველ წუთში იცვლება.

,,ქართულმა ოცნებამ” ახალი კურსი აირჩია, ახალი მსოფლმხედველობა და ეროვნული ფასეულობები შემოდის პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც აბსოლუტურად მისაღებია და, თუკი ასე განაგრძობენ, ელექტორატი მათია, მაგრამ, ამასთანავე, ხელისუფლებამ, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარებას დაისახავს მიზნად, უსწრაფესად უნდა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან ნონსენსია, დიპლომატიური ურთიერთობა არ გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც შენი უდიდესი მეზობელია. ოცდამეერთე საუკუნეში მეზობელს მესამე ქვეყნის მეშვეობით ველაპარაკებით. ეს საკითხი მოსაგვარებელია. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთი თვითონ არის მოლაპარაკების დაწყების ინიციატორი. არავინ ამბობს, რომ ხვალვე დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ამას ხანგრძლივი პროცესი მოჰყვება, პრობლემებიც გაჩნდება, მაგრამ, რაც ადრე დავიწყებთ მოლაპარაკებებს, მით უკეთესი ჩვენთვის, თანაც წინასაარჩევნო მარათონის ფონზე. ეს უდიდესი სტიმული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რად გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც არ იქნება აფხაზეთი და ოსეთი? საქართველოს ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია, ამით უნდა ისარგებლონ და რუსეთთან დაიწყონ მოლაპარაკება, მოლაპარაკება წინაპირობების გარეშე.

მინდა, საქართველოს პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას  შევახსენო, რომ ჩვენ დამარცხებული ქვეყანა ვართ და ამიტომ არ შეგვიძლია პირობების წაყენება, პირდაპირ უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი ახალი ფურცლიდან…

გავიხსენოთ აზერბაიჯანელების ამბავი, მათ სწორი პოლიტიკით შეძლეს ტერიტორიების დაბრუნება. მათ შეძლეს რუსეთთან მოლაპარაკება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და მისი ხელისუფლება გმირებად იქცნენ, რადგან ტერიტორიების დაბრუნება თითქმის უსისხლოდ შეძლეს…

ქართველებს გვახსოვს 2008 წლის ომი, გვახსოვს უახლესი ისტორია და ვიცით, რომ ომით ვერ მოვაგვარებთ ტერიტორიულ პრობლემას. აქედან გამომდინარე, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ისტორიული პარადიგმაა _ რუსეთის გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამორცხულია. წლები გადის და ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით აფხაზეთს, რადგან 33 წლის განმავლობაში თაობები შეიცვალა, შესაძლოა, იქ დამბრუნებელი ადამიანიც კი აღარ აღმოჩნდეს. დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს.

,,ქართულმა ოცნებამ” აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რუსეთის შემოთავაზება, რომ აფხაზეთსა და ოსეთს შორის მოლაპარაკებებში დაგვეხმარება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეძლებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლობას დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. საქართველოს ჰყავს მაღალი დონის პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც ამას შეძლებენ. ის, რაც ვთქვი, უსწრაფესად არის გასაკეთებელი, რათა შევძლოთ ჩვენი მიზნის მიღწევა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here